საქმე №ას-175-2020 25 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ხ–ი, რ.კ–ძე, ი.ე–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ხ–ი (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, პირველი დასაქმებული, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) 2017 წლის 15 მარტიდან, შპს ,,ს.გ.წ.კ–იაში“ (შემდგომ – მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი, კასატორი) განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმდა. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1500 ლარს (დაუბეგრავი). მხარეთა შეთანხმებით, რამდენჯერმე გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მათ შორის - 2018 წლის 1 ივნისს დადებული შეთანხმებით - 2019 წლის 15 ივნისამდე.
2. რ.კ–ძე (შემდგომ – მეორე მოსარჩელე, მეორე დასაქმებული, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) 2010 წლიდან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის მშენებლობის სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსად. მისი სამსახურეობრივი სარგო განისაზღვრებოდა 2400 ლარით (დაუბეგრავი).
3. ი.ე–ძე (შემდგომ – მესამე მოსარჩელე, მესამე დასაქმებული, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) უვადო შრომითი ხელშეკრულებით 2010 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. გათავისუფლებამდე ის იკავებდა ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მოწვეული სპეციალისტის ადგილს და მის სამსახურებრივი სარგო 2400 ლარს (დაუბეგრავი) შეადგენდა.
4. მოპასუხის 2018 წლის 17 სექტემბერს ბრძანებით, პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37.1 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის, ხოლო მეორე და მესამე მოსარჩელეებთან 37.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა.
5. სამივე მოსარჩელემ კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურება მიიღო.
სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
6. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
7. პირველი მოსარჩელის განმარტებით, მასთან შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის (ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) საფუძველზე შეწყდა, თუმცა, წერილობითი დასაბუთებაში დამსაქმებელმა მიუთითა ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძველზე, კერძოდ, - რეორგანიზაციაზე. პირველი მოსარჩელის მტკიცებით, მისი საშტატო ერთეული არ შემცირებულა და დარჩა იმავე სახელფასო განაკვეთით.
8. მეორე და მესამე მოსარჩელეთა განმარტებით, არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულებებიის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან არც შრომითი ძალა არ შემცირებულა და არც ეკონომიკური გარემოებები არ შეცვლილა.
მოპასუხის პოზიცია:
9. დამსაქმებელმა მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანებები; პირველი მოსარჩელე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის აუდიტის სამსახურის მთავარ სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგა მოპასუხე კომპანიაში; მოპასუხეს 2018 წლის 17 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ივნისამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად - 1500 ლარი (დარიცხული) პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; ხოლო მეორე და მესამე მოსარჩელეების სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაცია თითოეულის სასარგებლოდ 43 200 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
11. დამსაქმებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც პირველი მოსარჩელე აღდგა მოპასუხე კომპანიაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის აუდიტის სამსახურის მთავარ სპეციალისტად; დამსაქმებელს ერთჯერადი კომპენსაცია 28 800 ლარი (დარიცხული) მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ხოლო 28 800 ლარი (დარიცხული) მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ; აპელანტს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დამსაქმებლის ბრძანება პირველ მოსარჩელესთან მიმართებით ვერ განიხილება გამართლებულად სშკ-ის 37.1 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, ვინაიდან მითითებული ბრძანების წერილობითი დასაბუთება და მოგვიანებით პირველი მოსარჩელის თანამდებობასთან შეუფერებლობის შესახებ აპელანტის განმარტება, ვერ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გამამართლებლად, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ დასაქმებულთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება შემოფარგლული იყო განსაზღვრული ვადით და, შესაბამისად, დამსაქმებელს მხოლოდ სათანადო პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე შეიძლებოდა, გაემართლებინა შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გასულია პირველ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, გაუმართლებელია მისი სამსახურში აღდგენა, რადგან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველი - ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა ვლინდება, რაც სშკ-ს 37.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დამსაქმებელს უფლებას ანიჭებს, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დაასრულოს. სასამართლოს განმარტებით, არსებული მოცემულობით აღარ არსებობს პირველი მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და პირველი მოსარჩელის დარღვეული უფლება სშკ-ის 32-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე უნდა აღდგეს მისთვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდამდე იძულებითი განაცდურის მიკუთვნებით. სასამართლომ მითითებით, სააპელაციო ეტაპზე დასაქმებულის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის პირობებში, დაუშვებელია დასაქმებულს წაერთვას იძულებითი განაცდურის მიღების შესაძლებლობა, შესაბამისად, დამსაქმებელს პირველი დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის, 1 500 ლარის ანაზღაურება ყოველთვიურად, 2018 წლის 17 ნოემბრიდან - 2019 წლის 15 ივნისამდე (მთლიანად, 7 თვე, რაც შეადგენს 10 500 ლარს).
15. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 37-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მეორე მოსარჩელე დასაქმებული იყო მშენებლობის სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსად, რომელიც წარმოადგენდა რეორგანიზაციამდე არსებული საშტატო ნუსხის მიხედვით მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტში შემავალ თანამდებობას. კომპანიის მიერ განსაზღვრულ ახალ საშტატო ერთეულში ეს ადგილი აღარ იყო გათვალისწინებული, უშუალოდ ამ სახელწოდების საშტატო ერთეული კომპანიაში გაუქმდა, თუმცა მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისათვის რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბებული არცერთი თანამდებობა არ შეუთავაზებია ალტერნატივის სახით, თუნდაც უფრო დაბალი ანაზღაურების, რის ნაცვლადაც კომპანიამ დაასაქმა სრულიად ახალი თანამშრომლები. სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციამდე იყო 13 საშტატო ერთეული, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ არ შემცირებულა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელს ჰქონდა რესურსი, მოქმედი თანამშრომლისათვის ალტერნატიული სამუშაო ადგილი შეეთავაზებინა, რისი განუხორციელებლობაც საფუძველს აცლის მის მიერ მიღებული ბრძანების კანონიერებას.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მესამე მოსარჩელესთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებაც, ვინაიდან უდავოა, რომ იგი მოპასუხე კომპანიაში გათავისუფლებამდე ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მოწვეული სპეციალისტის ადგილს იკავებდა. მითითებული საშტატო ერთეული არც ძველი და არც ახალი საშტატო ნუსხაში არ ყოფილა განსაზღვრული, თუმცა მხარეთა მიერ სადავო არაა, რომ აღნიშნული თანამდებობა ფაქტობრივად არსებობდა და მას წლების მანძილზე იკავებდა მესამე დასაქმებული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მესამე მოსარჩელე უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე იყო კომპანიაში დასაქმებული და, ამავდროულად, წარმოადგენდა გამოცდილ კადრს და მიუთითა, რომ დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს შეადგენდა, ედასტურებინა, რომ რეორგანიზაციის შედეგად საჭირო გახდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ უკანასკნელმა ვერ დაძლია და ვერ დაადასტურა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე და მესამე დასაქმებულებთანაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებები უკანონოა და სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
17. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ კომპენსაციის ოდენობასთან მიმართებით აპელანტის შედავება ნაწილობრივ დასაბუთებულია და მიიჩნია, რომ იმ მატერიალური დანაკარგის გათვალისწინებით, რაც დასაქმებულებმა უკანონოდ დათხოვნით განიცადეს, კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება მოსარჩელეთა მიერ მისაღები ხელფასის 12 თვის ოდენობა, რაც ორივე მოსარჩელის შემთხვევაში, მათი ხელფასის შესაბამისად 28 800 ლარია (2 400X12), რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა შელახული უფლებების გონივრულ კომპენსირებას და, ამავდროულად, დაუსაბუთებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის ინტერესებს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ო“ ქვეპუნქტები.
20. კასატორის მითითებით, კომპანიაში შექმნილი ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, გვერდს ვერ აუვლიდა სხვა ხარჯებთან ერთად სახელფასო ფონდის შემცირებას, ვინაიდან ამ ხარჯის შემცირების გარეშე ბიუჯეტის დაბალანსება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
21. კასატორის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგებმა გამოიწვია სამუშაო ძალის შემცირება, რამაც განაპირობა მეორე და მესამე მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. რაც შეეხება პირველ დასაქმებულს, იგი დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერებოდა და სხვა დასაქმებულებთან ერთად კანონიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (იმ დროს მოქმედი რედაქცია) 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
27. პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-514-2019, 4 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-1873-2018, 31 მაისი, 2019 წელი, №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის ბრძანებით, მეორე და მესამე მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა რეორგანიზაციის საფუძვლით. ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტას საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) ითვალისწინებს, ხოლო, პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37.1 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველით, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად მიიჩნევა ასევე სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით მიღებულ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. საქმე № 715-2019, 2019 წლის 4 ივლისის განჩინება).
29. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი პირველ მოსარჩელესთან მიმართებით სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნტით გათვალისწინებული „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი მოსარჩელე დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელია.
30. პალატის მითითებით, როდესაც კანონმდებელმა აირჩია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ესოდენ ზოგადი ფორმულირება (სშკ-ის 37.1 მუხლის ,,ო" ქვეპუნქტი), სასამართლომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს ამ საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევა. მოცემული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულება უნდა შეწყდეს მართზლომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება. მარტოოდენ მითითება, რომ დასაქმებული თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო, ვერ ამტკიცებს პირველი მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვის კანონშესაბამისობას, მით უფრო, როდესაც, დამსაქმებელმა ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთებაში სამსახურიდან დათხოვნის სულ სხვა საფუძველზე, კერძოდ, რეორგანიზაციაზე მიუთითა. ამასთან, მოპასუხეს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა დასაქმებულის თანამდებობასთან შეუფერებლობა რამაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა და რომელი მტკიცებულების საფუძველზე დგინდებოდა შესაბამისი გარემოება, მაშინ, როდესაც, უდავაო, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე დისციპლინური სახდელი.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, დამსაქმებელს, პირველ დასაქმებულთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რისი გათვალისწინებითაც, დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის შესახებ, რამაც თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონიერად განაპირობა.
32. რაც შეეხება დანარჩენ დასაქმებულებს, მათთან, როგორც უკვე აღინიშნა, შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა.
33. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა: ,,ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (შდრ. სუსგ. №ას-130-2019, 12 აპრილი, 2019 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
34. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ. №ას-391-2019, 26 დეკემბერი, 2019 წელი). ამდენად, ფაქტების მითითების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მტკიცების ტვირთის რეალიზებაზე, კერძოდ, მისი მხრიდან დამაჯერებელი საფუძვლებისა და მტკიცებულებების წარდგენაზე (იხ. სუსგ №ას-1483-2019, 19 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-223-223-2018, 20 აპრილი, 2018 წელი; №ას-103-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
35. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის და შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება. დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
36. საკასაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაშიც, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელეთა (მეორე და მესამე მოსარჩელეების) განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა სამსახურიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება.
37. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ დამსაქმებელმა რეორგანიზაციის ფარგლებში გააუქმა არაერთი საშტატო ერთეული, მათ შორის - მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის მშენებლობის სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო მეორე მოსარჩელე, თუმცა მოცემულ შემთხვევაშიც, დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. იმ პირობებში, როდესაც სტრუქტურულ ერთეულში საშტატო ერთეული არ შემცირებულა და დამსაქმებელმა მეორე მოსარჩელისათვის ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზების გარეშე სრულიად ახალი თანამშრომლები დაასაქმა, ობიექტურად და სამართლიანად ვერ მიიჩნევა მეორე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება. გასათვალისწინებელია, რომ მეორე მოსარჩელე 2010 წლიდან კომპანიაში დასაქმებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული არცერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება.
38. საკასაციო პალატის მითითებით, მესამე მოსარჩელეც 2010 წლიდან უვადო შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში. ამ უკანასკნელის თანამდებობა არც ძველი და არც ახალი საშტატო ნუსხაში არ ყოფილა გათვალისწინებული, თუმცა, უდავოა, რომ აღნიშნული თანამდებობა ფაქტობრივად არსებობდა და მას წლების მანძილზე იკავებდა მესამე დასაქმებული, აღნიშნულის გათვალისწინებით, დამსაქმებელს უნდა ემტკიცებინა თუ რა გარემოებებმა უბიძგა კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმებისაკენ და რომ სწორედ რეორგანიზაციამ გამოიწვია მესამე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. პალატის მითითებით, მოპასუხეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სასამართლოსათვის არ წარუდგენია სამართლებრივად ვარგისი და სარწმუნო არგუმენტაცია, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გაამართლებდა. ამასთან, უდავოა, რომ იმ სტრუქტურულ ერთეულში, სადაც მესამე მოსარჩელე იყო დასაქმებული, ახალი თანამშრომლები დასაქმდნენ, ისე რომ, მეორე მოსარჩელის მსგავსად, დამსაქმებელმა არც მესამე მოსარჩელის შესთავაზა ალტერნატიული თანამდებობა, რისი გათვალისწინებითაც, დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერება არც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა, შესაბამისად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი მესამე დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანებაც.
39. რაც შეეხება კომპენსაციის დაკისრებასა და მისი ოდენობის განსაზღვრას, ვინაიდან ამ ნაწილში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის (ამასთან, მეორე და მესამე მოსარჩელეებს არ გამოუყენებიათ გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობა და ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის 28800-28800 ლარის დაკისრების ნაწილში სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) საკასაციო პალატა კომპენსაციის ოდენობის მართლზომიერებაზე დამატებით აღარ იმსჯელებს.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარში ისეთ გარემოებებზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი არა არსებობს.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1444-1364-2017, 2018 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-110-110-2018, 2018 წლის 18 მაისის განჩინება; №ას-715-2019, 2019 წლის 4 ივლისის განჩინება).
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 3405 ლარის 70% – 2383.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს ,,ს.გ.წ.კ–იას“ (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3405 ლარის (საგადახდო დავალება 25143716 / გადახდის თარიღი 05.03.2020), 70% - 2383.5 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე