საქმე №ა-381-შ-10-2023 21 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი ( თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – B. G. L.
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ფ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანებით: მოსარჩელე რ.ფ–ა (პ/ნ ......) ვალდებულია გადაუხადოს მოპასუხე B. G. L.-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 7811410) საპროცესო ხარჯები იმ ფარგლებში, რაც არ ყოფილა მიკუთვნებული წინა ბრძანების საფუძველზე, რომლის ჯამური ოდენობა შეადგენს 7 250 000 ფუნტ სტერლინგს;
2. სასამართლოს ფონდის ანგარიშზე არსებული თანხა - 3 156 804,40 ფუნტი სტერლინგი, რომელიც განთავსდა სასამართლოს ანგარიშზე, როგორც მოპასუხის ხარჯების უზრუნველყოფა და შემდგომ გადაერიცხა მოპასუხეს, უნდა ჩაითვალოს ზემოთ პირველ პარაგრაფში მითითებული თანხის ანგარიშში;
3. მოსარჩელე ვალდებულია მოპასუხის ხარჯების თანხის დარჩენილი ნაწილი - 4 092 966.41 ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს მოპასუხეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილის 16:00 საათისა;
4. შემდგომი ბრძანებები უნდა შეიცვალოს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ზემოთ პირველი და მესამე პარაგრაფების შესასრულებლად;
5. მოსარჩელემ უნდა გადაუხადოს მოპასუხეს განცხადების ხარჯები, რომლის ოდენობა შემაჯამებელი პროცედურით შეფასებულია 60 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით და აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილის 16:00 საათისა;
6. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, საპროცენტო სარგებელი უნდა დაერიცხოს ნებისმიერ შემდეგ ოდენობას: (i) ზემოთ, მე-3 პარაგრაფში მითითებული თანხის დარჩენილ ნაწილს, რომელიც არ იქნება გადახდილი 2022 წლის 15 აპრილის შემდგომ; და (ii) ზემოთ მე-5 პარაგრაფში მითითებული თანხის დარჩენილ ნაწილს, რომელიც არ იქნება გადახდილი 2022 წლის 1 აპრილის შემდგომ, 1838 წლის გადაწყვეტილების აქტისა და გადაწყვეტილების ვალის (საპროცენტო სარგებელი) ბრძანების შესაბამისად, ამ თანხის სრულად გადახდამდე;
7. შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
8. B. G. L.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მე-3 და მე-6 პარაგრაფების ნაწილში, კერძოდ, მე-3 პარაგრაფი, რომლითაც რ.ფ–ას (პ/ნ ........) B. G. L.-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 7811410) სასარგებლოდ დაეკისრა 4 092 966.41 ფუნტი სტერლინგის გადახდა; მე-6 პარაგრაფი, რომლითაც რ.ფ–ას (პ/ნ .......) B. G. L.-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 7811410) სასარგებლოდ დაეკისრა 4 092 966.41 ფუნტი სტერლინგზე წლიური 8%-ის გადახდა 2022 წლის 16 აპრილიდან ამ თანხის სრულ გადახდამდე.
9. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 18 მარტს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის საფუძველზე.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, შუამდგომლობა და თანდართული მასალები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2023 წლის 6 თებერვალს, რომელსაც განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ამას მოითხოვს.
12. შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები, აგრეთვე საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განჩინება ჩაბარდა 2023 წლის 7 თებერვალს ( იხ. ტ.4. ს.ფ. 25), რომელმაც 2023 წლის 10 თებერვალს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ( იხ. ტ.4.ს.ფ.26-27). საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა მოსაზრების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა 15 დღით (იხ. ტ.4.ს.ფ.37). 2023 წლის 28 თებერვალს შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, მიიჩნია, რომ საცნობი ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლის პრინციპებს, ამიტომაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე მოითხოვა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით (იხ. ტ.4.ს.ფ.51-59). აღნიშნული წერილობითი მოსაზრება გადაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს 2023 წლის 1 მარტს და ჩაბარდა 2023 წლის 2 მარტს (იხ. ტ.4.ს.ფ.156-157).
13. 2023 წლის 9 მარტს შუამდგომლობის ავტორის მოწინაააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი პოზიცია, ასევე წერილობითი მოსაზრება ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ სსსკ-ის 186-ე და 187-ე მუხლების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო: შუამდგომლობის ავტორს არც კი უცდია ამ ბრძანების ინგლისში აღსრულება, მაშინ როდესაც B. G. L.-ის ადვოკატი 2021 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს არწმუნებდა, რომ რ.ფ–ას აქვს ბინა ლონდონში, რომლის ღირებულება 2016 წელს იყო 2 მილიონი და მასზე ვრცელდება მცირე იპოთეკა (2021 წლის 26 მარტის სხდომის ოქმის მე-11 გვერდი). თავად შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი პროფესორ ჯ.ჰ–ის საექსპერტო დასკვნაში იმპერატიულად და ამომწურავად არის მითითებული, თუ რა უნდა მოიმოქმედოს B. G. L.-მა ინგლისში იმისათვის, რომ აღასრულოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანება. აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს კუმულატიურად. პროფესორი ჯ.ჰ–ი თავის საექსპერტო დასკვნაში დეტალურად აღწერს ინგლისში გადაწყვეტილების აღსრულების 4 მთავარი მექანიზმის შესახებ ( იხ. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების 553-556 გვერდები). საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მან ინგლისში გამოიყენა აღსრულების არათუ ოთხივე მექანიზმი, არამედ თუნდაც ერთ-ერთი მაინც. ( შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ინგლისის კანონმდებლობის მიხედვით აღსრულების ოთხივე მექანიზმი უნდა იყოს სრულად გამოყენებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად). ცნობა-აღსრულების შესახებ განცხადების/შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობა სამართლებრივად შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროფესორ ჯ.ჰ–ის საექსპერტო დასკვნაში მითითებული აღსრულების ოთხივე მექანიზმი იქნება რეალიზებული და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულება გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში შეუძლებელი არის. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ასევე უნდა დაადასტუროს, რომ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობა. აღნიშნული ნიშნავს, რომ, თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება დგება დღის წესრიგში, ითვალისწინებს, რომ ჯერ უნდა იქნეს ამოწურული აღსრულების მექანიზმები გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში და შემდეგ შეიძლება დადგეს სხვა ქვეყანაში მისი ცნობა-აღსრულების საკითხი, მაშინ ადგილი არ/ვერ ექნება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ბრიტანეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ აღსრულების მექანიზმები უნდა იქნეს თავდაპირველად ამოწურული ბრიტანეთში. საქართველოში ცნობა-აღსრულების საკითხი განხილვას დაექვემდებარება, თუ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები (და არა მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები), რომ აღსრულების ოთხივე მექანიზმის გამოყენების მიუხედავად, ვერ აღსრულდა გადაწყვეტილება მის გამომტან სასამართლოში, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად (იხ. ტ.4.ს.ფ.162-164).
14. მოწინაარმდეგე მხარის დამატებით პოზიცია შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 10 მარტს (იხ. ტ.4.ს.ფ.165).
15. 2023 წლის 10 მარტს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა 30 დღის ვადა წარმოდგენილ პოზიციაზე წერილობითი პასუხის გასაცემად, რათა შუამდგომლობის ავტორმა ისარგებლოს სსსკ-ის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილი შეჯიბრებითობის პრინციპით (იხ. ტ.4.ს.ფ.167).
16. შუამდგომლობის არსებითად განხილვამდე, ვადის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობის ავტორის განცხადების, აგრეთვე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების განხილვის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინებით დაინიშნა ზეპირი განხილვა 2023 წლის 21 მარტს 12 საათზე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს კანონით დადგენილი წესით.
17. 2023 წლის 20 მარტს შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი პასუხი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციებზე და მიუთითა, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო: მოწინააღმდეგე მხარეს სკს-ის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის 1-ლი წინადადების მიხედვით აქვს აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვით მოთხოვნის უფლება. ამდენად, მას საერთოდ არა აქვს უფლება დააყენოს შუამდგომლობა, შესაბამისად, სწორედ მისი 2023 წლის 9 მარტის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი. გარდა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის საპეციალური დანაწესისა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს არ აძლევს შუამდგომლობის დაყენების უფლებას, მის მიერ მოთხოვნილი შედეგი - ცნობა-აღსრულების შესახებ წარმოდგენილი შუამდგომლობის განუხილველად დატოვება- თეორიულადაც კი ვერ დადგება, რადგან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე მიიღო შუამდგომლობა წარმოებაში და აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება. სსსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო 5 დღის ვადაში წარმოებაში იღებს სარჩელს, ან მითითებული გარემოებებიდან რომელიმეს დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულზე უარს ამბობს. წარმოებაში მიღების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობა მეორე მხარეს არ აქვს. ასევე არ არსებობს სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის განუხილველად დატოვების ( სსსკ-ის 275-ე მუხლი) არცერთი საფუძველი. რაც ყველაზე მთავარია, სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების გამოსაყენებლად აუცილებელია, რომ განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გამოვლინდეს მას შემდეგ, რაც სასამართლოს უკვე მიღებული აქვს წარმოებაში სარჩელი (ამ შემთხვევაში შუამდგომლობა). ეს შეესაბამება იმ გადაწყვეტას, რომ მეორე მხარეს აღნიშნული შედეგის გასაჩივრების უფლება არ აქვს, შესაბამისად, მას არ აქვს არც საქმის წარმოების/სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნის უფლება, თუ არ მიუთითებს რაიმე გარემოებაზე, რომელიც სარჩელის წარმოებაში მიღების შემდგომ გამოვლინდა, ანუ სასამართლოსათვის 5-დღიანი ვადის ფარგლებში იყო უცნობი. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს არათუ არ დაუდასტურებია, არამედ არც კი მიუთითებია რაიმე ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, რაც თეორიულად გამორიცხავს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას. ქართული სამართლის არცერთი წყარო და არც სასამართლო პრაქტიკა არ ასახელებს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების წინაპირობად იმის შემოწმებას, სცადა თუ არა მხარემ გადაწყვეტილების აღსრულება სხვა ქვეყანაში. მოწინააღმდეგე მხარის მითითების საწინააღმდეგოდ, სკს-ის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილი არ ავალდებულებს მხარეს, ჯერ აღსრულებას უცხო ქვეყნის ფარგლებში შეეცადოს, არამედ, პირიქით, შუამდგომლობის ტექსტში იმას აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული არ არის. ამის მიზანია არა იმის კონტროლი, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გადაწყვეტილების მიმღებ უცხო ქვეყანაში აღსრულდეს, არამედ გადაზღვევა იმისა, რომ ერთი და იგივე გადაწყვეტილება ორჯერ არ აღსრულდეს. რაც შეეხება საქართველოში ცნობა-აღსრულების ინიცირებას, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ბატონი ფიფია საქართველოს რეზიდენტია. მსგავსი ხელოვნურად მოფიქრებული წინაპირობა მით უფრო უადგილოა იმ პირობებში, რომ მოწინააღმდეგე მხარე არც კი იწუხებს თავს, დაასახელოს რა ქონება აქვს გაერთიანებულ სამეფოში, რის გამოც ბიჯეოს აღსრულება, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, სწორედ იქ უნდა მოეთხოვა. მოწინააღმდეგე მხარე იშველიებს შუამდგომლობის ავტორის ადვოკატების ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ლონდონში საკუთრებაში აქვს სახლი. ეს მითითებაც აზრს მოკლებულია, როცა მოწინააღმდეგე მხარე სახლის ღირებულებად ასახელებს 2 მილიონს, მაშინ როდესაც ცნობა-აღსრულების საკითხი ეხება გაცილებით მეტი ოდენობის მოთხოვნას. ნებისმიერი დაშვებით, მინიშნება იმაზე, რომ კრედიტორმა მოპასუხისათვის ყველაზე კომფორტული გზა უნდა აირჩიოს აღსრულებისათვის, არის აბსურდული, რადგან აღსრულება არის მოთხოვნის დაკმაყოფილების იძულებითი ხერხი, რაც, მოვალის კეთილსინდისიერების შემთხვევაში, კრედიტორს საერთოდ არ უნდა უწევდეს და მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმაზე, რომ თურმე აღსრულება გაერთიანებულ სამეფოში უნდა წარმართულიყო, შეეძლო მისი სახლი ლონდონში თავად გაეყიდა და მიღებული თანხით დავალიანება ნაწილობრივ მაინც დაეფარა (იხ. ტ.4. ს.ფ.178-180).
18. 2023 წლის 21 მარტს საქართველოს უზენაეს სასამრთლოში გამართულ სხდომაზე, საკასაციო პალატამ მხარეებს შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. შუამდგომლობის ავტორმა უარი განაცხადა ვადის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობაზე, ასევე არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ BGEO CROUP LIMITED -ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის, ხოლო აღნიშნული კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შუამდგომლობას, იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. „საქართველოში უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამავე დროს ეს ხდება პირველი ინსტანციის წესით“ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი, 2010, გვერდი 43.).
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2020, გვ.178).
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარ კრიტერიუმებს შესაძლებელია მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს.
23. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად გამოცხადების პროცედურა გაწერილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-71-ე მუხლებში. ეს ნორმები მხოლოდ ეროვნული სასამართლოს შესაბამის საქმიანობას აწესრიგებს და არა სააღსრულებო წარმოების განმხორციელებელი ორგანოებისა. დასახელებული ქცევის წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა დებულებები, რომლებიც, როგორც წესი, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოში აღსასრულებლად გამოცხადების პროცედურას უფრო ამარტივებენ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი, 2010, გვერდი 85.). „გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და შესაბამისი ქვეყანა ორმხრივი ხელშეკრულების ან მრავალმხრივი კონვენციის მონაწილენი არიან, ხდება მის საფუძველზე. თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ საქართველოს უზენაესი სასამართლო გადწყვეტილებას ცნობს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონზე დაყრდნობით ან კეთილი ნების საფუძველზე“ (შდრ: სულხან გამყრელიძე, შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდი საერთაშორისო კერძო სამართალში ევროპის, გერმანული და შვეიცარიული სამართლის გათვალისწინებით, თბილისი, 2015, გვერდი 130).
24. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს (იხ. თ.ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2020, გვერდი 233.; ზვიდ გაბისონია, ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2016, გვერდი 463). „ცნობა გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების აუცილებლობის შესახებ, ფაკულტატური ხასიათის საბუთია იმ შემთხვევაში, თუ უცხოური სასამართლო აქტის შინაარსი სხვა რამეზე მეტყველებს“ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი, 2010, გვერდი 87.).
25. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს აჩვენებს, რომ მათ ნამდვილად მოუსმინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (შდრ: H. v. Belgium, 30 ნოემბერი 1987, § 53, Series A N 127-B;Suominen v. Finland, N 37801/97, § 36, 1 ივლისი 2003; Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; ).
26. როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს. შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვება გამოიკვლიოს შემდეგი: მხარეთა ძირითადი არგუმენტები, კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული განცხადებები; ეროვნული სასამართლოები ვალდებულები არიან აღნიშნული განცხადებები განსაკუთრებული სიმკაცრითა და სიფრთხილით შეისწავლონ (შდრ: Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 30, Series A N 303-A; Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005; Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი 2006; Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, N 76240/01, § 96, 28 ივნისი 2007;).
27. დროის ეკონომიურობისა და სამართალწარმოების დაჩქარების სურვილი არ ამართლებს ისეთი ფუნდამენტური უფლების უგულებელყოფას, როგორიცაა შეჯიბრებითი სამართალწარმოების უფლება (იხ: Nideröst-Huber v. Switzerland, 18 თებერვალი 1997, § 30, Reports of Judgments and Decisions 1997-I;).
28. შეჯიბრებითი პროცესის უფლება ნიშნავს სამოქალაქო საქმის მონაწილე მხარეების უფლებას, გაიცნონ და კომენტარები გააკეთონ ყველა წარდგენილი მტკიცებულების ან დასკვნის შესახებ, რათა გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (შდრ: Ruiz-Mateos v. Spain, 23 ივნისი 1993, § 63, Series A N 262; McMichael v. the United Kingdom, 24 თებერვალი 1995, § 80, Series A N 307-B; Vermeulen v. Belgium, 20 თებერვალი 1996, § 33, Reports of Judgments and Decisions 1996-I; Lobo Machado v. Portugal, 20 თებერვალი 1996, § 31, Reports of Judgments and Decisions 1996-I; Kress v. France [დიდი პალატა], N 39594/98, §74, ECHR 2001-VI;).
29. შეჯიბრებითი სამართალწარმოების მხარეს უნდა ჰქონდეს სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, ისევე, როგორც მის შინაარსსა და ავთენტურობასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფორმითა და გონივრული დროის განმავლობაში, კომენტარის გაკეთების საშუალება (იხ: Krčmář and Others v. the Czech Republic, N 35376/97, §42, 3 მარტი 2000; Immeubles Groupe Kosser v. France, N 38748/97, §26, 21 მარტი 2002) საჭიროების შემთხვევაში, ამ უფლების განხორციელების მიზნით უნდა გადაიდოს საქმე (იხ.Yvon v. France, N 44962/98, § 39, ECHR 2003-V.); მხარეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცნობილი გახადონ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მათი პოზიციის გასამყარებლად არის საჭირო სასამართლომ პატივი უნდა სცეს შეჯიბრებითობის პრინციპს (იხ: Clinique des Acacias and Others v. France, N 65399/01 და 3 სხვა, §37-38, 13 ოქტომბერი 2005;) მხოლოდ დავის მონაწილე მხარეების გადასაწყვეტია, მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მოწმის ჩვენება საჭიროებს თუ არა საპასუხო კომენტარს (იხ. Andret and Others v. France (განჩინება), N 1956/02, 25 მაისი 2004;). მართლმსაჯულების საქმიანობის მიმართ სამართალწარმოების მონაწილეების ნდობა დაფუძნებულია იმის ცოდნაზე, რომ მათ აქვს საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის შესახებ აზრის გამოთქმის უფლება (მათ შორის სასამართლოს მიერ საკუთარი შუამდგომლობით მოპოვებული დოკუმენტების თაობაზე (იხ. Nideröst-Huber v. Switzerland, 18 თებერვალი 1997, §29, Reports of Judgments and Decisions 1997-I; Pellegrini v. Italy, N30882/96, § 45, ECHR 2001-VIII;).
30. სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფცია მოიცავს ,,მხარეთა თანასწორობის’’ პრინციპს. ,,მხარეთა თანასწორობის’’ მოთხოვნა, მხარეებს შორის ,,სამართლიანი ბალანსის’’ დაცვის მნიშვნელობით, ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე (იხ. Feldbrugge v. the Netherlands, 29 მაისი 1986, § 44, Series A N 99;). მხარეებს შორის ,,სამართლიანი ბალანსის’’ შენარჩუნება. მხარეთა თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს მისი საქმის, მათ შორის, მტკიცებულების, წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა ისეთ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ პოზიციაში არ ჩააყენებს. დაუშვებელია მხარემ სასამართლოს წარუდგინოს დოკუმენტები და ამის თაობაზე მეორე მხარემ არ იცოდეს; მეორე მხარეს უნდა მიეცეს აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. მხოლოდ მხარეების გადასაწყვეტია საჭიროებს თუ არა წარდგენილი დოკუმენტების საპასუხო რეაქციას (იხ. APEH Üldözötteinek Szövetsége and Others v. Hungary, N 32367/96, §42, ECHR 2000-X).
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება (“Ius est ars boni et aequi”, იხ. Corpus Juris Civilis, დიგესტები,1.1.) სამართალმა უნდა უზრუნველყოს სადავო საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ეს მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული და, როგორც წესი, ეძებს კომპრომისს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებს შორის, რომელიც სამართლიანია. სამართალი უნდა ემსახურებოდეს მიზნების განხორციელებას, ე.ი. განსაზღვრული სიკეთეების მოპოვებას ან შენარჩუნებას და ამ სიკეთეებზე ორიენტირებული ინტერესების დაკმაყოფილებას. მინიმალური მიზანია, რომ პოზიტიური ელემენტები ნეგატიურს სჭარბობდეს („თანაზომიერების“ პრინციპი). სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ (იხ. რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა,GIZ 2009, გვ.73-74).
33. კანონის ინტერპრეტაციის მიზნის მისაღწევად ანუ კანონის აზრის გასაგებად, გამოიყენება განმარტების გრამატიკული, ლოგიკური, ისტორიული და სისტემური ხერხები. „სისტემური“ ინტერპრეტაციის მიზანია, რომ ცალკეული სამართლებრივი თვალსაზრისები სამართლებრივი სისტემის ერთიან კონტექსტში იქნეს განხილული.
34. კანონის ინტერპრეტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მიღმა მდგომი აზრის ახსნას, არამედ იგი ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობებიდან ყველაზე სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შერჩევას. „ინტერპრეტაციას აქვს მსჯელობითი ხასიათი, როდესაც არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების წარმოდგენა ხდება, რომელთაგან უკეთეს მოტივაციას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში.
35. ნორმის შინაარსის გარკვევა იწყება გრამატიკული განმარტებით. გრამატიკული განმარტებისას ნორმის შინაარსის დადგენა ხდება სიტყვათა მნიშვნელობისა და გრამატიკული წესების მიხედვით. კანონის ტექსტში გამოყენებულ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მნიშვნელობა. სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება გაირკვეს არა იზოლირებულად, არამედ ტექსტთან კავშირში (კონტექსტში). გრამატიკული განმარტება არკვევს არა ერთმანეთისაგან იზოლირებული სიტყვების, არამედ მთლიანად წინადადებების მნიშვნელობას. გრამატიკული განმარტება, ასევე ითვალისწინებს სიტყვათა შორის ლოგიკურ კავშირს და მთლიანად წინადადების ლოგიკურ სტრუქტურას. გრამატიკული განმარტების დროს, ასევე გასათვალისწინებელია სასვენი ნიშნების განლაგება, ვინაიდან იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილზეა დასმული წერტილი, მძიმე, ორი წერტილი, ტირე და სხვა, შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს გაგებული ნორმის შინაარსი. განმარტების გრამატიკული მეთოდის მეშვეობით ხდება კანონის ნორმის, მისი ცალკეული წინადადების გამოკვლევა გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობის, სიტყვათა წყობისა და გრამატიკის ზოგადი წესების მიხედვით. ამ დროს მხედველობაში მიიღება როგორც ცალკეული სიტყვისა თუ ფრაზის ზოგადი (ენობრივი) გამოყენება, ისე იურიდიული, უპირატესად შესაბამის კანონში მინიჭებული მნიშვნელობა (იხ. დავით კერესელიძე, კერძო სამართლოს უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 66.). გრამატიკული განმარტება, ასევე ითვალისწინებს სიტყვათა შორის ლოგიკურ კავშირს და მთლიანად წინადადების ლოგიკურ სტრუქტურას (იხ. გიორგი ხუბუა, „სამართლის თეორია“, მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 187-188).
36. მნიშვნელოვანია სამართლის ნორმის (და არა მთელი კანონის) აზრი და მიზანი, ratio legis („ტელეოლოგიური განმარტება“). რეგულაციის მიზანი ზოგადად ისაა, რომ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები გარკვეული სახით გაწონასწორდეს. სამართლის ნორმის განმარტება იმგვარად არ შეიძლება, რომ სამართლის სხვა ნორმას აზრს უკარგავდეს. „ნორმის განმარტებისას გადამწყვეტია კანონის არსის გათვალისწინება და მისი მიზნის შესაბამისი განმარტება. ამასთან, მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ მიზანი, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის კანონმდებელი შესაბამისი ნორმით, არამედ ასევე ამ მიზნის სამართლიანობა და მიზანშეწონილობა. ეს განპირობებულია იმით, რომ თითოეული დებულება არ განიხილება არც შესაბამისი ინსტიტუტებისა თუ ცნებათა სისტემისგან იზოლირებულად, არც სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელი ფასეულობებისაგან დამოუკიდებლად. ის სამართლიანი და მიზანშეწონილობაზე დამყარებული სამართლებრივი წესრიგის ნაწილია (იხ. დავით კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009 წელი, გვ. 74).
37. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ მიუთითა, „დაუსაბუთებელია ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში გააჩნია საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს, კერძოდ, დასტურდება, რომ სასამართლო აღმასრულებელმა მიიღო სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე დადგენილება, რამდენადაც მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო“ (შდრ: №ა-2864-შ-71-2020, 16 ივლისი, 2021 წელი, პ.15.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ აღნიშნა, „დაუსაბუთებელია ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს გადაწყვეტილების გამომტან ქვეყანაში გააჩნია საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს. კერძოდ, დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა რეესტრის ამონაწერები, რომლითაც დასტურდება იმ უძრავ ქონებათა გასხვისება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებდა, რომ მოვალის საკუთრება იყო“ (შდრ: №ა-704-შ-24-2019, 2 აგვისტო, 2019 წელი, პ.12.3).
38. კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების, ასევე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო პალატა სკს-ის 71 I-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებულ პირობებს კუმულატიურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა.
39. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით. თუ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიუხედავად უშედეგოა ან მოითხოვს გაუმართელებელ ხარჯებს, ხოლო პროცესის არცერთ მხარეს არ შეუძლია ნორმების არსის დადგენა და მათი გამოყენების დასაბუთება, სასამართლო იყენებს საქართველოს სამართალს (შდრ: სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 7 ივლისი, 2017 წელი). „უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითება წარმოადგენს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას და შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ №ას-209-196-2015, 30 ივლისი, 2015 წელი). „უცხოური სამართლის შინაარსის დადგენის ერთ-ერთ გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს ექსპერტთა განმარტებები უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინისასთან მითითებით“ (იხ: თამარ მსხვილიძე, ექსპერტთა როლი უცხოური ნორმის არსის განსაზღვრის პროცესში, ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“, № 11, მაისი, 2019, გვ. 97.).
40. საკასაციო პალატა შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებების ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქმის მასალებში განთავსებულია პროფესორ ჯ.ჰ–რის (პატივცემული ადვოკატი) ინგლისური სამართლის შესახებ საექსპერტო დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული კრედიტორისათვის ბრძანების და გადაწყვეტილების აღსრულების მთავარი მექანიზმები არის შემდეგი (CPR-ის პრაქტიკული დირექტივა 70A, პარაგრაფი 1.1); ა) ყადაღის ბრძანება; (CPR -ის &3(1) ნაწილი); ბ) შეჩერების ბრძანება/შეჩერების შეტყობინება (CPR- 73 (II-III) ნაწილები; გ) კონტროლის აღსრულების ფურცელი ან გარანტია (CPR-ის 83-ე და 84-ე ნაწილები); დ) მმართველის დანიშვნა (CPR-ის 69-ე ნაწილი; ასევე 1981 წლის უმაღლესი სასამართლოების აქტი, 37-ე მუხლი). აღსრულების ყველა მეთოდთან მიმართებით საერთო ის არის, რომ პროცესის შემდგომ წარმართვაზე პასუხისმგებელი არის გადაწყვეტილებით განსაზღვრული კრედიტორი. შესაბამისად, გადაწყვეტილების სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით აღსრულების წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებულია მის მცდელობებზე: სასამართლოს როლი არის შესაბამისი პროცედურების ჩატარება, რათა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კრედიტორს დაეხმაროს (და ზოგიერთ შემთხვევაში უზედამხედველოს) მისი მცდელობების განხორციელებაში (იხ. დანართი 11, ტ.2.ს.ფ.553-555). შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ ინგლისელი პროფესორისა და ადვოკატის ჯ.ჰ–რის სამართლებრივ დასკვნას სრულად ეყრდნობა და წარმოადგენს მის ახსნა-განმარტებას (იხ. ტ. 4.ს.ფ.44.).
41. საქმის მასალებში განთავსებულია „Freshfilds Bruckhaus Deringer“-ის (ფრეშფილდს ბრუკჰაუს დერინგერ ელ-ელფი) წერილი, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული იურიდიული კომპანია წარმოადგენდა ბიჯეო-ს ინტერესებს რ.ფ–ასთან დავაზე ინგლისის სასამართლოების წინაშე. წერილში იურიდიული კომპანია აღნიშნავს, რომ მათ გადაამოწმეს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების მიმღებ ინგლისის კომერციულ სასაამრთლოში, დაიწყო თუ არა ბიჯეო-მ საბოლოო ხარჯების ბრძანებით დაკისრებული 4.092,966.41 ფუნტი სტერლინგის გადახდის აღსრულების პროცედურა. კომპანია ადასტურებს, რომ ბიჯეო-ს მიერ არ არის დაწყებული ინგლისის კომერციული სასამართლოს წინაშე აღსრულების პროცედურა ( იხ. დანართი 12, ტ.3.ს.ფ.652-653).
42. საქმეში წარმოდგენილი ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ბიჯეო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში (იხ. დანართი 1-ლი, ტ.1, ს.ფ. 23.).
43. 2023 წლის 21 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე დადასტურდა, რომ შუამდგომლობის ავტორს არ მიუმართავს ბრძანების მიმღები სასამართლოსათვის მისი აღსრულების მოთხოვნით.
44. როგორც წინამდებარე განჩინების პ. 38-ში აღინიშნა, საკასაციო პალატა სკს-ის 71 I-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებულ პირობებს კუმულატიურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა.
45. როგორ უნდა მოიქცეს უზენაესი სასამართლო იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების შესახებ არ შეიცავს საჭირო მონაცემებს ან მას არ ერთვის ყველა აუცილებელი დოკუმენტი? ამ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოიყენებს ჩვეულებრივ სასარჩელო წარმოებასთან დაკავშირებულ ნორმებს - სსსკ-ის 186-ე, 187-ე მუხლები“ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი, 2010, გვერდი 87.).
46. „ საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ თუკი მხარე წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, რომ საცნობი გადაწყვეტილების აღსრულება სრულად ან ნაწილობრივ არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით“ (შდრ: №ა-4522-შ-115-2022, 27 იანვარი, 2023 წელი). „განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს“ (შდრ: №ა-366-7-2021, 9 დეკემბერი, 2021 წელი; №ა-5405-შ-156-2021, 17ნოემბერი, 2021 წელი). „საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინების ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი. იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ნაწილში შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით (შდრ: №ა-5832-შ-148-2022, 14 ნოემბერი, 2022 წელი, პ.14-15.).
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ედა 275-ე მუხლები).
49. 2023 წლის 21 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე რადგან დადასტურდა, რომ შუამდგომლობის ავტორს არ მიუმართავს ბრძანების მიმღები სასამართლოსათვის მისი აღსრულების მოთხოვნით, როგორც ეს განსაზღვრულია ცნობა-აღსრულების მიზნით წარმოდგენილი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით, შესაბამისად, დაცული არ არის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, როგორიცაა, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს ცნობა საქართველოში მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
50. საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, 399-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. B. G. L.-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ არ კარგავს უფლებას ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური
ეკატერინე გასიტაშვილი