Facebook Twitter

20 ივნისი 2022 წელი

საქმე №ას-1198-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.კ–ი

არასრულწლოვანი - ლ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვაზე (გაყიდვაზე) თანხმობის გაცემა/აღსრულების მონიტორინგი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა:

1. ზ.კ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, არასრულწლოვანი შვილის - ლ.კ–ის უძრავი ქონების გასხვისებაზე თანხმობის მისაღებად.

განცხადების საფუძვლები:

2. განმცხადებელი შვილებთან, მეუღლესთან და რძალთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში, 64 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც აღრიცხულია არასრულწლოვან ლ.კ–ის საკუთრებად; ფართის სიმცირის გამო თანაცხოვრება აღნიშნულ ბინაში თითქმის შეუძლებელია. განმცხადებელს სურს, გაყიდოს ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მიღებული თანხით შეიძინოს და ლ.კ–ის საკუთრებად აღრიცხოს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...... 187.6 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რის შედეგადაც გაუმჯობესდება არასრულწლოვნის საყოფაცხოვრებო პირობები.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 მარტის განჩინებით, საქმეში ჩაბმულ იქნა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის ცენტრი, რომლის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ ზ.კ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელს შეუწყობს არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის კეთილდღეობას.

ბავშვის ადვოკატის პოზიცია:

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 მარტის განჩინებით, საქმეში ჩაბმულ იქნა არასრულწლოვანი - ლ.კ–ი, რომელსაც დაენიშნა ადვოკატი იურიდიული დახმარების სამსახურიდან. არასრულწლოვნის ადვოკატი დაეთანხმა ზ.კ–ის მოთხოვნას. მისი განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისება შეესაბამებოდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით:

5.1. განმცხადებელს მიეცა თანხმობა არასრულწლოვნის ქონების (ქ. ქუთაისში, ....... მდებარე უძრავი ქონება, ბინა N64, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .........) განკარგვაზე, მათ შორის, გაყიდვაზე;

5.2. განმცხადებელს დაევალა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით შეეძინა უძრავი ქონება, რომელიც აღირიცხებოდა ლ.კ–ის საკუთრებაში, ქონების რეალიზაციიდან დარჩენილი თანხა 6000 აშშ დოლარი, რაც აღნიშნულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებულ დასკვნაში, მიმართულიყო შეძენილი უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებისათვის და აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისათვის;

5.3. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრს დაევალა კონტროლის გაწევა მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ლ.კ–ი დაიბადა 2004 წლის 06 ნოემბერს;

6.2. მისი მშობლები არიან ზ.კ–ი და ე.ფ–ძე;

6.3. ქ. ქუთაისში, ......... მდებარე უძრავი ქონება, ბინა N64, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ.კ–ის საკუთრებად;

6.4. წყალტუბოს რაიონ სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ.თ–ძის საკუთრებად;

6.5. შ.პ.ს. „ა-ფ“-ს მიერ 2021 წლის 09 მარტს გაცემული ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის თანახმად, წყალტუბოს რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .......) ღირებულებაა 48777 ლარი.

6.6. შ.პ.ს. „ა-ფ“-ს მიერ გაცემული ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის თანახმად, ლ.კ–ის საკუთრებაში არსებული, ქ. ქუთაისში, ....... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ........) ღირებულებაა 49536 ლარი.

7. სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, სოციალური მუშაკის დასკვნის, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლისა და ლ.კ–ის ადვოკატის განმარტებების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ქონებაზე გარიგების დადებისას გამოკვეთილია ბავშვის უპირატესი ინტერესი, დაცულია საქართველოს კანონმდებლობით თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებული ბავშვის საყოველთაო უფლებები და საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, მშობლის მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება ემსახურება ბავშვის უფლებებისა და ინტერესების უკეთ დაცვას. მსგავსი საკითხის განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურის როლი. სასამართლომ მოცემული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე დაადგინა ზ.კ–ის ვალდებულება, აცნობოს ქონების განკარგვის თაობაზე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრს, ხოლო ამ უკანასკნელს დაევალა კონტროლი გაუწიოს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლის გაწევის დავალების ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სააგენტომ. შესაბამისად, არასრულწლოვნის ქონების გასხვისების შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 6.1.-6.6. პუნქტები) და აღნიშნა, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია და ბავშვის უფლებათა შესახებ კოდექსი განამტკიცებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედების ვალდებულებას, რის გამოც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს აქტიური მოქმედებები და შეიმუშაოს არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის სრულფასოვნად დასაცავად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისთვის არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (მონიტორინგი).

11. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისათვის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მონიტორინგის დავალების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, შემდეგი დასაბუთებით:

12.1. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან სააგენტოსთვის კონტროლის დავალების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კანონმდებლობით არ რეგულირდება სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ არასრულწლოვნის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული სარგებლის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგის/კონტროლის წესი, პირობები და რეაგირების მექანიზმები. ამასთან, სააგენტოს არც საამისო რესურსი გააჩნია. ამდენად, სასამართლოს დავალების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელი იქნება.

12.2. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემამდე სასამართლო იკვლევს ქონების გასხვისების მიზანს, არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობაზე ქონების გასხვისებით გამოწვეულ შედეგებს, მოისმენს სააგენტოს პოზიციასაც. ამრიგად, ქონების გასხვისებაზე თანხმობის გაცემამდე სასამართლო თავად უნდა დარწმუნდეს ქონების გასხვისების ბავშვის ინტერესთან შესაბამისობაზე და არ გასცეს ამგვარი თანხმობა, თუკი ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი არ არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი გასხვისების შედეგებთან მიმართებით. აღნიშნული წესით წარმართული სასამართლო პროცედურა უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას და არ საჭიროებს დამატებით კონტროლს, სწორედ ამიტომ არ არის კანონმდებლობით რეგულირებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმი.

12.3. მონიტორინგის გახორციელება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია იმის გამოც, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის წარმომადგენლობის შესახებ შეჩერებული არ არის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო აღარ წარმოადგენს ბავშვის არც წარმომადგენელს და არც მეურვეს.

12.4. ნორმის, რომლის საფუძველზეც სასამართლომ მართებულად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულებაზე სააგენტოსთვის მონიტორინგის ვალდებულების დასაწესება, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კოდექსის 82-ე მუხლის ადრესატი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ არის და იგი მიემართება საკანონმდებლო ორგანოს, რათა შექმნას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება და კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე ზეგავლენის რისკების პრევენციას, არამედ უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამრიგად, სასამართლოს მიერ მითითებული ნორმა განმარტებულია არასწორად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მისი მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15.2. საგულისხმოა, რომ წინამდებარე საქმეში სადავოა არა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, არამედ მხოლოდ სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულებაზე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის კონტროლის გაწევის დავალების კანონიერება. სადავო საკითხისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მისაცემად ამოსავალია ბავშვის უფლებების მომწესრიგებელი ნორმების ანალიზი.

16.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, ბავშვის უფლებები დაცული და აღიარებული კონსტიტუციური ღირებულებებია.

16.2. ამავდროულად, საქართველო მონაწილეა „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციისა, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

16.3. „ბავშვის უფლებების კონვენციის“ 3.1. მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 3.2. მუხლი განსაზღვრავს მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებას, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.

16.4. საგულისხმოა, რომ ბავშვის უფლებებების მარტოოდენ კონვენციურ რანგში რეგულირება საკმარისი არ არის მათი პრაქტიკული და ეფექტური აღსრულებისათვის, სწორედ ამიტომ, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავდა ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და უფლების აღსრულების ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვას.

16.5. აღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

16.6. თავად „ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“, კოდექსი შემდეგ განმარტებას აძლევს: − ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.

16.7. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, ბავშვის ქონებრივი ინტერესები, მათ შორის საკუთრების უფლება, დაცვის ღირსი მაღალი ღირებულებაა და მათ ეფექტურ, ბავშვის ინტერესებზე მორგებულ, გამოყენებაზე პასუხისმგებელია ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი.

16.8. ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების თანადროულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში შესული ცვლილება, მისთვის მეორე ნაწილის დამატების სახით, რაც გულისხმობს შემდეგი ქცევის წესის დამკვიდრებას: ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ამრიგად, ბავშვის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებზე დაწესდა სავალდებულო სასამართლო კონტროლი.

16.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2511 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

17.1. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმა. დასახელებულ პირთა პოზიციების გათვალისწინება საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (იხ. სუსგ. №ას-1378-2021 05.04.2022წ).

17.2. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემა გასაჩივრებული არ არის და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ აფასებს თანხმობის გაცემის წინაპირობებს, თუმცა ყურადღებას მიაპყრობს იმ პროცედურულ ნაწილს, რომელიც საქალაქო სასამართლომ გაიარა თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ: საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩართო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელსაც დაევალა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების სასამართლოსთვის წარდგენა, ბავშვს დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი, მომზადდა სოციალური მუშაკის დადებითი დასკვნა ქონების გასხვისების საკითხზე თანხმობის მიცემასთან მიმართებით, ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენა, რომელზედაც ზემოაღნიშნულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოსაზრება გამოხატეს მშობლისათვის ბავშვის უძრავი ნივთის გასხვისებაზე თანხმობის სასამართლო წესით გაცემაზე. ამრიგად, სასამართლომ განცხადების დადებითად გადაწყვეტამდე განახორციელა ჯეროვანი კონტროლი ქონების განკარგვით არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საკითხზე.

17.3. რაც შეეხება უშუალოდ მიღებული გადაწყვეტილების იმგვარ აღსრულებაზე კონტროლს, როგორც ეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განისაზღვრა, პალატა მიუთითებს, რომ არავითარი საკანონმდებლო დათქმა, რომელიც აღსრულების პროცესში სახელმწიფო ორგანოთა მონაწილეობის უფლებამოსილებას დაადგენდა, მოცემული მდგომარეობით, არ არსებობს. კანონმდებელს, გადაწყვეტილების ამგვარი კონტროლის დაწესების ნების არსებობისას, შეეძლო, არასრულწლოვნის ქონების გასხვისებისას გაეთვალისწინებინა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სავალდებულო მონაწილეობა ამავე გარიგებაში ან/და ამონაგები თანხის მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად, დაედგინა გახარჯვის პროცედურებში მისი უფლებამოსილებანი. უდავოა, რომ ამგვარი დათქმები კანონმდებელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილის ამოქმედების პარალელურად, არ დაუწესებია, შესაბამისად, მშობლისთვის ინფორმაციის წარდგენისა და სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. ამავდროულად, კონტროლის ვალდებულების იმ ფორმით დაწესება, როგორც აღნიშნული განხორციელდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში (რაც გაზიარებულ იქნა სააპელაციო ინსტანციის მიერ), არ ადგენს ქცევის განსაზღვრულ წესს, რომელიც განმცხადებელმა ან/და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უნდა განახორციელოს ბავშვის ქონების არამიზნობრივი გასხვისების რისკის თავიდან ასარიდებლად.

17.4. მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტი, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის გათვალისწინებით, შესასრულებლად სავალდებულო ძალას ატარებს _ ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც არის გამოტანილი გადაწყვეტილება, ვალდებულია, შეასრულოს ის. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

17.5. ერთ-ერთ მსგავს საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებამ, კანონმდებლობის არარსებობისა და სააგენტოს მიერ შესაბამისი რესურსის არქონის პირობებში, შესაძლებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ნაცვლად, ურთიერთობის მოწესრიგების ხელოვნურად გაჭიანურება და გართულება გამოიწვიოს. ამასთან, ...სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების გაუქმება არ ნიშნავს და არ გულისხმობს განმცხადებლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესების დარღვევით შესრულებას. თუკი ქონების განკარგვის შემდგომ ადგილი ექნება ბავშვის უფლებების დარღვევას და მიღებული სარგებლის არამიზნობრივ გამოყენებას, ასეთ ფაქტზე რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული საერთო საფუძვლებით შეიძლება მოხდეს“ (იხ. სუსგ. №ას-1378-2021 05.04.2022წ).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისათვის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მონიტორინგის დავალების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის #2/490-21 გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისათვის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მონიტორინგის დავალების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის #2/490-21 გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია