Facebook Twitter

საქმე №ას-287-2023 20 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ბ–ი, მ.ხ–ი, კ.მ–ძე, ლ.უ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ბ–ის, მ.ხ–ის, კ.მ–ძისა და ლ.უ–ის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

2. სიღნაღის რაიონული სასამრთლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

3. რაიონული სასამრთლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამრთლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებამოსილებას კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართ კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხვედით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამრთლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. შესაბამისად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრებისას კერძო საჩივარს განიხილავს ზემდგომი, სააპელაციო სასამართლო, რომელიც ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს საბოლოო ინსტანციას და, შესაბამისად, მის მიერ მიღებული განჩინება საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

9. მოცემულ შემთხვევაში, დადგენელია, რომ სიღნაღის რაიონული სასართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რომელიც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ იმსჯელა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კერძო საჩივარი გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც დარჩა განუხილველად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გადაწყვეტილი საკითხზე კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამდენად, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამრთლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ამასთანავე, სააპელაციო პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებაში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე, 399-ე, 284-ე, 295-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ხ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამრთლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე