Facebook Twitter

საქმე №ას-32-2020 17 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.ნ.გ.კ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ს.ნ.გ.კ–იის“ (შემდგომ – მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. დასაქმებულის განმარტებით, კომპანიაში 2007 წლის 8 იანვრიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

3. 2015 წლის 8 აპრილს სამსახურში ყოფნისას გადაეცა შეტყობინება, რომლის თანახმად, ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებების გამო, 2015 წლის 1 ივნისიდან შეუწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება.

4. დამსაქმებლის 2015 წლის 27 მაისის ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

5. მოსარჩელის მტკიცებით, დამსაქმებლის ქმედება დასაქმებულისადმი დისკრიმინაციული მოპყრობაა. ამასთან, კომპანიაში მოჩვენებით რეორგანიზაციასა და სტრუქტურულ ცვლილებებს მხოლოდ მოსარჩელის გათავისუფლება მოჰყვა.

6. მოსარჩელის მითითებით, დამსაქმებელს მისთვის გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად არ ჩაუბარებია.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ წარილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ არ დაიცვა კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადები, რისი გათვალისწინებითაც მისი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.

8. მოპასუხემ რეორგანიზაციის კანონიერებაზეც მიუთითა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, ხანდაზმულობის გამო დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-6 პუნქტებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელემ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება 2015 წლის 8 აპრილს მიიღო, შესაბამისად, დასაბუთების მოთხოვნისთვის მას 30 კალენდარული დღის ვადა - იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით ჰქონდა, ხოლო დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაბუთება გადაეცა მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღეში (2015 წლის 16 მაისის ჩათვლით). ამის შემდეგ, გასაჩივრებისთვის მოსარჩელეს ჰქონდა 30 კალენდარული დღე - 2015 წლის 14 ივნისის ჩათვლით. ნაცვლად ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2015 წლის 26 ივნისს, რისი გათვალისწინებითაც დგინდება, რომ მან სარჩელის წარდგენის 30-დღიანი ვადა გაუშვა, ამ გარემოების მხედველობაში მიღებით კი, არ არსებობს აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველიც, ვინაიდან ისინი ფაქტობრივსამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერია, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები კი, არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 394-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ საფუძვლებს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს დისკრიმინაციის თვალსაზრისით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და მტკიცებულებები. დამსაქმებელმა რეორგანიზაცით გადაფარა მოსარჩელის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, მოსარჩელემ რეორგანიზაციული ცვლილების რომელი თანმდევი შედეგი ვერ დააკმაყოფილა, შესაბამისად, არ დასტურდება უფლების გამოყენების მართლზომიერება, რაც იმთავითვე კიდევ უფრო წარმოაჩენს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს, რომლის გაქარწყლება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

15. კასატორი არ იზიარებს სასამართლოთა მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამასთან, ითხოვს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული საოქმო განჩინებების გაუქმებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე. კასატორი მიუთითებს, რომ მოთხოვნილი მტკიცებულებები უშუალოდ უკავშირდება დავის საგანს, მათ შორის - უფლების რესტიტუციის გზების განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტები:

21. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობაზე: 2007 წლის 8 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე დირექტორთა საბჭოს აპარატის უფროსად, 2013 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 1 თებერვლამდე კორპორაციული მართვის დეპარტამენტის კადრებისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსად; 2013 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 1 ნოემბრამდე კორპორაციული მართვის დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის უფროსად, ხოლო 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 ივნისამდე სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ექსპერტად.

22. კომპანიის დირექტორთა საბჭომ 2015 წლის 8 აპრილს, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის საქმიანობის ხასიათის, ასევე, დეპარტამენტის ფუნქციების, დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი საქმის შესაბამისი მოცულობის შემცირების გამო და თანამშრომელთა კომპეტენციის გათვალისწინებით, სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელეთან 2015 წლის 1 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

23. მოსარჩელეს კომპანიის 2015 წლის 8 აპრილის წერილით იმავე დღეს ეცნობა, რომ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გარკვეული ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტში ხორციელდებოდა ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და შრომის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მას 2015 წლის პირველი ივნისიდან უწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება.

24. დამსაქმებლის 2015 წლის 27 მაისის ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

25. 2015 წლის 26 ივნისს დასაქმებულმა მიმართა დამსაქმებელს და გათავისუფლების შესახებ ბრძანების, შრომის შინაგანაწესის, 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების, რეორგანიზაციის გამო გათავისუფლებული თანამშრომელთა რაოდენობის, რეორგანიზაციამდე დეპარტამენტში დასაქმებული და რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, ასევე ხელფასის ცნობა.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლები, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სარჩელის შემაფერხებელი შესაგებლის საფუძვლიანობა, რომელიც საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში იგი სარჩელის წარმატებას აფერხებს (სსკ-ის 144.1 მუხლი).

28. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა (საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების თანახმად: დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს). ზემოაღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცალსახაა, რომ კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. დასაქმებულის უფლებაა დამსაქმებლისაგან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება და, გამომდინარე აქედან, მას იმის უფლებაც აქვს, არ მოითხოვოს დასაბუთება და პირდაპირ მიმართოს სასამართლოს დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მიზნით. ასეთ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მისთვის მინიჭებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლებას არ გამოიყენებს, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც მას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლება.

29. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიის 2015 წლის 8 აპრილის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ დირექტორთა საბჭოს იმავე წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, გარკვეული ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტში ხორციელდებოდა ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები და დასაქმებულს, 2015 წლის 1 ივნისიდან უწყდებოდა შრომის ხელშეკრულება. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ დამსაქმებლის 2015 წლის 8 აპრილის წერილის მიღების ფაქტი, შესაბამისად, დასტურდება, რომ მოსარჩელემ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2015 წლის 8 აპრილის წერილით შეიტყო. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისგან არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემა.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაქმებულს 2015 წლის 8 აპრილს გათავისუფლების შესახებ შეტყობინების ჩაბარებისთანავე შეეძლო დაეწყო სშკ-ის 38-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული გასაჩივრების პროცედურა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. როგორც უკვე აღინიშნა, მას არც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება მოუთხოვია და არც 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაუსაჩივრებია დამსაქმებლის გადაწყვეტილება, რისი გათვალისწინებითაც, სშკ-ის 38.6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის 30-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისათვის 2015 წლის 8 აპრილიდან დაიწყო. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2015 წლის 26 ივნისს, 30-დღიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად, გასაზიარებელია მოპასუხის შედავება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით.

31. რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენების საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლში (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები (დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა) ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადასთან (30-დღიანი თუ 3-წლიანი) მიმართებით სახეზე არ არის ის შემთხვევა, როდესაც შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ არის მოწესრიგებული ამ კოდექსით (სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი). გამომდინარე აქედან, არ არსებობს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენების საჭიროება. ამასთან, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცელება სშკ-ში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეწყვეტილ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზე, არღვევს მხარეთა შორის სამართლიან ბალანსს, ვინაიდან დასაქმებულის მიერ კანონით მისთვის მინიჭებული წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების განუხორციელებლობით გაუმართლებლად იზღუდება დამსაქმებლის უფლებები და ინტერესები.

32. რაც შეეხება გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებს, საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისისა და იმავე წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებებით მოსარჩელის შუამდგომლობები მტკიცებულებათა გამოთხოვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს შუამდგომლობები შესაბამის საპროცესო ეტაპზე არ დაუყენებია, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო პალატა და განმარტავს, რომ მოსარჩელეს მთავარ სხდომამდე შეეძლო წარედგინა ყველა მტკიცებულება, რასაც სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა შეიძლებოდა დაფუძნებოდა. მას არ მიუთითებია სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ არცერთ საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლოს მთავარ სხდომამდე შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რისი გათვალისწინებითაც, გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების წინაპირობებიც არ იკვეთება.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-1335-1255-2017, 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-747-715-2016, 2017 წლის 20 იანვრის განჩინება; საქმე №ას-1161-2021, 2022 წლის 1 აპრილი).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ე.მ–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.მ–ძის (პ/ნ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №9031959465 / გადახდის თარიღი 06.02.2020), 70% - 210 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე