Facebook Twitter

საქმე №ას-774-2020 15 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ვ.ტ–ძე, შპს „მ.ქ–ნა“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მ.გ–ნის სარჩელის უარყოფა და ვ.ტ–ძის სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დივიდენდის გაცემის დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება (მ.გ–ნის სარჩელში), ხელშეკრულებიდან გასვლა, გადაცემული წილის დაბრუნება (ვ.ტ–ძის სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 4 აპრილს, შპს „მ.ქ–ნა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი, საწარმო, საზოგადოება) მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა, რომლის პარტნიორებიც თანაბარი წილის უფლებით (50-50%) იყვნენ ნ.ჯ–ძე და ვ.ტ–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე, გამყიდველი, კრედიტორი, მეორე კასატორი).

2. მოგვიანებით, საწარმოში ნ.ჯ–ძის წილი მეორე მოპასუხემ და მ.ხ–მა (შემდეგში - მესამე მოპასუხე) შეისყიდეს, რის შემდეგაც საწარმოს 100% წილი დასახელებულ პარტნიორებზე გადანაწილდა.

3. 2014 წლის 16 ივნისს, მეორე მოპასუხესა და მ.გ–ნს (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი, მოვალე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც საწარმოში მისი კუთვნილი 50% წილიდან 17% მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით 2014 წლის ივნისის მდგომარეობით საწარმოს პარტნიორები და წილის მესაკუთრეები იყვნენ: მესამე მოპასუხე - 50%, მეორე მოპასუხე - 33% და მოსარჩელე - 17%.

5. წილის მესაკუთრეობის გარდა საზოგადოების საქმიანობის წარმართვაში საწარმოს პარტნიორები უშუალოდ მონაწილეობდნენ, კერძოდ ორგანიზაციას მეორე მოპასუხე ხელმძღვანელობდა, მესამე მოპასუხე საქონლის იმპორტის საკითხებს აგვარებდა, ხოლო ქარხნის მშენებლობის პროცესს მოსარჩელე მეთვალყურეობდა.

ქარხნის მშენებლობის სამუშაოს შესასრულებლად 2015 წლის 10 ივნისს საწარმომ ხელშეკრულება შ.ნ–თან გააფორმა. მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს ზედამხედველობის, კონტროლის, მონიტორინგისა და საქმის წარმოების მიზნით აღნიშნულ პროცესს უშუალოდ მოსარჩელე აკონტროლებდა, რითაც საწარმოს საქმიანობაში ამ უკანასკნელის ჩართულობა გამოიხატებოდა.

6. 2017 წლის თებერვალში მოსარჩელემ კუთვნილი 17%-დან 2% წილი მ.ს–ზე გაასხვისა, რის შემდეგაც საწარმოს წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მესამე მოპასუხე - 50%, მეორე მოპასუხე - 33%, მოსარჩელე - 15%, მ.ს–ი - 2%.

7. 2017 წლის 10 მარტს საზოგადოების პარტნიორთა კრება გაიმართა, რომლის დღის წესრიგშიც შედიოდა: ა). აუდიტის არჩევა; ბ). დირექტორის შეცვლა; გ). 2014-2016 წლების საბუღალტრო ჩანაწერების გათვალისწინებით საწარმოს წლიური მოგების გაყოფა.

მოსარჩელის წარმომადგენელმა კრებაზე მოითხოვა, რომ 2014-2016 წლებში საწარმოს წლიური მოგების გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება წმინდა მოგების შესაბამისად და რეგისტრირებული წილების გათვალისწინებით მიღებულიყო.

საწარმოს საწესდებო კაპიტალში 50%-იანი და 33%-იანი წილის მფლობელთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2014-2016 წლებში მოგება სრულად განაწილდა მოსარჩელეზე, ხოლო ნაწილობრივ - მეორე მოპასუხესა და მესამე მოპასუხეზე, კერძოდ, 2014-2015 წლებში მოსარჩელემ კუთვნილ წილზე მეტი დივიდენდი მიიღო. აქედან გამომდინარე, 83% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა უარი განაცხადეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

8. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი საწარმოს მოგების დეკლარაციების თანახმად, საწარმოს მიერ დივიდენდის სახით განაწილებულია შემდეგი თანხები:

2014 წელს - 439 600 ლარი (მოგების გადასახადი 65 940 ლარი);

2015 წელს - 770 219 ლარი (მოგების გადასახადი 115 532.85 ლარი);

2016 წელს - 697 198 ლარი (მოგების გადასახადი 104 579.7 ლარი),

2017 წელს, ჯამურად - 428 109.61 ლარი, კერძოდ, თებერვალში - 61 158.97 ლარი, მარტში - 61 158 ლარი, მაისში - 122 315.79 ლარი, ივლისში - 61 158.95 ლარი, აგვისტოში - 61 158.95 ლარი, ნოემბერში - 61 158.95 ლარი.

9. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის ცნობის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით) მოსარჩელის მიერ 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მოსარჩელის მიერ 2014 და 2015 წლებში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო 2016 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, რადგან 2016 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა არ ამოწურულა.

10. 2016 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, სადაც აღნიშნა, რომ 2014 წლის ივნისიდან საწარმოს 17% წილის მფლობელი პარტნიორია და გასული 2 წლის განმავლობაში კუთვნილი დივიდენდიც კი ვერ მიიღო; პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაეძაბა; ამის მიზეზიც ის იყო, რომ, დაახლოებით ერთი თვის წინ, მეორე მოპასუხემ კუთვნილი 17%-იანი წილის თავის სახელზე გადაფორმება მოსთხოვა. მიუხედავად თითქოს ფულადი მოგების არასაკმარისად არსებობისა, საწარმომ მოახერხა 1 700კვ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც ამჟამად საწარმოა მოთავსებული და მის მშენებლობას ხელმძღვანელობდა, მაგრამ არც ამ საქმიანობიდან მიუციათ კუთვნილი ხელფასი და არც არანაირ ფულად თანხებთან არ ჰქონია ურთიერთობა.

11. 2016 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VI განყოფილებაში გამოკითხვისას მოსარჩელემ განმარტა, რომ მეორე მოპასუხისგან ორი წლის წინ 90 000 ლარად შეიძინა საწარმოში 17%-იანი წილი, აღნიშნული თანხა მეორე მოპასუხეს ნაწილ-ნაწილ, მოგებიდან დაახლოებით 1 წელიწადში ხელზე გადაუხადა, რაც სრულად აქვს დაფარული და მეორე მოპასუხეს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არასდროს არ ჰქონია; საწარმოს მოგებიდან მოსარჩელე ყოველთვიურად 17%-ს, სეზონურად დაახლოებით მინიმუმ 5000-6000 ლარს, ხოლო მაქსიმუმ 12 000 ლარს იღებდა.

12. საწარმოს 2017 წლის 11 მაისის ცნობის თანახმად, 2014 წლიდან დღემდე საზოგადოებაში მოსარჩელეს არანაირი თანამდებობა არ ეკავა, მასთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

13. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 28 მარტის ბრძანების მიხედვით, 2015 და 2016 წლების საანგარიშო პერიოდებში საწარმოს მიერ დივიდენდების სახით ყოველთვიურად სალაროდან ფულადი თანხები სამ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზეა გაცემული. აღნიშნული დივიდენდების გაცემის დამადასტურებელი სალაროს გასავლის ორდერები და კრების ოქმები საწარმომ ვერ წარმოადგინა.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში მიმდინარე პროცედურის ფარგლებში, გამოირკვა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება ჯეროვნად არ გამოუკვლევია და გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიღო, რის გამოც გასაჩივრებული აქტი დამატებით შესწავლას საჭიროებდა.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდებში საწარმოს მიერ ყოველთვიურად სალაროდან დივიდენდის სახით თანხა სამ დამფუძნებელ პირზე, მათ შორის, მოსარჩელეზე გაიცა, რაც გამოკითხვის ოქმითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების მოსმენის შედეგად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ დივიდენდის სახით გაცემული თანხის ხელფასად გადაკვალიფიცირების მართლზომიერების საკითხი მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით დამატებით შესწავლას საჭიროებდა.

14. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის წერილის თანახმად, 2019 წლის 6 ივნისის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ 2014-2018 წლებში მიღებული დივიდენდის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

15. საზოგადოების წესდების 3.6 პუნქტის „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს წლიური შედეგების დამტკიცების და ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრაზე, ხოლო 3.8 პუნქტის შესაბამისად, კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, როცა განსახილველ საკითხს ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და კრების გადაწყვეტილებად მიიჩნევა. საზოგადოების წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს საზოგადოების მოგებიდან მიიღოს კუთვნილი წილი საზოგადოების კაპიტალში საკუთარი წილის პროპორციულად.

16. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

16.1. 2014-2017 წლებში დეკლარირებული მოგებიდან მოსარჩელის კუთვნილი დივიდენდის, 401 562 ლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრება.

16.2. მესამე მოპასუხისა და მეორე მოპასუხისათვის, სოლიდარულად, მოსარჩელის მიერ კუთვნილი წილით სარგებლობის ხელშეშლით მიყენებული ზიანის, 158 790 ლარის დაკისრება.

17. მოგვიანებით, მოსარჩელის მიმართ იმავე სასამართლოში სარჩელი აღძრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა:

17.1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, რესტიტუციის სახით, მოსარჩელისათვის გადაცემულ 15%-იან წილზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების აღრიცხვა/დარეგისტრირება.

17.2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, რესტიტუციის სახით, პირველი მოპასუხის მიერ გასხვისებული 2% წილის ღირებულების, 10 589 ლარის ანაზღაურება;

17.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, რესტიტუციის მიზნით, მოსარჩელისათვის დივიდენდის სახით მიღებული თანხის, 329 989 ლარის მეორე მოპასუხისათვის დაკისრება.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის სასარგებლოდ საწარმოს დაეკისრა, 2014 წლის დასაბეგრი მოგებიდან - 439 600 ლარიდან, მოსარჩელის კუთვნილი დასაბეგრი დივიდენდის - 74 732 ლარის, 2015 წლის დასაბეგრი მოგებიდან - 770 219 ლარიდან, მოსარჩელის კუთვნილი დასაბეგრი დივიდენდის - 130 937.23 ლარის, 2016 წლის დასაბეგრი მოგებიდან - 697 198 ლარიდან, მოსარჩელის კუთვნილი დასაბეგრი დივიდენდის - 118 523.66 ლარის, ჯამურად - 324 192.89 ლარის გადახდა;

- მოსარჩელის სასარგებლოდ საწარმოს დაეკისრა 2017 წლის კუთვნილი დივიდენდის 2017 წლის განაწილებული მოგების - 428 106 ლარის 15%-ის, 64 215.90 ლარის გადახდა;

- საზოგადოების საწესდებო კაპიტალიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის მიტაცების კომპენსაციის სახით მესამე და მეოთხე მოპასუხისათვის სოლიდარულად 158 790 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- მეორე მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

19. პირველი ინსტანციიის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ერთის მხრივ, მოსარჩელემ, ხოლო, მეორეს მხრივ - პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

20.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

1). მხარეებმა წილის ნასყიდობის შესახებ შეთანხმების ზეპირ ხასიათზე მიუთითეს, რაც ხელშეკრულების დადების დროს ურთიერთნდობას ემყარებოდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იარსებებდა და ხსენებული ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით უნდა დადგენილიყო.

მოცემულ საქმეზე მოვალემ სარჩელი 2017 წლის 20 მარტს აღძრა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სარჩელის აღძვრამდე კრედიტორმა მოვალეს წილის გასხვისების შესახებ 2014 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 90 000 ლარის მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდა მოსთხოვა, საამისოდ დამატებითი ვადა განუსაზღვრა ან გააფრთხილა. აქედან გამომდინარე, კრედიტორის მხრიდან 2018 წლის 19 მარტს მოვალის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა უნდა ჩაითვალოს მომენტად, როდესაც ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელს პრეტენზია პირველად წარედგინა, რასაც მოვალე არ დაეთანხმა და ფულადი ვალდებულების შესრულებაზე მიუთითა. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების კონკრეტული თარიღის ან გრაფიკის არსებობა საქმეზე არ დასტურდებოდა.

რაკი მოსარჩელის მიერ წილის ნასყიდობის ფასის გადახდის ფაქტი მეორე მოპასუხემ მოვალის მიერ სარჩელის აღძვრიდან 1 წლის შემდეგ გახადა სადავოდ და მხარეთა შორის მწვავე დაპირისპირება არსებობდა, ამიტომ მოვალის მოთხოვნისა და შესაბამისი შესრულების არსებობის პირობებში რეალურად შეუძლებელი იყო კრედიტორის მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 429.1 მუხლის (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე შესრულების მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. აქვე საგულისხმო იყო სსკ-ის 433-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.

გარდა ამისა, კიდევ ერთი გარემოება იყო საყურადღებო, კერძოდ, კრედიტორს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ ექნებოდა შედეგი მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების - ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნას იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, საწარმოს განმარტებით, 2014-2016 წლებში მოვალეზე 329 989 ლარის დივიდენდი გაიცა, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალის კუთვნილი დიდივდენდი ჯამურად 324 192.89 ლარით განისაზღვრა. ამდენად, არ არსებობდა კრედიტორის მიერ სსკ-ის 405-მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია კრედიტორის მსჯელობა მოვალის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან დაკავშირებით, რადგან მან დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ წარედგინა ამ უკანასკნელს რაიმე სარწმუნო ფორმით პრეტენზია 2018 წლის 19 მარტის სარჩელის აღძვრამდე იმ პირობებში, როდესაც 2014-2016 წლების დივიდენდი საზოგადოებაში განაწილდა, ხოლო 2017 წლის 10 მარტის პარტნიორთა კრების ოქმიდან ცალსახად იკვეთება, რომ კრედიტორისათვის ცნობილი იყო საწარმოს მიერ 2014-2016 წლების დივიდენდის მოვალეზე განაწილების, ასევე, იმის შესახებ, რომ პარტნიორის სტატუსში მოვალე საზოგადოების მიერ განხორციელებულ მშენებლობაზე კონტროლის ფუნქციას ასრულებდა და პირადად ან ოჯახის წევრების მეშვეობით მოვალეს ფულად თანხას პერიოდულად ხელზე გადასცემდა. ეს გარემოება იმის მაუწყებელი იყო, რომ საწარმოს წილზე მოვალის საკუთრების უფლება საწარმოს პარტნიორების მხრიდან სადავო არ იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორის სარჩელის პირველი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, სააპელაციო სასამართლომ აღარ იმსჯელა ხსენებული სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებზე, რომლებიც ამ მოთხოვნიდან გამომდინარეობდა.

2). 2014-2017 წლების დივიდენდის განაწილება დასტურდებოდა შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი საწარმოს მოგების დეკლარაციებით, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი არ იყო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოვალისათვის პირადად ან ოჯახის წევრების მეშვეობით ხელზე პერიოდულად გადაცემული ფულადი თანხა საწარმოს მიერ 2014-2016 წლების განაწილებული დივიდენდი იყო, მაშინ როდესაც ბუღალტერიის სათანადოდ წარმოების პირობებში დივიდენდის გადაცემის მტკიცებულების შექმნა საწარმოს ხელეწიფებოდა. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის წერილის თანახმად, 2019 წლის 6 ივნისის მდგომარეობით მოვალის მიერ 2014-2018 წლებში მიღებული დივიდენდის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განსჯით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოვალემ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, კერძოდ, საწარმოს მიერ 2014-2017 წლებში განაწილებული დივიდენდის მიუღებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების შესახებ მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ მითითებული ვალდებულების შესრულებას მოპასუხემ თავი ვერ გაართვა, კერძოდ, მოვალეზე დივიდენდის გადაცემის ფაქტი ან მის მიერ ვალდებულების შესრულების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა ვერ დაამტკიცა. ამდენად, საწარმოს მიერ 2014-2017 წლებში განაწილებული და მიუღებელი დივიდენდის მოთხოვნის ნაწილში მოვალის სარჩელი საფუძვლიანი იყო.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფა და, მეორე მოპასუხის სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

21.1. ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გამყიდველს დააკისრა, ისე, რომ, მყიდველი ამ ტვირთისგან სრულად გაანთავისუფლა, რაც კანონშეუსაბამოა. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც წილის ნასყიდობის ფასის გადახდას დაადასტურებდა.

21.2. საწარმოდან მოვალის მიერ მიღებული თანხები სააპელაციო სასამართლომ დივიდენდად არ მიიჩნია, თუმცა ხსენებული თანხების მყიდველის მიერ მიღების საფუძველზე არ უმსჯელია, რაც არასწორია.

21.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან დაკავშირებით 2017 წლის 10 მარტის პარტნიორთა კრებაზე კრედიტორის წარმომადგენელს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ აღსანიშნავია, რომ ასეთი პრეტენზია კრედიტორმა გაცილებით ადრე, კერძოდ, 2016 წელს წარუდგინა, რასაც მოვალის მხრიდან გამოძალვაში კრედიტორის უსაფუძვლოდ დადანაშაულება მოჰყვა შედეგად.

2016 წლის აგვისტოდან კრედიტორი პატიმრობაში იმყოფებოდა სწორედ მყიდველის განცხადების საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო, რაზეც გამამართლებელი განაჩენი 2017 წლის 29 მაისს დადგა. ამდენად, 2017 წლის 10 მარტის პარტნიორთა კრებაზე კრედიტორის წარმომადგენლის მიერ ისეთ საკითხზე პრეტენზიის გაცხადება, რომელიც კრების დღის წესრიგში არ შედიოდა, ორ პარტნიორს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას შეეხებოდა და კრების მუშაობაში მხოლოდ დამატებით დაძაბულობას შეიტანდა, გამართლებული არ იქნებოდა.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

23. საკასაციო პალატის განხილვის საგანია შემდეგია: რამდენად კანონიერია, ერთის მხრივ, კუთვნილი დივიდენდისა და წილით სარგებლობის ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოვალის სარჩელი, ხოლო, მეორეს მხრივ, ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელისათვის გადაცემულ წილზე საკუთრების უფლების მოპოვების, ამ უკანასკნელის მიერ მიღებული დივიდენდისა და გასხვისებული წილის ღირებულების მოვალისათვის დაკისრების თაობაზე კრედიტორის სარჩელის მოთხოვნები.

განსახილველი სარჩელების მოთხოვნათა გათვალისწინებით მოცემული დავის ფარგლებში საკვანძო საკითხები შემდეგია:

1). გადაიხადა თუ არა მოვალემ საწარმოს წილის გასხვისების შესახებ 2014 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 90 000 ლარი;

2). მიიღო თუ არა მოსარჩელემ 2014-2017 წლებში საწარმოს დეკლარირებული მოგებიდან კუთვნილი დივიდენდი.

24. პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა კრედიტორის მსჯელობა მოვალის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან დაკავშირებით. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებშია წარმოდგენილი, რომელთა წინააღმდეგაც კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ და რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან მიმართებით კრედიტორის მსჯელობას არასარწმუნოს ხდის ის გარემოება, რომ მოვალემ სარჩელი 2017 წლის 20 მარტს აღძრა, ხოლო აღნიშნული სარჩელის აღძვრამდე კრედიტორის მიერ მოვალისათვის 2014 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის მოთხოვნის, დამატებითი ვადის განსაზღვრის ან გაფრთხილების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნული საკითხი მით უმეტეს აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადგენილია, რომ 2014-2016 წლების დივიდენდი საზოგადოებაში განაწილდა, უფრო მეტიც, 2017 წლის 10 მარტის პარტნიორთა კრების ოქმიდან გამომდინარე, კრედიტორისათვის ცნობილი იყო საწარმოს მიერ 2014-2016 წლების დივიდენდის მოვალეზე განაწილების თაობაზე.

ამდენად, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის ფაქტი კრედიტორმა მოვალის მიერ სარჩელის აღძვრიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ გახადა სადავოდ, რაც მათ შორის უთანხმოების არსებობასა და კრედიტორის მხრიდან სსკ-ის 429.1 მუხლით (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაპყრო სსკ-ის 433-ე მუხლის დისპოზიციაზე (თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად) და კანონშესაბამისად დაასკვნა, რომ რაკი მოვალის მიერ საწარმოს წილის გასხვისების შესახებ 2014 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო თანხის გადაუხდელობის ფაქტი საქმეზე არ გამოიკვეთა, კრედიტორის სარჩელი ერთმნიშვნელოვნად არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

25. მოსარჩელის მიერ 2014-2017 წლების დივიდენდის მიღების საკითხზეც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არსებითად სწორია. აღნიშნული საკითხის შეფასებისას შემდეგი გარემოებებია საყურადღებო, სახელდობრ:

25.1. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).

25.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არაა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2014-2016 წლების დივიდენდი საწარმომ მოსარჩელეს რეალურად აუნაზღაურა, რაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე მ.გ–ნის მოწინააღმდეგე მხარეთა მტკიცების ტვირთში შედიოდა.

ამ გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგება ის მოსაზრება, რომ პირადად მოვალეს ან მოვალის ოჯახის წევრებს საწარმოდან ფულადი თანხა ხელზე გარკვეული პერიოდულობით გადაეცემოდა. პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო საზოგადოებაში დივიდენდის გაცემა კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესის მიხედვით უნდა შესრულდეს, რომელიც მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული პროცედურის დაცვასთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 145-ე მუხლი). ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი). მითითებულ ნორმათა მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. ერთმანეთისაგან განსხვავდება დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, რაც მინორიტარ პარტნიორს, საწარმოს პარტნიორად რეგისტრაციისთანავე წარმოეშვა, ხოლო რაც შეეხება პარტნიორის მიერ დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია კაპიტალური საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან (იხ. სუსგ: №ას-1349-2021, 28.09.2022; №ას-851-795-2017, 20.04.2018).

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დივიდენდის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულების შექმნა მოწინააღმდეგე მხარეს ხელეწიფებოდა, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული სასამართლოსათვის ასეთი ხასიათის მტკიცებულება წარმოედგინა. რაკი მითითებული გარემოება მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა, ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება კანონშესაბამისია.

26. კასატორები გასაჩივრებული განჩინებით ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებაზე აპელირებენ და განმარტავენ, რომ ხსენებული თანხის მოვალის მიერ გადაუხდელობაზე პრეტენზია კრედიტორმა ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა, რასაც მოვალის მხრიდან კრედიტორის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებით სისხლის სამართლის აღძვრა მოჰყვა შედეგად, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი 2017 წლის 29 მაისს მიიღეს. აღნიშნულ დასკვნას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან, როგორც ზემოთ განიმარტა, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), რასაც კასატორთა მხრიდან, მათ შორის აღნიშნულ ნაწილში, ადგილი არ ჰქონია.

27. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 407-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ტ–ძისა და შპს „მ.ქ–ნას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე