საქმე №ას-345-2022
03 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ს.ჩ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქ.ხაშურში, ...... მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით N....., რომელზეც სს ,,ს.ბ–ის" საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ვინაიდან ის აპირებდა მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულებას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ დაეთანხმა, თუმცა მას კონკრეტულ არგუმენტებზე მითითებით არ წარუდგენია შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ არ ეთანხმებოდა სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ გარემოებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. ს.ჩ–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. ხაშურში, .......... მდებარე უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს „ს.ბ–ს“.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.3 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქი ხაშური, ......, საკადასტრო კოდი N ..... წარმოადგენს სს ,,ს.ბ–ის’’ საკუთრებას. (ს.ფ. 16-17).
4.4 საჯარო რეესტრში სს ,,ს.ბ–ის’’ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ფლობს მოპასუხე ს.ჩ–ი.
4.5 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.
4.6 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168, 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ჩ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.2 კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, ამასთან დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. გადაწყვეტილების გამოტანის დროს არც პირველმა ინსტანციამ და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა პანდემიის შედეგად კასატორის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესება და ამასთან ერთად, არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ სადავო ქონება მოპასუხისთვის არის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 03 მაისის განჩინებით, ს.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
13. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
15. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის I ნაწილი, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ, ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.16-17), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.(იხ. სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, იმ გარემოებასთან დაკავშირებით სადაც აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე პრიმა მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას სრული უფლება ჰქონდა საქმე განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო ზეპირი მოსმენის გარშე.
21. აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ არგუმენტებზე, სადაც მიუთითებს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს პანდემიის შედეგად კასატორის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესება და ის ფაქტიც, რომ სადავო ქონება მოპასუხისთვის არის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. საქმის მასალებში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით, დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება 2019 წლიდან აღარ არის ს.ჩ–ის საკუთრებაში, თუმცა იგი მაინც აგრძელებს ამ ქონებით სარგებლობას. ამ ქმედებით უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს ეზღუდება მისი უძრავი ნივთის დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება, ამგვარი შეზღუდვის „დაკანონების“ საფუძველი კი, ვერ გახდება ის არგუმენტი, რომ კასატორს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ვინაიდან ამ შემთხვევაში, სასამართლო კანონის დარღვევით, ერთ პირს მეორე პირის ხარჯზე მიანიჭებს უპირატესობას, რაც არც მორალური და არც კანონისმიერი დანაწესებიდან არ გამომდინარეობს.
22. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ასევე დაუსაბუთებელია და არ წარმოშობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: Nას-102-2021, 31.03.2021წ.; Nას-11—2022, 15.04.2022წ.; №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.; №ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; №ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; №ას-1043-1004-2016, 12.16. 2016წ.).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
7. პროცესის ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, ს.ჩ–ს, (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.კ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ს.ბ–ში“, 2022 წლის 26 აპრილს, №13155939604 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე