Facebook Twitter

ბს-1403-978(გ-05) 28 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის დავა შპს კ/ბ “გ-ის” სარჩელის განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სს კ/ბ “გ-ის” ლიკვიდატორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსისა და სს “ჯ-ის” მიმართ და არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ იგი ნოტარიუსის მიერ არაკანონიერად იქნა გაფორმებული, კერძოდ, სს “ჯ-ის” რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კანონის შესაბამისად სჭირდებოდა ლეგალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას კი მყიდველს ლეგალიზებული დოკუმენტაცია არ წარუდგენია. მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ სს “ჯ-ს” კ/ბ “გ-ისათვის” ქონების საფასური არ გადაუხდია. მოსარჩელე საბოლოოდ, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, 2001წ. 16 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანასა და სადავო ქონების კვლავ კ/ბ “გ-ის” საკუთრებაში აღრიცხვას მოითხოვდა.

2005წ. 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე მიმართვით გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განსჯადობით განსახილველად.

2005წ. 28 სექტემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული წესით განსჯადი არ იყო, რადგან იგი არ გამომდინარეობდა საჯარო ინტერესებიდან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა კი სამოქალაქო კოდექსით წესრიგდებოდა. საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კ/ბ “გ-ის” სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად, განმსაზღვრელ ფაქტორად დაადგინა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს კ/ბ “გ-სა” და სს “ჯ-ს” შორის 2001წ. 16 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილად ცნობას სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი საქმე კერძოსამართლებრივ დავას წარმოადგენს, რომელიც კერძო სამართლის სუბიექტებს _ ორ იურიდიულ პირს შორის სკ-ის თანახმად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას შეეხება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ, მართალია, სარჩელში მითითებულია ნოტარიუსის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმებისას კანონის დარღვევის თაობაზე, მაგრამ საქმეში ნოტარიუსის მონაწილეობა საქმეს ადმინისტრაციული დავის ხასიათს არ სძენს. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ, მართალია, მოცემულ საქმეში მოპასუხედ ნოტარიუსიცაა მითითებული და მოსარჩელის განმარტებით, დარღვეულ იქნა “ნოტარიატის შესახებ” კანონის მოთხოვნებიც, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილია, მაგრამ განმსაზღვრელია ის გარემოება, რომ მოცემულ დავაში ძირითადია სკ-ის მოთხოვნათა დარღვევა, ხოლო “ნოტარიატის შესახებ” კანონის მოთხოვნები დამატებით ხასიათს ატარებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, მიიჩნია რა მოცემული დავა ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმედ, სარჩელი საქმის მასალებთან ერთად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა არა განჩინებით, არამედ თანდართული მიმართვით, მაშინ, როცა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის განსჯადობით სხვა სასამართლოსათვის გადაცემა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს მოტივირებული განჩინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ/ბ “გ-ის” სარჩელი უპირატესად სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ამდენად, საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ/ბ “გ-ის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.