21 ოქტომბერი 2022 წელი №ას-1329-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „ს.პ. და ე.ც–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.კ.უ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „ს.კ.უ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შ.პ.ს. „ს.პ. და ე.ც–ი“-ს მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების (მდებარე: ქ. თბილისი, ............... ქუჩის I შესახვევი N8, კომერციული ფართი N3, ბლოკი „ა“, 74.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N...............; ქ. თბილისი, ............... ქუჩის I შესახვევი N8, კომერციული ფართი N4, ბლოკი „ა“, 67.10 კვ.მ, საკადასტრო კოდი N...............; ქ. თბილისი, ............... ქუჩის I შესახვევი N8, კომერციული ფართი N5, ბლოკი „ა“, 73.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N...............) გამოთხოვა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
1.2. მოპასუხისათვის 2019 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 14 დეკემბრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 73 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, თუ მის საკუთრებაში არსებულ რომელ ფართს ფლობს მოსარჩელე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, მდებარე: ქ. თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის N8-ში, კომერციული ფართი N3, ბლოკი „ა“, 74.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N..............., ქ. თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის N8-ში, კომერციული ფართი N4, ბლოკი „ა“, 67.10 კვ.მ, საკადასტრო კოდი N..............., ქ. თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის N8-ში, კომერციული ფართი N5, ბლოკი „ა“, 73.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N............... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ს.ს. „ს.კ.უ–ს“. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 14 დეკემბრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 73 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის N8-ში, კომერციული ფართი N3, ბლოკი „ა“, 74.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N............... რეგისტრირებულია ს.ს. „ს.კ.უ–ი“-ს საკუთრებად (ს.ფ. 21-22, 25-26).
5.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის N8-ში, კომერციული ფართი N4, ბლოკი „ა“, 67.10 კვ.მ. საკადასტრო კოდი N..............., რეგისტრირებულია სს „ს.კ.უ–ი“-ს საკუთრებად (ს.ფ. 27-30).
5.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის N8-ში, კომერციული ფართი N5, ბლოკი „ა“, 73.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N............... რეგისტრირებულია ს.ს. „ს.კ.უ–ი“-ს საკუთრებად (ს.ფ. 19-20, 23-24).
5.4. 2019 წლის 14 იანვრის №14/01-19 იჯარის ხელშეკრულებით, მოსარჩელეს იჯარით, დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ........., მე-4 სართულზე მდებარე 230 კვ.მ 414-ე ოთახი (საკადასტრო კოდი N .......). იჯარის ხელშეკრულება დაიდო 11 თვის ვადით, 2019 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. საიჯარო ქირის თანხა თვეში 2200 აშშ დოლარით განისაზღვრა (ს.ფ. 33-39).
5.5. 2019 წლის 23 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს 2019 წლის 15 ნოემბრამდე დაკავებული ფართების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა მოსთხოვა (ს.ფ. 31-32).
5.6. 2019 წლის 2 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებით, მოსარჩელეს იჯარით, დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ......., მე-4 სართულზე მდებარე 87 კვ.მ. ფართის №22 ოფისი (საკადასტრო კოდი N ..........). იჯარის ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, 2019 წლის 2 მაისამდე. საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა თვეში 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (ს.ფ. 86-91).
5.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნები განსხვავებული იყო, ხოლო მოსარჩელის მიერ შეძენილი და აპელანტის მიერ დაკავებული ფართების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ფართების იდენტურობის საკითხი, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპზე დაადასტურა, რომ ფლობდა სადავო ქონებას (იხ. 2020 წლის 3 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი, 16:23:51 საათი, ს.ფ. 95-102), შესაბამისად, მხარის აღნიშნული შედავება პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ფლობდა ქალაქ თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის N8-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთებს, რომელთა მახასიათებლებია: ს/კ: N..............., N............... და N................
5.8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 172.1 მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, რომელსაც არ გაუსაჩივრებია თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის კანონიერება. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოებები კი - ვერ გახდებოდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა - საკუთრების უფლება.
5.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ - გამდიდრების გათანაბრების შემთხვევას, რა დროსაც გასათვალისწინებელია, რომ მოხმობილი ნორმა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტს განეკუთვნება, აღნიშნული კი, მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება საქმეზე Nას-838- 796-2013, ასევე, ამავე სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-881- 843-2014).
5.10. თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან მან ვერ ისარგებლა საკუთარი ქონებით, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
5.11. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთები მოსარჩელემ 2019 წლის ოქტომბერში შეიძინა. მხარის განმარტებით, ქონების შეძენის მიზანი სწორედ კუთვნილი ფართის საოფისედ გამოყენება იყო, ვინაიდან მას იჯარით ჰქონდა აღებული კონკრეტული ფართი, რომლით სარგებლობისთვისაც ყოველთვიურად განსაზღვრულ საიჯარო ქირას იხდიდა.
საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღია 2019 წლის 14 იანვარი, მისი მოქმედების პერიოდი კი განსაზღვრულია 2019 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, სადავო ფართები მოსარჩელემ შეიძინა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
მოსარჩელემ წერილობით მიმართა აპელანტს და 2019 წლის 15 ნოემბრამდე უძრავი ქონების გამოთავისუფლება მოსთხოვა, წერილი აპელანტს 2019 წლის 24 ოქტომბერს ჩაბარდა (იხ.ს.ფ. 31-32). მოპასუხის მიერ სადავო ფართების 2019 წლის 15 ნოემბრამდე გამოთავისუფლების შემთხვევაში, მოსარჩელე შეწყვეტდა შ.პ.ს. „ნ–თან“ გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას ერთთვიანი ვადის დარღვევით და აღარ მოუწევდა დარჩენილი საიჯარო ქირის გადახდა (იხ. ს.ფ. 33). ხსენებულის ნაცვლად, მოსარჩელეს, აპელანტის მხრიდან ფართების გამოთავისუფლებაზე უარის თქმის გამო, შ.პ.ს. „ნ–თან“ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება მოუწია, რამაც დამატებითი ზიანი მოუტანა (იხ. ს.ფ. 86-91), თუმცა პალატის მითითებით, აღნიშნულზე მოსარჩელე არ დავობდა.
ამდენად, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ 2019 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით, ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა განსაზღვრული იყო 2200 აშშ დოლარით, რაც დღეში 73 აშშ დოლარს შეადგენს, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 2019 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 14 დეკემბრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 73 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - ზიანის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არასწორად დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იჯარის ხელშეკრულებებს აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ აქვს. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოსარჩელის 2019 წლის 23 ოქტომბრის წერილი კასატორს ჩაბარდა, ამ უკანასკნელს ხსენებული წერილი არ ჩაბარებია და აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც საქმის მასალებში მოიპოვება.
6.2. აღსანიშნავია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინების მიღებამდე, სადავო ფართები მოპასუხეს უკვე გამოთავისუფლებული და გადაცემული ჰქონდა მოსარჩელისათვის, თუმცა ეს უკანასკნელი დღემდე არ სარგებლობს და დიდი ხანია ყიდის მათ. შესაბამისად, ცხადია, რომ სადავო ფართები მოსარჩელის ერთადერთ ქონებას არ წარმოადგენდა, როგორც ეს სარჩელში იყო აღნიშნული.
6.3. კასატორმა იშუამდგომლა ასევე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე, მხარეთა შორის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთების ვინდიცირების საკითხი სადავო არ არის. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანის დაკისრების წინაპირობები არ ვლინდებოდა, და, შესაბამისად, არ არსებობდა მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო უძრავი ნივთების დროულად დაუბრუნებლობის გამო, მოპასუხისათვის ზიანის (დაზოგილი ქირის) დაკისრების მართლზომიერება.
12. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ 2019 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ ქ. თბილისში, ............... ქუჩის I შესახვევის №8-ში 74.00 კვ.მ., 67.10 კვ.მ. და 73.00 კვ.მ. კომერციული-საოფისე ფართები შეიძინა.
აღნიშნულ ფართებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოპასუხე.
მოსარჩელეს, მესამე პირთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წლის 14 იანვრიდან იმავე წლის 15 დეკემბრამდე იჯარით ჰქონდა აღებული სადავო სამივე ფართის მსგავსი მოცულობის საოფისე ფართი, რომლის ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა განსაზღვრული იყო 2200 აშშ დოლარით, რაც დღეში 73 აშშ დოლარს შეადგენს.
მოსარჩელემ 2019 წლის 23 ოქტომბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს და 2019 წლის 15 ნოემბრამდე უძრავი ქონების გამოთავისუფლება მოსთხოვა.
საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დადგენილია, რომ აღნიშნული წერილი მოპასუხეს 2019 წლის 24 ოქტომბერს ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 31-32).
მოპასუხეს სადავო ფართები 2019 წლის 14 დეკემბრამდე გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის არ გადაუცია.
13. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შდრ. სუსგ Nას-584-584-2018, 28 ივნისი, 2019 წელი).
14. საკასაციო პალატამ სხვა დავაში განმარტა, რომ „...კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა... (შდრ. სუსგ №ას-1376-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან“ (შდრ. სუსგ-ები:№ას-1204-2018, 25.01.2019, პ.19; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472-448-2013, 05.12.2013).
16. თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
17. ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ - ები: Nას-1399-2020, 08.04.2021წ; ას-519-2020, 17.03.2021წ; N ას-1100-2020, 23.12.2020წ; N ას-852-796-2017, 22.09.2017წ; N ას-308-293-2013, 30.05.2017წ; N ას-197-186-2017 -30.05.2017წ; N ას-472-448-2013, 5.12.2013წ).
18. განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-504-2019, 13.03.2020წ).
19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული, სადავო ფართების მსგავსი მოცულობის ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენდა 2200 აშშ დოლარს (დღეში 73 აშშ დოლარი), შესაბამისად სადავო ფართების 2019 წლის 15 ნოემბერს დაუბრუნებლობით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის მითითებული ოდენობით ანაზღაურება მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება სამართლიანი და კანონიერი, ხოლო კასატორის პრეტენზიები უსაფუძვლოა.
20. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს. საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, არ არსებობს.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ს.პ. და ე.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ს.პ. და ე.ც–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს მ.ა–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №12597265194, გადახდის თარიღი: 12.02.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი