Facebook Twitter

1 მარტი, 2023 წელი,

საქმე №ას-914-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - დ.ბ–ძე, დ.ბ–ძე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში); ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2006 წლის 21 ნოემბრის სანოტარო აქტით დაფუძნდა ამხანაგობა ედემი (შემდეგში - ამხანაგობა), რომლის დამფუძნებელი წევრები იყვნენ: დ.ბ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი), დ.ბ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) და ო.ე–ძე.

2. ამხანაგობის მიზანი იყო, ქ.თბილისში (ვ–ში, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიმდებარედ 3 687კვ.მ მიწის ნაკვეთზე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა.

3. სადამფუძნებლო დოკუმენტის თანახმად, ამხანაგობაში პირველი მოპასუხის შენატანს მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, მეორე მოპასუხის შენატანი, მოიჯარე სამშენებლო კომპანიების გაკონტროლება, მშენებლობის ხარისხის შემოწმება, სამშენებლო პროექტების ორგანიზება და მშენებლობის ვადების დაცვა იყო.

ო.ე–ძის შენატანი ამხანაგობაში მისი საქმიანობით განისაზღვრა, რაც მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფაში, ინვესტიციების მოზიდვასა და ამხანაგობაში წევრების მოზიდვის ორგანიზებაში გამოიხატებოდა.

4. შენატანები ამხანაგობის წევრთა საერთო წილობრივ საკუთრებას შეადგენდა, სადაც თითოეული წევრის წილი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით განისაზღვრებოდა.

5. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2011 წლის 26 აგვისტოს ოქმის მიხედვით, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გავიდა ო.ე–ძე.

6. 2006 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულების შესაბამისი, ვალდებულებების შესრულების პირობით, (კერძოდ: „სამშენებლო საქმიანობაში ინვესტიციების მოზიდვა, ამხანაგობაში წევრების მიღების ორგანიზება“) ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად მიიღეს ნ.ს–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელის მოპასუხე), რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარედაც აირჩიეს.

7. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2015 წლის 28 მაისის ოქმით ამხანაგობაში დივიდენდის განაწილების წესი შემდეგი პროპორციით დამტკიცდა: პირველი მოპასუხე - 70%, მეორე მოპასუხე - 15%, მოსარჩელე - 15%. ამხანაგობის თავმჯდომარეს უფლება მიეცა, გასაცემი დივიდენდის თანხის რაოდენობა, რიგითობა და წესი, ამავე დადგენილებაში მითითებული პროპორციის დაცვით საკუთარი შეხედულებით განესაზღვრა.

8. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრებამ, პირველი და მეორე მოპასუხის მონაწილეობით, 2016 წლის 20 დეკემბრის ოქმით მოსარჩელე ამხანაგობის წევრობიდან გაიყვანა;

ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებად დარჩნენ მოპასუხეები; თავმჯდომარის თანამდებობიდან მოსარჩელე გათავისუფლდა და მეორე მოპასუხე აირჩა, რომელსაც ამხანაგობის წარმომადგენლობის ერთპიროვნული და შეუზღუდავი უფლებამოსილება მიენიჭა.

ამავე ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში მიღებულია და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია. ამასთან, საცხოვრებელ სახლში ბინები რეალიზებულია;

2006 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამხანაგობის წევრების ვალდებულებები ამოწურულია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა რაოდენობა ორამდე შემცირებულიყო.

9. მეორე მოპასუხის, როგორც ამხანაგობის თავჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრზე, პირველ მოპასუხეზე, 60 000 ლარის კუთვნილი დივიდენდი გაიცა.

10. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანებით ქ.თბილისში, ვაშლიჯვარში, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიმდებარედ მდებარე მშენებლობა და დამთავრებული ობიექტი ექსპლუატაციაშია მიღებული.

11. ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმის თანახმად, ამხანაგობაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციით დამფუძნებელთა წილების ოდენობის დათვლის წესი განხორციელებული შენატანების პროპორციულობის პრინციპითაა განსაზღვრული. ამხანაგობის 2015 წლის 28 მაისის დამფუძნებელთა კრების ოქმში დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით შეცდომა გამოვლინდა. ამხანაგობის ყოფილი წევრის, მოსარჩელის მიერ ამხანაგობაში შენატანების შეტანა არაფულადი სახით უნდა შესრულებულიყო, რაც არ განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით ამხანაგობის 2015 წლის 28 მაისის კრების ოქმში ცვლილება შეიტანეს და დამფუძნებელ წევრთა შორის დივიდენდი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა: პირველი მოპასუხე - 81.9%. მეორე მოპასუხე- 15%, მოსარჩელე - 3.1%.

12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის ცნობის თანახმად, ქ.თბილისში, ........ ქუჩა N6-ში ამხანაგობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ნივთებიდან 37 უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ნასყიდობის (გარიგების) საფუძველზე არ დარეგისტრირებულა (16 ერთეული ბინა, 19 - ავტოსადგომი, 1 - კომერციული ფართი, 1 - საოფისე ფართი). აღნიშნული 37 უძრავი ნივთიდან 24 უძრავ ნივთზე (რომელთაგან 15 ავტოსადგომია) ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება დარეგისტრირებული არ არის.

13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მისაღებმა დივიდენდმა საორიენტაციოდ 230 509 ლარი შეადგინა.

14. პირველი და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

14.1. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2016 წლის 20 დეკემბრის ოქმის ბათილად ცნობა, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად და ამხანაგობის თავმჯდომარედ აღდგენა;

14.2. დივიდენდის განაწილების ცვლილების თაობაზე ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმის ბათილად ცნობა;

14.3. პირველ მოპასუხეზე 60 000 ლარის დივიდენდის გაცემის შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის (მეორე მოპასუხის) 2016 წლის 15 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა;

14.4. მოსარჩელის სასარგებლოდ ამხანაგობის მოგებიდან კუთვნილი წილის, 230 509 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება;

14.5. სახურავის შეკეთებაზე უსაფუძვლოდ გადახდილი 85 448.83 ლარის 15%-ის, 12 817 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება;

14.6. ამხანაგობის კუთვნილი ქონების უფრო დაბალ ფასში გაყიდვით ამხანაგობისთვის მიყენებული ზიანიდან (მიუღებელი შემოსავალი) 23 500 აშშ დოლარის 15%-ის, 3 525 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.

15. მოსარჩელის მიმართ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც ამხანაგობის მიერ სახლის სახურავზე შესრულებული სამუშაოს, შეძენილი მასალისა და მუშებისათვის გადახდილი შრომის ანაზღაურების, ჯამურად 85 448.85 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება მოითხოვეს.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით:

16.1. სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

16.2. დამფუძნებელი წევრის ამხანაგობიდან გაყვანის ნაწილში ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2016 წლის 20 დეკემბრის კრების ოქმი ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელე ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად აღდგა;

16.3. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2018 წლის 18 ნოემბრის კრების ოქმი;

16.4. ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოპასუხეზე 60 000 ლარის დივიდენდის გაცემის შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბრის ბრძანება;

16.5. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს ამხანაგობის მოგებიდან 230 509 ლარის ოდენობით დივიდენდის კუთვნილი წილის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისრათ;

16.6. სახურავის შეკეთებაზე უსაფუძვლოდ გადახდილი 85 448.83 ლარის 15%-ისა და ამხანაგობის კუთვნილი ქონების უფრო დაბალ ფასში გაყიდვით ამხანაგობისთვის მიყენებული ზიანიდან (მიუღებელი შემოსავალი) 23 500 აშშ დოლარის 15%-ის დაკისრების შესახებ მოთხოვნათა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

16.7. მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელეს 26 255.38 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

18.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები გააკეთა:

18.1.1. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2016 წლის 20 დეკემბრის სადავო გადაწყვეტილებით ამხანაგობიდან მოსარჩელე შესატანის შეუტანლობის გამო გაირიცხა, თუმცა ამხანაგობაში მან თავისი წილი შეიტანა და ამ საფუძვლით ამხანაგობიდან მისი გარიცხვა უკანონოა.

რაც შეეხებოდა მოპასუხეთა პოზიციას იმის შესახებ, რომ ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული შესატანის შეტანის ვალდებულება მოსარჩელეს არ შეუსრულებია, კერძოდ, ამხანაგობაში ახალი დამფუძნებელი წევრების მიღებაზე მას არ უზრუნვია და ინვესტიციები არ მოუზიდავს, აღნიშნული პოზიციის გაზიარება შემდეგი მიზეზების გამო ვერ მოხდებოდა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 932.1 მუხლის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა, იგი თანაბრად შეიტანოს.

განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2011 წლის 26 აგვისტოს ოქმით, ამხანაგობაში მოსარჩელის შესატანი სამშენებლო საქმიანობაში ინვესტიციების მოზიდვითა და ამხანაგობაში წევრების მიღების ორგანიზებით განისაზღვრა.

გასაზიარებელია მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ამხანაგობაში მის შესატანს ამხანაგობის ახალი წევრების, ე.ი. იმ პირების მოძიების ორგანიზება წარმოადგენდა, რომლებსაც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ამხანაგობისაგან ბინის შეძენა სურდათ.

იმ ფაქტს, რომ ასეთი პირები მოსარჩელემ მოიძია და ამხანაგობის კუთვნილი საცხოვრებელი ფართების დიდი ნაწილი გაასხვისა, მოპასუხეები არ უარყოფდნენ, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ეს მოსარჩელის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მოვალეობა იყო, რაშიც ის ხელფასს იღებდა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხეთა ეს მოსაზრება გასაზიარებელი არაა. ამასთან, მოსარჩელის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მოვალეობა, ამხანაგობაში წევრების მიღების ორგანიზება უზრუნველყოს, შესაძლებელია, მისი, როგორც ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის მოვალეობასთან იკვეთებოდეს კიდეც, რადგან მოპასუხეებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რას გულისხმობს მოსარჩელის მიერ ამხანაგობის ახალი დამფუძნებელი წევრების მიღების ორგანიზება.

საგულისხმოა, რომ თავად ამხანაგობის წესდებაში საუბარია მხოლოდ „ამხანაგობის ჩვეულებრივი წევრების მიღებაზე“. ამხანაგობის ჩვეულებრივი წევრები კი ის პირები არიან, რომლებსაც ამხანაგობისგან მშენებარე სახლში ბინის შეძენა სურთ (საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ამხანაგობაში უნდა გაიმიჯნონ ის წევრები, რომელთაც ამხანაგობა დააფუძნეს და ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს, ისეთი წევრებისაგან, რომლებიც ამხანაგობაში მხოლოდ იმ მიზნით შევიდნენ, რომ ამხანაგობისაგან ბინა შეეძინათ ან ამხანაგობას მათთვის ბინა აეშენებინა). პალატის მოსაზრებით, ამხანაგობის მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან არა ამხანაგობის ის წევრები, რომელთა მიზანი მხოლოდ ბინის შეძენა იყო, არამედ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ამხანაგობის სახელით ეკონომიკური საქმიანობის ვალდებულება იკისრეს.

რაც შეეხება მოსარჩელის ხელფასს, ამხანაგობის წესდების მიხედვით, მოსარჩელე, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, წევრების მიღების ორგანიზების გარდა არაერთ სხვა ფუნქციასაც ასრულებდა. შესაბამისად, ხელფასსაც ამ ფუნქციების შესრულებაში იღებდა.

დაუსაბუთებელი იყო მოპასუხეთა პრეტენზია მოსარჩელის მიერ ინვესტიციების მოუზიდაობის თაობაზეც. მოპასუხეთა განმარტებით, ინვესტიციების მოზიდვა მშენებლობისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას გულისხმობდა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

სააპელაციო პალატის დასკვნით ინვესტიციის მოზიდვად უნდა განვიხილოთ მოსარჩელის ორგანიზებით გაყიდული ბინებიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, ამხანაგობას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობა არ გააჩნდა, ვინაიდან ამხანაგობაში განხორციელებული ფულადი და არაფულადი (უძრავი ქონება) შენატანის, ასევე, ამხანაგობის მიერ მისგან სესხად აღებული ფულადი სახსრებით მშენებლობა პირველი მოპასუხის მიერ ფინანსდებოდა.

მოსარჩელის მიერ ამხანაგობაში შესატანის განხორციელების ფაქტი დასტურდება თავად მოპასუხეების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი 2016 წლის 20 დეკემბრის დამფუძნებელთა კრების ოქმითაც, სადაც მითითებულია, რომ ამხანაგობის წევრების ვალდებულებები, რომლებიც ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2006 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ამოწურულია... აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ბინები რეალიზებულია და შესახლებულია მაცხოვრებლებით.

ზემოხსენებული სადავო ფაქტი დამფუძნელთა კრების 2015 წლის 28 მაისის ოქმითაც დასტურდება. კერძოდ, ამხანაგობის დამფუძნებელთა ამ გადაწყვეტილებით დამფუძნებელ წევრებს შორის დივიდენდის განაწილების წესი განისაზღვრა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაკი დამატებითი დათქმის გარეშე მოსარჩელეს ამხანაგობიდან დივიდენდის მიღების უფლება მიეკუთვნა, ივარაუდება, რომ მან ამხანაგობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანი შეიტანა. ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს ეკისრებოდათ, რაც მათ ვერ შეძლეს.

2018 წლის 11 ნოემბრის ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მოსარჩელის დივიდენდის წილი, ნაცვლად 15%-ისა, 3.1%-ით განისაზღვრა. შესაბამისად, თუკი მოსარჩელეს ამხანაგობაში შესატანი საერთოდ არ განუხორციელებია, მაშინ გაურკვეველია, რატომ მიანიჭეს ამ უკანასკნელს თუნდაც 3.1% დივიდენდის მიღების უფლება, მაშინ, როდესაც, თავად მოპასუხეთა განმარტებით, ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, დამფუძნებელ წევრთა წილების ოდენობა განხორციელებული შენატანების პროპორციულად განისაზღვრებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთეს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის გარიცხვის იმ საფუძვლის არსებობა, რაზეც მიუთითებდნენ. მათ ვერც იმის დამტკიცება შეძლეს, რომ შესატანის შესატანად მოსარჩელეს დამატებითი ვადა დაუწესეს ან იგი სადავო კრებაზე დადგენილი წესით მიიწვიეს.

ამდენად, მოსარჩელის ამხანაგობიდან გარიცხვის მართლზომიერ ქმედებად მიჩნევისათვის არც კანონით დადგენილი და არც ხელშეკრულებით განსაზღვრული წინაპირობები არ არსებობდა. შესაბამისად, ამხანაგობის წევრობიდან მოსარჩელის გაყვანის (გარიცხვის) ნაწილში სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე სადავო კრების გადაწყვეტილება ბათილი იყო.

18.1.2. განსახილველ საქმეზე ამხანაგობის 2018 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმის ბათილობის საფუძველიც გამოიკვეთა. ამხანაგობის ამ კრების გადაწყვეტილებით (რომელიც მოპასუხეებმა მოსარჩელის შეუტყობინებლად მოიწვიეს) დივიდენდის განაწილების პროპორციის შესახებ 2015 წლის 28 მაისის კრების ოქმში დაშვებული შეცდომა გასწორდა და დამფუძნებელ წევრთა შორის დივიდენდი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა: პირველ მოპასუხეს - 81.9%, მეორე მოპასუხეს - 15%, მოსარჩელეს - 3.1%. მოპასუხეთა მოსაზრებით, დივიდენდის განაწილების პროპორციებში დაშვებული შეცდომა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ამხანაგობის საქმიანობის ფინანსური აუდიტი ჩაატარეს.

ფინანსური აუდიტი მოპასუხეებმა დივიდენდის განაწილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან (2015 წლის 28 მაისის ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება) სამ წელზე მეტის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაატარეს, მაშინ, როცა მოსარჩელემ მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

2015 წლის 4 ივნისიდან 2017 წლის 24 ივნისის ჩათვლით დივიდენდი 2015 წლის 28 მაისის კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პროპორციის შესაბამისად გაიცემოდა. აქედან გამომდინარემ სავარაუდო იყო, რომ ე.წ. „შეცდომის“ შესახებ მოპასუხეთათვის იმთავითვე იყო ცნობილი. შესაბამისად, მოპასუხეებმა დაკარგეს ამხანაგობის 2015 წლის 28 მაისის კრების გადაწყვეტილების შეცილების უფლება (სსკ-ის 79-ე მუხლის მიხედვით, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში).

გარდა ამისა, ზემოხსენებული გარემოებები სასამართლოს იმ ვარაუდის საფუძველსაც უქმნიდა, რომ ამხანაგობის კრების 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი წევრთა დივიდენდის ოდენობა მოპასუხეთა შეცდომის შედეგი კი არ იყო, არამედ გაცნობიერებულად მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, რადგან ფაქტობრივად შეუძლებელია მოპასუხეებს არ სცოდნოდათ, როგორც მათ მიერ, ასევე მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანის თაობაზე. მით უფრო, რომ ისინი ამხანაგობის ფინანსურ საქმიანობას ამხანაგობის დაფუძნების დღიდან (2006 წლიდან) აკონტროლებდნენ. მათ შორის, მათთვის ისიც ცნობილი იყო, რომ ამხანაგობის საქმიანობის ძირითადი დამფინანსებელი პირველი მოპასუხე იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2015 წლის 28 მაისის ამხანაგობის კრებაზე მაინც გადაწყვიტეს, რომ მოსარჩელეს დივიდენდის სახით 15% მიეღო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობიდან მოსარჩელის მიერ მისაღები დივიდენდის ოდენობის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა სწორედ ამხანაგობის კრების 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის დასკვნა, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მისაღებმა დივიდენდმა, მისი წილის (15%-ის) გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 230 509 ლარი შეადგინა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეებს სადავო თანხის გადახდა მართებულად დააკისრა. ექსპერტიზის დასკვნა ამხანაგობის 2015 წლის 28 მაისის კრების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა და მისაღები მოგების წილი იმ დაშვებით გაანგარიშდა, თუ რას მიიღებდა მოსარჩელე, ამხანაგობიდან რომ არ გარიცხულიყო.

18.1.3. რაც შეეხებოდა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სახლის სახურავის შეკეთებაზე გაწეული ხარჯი შეგებებული სარჩელის მოპასუხეს სრულად უნდა დაჰკისრებოდა, ჯერ ერთი, მოპასუხეები ვერ ასაბუთებდნენ, რომ სახურავის შეკეთებაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილზე (78 766.15 ლარი) მეტი თანხა დაიხარჯა. ამასთან, სახურავის შეკეთებაზე გაწეული ხარჯის მხოლოდ მოსარჩელისათვის დაკისრება, შესაძლებელია, მართებული იმ შემთხვევაში ყოფილიყო, შესრულებული სამუშაოს უხარისხობაში თავად მოპასუხეთა პასუხისმგებლობაც რომ არ გამოკვეთილიყო.

ამდენად, სახურავის შეკეთებაზე 78 766.15 ლარის დახარჯვის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა გასაზიარებელი იყო. ამავდროულად, უფრო ნაკლები ხარჯის გაწევის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რადგან, მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ხარჯის გაწევის თაობაზე მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გაქარწლდა.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:

19.1. გაუგებარია, თუ რატომ დააკმაყოფილა სასამართლომ სარჩელი ამხანაგობის წევრობიდან მოსარჩელის გარიცხვის შესახებ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილობად ცნობისა და ამ უკანასკნელის ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად აღდგენის ნაწილში. ამხანაგობის მიზანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება იყო, ხოლო სახლი დღეისათვის აშენებულია და ექსპლუატაციაში შესულია. აქედან გამომდინარე, ამხანაგობაში აღდგენის იურიდიული ინტერესი მოსარჩელეს აღარ აქვს, რადგან ეს მიზანი მიღწეულია.

19.2. ამხანაგობაში შესვლისას მოსარჩელემ იცოდა, რომ მისი დივიდენდის განსაზღვრა შენატანების პროპორციულად უნდა მომხდარიყო, დივიდენდის განაწილების პრინციპი კი, ამხანაგობის წევრთა 2008 წლის 8 ოქტომბრის ოქმით განისაზღვრა. რაკი მოსარჩელეს ეს ოქმი არ გაუსაჩივრებია, ხოლო 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმით მხოლოდ არასწორად დაფიქსირებული პროცენტების 2008 წლის 8 ოქტომბრის ოქმთან შესაბამისობაში მოყვანა შესრულდა, ამიტომ სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის მოტივი გაუგებარია.

19.3. გაურკვეველია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ ამხანაგობაში შენატანის შეტანის ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა. მცდარია სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ამხანაგობას არ სჭირდებოდა, ვინაიდან ხსენებული ვალდებულების შესრულება დამფუძნებელთა კრების ოქმით პირდაპირ მოსარჩელეს დაევალა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ინვესტიციების მოზიდვა ვერ უზრუნველყო, აღნიშნული ხარჯი მთლიანად პირველმა კასატორმა გაიღო, მაშინ როდესაც, კანონით ამხანაგობის წევრები ამხანაგობის საქმეებს ერთობლივად უნდა გაძღოლოდნენ.

19.4. სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არც 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ არსებობდა, რადგან მასში მითითებული თანხის მიკუთვნებას მოსარჩელე არ მოითხოვდა და, შესაბამისად, ხსენებულ ნაწილში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ იარსებებდა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

21. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2016 წლის 20 დეკემბრისა და 2018 წლის 18 ნოემბრის კრების ოქმების ბათილად ცნობის, მოსარჩელის ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად აღდგენის, პირველ მოპასუხეზე 60 000 ლარის დივიდენდის გაცემის შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის ამხანაგობის მოგებიდან 230 509 ლარის ოდენობით დივიდენდის კუთვნილი წილის სოლიდარულად ანაზღაურების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელადაა დატოვებული.

ამავდროულად, საკასაციო პალატის განხილვის საგანი მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის (რომლითაც ამხანაგობის მიერ სახლის სახურავზე შესრულებული სამუშაოს, შეძენილი მასალისა და მუშებისათვის გადახდილი შრომის ანაზღაურების მოსარჩელისათვის გადახდა იქნა მოთხოვნილი) ნაწილობრივ უარყოფის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რაც გასაჩივრებული განჩინებით ძალაშია დატოვებული.

23. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

24. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დავის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი შემდეგია: კანონიერია თუ არა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრობიდან მოსარჩელის გარიცხვის თაობაზე, რომელსაც ამ უკანასკნელის მიერ შესატანის შეუტანლობა დაედო საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ ამხანაგობაში მოსარჩელემ თავისი წილი შენატანი შეიტანა, რისი დამასაბუთებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, რადგან ხსენებული დასკვნები საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს.

განსახილველი საკითხის შეფასებისას, შემდეგი გარემოებებია საყურადღებო, სახელდობრ:

1). სსკ-ის 932.1 მუხლით, რომელიც ერთობლივ საქმიანობაში (ამხანაგობაში) შესატანის შეტანის ვალდებულებას შეეხება, დადგენილია, რომ მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა, იგი თანაბრად შეიტანოს.

კონკრეტულ შემთხვევაში, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2011 წლის 26 აგვისტოს ოქმით ამხანაგობაში მოსარჩელის შესატანი სამშენებლო საქმიანობაში ინვესტიციების მოზიდვითა და ამხანაგობაში წევრების მიღების ორგანიზებით განისაზღვრა.

რას გულისხმობს ამხანაგობაში წევრების მიღების ორგანიზება? მოპასუხეთა განმარტებით, ამხანაგობაში წევრების მიღების ორგანიზების ქვეშ მოიაზრება ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ამხანაგობაში ახალ დამფუძნებელ წევრთა მიღების ორგანიზება.

მოპასუხეთა ზემომითითებული მოსაზრების უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაქცია ამხანაგობის წესდებაზე, სადაც გათვალისწინებული არ ყოფილა მოსარჩელის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის და, როგორც დამფუძნებელი წევრის მოვალეობების ამგვარი ხასიათის გამიჯვნა. აქვე კიდევ ერთი გარემოებაა ყურადსაღები, კერძოდ, ამხანაგობაში ახალი დამფუძნებელი წევრის მიღება მათი წილის მთლიანად ან ნაწილობრივ გასხვისების გზით ამხანაგობის არსებული დამფუძნებელი წევრების ჩანაცვლებას გულისხმობს.

ამასთან, წილის გასხვისება წილის მესაკუთრის უფლებაა, ერთი დამფუძნებელი წევრი სხვა წევრის წილს ვერ გაასხვისებს. შესაბამისად, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ ამხანაგობაში მის შესატანს ამხანაგობის ახალი წევრების, ე.ი. იმ პირების მოძიების ორგანიზება წარმოადგენდა, რომლებსაც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ამხანაგობისაგან ბინის შეძენა სურდათ.

რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ამხანაგობისგან ბინის შეძენის მსურველი პირების მოძიება და ამხანაგობის საცხოვრებელი ფართების გასხვისება (საიდანაც დიდი ნაწილი გასხვისებულია) მოსარჩელის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მოვალეობაში შედიოდა, ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ამხანაგობის ახალი წევრების მიღების ორგანიზების შესახებ დათქმის შინაარსი მოპასუხეებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრისა და თავმჯდომარის მოვალეობათა ასეთი ხასიათის თანხვედრა მოსარჩელის პოზიციის უარსაყოფად საკმარისი არგუმენტი ვერ იქნებოდა.

2). სამშენებლო საქმიანობაში ინვესტიციების მოზიდვის შესატანთან მიმართებით გასაჩივრებულ განჩინებაში სწორად აღინიშნა, რომ მოსარჩელის ორგანიზებით გაყიდული ბინებიდან შემოსავლის მიღების შესახებ საქმეზე დადგენილი გარემოება ამ უკანასკნელის მიერ მოცემული ვალდებულების შესრულების მაუწყებელი გარემოებაცაა.

შესაბამისად, ამხანაგობაში შესატანის განხორციელების ფაქტის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ თავად მოპასუხეთა მიერ შედგენილ და ხელმოწერილ 2016 წლის 20 დეკემბრის დამფუძნებელთა კრების ოქმზეც მართებულად მიუთითა. ხსენებული ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრების ვალდებულებები, რომლებიც ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2006 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ამოწურულია, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ბინები რეალიზებულია და მაცხოვრებლები შესახლებული არიან.

3). იგივე გარემოება ამხანაგობის დამფუძნელთა კრების 2015 წლის 28 მაისის ოქმითაც დასტურდება, რომლითაც ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს შორის დივიდენდის განაწილების წესი განისაზღვრა. მოცემული საკითხის შეფასებისას კიდევ ერთი მტკიცებულებაა საგულისხმო, კერძოდ, 2018 წლის 11 ნოემბრის ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მოსარჩელის დივიდენდის წილი, ნაცვლად 15%-ისა, 3.1%-ით განისაზღვრა. შესაბამისად, მასზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ, თუკი მოსარჩელეს ამხანაგობაში შესატანი საერთოდ არ განუხორციელებია, მაშინ გაურკვეველია, თუ რატომ მიანიჭეს ამ უკანასკნელს თუნდაც 3.1% დივიდენდის მიღების უფლება, მაშინ, როდესაც, თავად მოპასუხეთა განმარტებით, ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, დამფუძნებელ წევრთა წილების ოდენობა განხორციელებული შენატანების პროპორციულად განისაზღვრებოდა.

ზემომითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მართებულად შეექმნა საფუძველი დასკვნისთვის, რომ მოსარჩელემ ამხანაგობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანი შეიტანა. აღნიშნული მოსაზრების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს, რაც მათ მოვალეობაში შედიოდა. შესაბამისად, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის კასატორების მიერ მითითებული გარიცხვის საფუძვლის არსებობა მოპასუხეებმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთეს.

ამრიგად, მოსარჩელის ამხანაგობიდან გარიცხვის მართლზომიერ ქმედებად მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც ამხანაგობის წევრობიდან მოსარჩელის გაყვანის (გარიცხვის) ნაწილში ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად ცნო ბათილად (სსკ-ის 54-ე მუხლი - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).

25. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2018 წლის 18 ნოემბრის კრების ოქმის ბათილობის ნაწილშიც. საქმეზე დადგენილია, რომ ამხანაგობის აღნიშნულ კრებაზე, რომელიც მოპასუხეებმა მოსარჩელის შეუტყობინებლად მოიწვიეს, დივიდენდის განაწილების პროპორციის შესახებ 2015 წლის 28 მაისის კრების ოქმში დაშვებული შეცდომა გასწორდა და დამფუძნებელ წევრთა შორის დივიდენდი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა: პირველ მოპასუხეს - 81.9%, მეორე მოპასუხეს - 15%, მოსარჩელეს - 3.1%. მოპასუხეთა მოსაზრებით, დივიდენდის განაწილების პროპორციებში დაშვებული შეცდომა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ამხანაგობის საქმიანობის ფინანსური აუდიტი ჩაატარეს.

ზემოხსენებული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 79-ე მუხლზე (შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში) დაყრდნობით კანონიერად მიიჩნია, რომ 2015 წლის 28 მაისის კრების გადაწყვეტილების შეცილების უფლება მოპასუხეებმა დაკარგეს, რადგან ფინანსური აუდიტი მათ დივიდენდის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან (2015 წლის 28 მაისის ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება) სამ წელზე მეტის ხნის გასვლის შემდეგ ჩაატარეს, მაშინ, როცა მოსარჩელემ მათ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

26. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში ამხანაგობიდან მოსარჩელის მიერ მისაღები დივიდენდის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა ამხანაგობის კრების 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის დასკვნაზე დაყრდნობით მოსარჩელის მიერ მისაღები დივიდენდის ოდენობა სწორად განსაზღვრა.

27. რაც შეეხება მეორე მოპასუხის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბრის ბრძანების კანონიერების შეფასებას ამ საკითხის განხილვისას გადამწყვეტია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოება მასზედ, რომ ბრძანების გამოცემის მომენტში მეორე მოპასუხე ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული არ ყოფილა.

მითითებულ დროს ამხანაგობის თავმჯდომარედ მოსარჩელე გვევლინებოდა, რომელიც თავმჯდომარებოდან ამხანაგობის 2016 წლის 20 დეკემბრის დამფუძნებელ წევრთა კრების გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ პირველ მოპასუხეზე დივიდენდის გაცემის თაობაზე დასახელებული ბრძანება არაუფლებამოსილი პირის მიერაა გამოცემული და მას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა.

28. მცდარია კასატორთა მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრების 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ამხანაგობის დაფუძნებელ წევრად აღდგენის ნაწილში სარჩელი წარუმატებლად უნდა მიჩნეულიყო. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრებისა და დამფუძნებელ წევრად აღდგენის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი საქმეზე გამოკვეთილი და პირდაპირ გაცხადებულია. კერძოდ, მოსარჩელის უმთავრეს მიზანს, ამხანაგობის მოგებიდან 230 509 ლარის ოდენობით კუთვნილი წილის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება წარმოადგენს, რაც სარჩელის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას შეადგენს და სწორედ ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის შესახებ 2016 წლის 20 დეკემბრის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად მისი აღდგენის პირობებშია მიღწევადი.

29. პალატა კასატორთა ვერც იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ რაკი მოსარჩელეს 2008 წლის 8 ოქტომბრის ოქმი არ გაუსაჩივრებია, ხოლო 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმით მხოლოდ არასწორად დაფიქსირებული პროცენტების 2008 წლის 8 ოქტომბრის ოქმთან შესაბამისობაში მოყვანა შესრულდა, ამიტომ 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილშიც სარჩელი უარყოფილი უნდა ყოფილიყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმის თანახმად, ამხანაგობაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციით დამფუძნებელთა წილების ოდენობის დათვლის წესი განხორციელებული შენატანების პროპორციულობის პრინციპით განისაზღვრა; თუმცა ამხანაგობის 2015 წლის 28 მაისის დამფუძნებელთა კრების ოქმში დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით შეცდომა გამოვლინდა, რისი გათვალისწინებითაც ამხანაგობის 2015 წლის 28 მაისის კრების ოქმში ცვლილება შეიტანეს და დამფუძნებელ წევრთა შორის დივიდენდი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა: პირველი მოპასუხე - 81.9%. მეორე მოპასუხე - 15%, მოსარჩელე - 3.1%.

აქედან გამომდინარე, მოსარჩელის ინტერესი წილთა სწორედ ამგვარი პროპორციით გაანგარიშების დამდგენი 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმის გაუქმებისკენაც იყო მიმართული, რასაც სარჩელით მოთხოვნილი წილის (თანხის) მიკუთვნებისთვის ხელი უნდა შეეწყო.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

31. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

33. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ბ–ძისა და დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ბ–ძესა (პ/ნ .......) და დ.ბ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ დ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 5.08.2022) 70% - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე