საქმე №ას-1142-2022 23 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.ჩ–ნი, გ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნოტარიუსი ა.ჯ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ.ჩ–ნმა (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, მამკვიდრებლის შვილი) და გ.კ–მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე, მამკვიდრებლის მეუღლე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნოტარიუს ა.ჯ–ძის (შემდგომ – მოპასუხე ან ნოტარიუსი) მიმართ 19561 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ არიან 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლ.ა.ჩ–ის (შემდგომ - მამკვიდრებელი) პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილი და მეუღლე.
3. მოსარჩელეთა მითითებით, ჯერ კიდევ, 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუს რ.ფ–ას მიერ მამკვიდრებლის დანაშთ უძრავ ქონებაზე ქ. თბილისში, ..... (შემდგომ - პირველი უძრავი ქონება) გაიცა სამკვიდრო მოწმობა - სანოტარო აქტი №090906493. განცხადება სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, ასევე, სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების შესაბამისად, სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრში რეგისტრირებული იყო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში (2010 წლის 11 სექტემბერი).
4. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მამკვიდრებელს ასევე ეკუთვნოდა ქ. ქუთაისში, ..... შესახვევი №2-ში მდებარე 32.20 კვ.მ, ასევე საერთო სარგებლობის 15.23 კვ.მ შესასვლელი (შემდგომ - მეორე უძრავი ქონება). 1999 წლის 21 ივნისს მამკვიდრებელმა აღნიშნული უძრავი ქონება უანდერძა შვილს. ანდერძი დამოწმდა ნოტარიუს ნ.ი–ის მიერ, №1-772 სანოტარო აქტით. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 71 ბრძანების შესაბამისად, ანდერძი რეგისტრირებული იყო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში (2010 წლის 11 სექტემბერი).
5. 2012 წლის 9 იანვარს ქ. ქუთაისში მოქმედი ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ მამკვიდრებლის დის, მეორე რიგის მემკვიდრე ლ.ჩ–ის სახელზე (შემდგომ - მამკვიდრებლის და) მეორე უძრავ ქონებაზე გასცა სამკვიდრო მოწმობა - №120014172 სანოტარო აქტი, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუს რ.ფ–ას მიერ მამკვიდრებელის დანაშთ პირველ უძრავ ქონებაზე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა №090906493 სანოტარო აქტით. ამასთან, არსებობდა ნოტარიუს ნ. ი–ის მიერ №1-772 სანოტარო აქტით დამოწმებული ანდერძი, ხოლო ზემოაღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ერთიან რეესტრში.
6. მოსარჩელის მოსაზრებით, სამკვიდრო მოწმობა - №120014172 სანოტარო აქტი შედგენილი და გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით. სადავო სამკვიდრო მოწმობის თანახმად დადგენილია, რომ მამკვიდრებლის დამ ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელ ვ.ჭ–ძეს სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა 2012 წლის 9 იანვარს. განმცხადებელმა ნოტარიუსს განუცხადა, რომ მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრეები არ ჰყავდა და იგი წარმოადგენდა მის ერთადერთ მემკვიდრეს. ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა გასცა განცხადების შეტანის დღესვე - 2012 წლის 9 იანვარს ისე, რომ არ გადაუმოწმებია სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არსებული ინფორმაცია (არ შეუმოწმებია ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატაში), რისი ვალდებულებაც ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შემთხვევაში იგი ნახავდა, რომ მამკვიდრებელს ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრეები და ჯერ კიდევ, 2009 წლის 29 დეკემბერს გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა.
7. სადავო სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დამ წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის საფუძველზეც გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 2012 წლის 18 აპრილს მან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ო.კ–ძეს, რომელმაც მოგვიანებით 2016 წლის 29 აგვისტოს, აღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მ.კ–ძეს და გ.კ–ძეს.
8. 2021 წლის 25 თებერვლამდე 2012 წლის 9 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო აქტი №120014172) არსებობის შესახებ მოსარჩელეთათვის ცნობილი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ნოტარიუსთან წარსადგენად საჭირო ცნობა-დახასიათების ასაღებად მივიდა საჯარო რეესტრში შეიტყო, რომ მამკვიდრებლის კუთვნილ ქ. ქუთაისში მდებარე უძრავ ქონებაზე, გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა, ასევე, უძრავ ქონებას ჰყავს უკვე მესამე მესაკუთრე.
9. მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად დაკარგეს უძრავი ქონება და მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. შპს „ა–თა“ მიერ გაცემული შეფასების დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 19561 აშშ დოლარს.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა: მამკვიდრებლის დამ განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს, განაცხადა, რომ 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლ.ძმის მეორე რიგის მემკვიდრეა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის შემცვლელმა შეამოწმა მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა და განმცხადებლის დაბადების მოწმობა, რითაც დადგინდა, რომ ისინი არიან და-ძმა.
11. სამოქალაქო რეესტრის ქუთაისის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ პ/ნ .... ეკუთვნის მამკვიდრებელს.
12. 2011 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის კახნიაურის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ მამკვიდრებლის და ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ...... რეგისტრაციის გარეშე. 2011 წლის 13 დეკემბრის ცნობა-დახასიათებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონება ირიცხებოდა მამკვიდრებლის სახელზე. სარჩელზე თანდართული სანოტარო აქტით ირკვევა, რომ მოსარჩელეები იყვნენ მამკვიდრებლის მემკვიდრეები, თუმცა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მის სანოტარო ბიუროში შესრულებულ სანოტარო მოქმედებასთან კავშირი არ ჰქონდა.
13. სარჩელზე თანდართული ცნობა-დახასიათებით დასტურდება, რომ მეორე უძრავ ქონებაზე ანდერძი ნოტარიუს ი–თან შეუდგენია არა ა.ჩ–ს, არამედ ა.ა.ძე ჩ–ს. მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილ ცნობა-დახასიათებაში ..... №15/2-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედაც აღრიცხულია არა ა.ჩ–ი, არამედ ა. ჩ–ი. არასწორია მოსარჩელის მტკიცება, თითქოს ანდერძი რეგისტრირებულია სანოტარო მოქმედებათა და ანდერძების რეესტრიში 2010 წლის 11 სექტემბერს.
14. სანოტარო მოქმედებათა და ანდერძების ერთიან რეესტრში არც ა. და არც ა. ჩ–ის მიერ შედგენილი ანდერძი (ნოტარიუსი ი–ი) რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად. რეესტრის გადამოწმებით ასეთი ინფორმაცია არც 2012 წელს და არც დღეის მდგომარეობით არ იძებნება.
15. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ერთიან რეესტრში რეგისტრირებული, ელექტრონულად განთავსებული იყო ინფორმაცია ა.ჩ–ის შესახებ და ნოტარიუსის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ არასწორად დააკმაყოფილა. №120014172 სანოტარო აქტი გაიცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გარდაცვლ.ძმის ა.ჩ–ის სამკვიდრო ქონებაზე. განმცხადებლის განმარტებით, მამკვიდრებელს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები. სანოტარო აქტის შედგენამდე ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიერ გადამოწმდა სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ერთიან ელექტრონული რეესტრი, სადაც ა. ჩ–ის მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა. ინფორმაცია მოძიებულ იქნა, როგორც მამკვიდრებელი პირის სახელით და გვარით (ზუსტი შესაბამისობით პირადობის მოწმობის მონაცემებით) ისე სახელის, გვარისა და მისი პირადი ნომრის მითითებით (ასევე სრული შესაბამისობით პირადობის მოწმობის მომაცემებთან). შესაბამისად, ნოტარიუსს არ გააჩნია რაიმე საფუძველი, რაც დააბრკოლებდა მის მიერ სამკვდირო მოწმობის გაცემას ა.ჩ–ის მეორე რიგის მემკვიდრეზე.
16. მამკვიდრებლის დამ წარადგინა სანოტარო აქტი საჯარო რეესტრში და გახდა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრე, რის შემდეგაც მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაასხვისა, ხოლო შემძენმა მოგვიანებით მითითებული ქონება ჩუქებით გადასცა სხვა პირებს.
17. მოპასუხის განმარტებით, თუ მოსარჩელეები 2009 წელს გახდნენ მამკვიდრებლის მემკვიდრეები, მათ უნდა სცოდნოდათ მამკვიდრებლის სწორი სახელი და გვარი, ასევე, უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია სხვა დანაშთი ქონების შესახებ, თუკი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) იყვნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
18. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაესკირა 13000 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით: მოსარჩელეებმა მოითხოვეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლომ მოპასუხემ კი - სარჩელის უარყოფა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2009 წლის 13 მაისს. დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებით, ასევე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად (აღნიშნულზე არც მხარეები დავობენ), მამკვიდრებლის სახელია ა. და არა ა.
21. 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლილ ა. ჩ–ის საკუთრებაში ირიცხებოდა პირველი უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ა. ჩ–ის სახელზე, ასევე, ირიცხებოდა მეორე უძრავი ქონება.
22. 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუსმა რ.ფ–ამ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის №090906493, რომლის თანახმად პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მოსარჩელეებმა მიიღეს 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლ.ა.ჩ–ის სამკვიდრო პირველი უძრავი ქონება (სამკიდრო ქონების მემკვიდრეებს შორის გაყოფის შესახებ ა.ჩ–ის მემკვიდრეების შეთანხმების საფუძველზე), თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის მეუღლე და შვილი.
23. 2010 წლის 6 იანვარს აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე პირველი უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელეთა თანასაკუთრებად.
24. 2011 წლის 12 დეკემბერს ქ.ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიული ორგანოს მიერ გაიცა №662 ცნობა, რომ მამკვიდრებლის და ნამდვილად ცხოვრობდა მეორე უძრავ ქონებაში. ცნობა გაიცა ნოტარიუსთან წარსადგენად.
25. 2012 წლის 9 იანვარს ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის №120014172, რომლის მიხედვით მეორე რიგის მემკვიდრემ - მამკვიდრებლის დამ საკუთრებაში მიიღო 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლ.ა. ჩ–ის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მათ შორის, მეორე უძრავი ქონება. ამავე სანოტარო აქტის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილია პირველი უძრავი ქონების მისამართი, რაც დასტურდება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით. მამკვიდრებლის და, რეგისტრაციის გარეშე, ცხოვრობს მეორე უძრავი ქონების მისამართზე, რაც დასტურდება ქუთაისის მერიის „კახიანაურის“ ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული №662 ცნობით. 2011 წლის 13 დეკემბერს შეტანილი მემკვიდრის განცხადებით სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ. მამკვიდრებლის და არის მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრე. აღნიშნული გარემოება დგინდება როგორც მამკვიდრებლის, ისე მისი დის დაბადების მოწმობებით.
26. 2012 წლის 26 მარტის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მეორე უძრავი ქონება აღირიცხა მამკვიდრებლის დის საკუთრებად, რომელმაც აღნიშნული უძრავი ნივთი მიჰყიდა ო.კ–ძეს, მან კი, თავის მხრივ, იგი გააჩუქა მარიამ და გ.კ–ძეების სახელზე. ამჟამად უძრავი ქონება ირიცხება დასაჩუქრებულთა თანასაკუთრებად.
27. 1999 წლის 21 ივნისს, ა.ა.ძე ჩ–ის მიერ შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძით, მან კუთვნილი მეორე უძრავი ქონება უანდერძა თავის შვილს - მოსარჩელეს.
28. სააპელაციო სასამართლომ ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის მონაცემებით დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებელ ა.ჩ–ის (პ/ნ ......, (გარდაცვალების თარიღი - 13.05.2009წ., მისამართი - ქ.თბილისი, ........)), სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების გადამოწმების შედეგად, იძებნება ინფორმაცია მხოლოდ რ.ფ–ას სანოტარო ბიუროს მიერ 2009 წლის 29 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ.
29. დავას არც ის ფაქტობრივი გარემოება იწვევს, რომ ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის მონაცემებით სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებელ ა. ჩ–ის (პ/ნ ....., გარდაცვალების თარიღი - 13.05.2009წ., მისამართი - ქ.თბილისი, .....), სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების გადამოწმების შედეგად, იძებნება ინფორმაცია მხოლოდ ა.ჯ–ძის სანოტარო ბიუროს მიერ 2012 წლის 9 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ.
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 9 იანვარს ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ მეორე რიგის მემკვიდრის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალში მამკვიდრებელზე ინფორმაცია მოიძია სწორად (ზუსტი შესაბამისობით პირადობის მოწმობის მონაცემებთან) სახელ ,,ა.ს“ მითითებით, თუმცა, სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებელ ა. ჩ–ზე, მის მემკვიდრეებზე (როგორც კანონით, ისე ანდერძით) რაიმე სახის ინფორმაცია ვერ მოიძებნა.
31. სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, არასახელშეკრულებოდ მიიჩნევა ზიანი, რომელიც მიყენებული იყო ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც მხარეები არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით ურთიერთობაში და ქმედება ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, რაც გულიხმობს დადგენილი წესებისა თუ წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფის შედეგად მხარისათვის მიყენებულ ქონებრივ დანაკლისს.
32. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომლის თანახმად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ. ერთ-ერთ საქმეში, რომელიც შეეხებოდა სანოტარო მოქმედებათა შესრულების შედეგად ზიანის მიყენებისა და აქედან გამომდინარე, ნოტარიუსისათვის პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობას (შდრ: სუსგ №ას-182-169-2015, 27 აპრილი, 2015 წელი; სუს 14.07.2014წ.-ის განჩინება საქმეზე Nას-375-352-2014) საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის დაკისრების მატერიალურ საფუძველს ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლი (დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი ნორმა), რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს და შედგება შემდეგი კომპონენტების ერთობლიობისაგან: ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა, კერძოდ, ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, ანუ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის (გენერალური დელიქტი).
33. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენებაში იკვეთება ნოტარიუსის ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია და, თავის მხრივ, მიუთითა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.
34. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს ინსტრუქცია ადგენს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესს. სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ.
35. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ... ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს სანოტარო მოქმედების მონაწილეთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი.
36. ამავე ინსტრუქციის 33-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი, აგრეთვე სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირი, ვალდებულია აწარმოოს სანოტარო რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება მის მიერ შესრულებული ყველა სანოტარო მოქმედება, აგრეთვე დადგენილებები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები (აქტები). სანოტარო რეესტრი იწარმოება ელექტრონული ფორმით.
37. ინსტრუქციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო რეესტრი ერთიანია მასში ჩართული ყველა ნოტარიუსისათვის. სანოტარო რეესტრი თავის თავში აერთიანებს ამ ინსტრუქციის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ რეესტრებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი.
38. ამავე ინსტრუქციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.
39. ამავე ინსტრუქციის 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამკვიდროს მიღების (სამკვიდრო მოწმობის გაცემის), ან სამკვიდროს მიღებაზე უარის, ან სამკვიდროსთან დაკავშირებული სხვა შინაარსის შესახებ განცხადება შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება შეიძლება წარედგინოს ნებისმიერ ნოტარიუსს. განცხადების მიღების აუცილებელი პირობაა ნოტარიუსისათვის პირის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა. გარდაცვალების მოწმობის წარდგენა არ არის აუცილებელი, თუ ნოტარიუსთან უკვე ინახება იგი ან სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში უკვე რეგისტრირებულია მამკვიდრებლის სამკვიდროს გახსნის ფაქტი სხვა ნოტარიუსის მიერ.
40. ზემოთ მოხმობილი ნორმების სისტემური ანალიზის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ სანოტარო მოქმედების შესრულებისას (ამ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის გაცემისას), ნოტარიუსი/მისი შემცვლელი ვალდებული იყო, დაედგინა მამკვიდრებლის ზუსტი ვინაობა და სანოტარო რეესტრში მიეთითებინა მამკვიდრებლის ზუსტი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, სანოტარო რეესტრში სწორედ ამავე მონაცემებზე მითითებით უნდა მოეძებნა ინფორმაცია მამკვიდრებლის მემკვიდრეების თაობაზე.
41. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2012 წლის 9 იანვარს ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ მეორე რიგის მამკვიდრებლის დის სახელზე №120014172 სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, აბსოლუტურად სწორად დაადგინა მამკვიდრებელ ა. ჩ–ის მონაცემები - სახელი, გვარი, გარდაცვალების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი (ზუსტი შესაბამისობით პირადობის მოწმობის მონაცემებთან). ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსის შემცვლელმა პირმა მის მიერ მოპოვებული სწორი მონაცემებით მოიძია ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალში, კერძოდ, სახელ „ა.ს“ მითითებით, თუმცა, სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებელ ა. ჩ–ზე - მის მემკვიდრეებზე (როგორც კანონით, ისე ანდერძით) რაიმე ინფორმაცია ვერ მოიძებნა.
42. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე ნოტარიუსმა, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით სწორად დაადგინა და მოიძია სამკვიდრო მოწმობის თაობაზე ინფორმაცია, შესაბამისად, მას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია არ დაურღვევია. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ დადგინდა, რაც, თავის მხრივ, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
43. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის შედავება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარემ დააარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობა, რადგან იგი ვალდებული იყო, სანოტარო რეესტრში ინფორმაცია მოეძიებინა ასევე სახელი „ა.“, რის შედეგადაც მისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ინფორმაცია მამკვიდრებლის მემკვიდრეების თაობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონი ნოტარიუსს ავალდებულებს ფიზიკური პირის ზუსტი მონაცემების დადგენას და ამავე მონაცემებით ხელმძღვანელობას, რაც მის მიერ ზედმიწევნით სიზუსტით იქნა შესრულებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხვა ნოტარიუსის მიერ სანოტარო რეესტრში მამკვიდრებლის სახელის არასრულად მითითება (სახელით - ა.) მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, რაც გამორიცხავს მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.
44. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში; დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია და ა.შ; და ე) სხვა საჯარო დოკუმენტებით.
45. სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
46. ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართელი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს.
47. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ.ჩ–მა 2012 წლის 9 იანვარს სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსს წარუდგინა 2011 წლის 12 დეკემბერს ქ.ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიული ორგანოს, ანუ უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული №662 ცნობა, რომლის თანახმად დასტურდება, რომ მამკვიდრებლის და ნამდვილად ცხოვრობდა მეორე უძრავ ქონებაში. ცნობა გაიცა ნოტარიუსთან წარსადგენად. აპელანტი შეედავა წარდგენილ მტკიცებულებას იმ დასაბუთებით, რომ ცნობიდან არ ირკვეოდა მის მიერ სამკვიდროს 6-თვიან ვადაში დაუფლების ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობა საკმარისი იყო, რათა კანონის ზუსტი დაცვით მოძიებულ სხვა მონაცემებთან ერთად (რომლის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ ა. ჩ–ს არ ყავდა სხვა მემკვიდრეები), ნოტარიუსს დაეკმაყოფლებინა განმცხადებლის მოთხოვნა და შეესრულებინა სათანადო სანოტარო მოქმედება - გაეცა სამკვიდრო მოწმობა.
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1319-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ჩ–ი გარდაიცვალა 2009 წლის 13 მაისს, ხოლო აღნიშნული ცნობა გაიცა მისი გარდაცვლებიდან თითქმის 2 წლისა და 6 თვის შემდგომ. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსკ-ის 1424-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ცნობიდან არ დგინდება ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის დამ დანაშთი სამკვიდრო მიიღო სამკვიდროს გახსნიდან უშუალოდ 6 თვის ვადაში, პალატამ მიიჩნია, რომ სხვა მემკვიდრეთა თაობაზე მონაცემთა არარსებობის ვითარებაში წარდგენილი ცნობა სრულიად საკმარისი და რელევანტური მტკიცებულება იყო იმისთვის, რათა ნოტარიუსს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი დადგენილად მიეჩნია.
49. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე მხარეს ამ მტკიცებულებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და საერთოდ ამ მხრივ რაიმე სახის შედავება აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სათანადო საპროცესო ეტაპზე არ (საქმის მიმდინარეობისას პირველი ინსტანციის სასამართლოში) განუხორციელებია და რაიმე პრეტენზია არ წარუდგენია. შესაბამისად, ამ კუთხით სამკვიდრო მოწმობის გაცემის კანონიერება შეფასებისა და კვლევის საგანი არ გამხდარა. ამდენად, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას აღნიშნულ ფაქტზე შედავება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 216-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია, შესაბამისად ეს შედავება სასამართლოს მიერ შეფასებას ვერ დაექვემდებარება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
50. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 25 000 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
51. კასატორებმა მიუთითეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რამაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. გადაწყვეტილების დასაბუთებულობა გულისხმობს გადაწყვეტილებაში ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებასა და სამართლებრივ შეფასებებზე მსჯელობას, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს აფუძნებს. კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული იმ მოტივით, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე, რაზედაც მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნას.
52. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევით განიხილა, რომლებმაც მიღებული გადაწყვეტილების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლობა განაპირობა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებასა და ინტერპრეტაციას.
53. კასატორების განმარტებით, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლების საფუძველზე სამართალწარმოებისას მხარის და, მით უფრო, მოპასუხის ფაკულტატური ვალდებულებაა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაადასტუროს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა/საფუძვლიანობა. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება კი საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. სასამართლოს რომ არ დაერღვია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპი, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გადაენაწილებინა სამართლიანად, მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას.
54. სსსკ-ის 244-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც, მან ზოგიერთი მტკიცებულება უტყუარად ცნო, ხოლო სხვები -არასარწმუნოდ.
55. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია, თუმცა არასწორად განმარტა იგი. მოქმედი დანაწესიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებისას (ამ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის გაცემისას), ნოტარიუსი/მისი შემცვლელი ვალდებული იყო, დაედგინა მამკვიდრებლის ზუსტი ვინაობა და სანოტარო რეესტრში მიეთითებინა მამკვიდრებლის ზუსტი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, სანოტარო რეესტრში სწორედ ამავე მონაცემებზე მითითებით უნდა მოეძებნა ინფორმაცია მამკვიდრებლის მემკვიდრეების თაობაზე.
56. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ 09.01.2012წ. მეორე რიგის მემკვიდრის სახელზე №120014172 სამკვიდრო მოწმობის გაცემისას აბსოლუტურად სწორად დაადგინა მამკვიდრებელ ა. ჩ–ის მონაცემები - სახელი, გვარი, გარდაცვალების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი (ზუსტი შესაბამისობით პირადობის მოწმობის მონაცემებთან).
57. კასატორები აღნიშნავენ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელ ვ.ჭ–ძესთან წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მამკვიდრებლის პირადი ნომერი (იდენტიფიკაციის მთავარი საშუალება). ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის შემცვლელმა პირმა ინფორმაციის გადასამოწმებლად მხოლოდ პირადი ნომერი არ გამოიყენა, ან გამოიყენა სახელი და გვარი, ა.(ი) ჩ–ი და პირადი ნომერი ერთად, არ ნიშნავს, რომ მან სამკვიდრო მოწმობა გასცა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დაცვით. ნოტარიუსს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულებაც, მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია, ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის ვებ გვერდის საშუალებით, მოეძია მამკვიდრებლის როგორც სახელის, გვარისა და პირადი ნომრის, ასევე, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებითაც. ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსისთვის ცნობილი გახდებოდა 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუს რ.ფ–ას მიერ შესრულებული სანოტარო აქტის არსებობის შესახებ, ვინაიდან მამკვიდრებლის ა.(ი) ჩ–ის შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრში დაცულია. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ელექტრონულ ბაზებში პირის იდენტიფიკაციის მთავარი საშუალება არის პირადი ნომერი. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი და იგივე სახელითა და გვარით შესაძლებელია არსებობდეს არაერთი პირი, ნებისმიერ შემთხვევაში პირის გადამოწმება ხდება პირადი ნომრით.
58. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამასთანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში; დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია და ა.შ; და ე) სხვა საჯარო დოკუმენტებით.
59. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2012 წლის 23 იანვრამდე ინსტრუქციის 85-ე მუხლი ითვალისწინებდა ასევე „სხვა საჯარო დოკუმენტის“ წარდგენის შესაძლებლობას და ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიული ორგანოს მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსში წარსადგენად გაცემული ცნობა წარმოადგენს სწორედ ამ მუხლში მითითებულ სხვა საჯარო დოკუმენტს, რადგან ინსტუქციის 85-ე მუხლში 2012 წლის 23 იანვრამდე არსებული ჩანაწერი შეუძლებელია გულისხმობდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ინსტრუქციაში 2012 წლის 23 იანვარს განხორცილებული ცვლილებით 85-ე მუხლში „დ1“ პუნქტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე) დამატება. აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ცვლილებების შედეგად „ე“ პუნქტი: „სხვა საჯარო დოკუმენტები“ დოკუმენტები მუხლში დარჩა და არ იქნა ამოღებული, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ ამ პუნქტებში მითითებული დოკუმენტები სხვადასხვაა.
60. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ ქ.ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიული ორგანოს №662 ცნობა ადასტურებდა მამკვიდრებლის დის მეორე უძრავ ქონებაში ცხოვრებას. აღნიშნულ ცნობაში მითითებულია არა „ცხოვრობდა“, არამედ „ცხოვრობს“, რაც ნიშნავს, რომ ცნობის თანახმად დასახელებული პირი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე 2011 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით და არა მანამდე პერიოდში.
61. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის მონაცემების მიხედვით, დადგინდა და არც მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა შემდეგი: სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებელ ა.ჩ–ის (პ/ნ ...., (გარდაცვალების თარიღი - 13.05.2009წ., მისამართი - ქ.თბილისი, ბარნოვის ქ. №57)) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების გადამოწმების შედეგად იძებნება ინფორმაცია მხოლოდ რ.ფ–ას სანოტარო ბიუროს მიერ 2009 წლის 29 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ. ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის მონაცემებით სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებელ ა. ჩ–ის (პ/ნ ....., გარდაცვალების თარიღი - 13.05.2009წ., მისამართი - ქ.თბილისი, .....) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების გადამოწმების შედეგად, იძებნება ინფორმაცია მხოლოდ ა.ჯ–ძის სანოტარო ბიუროს მიერ 2012 წლის 9 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ.
62. კასატორები საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევენ, რომ ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის მონაცემებით სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებელ ა.(ი) ჩ–ის (პ/ნ ......) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების გადამოწმების შედეგად, იძებნება ინფორმაცია, როგორც რ.ფ–ას სანოტარო ბიუროს მიერ 2009 წლის 29 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ, ასევე, ა.ჯ–ძის სანოტარო ბიუროს მიერ 2012 წლის 9 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ.
63. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ 2012 წლის 9 იანვარს მეორე რიგის მემკვიდრის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალში მამკვიდრებელზე ინფორმაცია სწორად მოიძია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელ ვ.ჭ–ძესთან წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მამკვიდრებლის პირადი ნომერი (იდენტიფიკაციის მთავარი საშუალება). ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის შემცვლელმა პირმა ინფორმაციის გადასამოწმებლად არ გამოიყენა მხოლოდ პირადი ნომერი, არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დაცვით. ნოტარიუსს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულებაც, მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის ვებგვერდის საშუალებით მოეძია მამკვიდრებლის როგორც სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით, ასევე, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებითაც. ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსისთვის ცნობილი გახდებოდა 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუს რ.ფ–ას მიერ შესრულებული სანოტარო აქტის არსებობის შესახებ, ვინაიდან მამკვიდრებლის ა.(ი) ჩ–ის შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრში დაცულია.
64. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლითაც არ დაეთანხმა მოსარჩელეების შედავებას, რომ მოპასუხემ დაარღვია მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რადგან იგი ვალდებული იყო, სანოტარო რეესტრში ინფორმაცია მოეძიებინა ასევე სახელის „ა.“ მითითებით, რის შედეგადაც მისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ინფორმაცია მამკვიდრებლის მემკვიდრეების თაობაზე. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნოტარიუსის მიერ იმ ვალდებულების დარღვევას, რომლის დაცვითაც მას რეესტრში ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა, როგორც წესი, მხოლოდ პირადი ნომრით.
65. კასატორები მიუთითებენ, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიერ მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოძიებული სრულყოფილად, ასევე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსი არ დაეყრდნო სამკვიდრო მოწმობის დროს მოქმედი ინსტრუქციის 85.1. მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია არასწორი სანოტარო მოქმედების შესრულება. გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე კი პირველი რიგის მემკვიდრეებმა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.
66. კასატორები აღნიშნავენ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 9 იანვარს ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელ ვ.ჭ–ძეს განცხადებით მიმართა მამკვიდრებლის დამ და მოითხოვა ძმის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის დას ძმის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს. ასევე დადგენილია, რომ მეორე რიგის მემკვიდრემ, განცხადებასთან ერთად, წარადგინა ძმის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, ასევე ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიული ორგანოს მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსში წარსადგენად გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მეზობლების დასტურით განმცხადებელი ცხოვრობს მეორე უძრავ ქონებაში. შესაბამისად, მამკვიდრებლის დას ნოტარიუსისათვის უნდა წარედგინა ინსტრუქციის 85.1. მუხლით განსაზღვრული გარემოებები და დოკუმენტები (2012 წლის 9 იანვარს მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად).
67. კასატორები მიუთითებენ, რომ სანოტარო მოქმედებათა შესახებ ინსტრუქციის თანახმად, მემკვიდრის მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის თაობაზე, სავალდებულო გახდა ინსტრუქციაში 2012 წლის 23 იანვარს განხორცილებული ცვლილების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ მეორე რიგის მემკვიდრეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემდეგ.
68. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის 23 იანვრამდე ინსტრუქციის 85-ე მუხლი ითვალისწინებდა ასევე „სხვა საჯარო დოკუმენტის“ წარდგენის შესაძლებლობას და ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიული ორგანოს მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსში წარსადგენად გაცემული ცნობა წარმოადგენს სწორედ ამ მუხლში მითითებულ სხვა საჯარო დოკუმენტს, რადგან ინსტრუქციის 85-ე მუხლში 2012 წლის 23 იანვრამდე არსებული ჩანაწერი შეუძლებელია, გულისხმობდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ინსტრუქციაში 2012 წლის 23 იანვარს განხორცილებული ცვლილებით 85-ე მუხლში „დ1““ პუნქტის დამატება (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე). აქვე საგულისხმოა, რომ ცვლილებების შედეგად „ე“ პუნქტი: „სხვა საჯარო დოკუმენტები“ მუხლში დარჩა და არ იქნა ამოღებული, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ ამ პუნქტებში მითითებული დოკუმენტები სხვადასხვაა. მეტიც, იმ დაშვებითაც, რომ ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიული ორგანოს მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსში წარსადგენად გაცემული ცნობა ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტს წარმოადგენს, ნოტარიუსის შემცვლელ პირს მაინც არ ჰქონდა მამკვიდრებლის დის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის უფლება, რადგან აღნიშნული ცნობა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მეორე რიგის მემკვიდრე 2011 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ცხოვრობს მეორე უძრავ ქონებაში. აღნიშნული ცნობით ვერანაირად ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ მას სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა გაშვებული არ ჰქონდა. აღნიშნული ცნობით არ დასტურდება, რომ მამკვიდრებლის და ძმის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას (სსკ-ის 1421-ე მუხლი).
69. კასატორები მიუთითებენ, რომ საქმეში წარდგენილ სადავო სამკვიდრო მოწმობას ერთვის მამკვიდრებლის დისა და ა.(ი) ჩ–ის დაბადების მოწმობები. იმ ფონზე, როცა დაბადების მოწმობებში დედის გრაფაში მითითებული სახელი სხვადასხვაა (პელო/პელაგია), ნოტარიუსს არანაირი ეჭვი არ გასჩენია და სამკვიდრო მოწმობა გასცა განცხადების შეტანის დღესვე - 2012 წლის 9 იანვარს.
70. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომლითაც პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენებაში იკვეთება ნოტარიუსის ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
71. კასატორები მიუთითებენ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიერ მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოძიებული სრულყოფილად, ასევე, სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსი არ დაეყრდნო სამკვიდრო მოწმობის დროს მოქმედი ინსტრუქციის 85.1. მუხლით დადგენილი მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია არასწორი სანოტარო მოქმედების შესრულება. გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე კი პირველი რიგის მემკვიდრეებმა დაკარგეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
72. კასატორების მოსაზრებით, სამკვიდრო მოწმობა - სანოტარო აქტი №120014172 შედგენილი და გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ნოტარიუსის ქმედება აქტის გამოცემისას უდავოდ მართლსაწინააღმდეგოა, რასაც მოჰყვა ზიანი, მოსარჩელე მხარემ დაკარგა უძრავი ქონება, რომელიც შემდგომ რამდენჯერმე გასხვისდა და დღეისათვის ამ ქონების მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენია, რის გამოც, ქონების დაბრუნების მოთხოვნით სამოქალაქო დავა (სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა) უპერსპექტივოა. ნოტარიუსის ქმედება სანოტარო მოქმედების შესრულებისას ატარებდა მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, რაც გულისხმობს და მოიაზრებს დადგენილი წესებისა თუ წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფის შედეგად მხარისათვის მიყენებულ ქონებრივ დანაკლისს, რომელიც უნდა ანაზღაურდეს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოპასუხე ნოტარიუს ა.ჯ–ძეს, რომელსაც უფლება აქვს, ნოტარიუსის შემცვლელ პირს ვ.ჭ–ძეს რეგრესის წესით მოსთხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
73. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 16 თებერვალს ჩატარდა ზეპირი მოსმენა და მხარეებს მიეცათ გონივრული დრო მორიგების მიაღწევად, თუმცა მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.
74. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
75. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ წინამდებარე განჩინების პპ: 20-28-ში მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, კერძოდ, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2009 წლის 13 მაისს. დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებით, ასევე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, მამკვიდრებლის სახელია ა. და არა ა..
76. 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლილ ა. ჩ–ის საკუთრებაში ირიცხებოდა პირველი უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ა. ჩ–ის სახელზე, ასევე, ირიცხებოდა მეორე უძრავი ქონება.
77. თავდაპირველად, 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუსმა რ.ფ–ამ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის №090906493, რომლის თანახმად პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მოსარჩელეებმა მიიღეს მამკვიდრებლის პირველი უძრავი ქონება. 2010 წლის 6 იანვარს პირველი უძრავი ქონება დარეგისტრირდა მოსარჩელეთა თანასაკუთრებად.
78. 2011 წლის 12 დეკემბერს ქ.ქუთაისის მერიის „კახნიაურის“ ტერიტორიულმა ორგანომ გასცა №662 ცნობა, რომ მამკვიდრებლის და ნამდვილად ცხოვრობდა მეორე უძრავ ქონებაში. ცნობა გაიცა ნოტარიუსთან წარსადგენად.
79. 2012 წლის 9 იანვარს ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის №120014172, რომლის მიხედვით მეორე რიგის მემკვიდრემ - მამკვიდრებლის დამ საკუთრებაში მიიღო 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლ.ა. ჩ–ის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მათ შორის, მეორე უძრავი ქონება. მამკვიდრებლის და, რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს მეორე უძრავი ქონების მისამართზე, რაც დასტურდება ქუთაისის მერიის „კახიანაურის“ ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული №662 ცნობით. 2011 წლის 13 დეკემბერს შეტანილი მემკვიდრის განცხადებით სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ. მამკვიდრებლის და არის მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრე. აღნიშნული გარემოება დგინდება როგორც მამკვიდრებლის, ისე მისი დის დაბადების მოწმობებით.
80. 2012 წლის 26 მარტის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მეორე უძრავი ქონება აღირიცხა მამკვიდრებლის დის საკუთრებად, რომელმაც აღნიშნული უძრავი ნივთი მიჰყიდა ო.კ–ძეს, მან კი, თავის მხრივ, იგი გააჩუქა მ. და გ.კ–ძეების სახელზე. ამჟამად უძრავი ქონება ირიცხება დასაჩუქრებულთა თანასაკუთრებად.
81. 1999 წლის 21 ივნისს, ა.ა.ძე ჩ–ის მიერ შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძით, მან კუთვნილი მეორე უძღავი ქონება უანდერძა თავის შვილს - მოსარჩელეს.
82. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის მსჯელობის საგანია სამკვიდრო მოწმობის - სანოტარო აქტი №120014172 შედგენისა და გაცემისას ნოტარიუსის შემცვლელი პირის ქმედების კანონიერება.
83. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
84. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80.).
87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).
88. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელეების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 (ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის), 22-ე (ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ), „ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 78-ე მუხლის მე-5 ნაწილი (არ დაიშვება ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წარმოება რამდენიმე სანოტარო ბიუროში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
89. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
90. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
91. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორთა შედავების საფუძვლიანობა.
92. კასატორები (მოსარჩელეები) აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელმა ვ.ჭ–ძემ 09.01.2012წ. მეორე რიგის მემკვიდრის სახელზე №120014172 სამკვიდრო მოწმობის გაცემისას აბსოლუტურად სწორად დაადგინა მამკვიდრებელ ა. ჩ–ის მონაცემები - სახელი, გვარი, გარდაცვალების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი (ზუსტი შესაბამისობით პირადობის მოწმობის მონაცემებთან). კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელ ვ.ჭ–ძესთან წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მამკვიდრებლის პირადი ნომერი (იდენტიფიკაციის მთავარი საშუალება). ელექტრონულ ბაზებში პირის იდენტიფიკაციის მთავარი საშუალება არის პირადი ნომერი. ნოტარიუსს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულებაც, მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის ვებ გვერდის საშუალებით, მოეძია მამკვიდრებლის მხოლოდ პირადი ნომრის მითითებითაც. ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსისთვის ცნობილი გახდებოდა 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუს რ.ფ–ას მიერ შესრულებული სანოტარო აქტის არსებობის შესახებ, ვინაიდან მამკვიდრებლის ა.(ი) ჩ–ის შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრში დაცულია. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ელექტრონულ ბაზებში პირის იდენტიფიკაციის მთავარი საშუალება არის პირადი ნომერი. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი და იგივე სახელითა და გვარით შესაძლებელია არსებობდეს არაერთი პირი, ნებისმიერ შემთხვევაში პირის გადამოწმება ხდება პირადი ნომრით (იხ. საკასაჩიო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.57).
93. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორთა მიერ წარმოდგენილია დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება).
94. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
95. განსახილველ საქმეში, რამდენადაც მხარეებს შორის სადავოა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო აქტის - სამკვიდრო მოწმობის გაცემის კანონიერება, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შესაბამის საკანონმდებლო დანაწესებზე:
96. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1306.1.მუხლის თანახმად, გარდაცვლ.პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სსკ-ის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. სსკ-ის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა.
97. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
98. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს ინსტრუქცია ადგენს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესს. სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ... ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს სანოტარო მოქმედების მონაწილეთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი. ამავე ინსტრუქციის 33-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი, აგრეთვე სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირი, ვალდებულია აწარმოოს სანოტარო რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება მის მიერ შესრულებული ყველა სანოტარო მოქმედება, აგრეთვე დადგენილებები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები (აქტები). სანოტარო რეესტრი იწარმოება ელექტრონული ფორმით. ინსტრუქციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო რეესტრი ერთიანია მასში ჩართული ყველა ნოტარიუსისათვის. სანოტარო რეესტრი თავის თავში აერთიანებს ამ ინსტრუქციის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ რეესტრებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი. ამავე ინსტრუქციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.
99. ამავე ინსტრუქციის 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამკვიდროს მიღების (სამკვიდრო მოწმობის გაცემის), ან სამკვიდროს მიღებაზე უარის, ან სამკვიდროსთან დაკავშირებული სხვა შინაარსის შესახებ განცხადება შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება შეიძლება წარედგინოს ნებისმიერ ნოტარიუსს. განცხადების მიღების აუცილებელი პირობაა ნოტარიუსისათვის პირის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა. გარდაცვალების მოწმობის წარდგენა არ არის აუცილებელი, თუ ნოტარიუსთან უკვე ინახება იგი ან სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში უკვე რეგისტრირებულია მამკვიდრებლის სამკვიდროს გახსნის ფაქტი სხვა ნოტარიუსის მიერ.
100. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2012 წლის 09 იანვარს, ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელ პირს, ვ.ჭ–ძეს განცხადებით მიმართა ლ.ჩ–მა, რომელმაც მოითხოვა ძმის - 2009 წლის 13 მაისს გარდაცვლ.ა. ჩ–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. უდავო გარემოებაა, რომ ლ.ჩ–ს ასეთი განცხადება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, არ გაუკეთებია. ლ.ჩ–ის მიერ, განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა მამკვიდრებლის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, ასევე, ქუთაისის მერიის კახნიაურის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსში წარსადგენად გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მეზობლების დასტურით ლ.ჩ–ი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...... #15/2-ში.
101. 2012 წლის 9 იანვარს, ნოტარიუს ა.ჯ–ძის შემცვლელი პირის ვ.ჭ–ძის მიერ, ა. ჩ–ის მეორე რიგის მემკვიდრეზე, ლ.ჩ–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე ლ.ჩ–მა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მათში შემავალი აქტივებით და პასივებით, მათ შორის უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში, ....... და ....... პირველი შესახვევი #15/2-ში. ინფორმაცია რეგისტრირებულია სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრში. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა ლ.ჩ–ის საკუთრების უფლებით.
102. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობა -№120014172 სანოტარო აქტი, ლ.ჩ–ზე გაცემული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
103. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
104. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
105. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
106. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
107. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.
108. განსახილველ შემთხვევაში, კასატორთა (მოსარჩელეთა) პრეტენზიას, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობა - სანოტარო აქტი გაცემულია კანონის დარღვევით, მოპასუხე არ დაეთანხმა იმ დასაბუთებით, რომ მის მიერ მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია სამემკვიდრეო და ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში გადამოწმდა, როგორც მამკვიდრებლის სახელით და გვარით, ასევე, სახელის გვარის და პირადი ნომრის მითითებით და შესაბამისად, მოპასუხე მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
109. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხე ნოტარიუსის შედავების საფუძვლიანობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუცია და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით აღიარებული და უზრუნველყოფილია პირის სამართლებრივი მდგომარეობები, მათ შორის, ლეგიტიმური იდენტიფიცირების უფლება, საშუალებები და მეთოდები. პირის იდენტიფიცირების სამართლებრივი გარდაუვალობა განუყოფელია ადამიანის არსებობისა და სიცოცოხლისუნარიანობისთვის, რაც გამოხატულებას პოვებს მის სამართალსუბიექტობაში. პირის სამართლებრივი იდენტიფიცირება არის განმსაზღვრელი საქართველოს ძირითადი კანონით და ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოში აღიარებული და გარანტირებული ქმედითობის უზრუნველყოფისა უფლებებში და საკუთარ ინტერსებში სრულყოფილად გამართლებისთვის. ასეთი ინსტიტუტი იძლევა ერთგვარ გარანტიას პირზე ვრცელდებოდეს სახელმწიფოების მიერ აღიარებული ადამიანური ღირებულებების თანმდევი სიკეთეები.
110. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრთვე აფხაზურ ენაზე. მე-3 პუნქტის თანახმად, პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა. ნ) მისამართი. ო) რეგისტრაციის თარიღი (იხ. სუსგ №ბს-1073-1067 ( კ-17), 19 აპრილი, 2018 წელი).
111. „ სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
112. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის ( შემდეგ „ინსტრუქცია“) თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყო სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრების შექმნა. სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება „ინსტრუქციით“ დადგენილი წესით. „ინსტრუქციის“ 8.1. მუხლის „გ„ ქვეპუნქტი, ნოტარიუსს ავალდებულებს სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა და სხვა....“ინსტრუქციის“ 78.5. მუხლის თანახმად, არ დაიშვება ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წარმოება რამდენიმე სანოტარო ბიუროში.....“
113. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2012 წლის 9 იანვარს ნოტარიუსს (ნოტარიუსის შემცვლელი პირი) ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულებაც მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია, ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის ვებ გვერდის საშუალებით, მოეძია მამკვიდრებლის როგორც სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით, ასევე, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებითაც, რომელ შემთხვევაშიც ცხადი გახდებოდა 2009 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუს რ.ფ–ას მიერ შესრულებული სანოტარო აქტის არსებობის შესახებ, ვინაიდან მამკვიდრებლის ა.(ი) ჩ–ის შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრში დაცულია.
114. საკასაციო პალატა კასატორების პრეტენზიების ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე, რომ „ინსტრუქციის“ IX თავი განსაზღვრავს სამემკვიდრეო საქმის წარმოების წესს. აღნიშნული წესიდან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დავის წარმოშობისას მოქმედი რედაქციით სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტების დამდგენი დოკუმენტების ჩამონათვალზე (მუხლი 85).
115. როგორც ეს წინამდებარე განჩინებითაა დადგენილი, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2009 წლის 13 მაისს, მეორე რიგის მემკვიდრემ- დამ ლ.ჩ–მა, ნოტარიუსს მიმართა 2012 წლის 9 იანვარს სამკვიდროს მისაღებად 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, ლ.ჩ–ს ნოტარიუსისთვის უნდა წარედგინა ინსტრუქციის 85.1. მუხლით განსაზღვრული გარემოებები და დოკუმენტები (2012 წლის 09 იანვარს მოქმედი რედაქციის შესაბამისად).
116. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 09 იანვარს ლ.ჩ–ის მიერ, განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა ა. ჩ–ის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, ასევე ქუთაისის მერიის კახნიაურის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსში წარსადგენად გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მეზობლების დასტურით ლ.ჩ–ი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ....... ქუჩა №15/2- ში.
117. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ინსტრუქციის“ თანახმად, მემკვიდრის მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის თაობაზე, სავალდებულო გახდა „ინსტრუქციაში“ 2012 წლის 23 იანვარს განხორცილებული ცვლილების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ მეორე რიგის მემკვიდრეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემდეგ.
118. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიერ მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოძიებული სრულყოფილად, ასევე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსი არ დაეყრდნო სამკვიდრო მოწმობის დროს მოქმედი „ინსტრუქციის“ 85.1. მუხლით დადგენილი მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია არასწორი სანოტარო მოქმედების შესრულება, გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე კი პირველი რიგის მემკვიდრეებმა დაკარგეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
119. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოშობილია მოსარჩელეების სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
120. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომლის თანახმად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ.
121. სკ-ის 992-ე მუხლი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობებად განიხილავს ზიანს, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი.
122. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიერ, 2012 წლის 9 იანვარს სამკვიდრო მოწმობის გაცემისას სანოტარო მოქმედება შესრულდა „ინსტრუქციით“ დადგენილი წესის დარღვევით, ასევე ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიერ მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ იქნა მოძიებული სამემკვიდრეო და ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში. აღნიშნული ქმედებით კი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვდრეებს (მოსარჩელეებს) მიადგათ ზიანი, რისი ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოპასუხე ნოტარიუსს.
123. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.
124. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
125. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა მოპასუხე ნოტარიუსის ბრალეულობა სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, ამიტომაც საერთოდ არც კი იმსჯელა მიყენებული ზიანის ოდენობაზე. აღნიშნული კი მოითხოვს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების საფუძველეზე, ზიანის ოდენობის კვლევასა და დადგენას, რის სამართლებრივ შესაძლებლობასაც საკასაციო პალატა სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია.
126. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად უნდა განსაზღვროს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
127. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ (სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), რომ ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და,
დაადგინა:
1. დ.ჩ–ნის და გ.კ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი