22 ნოემბერი 2022 წელი
№ას-496-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი _ შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ი.ტ–ი“
II კასატორი _ შ.პ.ს. „ი.ტ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შ.პ.ს. „ი.ტ–ი“-ს მიმართ 3420 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:
5.1. 2018 წლის 16 იანვარს მოსარჩელესა (შემსრულებელი) და მოპასუხეს (დამკვეთი) შორის დაიდო რეკლამის განთავსების მომსახურების შესახებ N01/1-2/12-161 ხელშეკრულება.
5.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, შემსრულებლის ბალანსზე რიცხულ მეტროს სადგურების ვესტიბულებში სარეკლამო ჰოლოგრამული მოწყობილობის განთავსება. რეკლამის განთავსების ვადა განისაზღვრებოდა განთავსების აქტის შედგენიდან 12 თვის ვადით; რეკლამის განთავსების მომსახურების საერთო ღირებულება გამოიანგარიშებოდა ქ.თბილისის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დამფუძნებული შ.პ.ს. „თ.ს.კ–იის“ მიერ, მის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურითა და ქონებით სარეკლამო საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული მომსახურების ღირებულების დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 5 ნოემბრის N14.15.158 განკარგულების შესაბამისად და ფასდაკლების სისტემის (5%) გათვალისწინებით შეადგენდა 11 400 ლარს.
5.3. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ რეკლამის განთავსების მომსახურების ღირებულების გადახდა წარმოებდა წინასწარ, შემდეგი წესით: დამკვეთი რეკლამის განთავსების პირველი თვის საფასურს 950 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) იხდიდა ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, ხოლო დარჩენილ თანხას ყოველთვიურად, დანართის შესაბამისად, რეკლამის განთავსების აქტის შედგენიდან, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 30-ე კალენდარული დღისა.
5.4. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილი იყვნენ ცალმხრივად შეეწყვიტათ ხელშეკრულება. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორ მხარეს არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა ეცნობებინა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის აღნიშნულის შესახებ. ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ რეკლამის მომსახურების საფასურის გადახდამდე, დამკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსრულებლისათვის ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 30%.
5.5. 2018 წლის 8 თებერვლის რეკლამის განთავსების აქტის თანახმად, რეკლამის განთავსების მომსახურების შესახებ 2018 წლის 16 იანვრის N01/1-2/12-161 ხელშეკრულების მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, დამკვეთმა მეტროს სადგურების ზედა ვესტიბულებში განათავსა ჰოლოგრამული მოწყობილობები: სადგურის მოედანი 1 (1 ცალი), რუსთაველი (1 ცალი), მარჯანიშვილი (1 ცალი), ახმეტელის თეატრი (1 ცალი).
5.6. 2018 წლის 30 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით მიმართა და აცნობა, რომ მეტროს მუშობის სპეციფიკიდან გამომდინარე დანადგარებს შეექმნა ტექნიკური პრობლემა. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ პრობლემის გადასაწყვეტად ლონდონის სათაო ოფისმა შესთავაზა სხვადასხვა ქვეყნის მეტროებში მიღებული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა გამჭირვალე ორგმინის ოვალური გერმეტული დამცავების მიმაგრებაში და მოითხოვა მოსარჩელეს გაეთვალისწინებინა აღნიშნული პრობლემა.
5.7. 2018 წლის 16 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით (N4-049) აცნობა, რომ მეტროში არსებულმა ტენიანობამ და სპეციფიურმა მტვერმა გამოიწვია ძვირადღირებული მოწყობილობების დაზიანება, რის გამოც ითხოვა საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტისა და 10 ივნისამდე მოწყობილობების დემონტაჟის თაობაზე. მოპასუხემ 2018 წლის 30 მაისის N4-050 წერილით მოსარჩელე კომპანიას მიმართა თხოვნით N4-049 წერილში დასმული საკითხის გადაწყვეტამდე ფოლოგრამული მოწყობილობების დემონტაჟის თაობაზე.
5.8. 2018 წლის 22 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა, რომ წინააღმდეგი იყო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვეტილიყო მხარეთა შორის 2018 წლის 16 იანვარს დადებული ხელშეკრულება.
5.9. 2018 წლის 23 ივლისის, 2018 წლის 5 სექტემბრისა და 2019 წლის 30 იანვრის წერილებით მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, 3420 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე.
5.10. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მისი მოწყობილობები მართლაც ზიანდებოდა და დაზიანებები გამოწვეული იყო, მეტროს სპეციფიური მტვრითა და ნესტით. ამასთან, მოპასუხეს შეეძლო მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენს მის მიერ დამონტაჟებულ დანადგარზე მეტროში არსებული გარემოებები და აღნიშნულის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების დადება არ დადების შესახებ. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ახლადაღმოჩენილ ან ახლადგამოვლენილ გარემოებას, რომლის შეფასების შესაძლებლობაც მხარეს არ ჰქონდა და რომელიც მას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობას ყოველგვარი სანქციის გარეშე მისცემდა.
5.11. სააპელაციო პალატის დასკვნით, უდავო გარემოება იყო, რომ მოპასუხემ 16.05.18წ. წერილით, ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 - დღიანი ვადის დაცვით, მოსარჩელეს აცნობა რეკლამის განთავსების მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არც ის ფაქტობრივი გარემოებები გამხდარა, რომ მოპასუხეს სრულად და ვადის დაცვით აქვს გადახდილი მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე რეკლამის განთავსების მომსახურების ღირებულება.
5.12. მხარეთა შორის გაფორმებული რეკლამის განთავსების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტის თანახმად, რეკლამის მომსახურების საფასურის გადახდამდე, დამკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსრულებელს ჯარიმის სახით უნდა გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 30%. სწორედ ხელშეკრულების აღნიშნულ 5.3.3. პუნქტზე დაყრდნობით მოითხოვა მოსარჩელემ მოპასუხისათვის, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, ჯარიმის სახით მომსახურების ღირებულების 30%-ის - 3420 ლარის დაკისრება.
5.13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში, მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. მოპასუხეს სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით უნდა დაედასტურებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. მართალია მოპასუხემ მიუთითა და წარმოადგინა მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილები ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, რაც საფუძვლიანს ხდიდა მოსარჩელის მოთხოვნას ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
5.14. საქმეში წარმოდგენილ წერილებში მოპასუხე შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე მიუთითებს, რომ მეტროს მუშობის სპეციფიკიდან გამომდინარე დამონტაჟებული დანადგარების გამართულ ფუნქციონირებას შეექმნა ტექნიკური პრობლემა და რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ლონდონის სათაო ოფისმა მათ შესთავაზა სხვადასხვა ქვეყნის მეტროებში მიღებული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა გამჭირვალე ორგმინის ოვალური გერმეტული დამცავების მიმაგრებაში და მოითხოვა მოსარჩელისაგან პრობლემის მოგვარებაში ხელშეწყობა. 2018 წლის 16 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს ასევე წერილობით (N4-049) აცნობა, რომ მეტროში არსებულმა ტენიანობამ და სპეციფიურმა მტვერმა გამოიწვია ძვირადღირებული მოწყობილობების დაზიანება.
5.15. სააპელაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საპატიო გარემოებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან წერილში მითითებული პრობლემა (მოწყობილობების დაზიანება) შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების პატივსადები მიზეზით შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, არ ვლინდებოდა.
5.16. მხარეები 2018 წლის 16 იანვრის რეკლამის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტის თანახმად შეთანხმდნენ, რომ რეკლამის მომსახურების საფასურის გადახდამდე, დამკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსრულებელს ჯარიმის სახით უნდა გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 30%.
მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული საჯარიმო თანხა თავისი შინაარსით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის არის მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 30%-ის გადახდა.
5.17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ 16.05.18წ წერილით, ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 - დღიანი ვადის დაცვით, მოსარჩელეს რეკლამის განთავსების მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვიტის თაობაზე აცნობა, ხოლო მოსარჩელემ/აპელანტმა ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტზე დაყრდნობით მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, ჯარიმის სახით მომსახურების ღირებულების 30%-ის - 3420 ლარის დაკისრება. სააპელაციო პალატამ ვალდებულების დარღვევის ხარისხის, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ კრედიტორის მოლოდინის, შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3420 ლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იყო და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, 1000 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. მოსარჩელის (პირველი კასატორი) მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ხელშეკრულება დადებული იყო 12 თვის ვადით, მხარემ კი, 5 თვის შემდეგ ცალმხრივად შეწყვიტა ის, ისე, რომ მოსარჩელისათვის არც სხვა მოიჯარე შეუთავაზებია. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, მხარეს მოუწევდა გადახდილი 4 750 (5 თვის საიჯარო ქირა) ლარის გარდა, დარჩენილი 6 650 ლარის გადახდა (საიჯარო ქირის/ხელშეკრულების ღირებულების), ხოლო ხელშეკრულებით შესაძლებლობა მიეცა ერთთვიანი ვადის დაცვით გასულიყო ხელშეკრულებიდან და გადაეხადა გადასახდელი სრული თანხის 30 % (3420 ლარი), რაც მოპასუხის სამართლებრივ მდგომარეობას არსებითად აუმჯობესებდა. შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ უნდა მიჩნეულიყო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც სამოქალაქო კოდექსისა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დებულებებს, ისე - დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
6.2. მოპასუხის (მეორე კასატორი) მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა არასაპატიო მიზეზით შეწყვიტა.
მართალია 2018 წლის 16 იანვრის რეკლამის განთავსების მომსახურების ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) დამკვეთის მიერ რეკლამის მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფდა, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს უნდა დაჰკისრებოდა, თუმცა, განსახილველ საქმეში არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოებები, რამაც განაპირობა მოპასუხის მიერ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტა. კერძოდ, საქმის მასალებით და წარდგენილი მტკიცებულებებით უპირობოდ დასტურდება ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, რაც სადავო დავის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა.
ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოპასუხემ წერილობით არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს, თუმცა მიმართვებს მათი მხრიდან დროული რეაგირება არ მოჰყოლია.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ან იმ გარემოებათა არსებობის, დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა, საქმეში არ მოიპოვება.
პალატას უნდა დაედგინა, რომ მოპასუხის მოწყობილობები ზიანდებოდა, ხოლო მოსარჩელე უარს აცხადებდა დამცავი ღონისძიებების განხორციელებაზე (გამჭირვალე ორგმინის ოვალური გერმეტული დამცავების მიმაგრებაზე), რომელსაც მოპასუხე მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში, თავად განახორციელებდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის (პირველი კასატორის) საკასაციო პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, მისი შემცირების საფუძველი არ ვლინდებოდა, ხოლო მოპასუხის (მეორე კასატორის) პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინამძღვრები არ არსებობდა, ვინაიდან მისი მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტა, საპატიო გარემოებებმა განაპირობა.
11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია თუ რამდენად არსებობდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, ამასთან, გონივრულია თუ არა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და ვლინდებოდა თუ არა მისი შემცირების საფუძველი.
12. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული/კვალიფიციური შედავება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებულია მათი სამართლებრივი შეფასებაც.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა რეკლამის განთავსების მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საგანი, ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, შემსრულებლის ბალანსზე რიცხულ მეტროს სადგურების ვესტიბულებში სარეკლამო ჰოლოგრამული მოწყობილობის განთავსება იყო. მომსახურების საერთო ღირებულება 11 400 ლარს შეადგენდა. მხარეები ხსენებული ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ რეკლამის მომსახურების საფასურის გადახდამდე, დამკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსრულებელს ჯარიმის სახით დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 30%. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან არსებული ხელშეკრულების ვადამდე, შესაბამისი საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე შეწყვეტა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მეტროს მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დანადგარებს შეექმნა ტექნიკური პრობლემა, ასევე, მეტროში არსებულმა ტენიანობამ და სპეციფიურმა მტვერმა გამოიწვია ძვირადღირებული მოწყობილობების დაზიანება.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილები, თუმცა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რასაც შესაძლოა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა განეპირობებინა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს, ვერ შეფასდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საპატიო გარემოებად, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, საპატიო გარემოების არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად მიაჩნია.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
18. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
19. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა. რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული რეკლამის განთავსების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორმა მხარემ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა აცნობოს ხელშეკრულების მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ. უდავოა, რომ მოპასუხემ 16.05.18წ წერილით, ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის დაცვით, მოსარჩელეს აცნობა რეკლამის განთავსების მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვიტის თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არც ის ფაქტობრივი გარემოებები გამხდარა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სრულად და ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაცვით აქვს გადახდილი ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე რეკლამის განთავსების მომსახურების ღირებულება.
21. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზეც და მიაჩნია, რომ სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად შეამცირა მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა, კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლებს, ვალდებულების დარღვევის ხარისხსა და ამით გამოწვეულ სამართლებრივი შედეგებს, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო - 1000 ლარი, გონივრული და სამართლიანია.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. “ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
ვინაიდან, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებების მიხედვით შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“-ს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 300 ლარის ოდენობით, ხოლო შ.პ.ს. „ი.ტ–ს“ _ 150 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“-ს უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, საერთო ჯამში – 255 ლარი, ხოლო შ.პ.ს. „ი.ტ–ი“-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“-ს და შ.პ.ს. „ი.ტ–ი“-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 150 ლარი (გადახდის თარიღი: 21/01/2022, საგადახდო დავალება: 1642751996, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. შ.პ.ს. „თ.ს.კ–ია“-ს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის (გადახდის თარიღი: 21/01/2022, საგადახდო დავალება: 1642751996, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
4. შ.პ.ს. „ი.ტ–ი“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _150 ლარის (გადახდის თარიღი: 01/06/2022, საგადახდო დავალება: 1654069256, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი