Facebook Twitter

29 სექტემბერი 2022 წელი

№ას-1364-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. ე–ლი, ლ. ე–ლი (კ. ე–ლის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ე–ლი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ. ე–ლმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს გ. ე–ლისა და კ. ე–ლის (რომლის უფლებამონაცვლედ მოგვიანებით ცნობილი იქნა ლ. ე–ლი) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

1.2. მოპასუხეებისათვის ღია ტიპის პირუტყვის სადგომის, ე.წ. „ბაკის“ ექსპლუატაციის/მოწყობის აკრძალვა და სასაზღვრო ნაგებობის ანუ ბოსლის (გომურის) აღების/დანგრევის დავალდებულება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა. მოპასუხეებს აეკრძალათ ღია ტიპის პირუტყვის სადგომის, ე.წ. „ბაკის“ ექსპლუატაცია/მოწყობა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებთან არსებულ სასაზღვრო ნაგებობის, ანუ ბოსლის (გომურის) აღება/დანგრევის მოთხოვნაზე. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ადვოკატის ხარჯის - 120 ლარის ანაზღაურება.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით - მოპასუხე კ. ე–ლის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ. ე–ლი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 ლარის გადახდა. მოპასუხეებს აეკრძალათ ღია ტიპის პირუტყვის სადგომის ე.წ. „ბაკის“ ექსპლუატაცია/მოწყობა. მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან არსებული სასაზღვრო ნაგებობის - ბოსლის (გომურის) აღება/დანგრევა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გაღებული საადვოკატო ხარჯის ნაწილის - 200 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:

6.1. მოსარჩელეს ახმეტის რაიონის სოფელ .......... საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 1283 კვ.მ, მასზე მდგარ N1 შენობა-ნაგებობასთან ერთად, რომლის ფართობია 287,3 კვ.მ, ქონების საკადასტრო კოდია .........

6.2. მოპასუხეები ცხოვრობენ ახმეტის რაიონის სოფელ .........., მოსარჩელის მეზობლად. მხარეთა საცხოვრებელი სახლები ერთმანეთის მოპირდაპირედ არის აშენებული. მათ შორის მიჯნად, ერთ მონაკვეთზე გავლებულია მავთულბადის ღობე, გზის მხარეს მიჯნა გადის მხარეთა კუთვნილ დამხმარე ნაგებობებს შორის.

6.3. მოსარჩელის ეზოს მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთით მოსარჩელესა და მოპასუხეების სასაზღვრო მიჯნასთან ახლოს მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი სათავსები, მათ შორის - საღორე, რომელსაც არ იყენებს დანიშნულებისათვის და არ ჰყავს ღორები, მარჯვენა მხარეს, მოპასუხეების ეზოსთან გავლებულია კედელი.

6.4. მოპასუხეებს მოსარჩელის საღორეს გადასწვრივ აქვთ დაახლოებით 50-60 წლის წინ აშენებული შენობა, რომელსაც იყენებენ ბოსლად, იქვე არის პირუტყვის ღია სადგომი, სადაც მუდმივად ჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი (ძროხა).

6.5. ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, მოსარჩელე ზ. ე–ლის სასაზღვრო მიჯნის გვერდით არსებულ გომურის სახურავს დაუმონტაჟდა საწვიმარი მილი სამხრეთის მხარეს დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით საუბნო გზამდე. მოსარჩელემ სააღსრულებო წარმოებისათვის გადაიხადა 100 ლარი.

6.6. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 31 იანვრის დასკვნით, რომელზე მითითებითაც აპელანტი მოთხოვნას ამყარებს, დადგენილია, რომ ახმეტის რაიონში, სოფელ .........., მოწინააღმდეგე მხარეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საქონლის სადგომიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ფანჯრებამდე მანძილი შეადგენს 10.9 მეტრს, რაც არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, რა შემთხვევაშიც, სადგომები საქონელთა და ფრინველთათვის საჭიროა, განლაგდეს საცხოვრებელ სათავსთა ფანჯრიდან არანაკლებ 15 მეტრის მოშორებით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 40-47).

6.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 8.3-ე, 170-ე, 172-ე, 174-ე და 175-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, აპელანტი დავობს მოპასუხეთა მიწის ნაკვეთზე განთავსებული საქონლის დახურული სადგომიდან მომდინარე სუნისა და ანტისანიტარიის გამო ხელშეშლაზე. თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარეები მიუთითებენ მასზე, რომ სადგომიდან პირუტყვი გაყვანილია, თუმცა ხსენებული არ გამორიცხავს მომავალში სადგომით სარგებლობის გაგრძელებას. ამასთან, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მეორე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 31 იანვრის დასკვნის საპირწონედ თავდაპირველი მოპასუხე მხარის მიერ, გარდა ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, რომ სადგომიდან მომდინარე სუნი აპელანტის უფლებებს არ ხელყოფს, ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში აპელანტმა შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და პალატის დარწმუნება საკუთარი სააპელაციო პრეტენზიის სისწორეში.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიკერძოებული უკანონო და დაუსაბუთებელია. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება კაპიტალური შენობის დანგრევის ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეცვალა. გაურკვეველია, თუ რატომ ვერ მიიღწეოდა სპეციფიკური სუნის წარმოქმნის აკრძალვა ამ შენობის ექსპლუატაციის აკრძალვით, როდესაც წლების განმავლობაში ექსპლუატაცია ისედაც შეწყვეტილი იყო.

7.2. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაძლებლობას, მოითხოვოს აკრძალვა მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციისა, რომელიც დაუშვებლად ხელყოფს ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ შეიძლება აიკრძალოს აშენება, ხოლო უკვე აშენებულის შემთხვევაში - ექსპლუატაციის აკრძალვაა შესაძლებელი. შენობა, რომლის დემონტაჟიც სასამართლომ მიკერძოებულად, კანონშეუსაბამოდ გადაწყვიტა აშენებულია გასული საუკუნის შუა პერიოდში და ის უფრო ადრეა აშენებული, ვიდრე მოსარჩელის სახლი. სადგომი თავდაპირველად იყო ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ახალი სახლის აშენების შემდეგ გამოიყენებოდა საქონლის სადგომად, იქამდე, სანამ მეზობლებს შორის დავა არ წარმოიშვა.

7.3. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის სარჩელი ამ ნაგებობის აღების (დანგრევის) მოთხოვნით უკვე იყო სასამართლოების განხილვის საგანი. ჯერ კიდევ 2009 წლის 11 ივნისის ახმეტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სადავო შენობის დანგრევის მოთხოვნაზე.

7.4. გომური, რომლის დანგრევის გადაწყვეტილებაც მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლომ, არის კაპიტალური ნაგებობა, რომელიც ნახევარსაუკუნეზე მეტს ითვლის, ის იყო კ. ე–ლის _ გ. ე–ლის პაპისა და ლ. ე–ლის დიდი პაპისა და ბებიის საცხოვრებელი სახლი. ეს შენობა უკვე არსებობდა, როდესაც კ. ე–ლის ძმამ და ზ. ე–ლის მამამ ააშენეს სახლი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე. თვითონ შენობას არ აქვს რაიმე სპეციფიკური სუნი და მისი არსებობა რაიმე უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამ შენობაში 2012 წლიდან - როდესაც დავა იქნა დაწყებული, პირუტყვი აღარ შეუყვანიათ და მეზობლის სათავსში მოათავსეს. სასამართლოს დავალებით, მხარეებს უნდა წარედგინათ დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, ფუნქციონირებდა თუ არა ბოლო წლებში გომური. კასატორებმა წარადგინეს ხუთი მეზობლის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ 2012 წლიდან პირუტყვი ამ გომურში აღარ ბინადრობს და ისინი მეზობლის - შ. ე–ლის გომურში არიან. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელეს სასამართლოსთვის რაიმე წონადი მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით უგულებელყო თავისივე დავალება. გასათვალისწინებელი იყო ის, რომ უკანასკნელ წლებში სადავო გომურში კასატორები ინახავენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს - საქონლის საკვებს.

7.5. სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით დაარღვია მოპასუხეთა საკუთრების უფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ 8 წლის წინ ხსენებულ შენობაში პირუტყვი იყო მოთავსებული, ამჟამად კი, ეს პრობლემა მოხსნილია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიღო შენობის დანგრევის გადაწყვეტილება, რითაც მოპასუხეებს ერთმევათ საკუთრებით ისეთი სარგებლობის უფლება, რომელიც არავის ინტერესებს არ არღვევს.

7.6. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, თითქოს სადავო ნაგებობას კასატორი საქონლის სადგომად იყენებს, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი აქტით დადგენილია, რომ საქონელი ბინადრობს მეზობლის - შ. ე–ლის გომურში. სასამართლოს დავალების მიუხედავად, აპელანტმა ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო შენობაში რაიმე სახის ცხოველი ბინადრობდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეთა კუთვნილი სასაზღვრო ნაგებობის - ბოსელის (გომურის) დანგრევის/დემონტაჟის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება.

11. მოპასუხეთა კუთვნილი ბოსლის (გომურის) დანგრევის/დემონტაჟის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული ნაგებობიდან მომდინარე პირუტყვის ძლიერი სპეციფიკური სუნი, რაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლებას.

12. კასატორთა ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სადავო შენობა-ნაგებობას მოპასუხეები საქონლის სადგომად წლებია აღარ იყენებენ, თვითონ შენობას კი, რაიმე სფეციფიკური სუნი არ აქვს. სადავო ნაგებობა აშენებულია 50-60 წლის წინ, მანამდე, ვიდრე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი აშენდებოდა, რასაც არც თავად მოსარჩელე უარყოფს. სადავო გომურის არსებობა რაიმე უარყოფით ზეგავლენას მოსარჩელეზე არ ახდენს. ამასთან, ხელშეშლის პირობებშიც, შენობის ექსპლუატაციის აკრძალვა საკმარისი იქნებოდა იმ მიზნის მისაღწევად, რაც მოსარჩელეს სურდა. სადავო შენობის დანგრევის დავალდებულება გაუმართლებლად ხელყოფს მოპასუხეთან საკუთრების უფლებას, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

13. განსახილველი სამოქალაქო საქმის დავის საგანს მეზობელი მიწის ნაკვეთიდან დაუშვებელი ზემოქმედების აკრძალვა წარმოადგენს, შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემული დავა სამეზობლო სამართლის ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

15. საკასაციო პალატა ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მხოლოდ მაშინ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან სუნის ზემოქმედება, თუკი მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე სუნი ხელს უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში და მნიშვნელოვნად ხელყოფს მის საკუთრების უფლებას. ამასთან, თუ ნაკვეთით სარგებლობა კონკრეტული სახის მოსარგებლისთვის ჩვეულებრივ, ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს ეკისრება თმენის ვალდებულება მაშინაც კი, როდესაც ამ ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება მნიშვნელოვანია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ემისიების გამომწვევი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ ზემოქმედება უმნიშვნელოდ ხელყოფს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას ან ხელს არ უშლის მას მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის ემისიების ზემოქმედება არსებითია, ასევე უნდა დაამტკიცოს ემისიებსა და მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლას შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომ ემისიებით გამოწვეული ზემოქმედებები თმენის ვალდებულებას აკისრებს მეზობელს, რადგან იგი უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგია და ამ სახის მოსარგებლეთასთვის ნორმალური სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 2, სანივთო (ქონებრივი) სამართალი 2018 წ. გვ.93-95)

იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედება ნაგებობის კონკრეტული დანიშნულებით სარგებლობიდან მომდინარეობს და ეს ზემოქმედება დაუშვებლად და აშკარად ხელყოფს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია ხსენებული ნაგებობის კონკრეტული დანიშნულებით ექსპლუატაციის აკრძალვა მოითხოვოს. ამასთან, როდესაც მეზობელ ნაკვეთზე იგეგმება, ან შენდება ნაგებობა, რომელიც თავისი ფუნქციური დანიშნულებით სარგებლობის შემთხვევაში, მომავალში აშკარად და დაუშვებლად ხელყოფს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრების უფლებებს, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, პრევენციულად აკრძალოს ასეთი ნაგებობის აშენება.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას (სუსგ №ას-1046-1007-2016, 03.02.2017წ.). რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლს, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა“. 176-ე მუხლი, შესაძლებელია ითქვას, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების მომწესრიგებელ 175-ე მუხლზე მაღლაც დგას იმ კონტექსტში, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, განსახილველ შემთხვევაში, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა“ (იხ. სუსგ №ას-413-396-2016,15.07.2016წ., სუსგ №ას-368-352-2016, 21.10.2016 წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო საჩივრითაც არ არის შედავებული, რომ მხარეები წარმოადგენენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს. უდავოა, რომ კასატორების მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელის კუთვნილი საღორეს გადასწვრივ დგას დაახლოებით 50-60 წლის წინ აშენებული შენობა-ნაგებობა, რომელსაც მოპასუხე მხარე იყენებდა, როგორც ბოსელს (გომურს). კასატორთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბოსელიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ფანჯრებამდე მანძილი შეადგენს 10.9 მეტრს.

18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო ნაგებობის დანგრევის დავალდებულების საფუძველი არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ,,სამშენებლო ნორმებისა და წესების“ თანახმად, საქონელთა და ფრინველთა სადგომების დაშორება საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრი და კასატორთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბოსლიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ფანჯრებამდე მანძილი 10.9 მეტრია, რადგან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მასალების მიხედვით (მათ შორის იგივე მხარეებს შორის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არსებულ დავაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით), სადავო გომური აშენებულია 50-60 წლის წინ, ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ე–ლის სარჩელი და დაევალათ მოპასუხეებს სადავო გომურის სახურავისათვის დაემონტაჟებინათ საწვიმარი მილი სამხრეთის მხარეს დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით საუბნო გზამდე, გადაწყვეტილება აღსრულდა. ამჟამად, მოსარჩელე ითხოვს იმ გომურის დანგრევას, რომელზეც მის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დამონტაჟდა საწვიმარი მილი. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, მოსამართლის შეკითხვაზე მოსარჩელე ზ. ე–ლი პასუხობს: ,,გომური მამაპაპეულია... დავა ძირითადად ღია ტიპის სადგომზეა, რადგან სუნი გამოდის და ვწუხდებით" (ტომი 1, ს.ფ. 166). იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გომურიდან მომდინარე ზემოქმედება სცდება თმენის კანონით დაშვებულ ფარგლებს და მნიშვნელოვნად ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნული გარემოების დამტკიცება კვალიფიციურად ვერ შეძლო. გარდა აღნიშნულისა, სადავო ნაგებობიდან მომდინარე მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოქმედების პირობებშიც, კანონმდებლობა ითვალისწინებს ექსპლუატაციის სადავო ფორმით აკრძალვას და არა ნაგებობის დანგრევა-აღებას, რაც ამ ფორმით სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასაზღვრო ნაგებობის - გომურის აღების/დანგრევის დავალდებულების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სასაზღვრო ნაგებობის ანუ ბოსლის (გომურის) აღების/დანგრევის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში ზ. ე–ლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

20.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლო იღებს ახალ გადაწყვეტილებას, უნდა შეიცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი.

ზ. ე–ლი სარჩელის აღძვრისას გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ზ. ე–ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეებისათვის 100 ლარის დაკისრების და ღია ტიპის პირუტყვის სადგომის ექსპლუატაცია/მოწყობის აკრძალვის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს), 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით) საფუძველზე, მოპასუხეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს, რაც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

20.2 რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულების, დავის სირთულის, ჩატარებულ სხდომათა რაოდენობის და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატის ხარჯი 120 ლარის ოდენობით, რაც ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ზ. ე–ლის სასარგებლოდ.

20.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

გ. ე–ლის და ლ. ე–ლის საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს, კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 300 ლარი, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, გ. ე–ლს და ლ. ე–ლს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუდეთ 150 ლარი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან დაკმაყოფილდა მათი საკასაციო საჩივარი, ზ. ე–ლს კასატორების _ გ. ე–ლის და ლ. ე–ლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ე–ლის და ლ. ე–ლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზ. ე–ლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილების 3.3-ე, მე-4 და მე-5 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ზ. ე–ლის სარჩელი გ. ე–ლის და ლ. ე–ლის მიმართ მიწის ნაკვეთთან არსებული სასაზღვრო ნაგებობის - ბოსელის (გომურის) აღება/დანგრევის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. გ. ე–ლს და ლ. ე–ლს, ზ. ე–ლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 120 (ასოცი) ლარის ანაზღაურება.

5. გ. ე–ლს და ლ. ე–ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

6. გ. ე–ლს და ლ. ე–ლს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 300 ლარი (გადახდის თარიღი: 26.12.2021, საგადახდო დავალება: 12201647365, გადამხდელი: გ. ე–ლი, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი“, სახაზინო კოდი: 300773150), დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი.

7. ზ. ე–ლს, გ. ე–ლის და ლ. ე–ლის სასარგებლოდ დაეკისროს 150(ასორმოცდაათი) ლარის გადახდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი