Facebook Twitter

ბს-1404-979(გ-05) 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ განიხილა ჟ. მ-ის სარჩელის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 7 აპრილს ჟ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: გ. მ-ისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა თბილისში, ..... მდებარე ¹61 ბინაზე მესაკუთრედ ცნობა: მოსარჩელის მითითებით, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993წ. 14 დეკემბრის ¹16.8.399 გადაწყვეტილებით თბილისში, ..... მდებარე ბინის სანაცვლოდ მას გამოეყო ..... მდებარე ¹61 საცხოვრებელი ბინა, ხოლო ამავე დადგენილებით ..... მდებარე ¹61 ბინის მფლობელები, მოპასუხე გ. მ-ის ოჯახი გაწევრიანდა ოთხოთახიანი ბინათმშენებლობის ამხანაგობაში. გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე ჟ. მ-ის სახელზე გაიცა ....., ბინა ¹61-ზე ბინის ორდერი ¹..... . მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გ. მ-ე თავს იკავებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან, კერძოდ, ..., ბინა 61-ის მის (მოსარჩელის) სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვისგან, ამიტომ მოსარჩელე ითხოვს გ. მ-ის სახელზე რიცხული, ...... მდებარე ¹61 ბინის მესაკუთრედ ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 ივნისის განჩინებით ჟ. მ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას დავის განსჯადობის შესახებ და 2005წ. 16 აგვისტოს განჩინებით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს, სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებულ კერძო-სამართლებრივი ხასიათის დავას, რომელიც წარმოიშვა ფიზიკურ პირებს: ჟ. მ-ესა და გ. მ-ეს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან. სასამართლოს მითითებით, მართალია, სადავო ურთიერთობა წარმოიშვა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993წ. 14 დეკემბრის ¹16.8.399 გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ დავა განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ ცვლის დავის სამართლებრივ ხასიათს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სასარჩელო განცხადებისა და საქმის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. მ-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ დავა არცერთი სასამართლოს მიერ არ არის სწორად გადაწყვეტილი და ამ ეტაპზე სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული სასარჩელო განცხადების მიხედვით შეუძლებელია დავის განსჯადობის განსაზღვრა და სარჩელი საჭიროებს დაზუსტებას, რადგან სამართლებრივად გაურკვეველია სასარჩელო მოთხოვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებულ კერძო-სამართლებრივ ხასიათის დავას, რომელიც წარმოიშვა ფიზიკურ პირებს: ჟ. მ-ესა და გ. მ-ეს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებული, ჟ. მ-ესა და გ. მ-ეს შორის დადებული კერძო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება საქმეში არ მოიპოვება.

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა (საბურთალოს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, ბინის ორდერი) და სარჩელის ანალიზის მიხედვით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ უნდა დააზუსტოს სასარჩელო მოთხოვნა და გაარკვიოს ..... მდებარე ¹61 ბინის მესაკუთრედ ცნობა სამართლებრივად ხომ არ გულისხმობს ბინის პრივატიზაციის უფლების მოთხოვნას, რომელიც მოწესრიგებულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ”, რაც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება. ამასთან, თუ გაირკვა, რომ დავის საგანს ბინის პრივატიზაციის უფლება წარმოადგენს, სასამართლომ უნდა დაადგინოს, სარჩელის აღძვრამდე ჟ. მ-ემ მიმართა თუ არა რაიონის გამგეობას ბინის პრივატიზაციის მოთხოვნით და ისე გადაწყვიტოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით შეუძლებელია დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა, ჟ. მ-ის სარჩელი საჭიროებს დაზუსტებას, რის გამოც ზემოაღნიშნული მითითებით საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. მ-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.