საქმე №ას-899-2022
24 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ს.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.ბ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ფ.ბ–ომ“ სარჩელი აღძრა, ს.მ–ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2022 წლის 16 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, შპს „ფ.ბ–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. ს.მ–ს მოსარჩელე შპს „ფ.ბ–ოს“ სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის ძირი თანხის 970.34 ლარის, საკომისიოს - 362.19 ლარის და ჯარიმის -21.28 ლარის გადახდა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, ს.მ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
7.კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 10.10.2016 წელს აიღო ონლაინ სესხი, 1000 ლარის ოდენობით შპს „ტ–გან“, რომელსაც იხდიდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდგომში ფინანსური პრობლემებისა და ოჯახური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო გადახდა. აღნიშნული სესხი კომპანია „ტ–ომ“ გადასცა შპს „ფ.ბ–ოს“, რომელმაც 2020 წლის 08 ივლისს სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაკისრების მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 თებერვალს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიიღო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ფ.ბ–ოს“ სარჩელი. მოპასუხე ს.მ–ს მოსარჩელე შპს „ფ.ბ–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის 970.34 ლარის, საკომისიოს - 362.19 ლარის და ჯარიმის - 21.28 ლარის გადახდა.
მხარემ აღნიშნა, რომ 2022 წლის 16 თებერვალს იმყოფებოდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამასთან აღნიშნა, რომ იგი არის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შემთხვევის ადმინისტრატორი და სამსახურში არ აქვს ტელეფონი. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მისი პროცესზე გამოცხადება, ხოლო ტელეფონის უქონლობის გამო სასამართლოსთვის შეტყობინება, რომ პროცესზე გამოცხადებას ვერ ახერხებდა.
მხარის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. გამომდინარე იქიდან, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სააპელაციო პალატამ 2022 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 სექტემბრის განჩინებით ს.მ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
13. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).
15. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
17. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის 970.34 ლარის, საკომისიოს - 362.19 ლარის და ჯარიმის -21.28 ლარის გადახდა.
18. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.
20. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის მიმართ, დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესი. ( იხ. ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბ., 2022, გვ.202).
21. დამატებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული.(იხ. სუსგ Nას-286-2022 10.06.22წ ას-919-2018 20.09.2019წ.)
22. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლთან მიმართებით და კანონიერად დატოვა იგი განუხილველად.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის
27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე