Facebook Twitter

საქმე №ას-339-2020 23 ივლისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ტ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმისწარმოების განახილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე, სამინისტრო, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ტ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, კომპანია, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ პირგასამტეხლოს - 13103.52 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სამინისტროსა და კომპანიას შორის, 2017 წლის 11 სექტემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №540 ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება 120 006 ლარით განისაზღვრა.

3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დადგინდა 2017 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში - 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიწოდებულიყო.

4. მოპასუხემ საქონლის მიწოდების ვადა დაარღვია და, ნაცვლად 2017 წლის 21 ოქტომბრისა, ნაწილი სამინისტროს 2017 წლის 14 დეკემბერს, 57 დღის ვადაგადაცილებით მიაწოდა, ნაწილი საერთოდ არ გადაუცია.

5. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტის დაჯარიმების აქტით პირგასამტეხლო - 13 103.52 ლარი დაეკისრა, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 13103.52 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

8. ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 26 სექტემბერს, კომპანიის წარმომადგენელს, კერძოდ - ორგანიზაციის მენეჯერს ჩაჰბარდა.

11. სასამართლოს მითითებით, კომპანიის მენეჯერის უფლებამოსილების ნაკლის თაობაზე მოპასუხის შედავება დადასტურებული არ არის, ასევე, საქმის მასალებში წარდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც კორესპონდენციის ჩაბარების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, კომპანიის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, კომპანიის ბუღალტერს მიანიჭებდა. ასეთ პირობებში, მოპასუხე კომპანიის მენეჯერი უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად უნდა იქნეს მიჩნეული, შესაბამისად, ვინაიდან ადრესატს უწყება 2018 წლის 26 სექტემბერს ჩაჰბარდა, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის ათვლა სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დაიწყო და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 61-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 6 ოქტომბერს ამოიწურა, ვინაიდან აღნიშნული თარიღი არასამუშაო დღე იყო, საპროცესო ვადა ამოწურულად 2018 წლის 8 ოქტომბერს ჩაითვალა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართებულად გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შემდგომ მისი ძალაში დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობა, რომლის თანახმად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 11 სექტემბერს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ჯამური ღირებულება 120 006 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინათ. მოპასუხემ მოსარჩელეს საქონელი ნაწილობრივ 57-დღიანი ვადაგადაცილებით - 2017 წლის 14 დეკემბერს მიაწოდა. ამავე ხელშეკრულების მე-16 პუნქტით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება შეთანხმდა. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტის 2017 წლის 25 დეკემბრის №540-1 დაჯარიმების აქტით, პირგასამტეხლოს - 13 103.52 ლარის გადახდა დაეკისრა.

13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ სარჩელთან ერთად წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადებები და პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.

14. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებულ პრეტენზიაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართებულობა შესადავებელი კატეგორიაა. შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის, როგორც შესაგებლის სტრუქტურული კომპონენტის დახასიათება. სასამართლომ აღნიშნა, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე არ არსებობს, როგორიცაა სარჩელის უარყოფა, მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება იმით გამოიხატება, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი ავლენს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც გარკვეული იურიდიული შედეგისათვის საკმარისია, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო ხდება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი გარკვეული საპროცესოსამართლებრივი სანქციის გამოყენებაში მდგომარეობს, სასამართლოს მიერ მოწვეული და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი ან ისეთი მხარის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადის დაცვით შესაგებელს არ წარადგენს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში, მტკიცებულებებისა და საქმის მასალების არსებითი კვლევის სტადიაში სასამართლო არ შედის, იგი მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იკვლევს და მხარეთა შორის არსებულ სადავო სამართალურთიერთობას სამართლებრივად აფასებს, რა დროსაც სარჩელის იურიდიული გამართულობა, მხოლოდ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მიერ, საკუთარი ინიციატივით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმისწარმოების განახლება.

17. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებასა და კეთილსინდისიერების სტანდარტს.

18. კასატორი სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სასამართლო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ ისეთ ვითარებაში იღებს, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი ფორმალური წინაპირობის არსებობას (შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის ფაქტი სადავო აღარ არის). მისი საკასაციო პრეტენზიით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რაც სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის (სსსკ-ის 2321 მუხლი) სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. გ) თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.).

25. განსახილველ საქმეზე საკასაციო პრეტენზია შეეხება იმ საკითხს, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას.

26. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინებაში. ამასთან, მიუთითებს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. ქ. მესხიშვილი, ,,პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, ,,სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).

27. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს კვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი.

28. პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს პირგასამტეხლოს თანაზომიერებაზე უნდა ემსჯელა, გაზიარებული ვერ იქნება.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე №ას-373-373-2018, 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინება).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 655.17 ლარის 70% – 458.62 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ტ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს ,,ტ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 655.17 ლარის (საგადასახადო დავალება №0/გადახდის თარიღი 02.07.2020), 70% - 458.62 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე