Facebook Twitter

საქმე №ას-266-2020 11 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ს.ფ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს.ფ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ბექ ოფისის ოპერატორად მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში, ამასთან, 2018 წლის 1 აგვისტოდან სერვის ცენტრის მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა.

3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მასთან 2018 წლის 12 ოქტომბრიდან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა.

4. მოსარჩელის მტკიცებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უსამართლოა, ვინაიდან მას დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია, ამასთან, მისი ქმედებით კომპანიას ზიანი არ მიდგომია.

5. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ორ პოზიციაზე მუშაობდა, სერვის ცენტრში გარკვეული დარღვევები გამოვლინდა, რაც გამოწვეული იყო მისი გადატვირთულობით.

მოპასუხის პოზიცია:

6. დამსაქმებელმა მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 13 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, იმ სერვისცენტრში სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული მნიშვნელოვანი დარღვევეი გამოვლინდა, რომელზეც ეს უკანასკნელი იყო პასუხისმგებელი. მოსარჩელის დარღვევებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა სერვისცენტრის გამართულად მუშაობა და კომპანიის საქმიან რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

7. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება; მოპასუხეს კომპენსაცია 5500 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დამსაქმებელმა (მოპასუხემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა, დარღვევაზე რეაგირება ადმინისტრაციის მხრიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დაკისრებული სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს, გადაცდომის გამომწვევ მიზეზებს. სახდელის ზომის შერჩევა უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ დამდგარი შედეგის სიმძიმის გათვალისწინებით, არამედ ვალდებულებათა დარღვევის გამომწვევი მიზეზების, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. დასაქმებულთან შრომითი ურთიოერთობის შეწყვეტა, როგორც პასუხისმგებლობის უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმისა და გამომწვევი მიზეზების პროპორციული.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასაქმებულს არ ჩაუდენია სამსახურებრივი ინსტრუქციით/შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის მიცემის ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იქნებოდა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში, როდესაც დარღვევები გამოვლინდა მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობას ერთდროულად სერვისცენტრში ყველაზე დატვირთულ და საპასუხისმგებლო ორ პოზიციაზე ასრულებდა.

13. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებაზე, რომლის თანახმად სერვისცენტრში საფოსტო გზავნილების ყოველდღიური მოძრაობა და გზავნილებზე რეაგირების მიზნით მენეჯერისა და ოპერატორის მიერ შესასრულებელი სხვადასხვა ოპერაციის რაოდენობა დღის მანძილზე რამდენიმე ასეულს აღემატებოდა. სასამართლოს განმარტებით, ასეთ პირობებში, მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომების რაოდენობისა და ხასიათის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას მუშაობა მნიშვნელოვნად და არაგონივრულად დატვირთულ პირობებში უხდებოდა, დასაქმებულის მიმართ განხორციელებულ ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება, არაპროპორციული, არაგონივრული და ზედმეტად მკაცრი ღონისძიებაა დამსაქმებლის მხრიდან.

14. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ დადგენილა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას მართლზომიერს გახდიდა, შესაბამისად, სადავო ბრძანება არღვევს კანონით დადგენილ წესს, რაც სასამართლოს უქმნის სამართლებრივ საფუძველს დაეთანხმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 54-ე მუხლი).

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შესახებ და მიიჩნია, რომ დარღვეული უფლების აღსადგენად მას კანონშესაბამისად მიეცა კომპენსაცია - 5500 ლარი, რაც წარმოადგენს დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მისაღები ხელფასის ოდენობას.

16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 12 ოქტომბრიდან შეწყდა. ამ უკანასკნელს შეტყობინება შესაბამისი დასაბუთებით იმავე დღეს ჩაჰბარდა. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 11 ნოემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს, ანუ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის დაცვით. სასამართლოს განმარტებით, მართალია, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით, სარჩელი დარჩა განუხილველად, მაგრამ მოსარჩელემ სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვის ვადაში - 2019 წლის 24 აპრილს ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს, რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, სსკ-ის 140.2-ე მუხლის დანაწესის თანახმად, შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს პირველი სარჩელის შეტანის დროიდან, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

17. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.

20. კასატორის განმარტებით, აშკარაა, რომ სსკ-ის 140-ე მუხლი აწესებს უფრო დიდი ხანდაზმულობის ვადას, ვიდრე სპეციალური და უფრო ახალი კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი. სპეციალური კანონი დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში, გათავისუფლების საფუძველების წერილობითი დასაბუთების მიღებიდან ადგენს 30 კალენდარულ დღეს სასამართლოსთვის მიმართვისათვის. ამის საპირისპიროდ კი, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარჩელს განუხილევლად დატოვებს მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელე გამოიხმობს სარჩელს, სსკ-ის 140-ე მუხლით დასაქმებულს მიეცემა დამატებით 6 თვე სასამართლოს მიმართვისათვის, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-7 პუნქტებსა (იმ დროს მოქმედი რედაქცია) და კანონის მიზანს.

21. რაც შეეხება უშუალოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას, კასატორის განმარტებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მონიტორინგის სამსახურის ანგარიში, კერძოდ, რა დარღვევები უფიქსირდებოდა სერვისცენტრს 2018 წლის აგვისტოდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

22. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არცერთი ხელმძღვანელი პირისათვის დარღვევებთან დაკავშირებით არ უცნობებია, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემა ჰქონდა სამუშაოს შესრულებისას. დასაქმებული ფიქრობდა, რომ დასაქმებული კარგად ასრულებდა სამუშაოს და ამ უკანასკნელმა დატვირთულობა სამუშაოს შეუსრულებლობის მიზეზად მხოლოდ მაშინ დაასახელა, როდესაც მძიმე და უხეში დარღვევები გამოვლინდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

28. მოსარჩელე 2010 წლიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე დასაქმებული იყო კომპანიის ფოთის სერვისცენტრის ბექ-ოფისის ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 აგვისტოდან იმავე წლის 12 ოქტომბრამდე, მოსარჩელე ბექ-ოფისის ოპერატორის ფუნქციების პარალელურად მენეჯერის მოვალეობასაც ასრულებდა, რისთვისაც ეძლეოდა სახელფასო დანამატი.

29. მოსარჩელეს, 2018 წლის 6 სექტემბერს, კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანებით გამოეცხადა „შენიშვნა“, შრომის შინაგანაწესის მე-17 მუხლის 17.20.1.-ის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო, კერძოდ, კონფიდენციური ინფორმაციის საჯაროდ განხილვისათვის.

30. ხარისხის მართვის დეპარტამენტის/მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 13 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, გზავნილების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოდან 2018 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ფოთის №4400 სერვისცენტრში დაფიქსირდა დარღვევები.

31. ზემოაღნიშნულ დარღვევებზე მოსარჩელეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც მან გამოვლენილი დარღვევების ფაქტი დაადასტურა, თუმცა, დარღვევების მიზეზად მიუთითა გადატვირთული გრაფიკით მუშაობა, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო ორ პოზიციაზე მოვალეობის ერთდროულად შესრულებით.

32. კომპანიის გენერალური დირექტორის 2018 წლის 9 ოქტომბრის №15/8/7-1015 შეტყობინებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბრიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული იქნა მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები.

33. კომპანიის სერვისცენტრის მართვის დეპარტამენტის ფოთის სერვისცენტრის №4400-ში ბექ-ოპერატორის თავისუფალი (ვაკანტური) საშტატო ერთეული აღარ არსებობს.

34. მოსარჩელემ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღურების მოთხოვნით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბერს მიმართა სარჩელით, რაც ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა. მოსარჩელემ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღურების მოთხოვნით ფოთის საქალაქო სასამართლოს კვლავ მიმართა - 2019 წლის 24 აპრილს.

35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (იმ დროს მოქმედი რედაქცია) 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

36. პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-514-2019, 4 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-1873-2018, 31 მაისი, 2019 წელი, №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც დაკისრებული ვალდებულების უხეშად დარღვევას გულისხმობს.

37. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, რადგანაც საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

38. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ შრომითი პირობების უხეშად დარღვევის ფაქტის მტკიცება მართებულად დაეკისრა დამსაქმებელს (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ,,ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ. №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილის განჩინება; №ას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება; №ას-182-171-2017, 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება)“, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი დადასტურების განკუთვნადი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

39. მოსარჩელის გადაცდომებზე დამსაქმებლის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მართლზომიერების შეფასების მიზნით საკასაციო პალატა ყურადრებას ამახვილებს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პერიოდი, რა დროსაც გამოვლინდა რამდენიმე ერთეული დარღვევა, მოიცავდა 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდს, როცა მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობას ერთდროულად ასრულებდა სერვისცენტრში ყველაზე დატვირთულ და საპასუხისმგებლო ორ პოზიციაზე. საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის მოსარჩელის მიერ მითითებული ის ფაქტი, რომ სერვისცენტრის მენეჯერისა და ოპერატორის მიერ შესასრულებელი სხვადასხვა ოპერაციების რაოდენობა დღის მანძილზე რამდენიმე ასეულს აღემატებოდა, რის გამოც, დასაქმებული სამუშაოს ნაცვლად საღამოს 5 საათისა 7 საათიდან რვის ნახევრამდე ამთავრებდა.

40. პალატის მითითებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ფუნქციურად ზედმეტად დატვირთული იყო, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია ხელმძღვანელ პირებს უნდა სცოდნოდათ, მათ რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით არ მოუხდენიათ. გასათვალისწინებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, სერვისცენტრში დღეის მონაცემებით უკვე დანიშნულია არაერთი თანამშრომელი - მენეჯერი, ორი გაყიდვების ოპერატორი, ერთი ბექ-ოპერატორი და 5 დამხმარე სპეციალისტი.

41. საკასაციო პალატის განმარტებით, ასეთ პირობებში, მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომების რაოდენობისა და ხასიათის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას მუშაობა მნიშვნელოვნად და არაგონივრულად დატვირთულ პირობებში უხდებოდა, აღნიშნული, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას ქმნიდა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არცერთ დარღვევას სხვა პირებისათვის ზიანი არ მიუყენებია და რაიმე პრეტენზია ამ მხრივ კომპანიისათვის წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელის მიმართ, როდესაც იგი მხოლოდ ბექ-ოფისის ოპერატორის მოვალეობას ასრულებდა არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა, მეტიც, იგი წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც მენეჯერის უფლება-მოვალეობების შესრულებაც დააკისრეს.

42. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დასაქმებულს არ ჩაუდენია სამსახურებრივი ინსტრუქციით/შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის მიცემის ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იქნებოდა.

43. საკასაციო პალატის შეფასებით, დასაქმებულის მიმართ ყველაზე მძიმე სანქციის გამოყენებით, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს არ შეუფასებია დასაქმებულის მიზეზ-შედეგობრივი ქმედება, დამსაქმებელმა დაარღვია სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე, შრომით სამართალში მოქმედი თანაზომიერების პრინციპი (Ultima Ratio) და მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება, ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია. წინამდებარე განჩინების 15-ე პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე კი, სასამართლომ სწორედ იმსჯელა დასაქმებულისათვის კომპენსაციის დაკისრებაზე. ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაბუთებას არ შეცავს, სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა არც მოწინააღმდეგე მხარეს გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მისი ოდენობის კანონიერებაზე საკასაციო პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს.

44. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ შრომის ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს შრომის კოდექსით გაზიარებულია სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით ქართულ სამართალში დამკვიდრებული სპეციალური კანონების უპირატესად გამოყენების პრინციპი უფრო ზოგად კანონებთან მიმართებით (სშკ-ის 1.1 მუხლი), თუმცა სამოქალაქო კოდექსით შრომითი ურთიერთობის მოწესრიგების საჭიროება არსებობს მაშინ, როდესაც არ არსებობს კონკრეტულად ამ საკითხის მარეგულირებელი სპეციალური კანონი, კერძოდ, სშკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსი არ არეგულირებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის, მისი ხანგრძლივობისა და ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თავიდან ათვლის საკითხებს, მასზე სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაცია უნდა გავრცელდეს, რომლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 140-ე მუხლის მიზანი სწორედ ისაა, რომ თუ ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილი სარჩელი არ აკმაყოფილებს ფორმალურად ან/და შინაარსობრივად სამართალწარმოების განხორციელების წინაპირობებს, სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა 6-თვიანი დროის მონაკვეთში აღმოფხვრას არსებული ნაკლოვანება/ხარვეზი და სასამართლოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი სარჩელით ხელახლა მიმართოს. ამ დათქმით კანონმდებელი აძლიერებს პირის დარღვეული უფლების დაცვის სტანდარტს და დარღვეული უფლების აღსადგენად მოტივირებულ სუბიექტს, რომელმაც ფორმალურად, დავის მიმართ ინტერესი სარჩელის წარდგენით გამოავლინა, არ წაერთვას უფლების სასამართლო წესით დაცვის საშუალება. პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 140-ე მუხლი ადგენს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილევს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება სარჩელის პირველი წარდგენის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-652-2019, 27.12.2019წ.). სარჩელის განუხილევლად დატოვებიდან 6 თვის ვადაში სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად პირველი სარჩელის წარდგენიდან ითვლება.

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღურების მოთხოვნით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბერს მიმართა სარჩელით, რაც ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა. მოსარჩელემ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღურების მოთხოვნით ფოთის საქალაქო სასამართლოს კვლავ მიმართა - 2019 წლის 24 აპრილს. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-მე-6 ნაწილებით განსაზღვრულ ვადაში აღძრა, თუმცა სასამართლოს განჩინებით, სარჩელი განუხილველად დარჩა, რის შემდგომაც 6-თვიანი ვადის დაცვით ახალი წარდგენილი იქნა წარდგენილი. სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა შეწყდა სარჩელის თავდაპირველად წარდგენის მომენტიდან და არ არსებობს დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავების გაზიარების საფუძველი.

47. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარში ისეთ გარემოებებზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გასაჩივრებაის სამართლებრივი საფუძველი არა არსებობს.

48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

49. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

51. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-945-2018, 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-861-861-2018, 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება).

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

53. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,ს.ფ–ას“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 037 / გადახდის თარიღი 10.04.2020), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე