საქმე №ას-1288-2022
10 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ.ც–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გორის რაიონულ სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბერს, სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს „ფ.ბ–ომ,“ თ.ც–ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. 2022 წლის 10 თებერვალს, გორის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. კერძოდ, თ.ც–ძეს შპს „ფ–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა შპს ,,ტ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირითადი თანხის - 500 ლარის, საკომისიო - 16.9 ლარის და ჯარიმის - 197.1 ლარის, ჯამში 714 ლარის ოდენობით გადახდა.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მას არ ეცნობა სასამართლო წარმოების შესახებ. მხარემ მიუთითა, რომ მისი ოჯახის წევრმა ორჯერ განაცხადა უარი გზავნილის ჩაბარებაზე, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გზავნილის ჩაბარებად, ვინაიდან იგი არ ცხოვრობს ამ მისამართზე.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 04 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 04 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით, თ.ც–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სარჩელის ფასი არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვარს - 2000 ლარს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ.ც–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
8. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არამართებულად დარჩა განუხილველი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაირღვა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ იმ მისამართზე, სადაც სასამართლომ გააგზავნა გზავნილი იგი არ ცხოვრობს, შესაბამისად მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა სასამართლო წარმოების შესახებ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).
15. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.).
16. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად ცნობს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივნის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ., ასევე (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR)
18. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირითადი თანხა არის 500 ლარი, საკომისიო - 16.9 ლარი და ჯარიმა - 197.1 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა 714 ლარი.
19. ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც იგი სწორად იქნა დაუშვებლად მიჩნეული.
20. დამატებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული.(იხ. სუსგ Nას-286-2022 10.06.22წ ას-919-2018 20.09.2019წ.)
21. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივ-სამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე