Facebook Twitter

საქმე №ას-552-2021 28 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომ - სამინისტრო, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–იის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა სამინისტროს მიერ მოპასუხისათვის გადაცემული სასადილო-სამზარეულო ინვენტარის/დანადგარების ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში დაბრუნება.

სარჩელის საფუძვლები

2. მხარეებს შორის 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა №844 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 მარტით. ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოძრავი ქონება (სამზარეულოს ინვენტარი), რომელთა სწორი ექსპლუატაცია და მიმდინარე სარემონტო სამუშაო დაეკისრა. ხელშეკრულებითვე შეთანხმდა ექსპლუატაციის პერიოდში მატერიალური ქონების დანაკლისის მოპასუხის მიერ ანაზღაურება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების შემდგომ, მოპასუხემ მისთვის დროებით გადაცემული ქონება დააბრუნა, თუმცა არასრულად და ზოგიერთი ტექნიკურად გაუმართავი. შესაბამისად, მოპასუხისათვის გადაცემული ნივთები მან უნდა დააბრუნოს, ხოლო დაზიანებული ინვენტარი სხვა მსგავსი ნივთით ჩაანაცვლოს და ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოდ გადაეცეს მოსარჩელეს.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელეს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დაზიანებული ფასიანი ინვენტარის ნაცვლად გადასცა იმავე ღირებულების სხვა - ახალი ინვენტარი, ხოლო ფასგარეშე გადაცემული ინვენტარის გვაროვნული ნივთით ჩანაცვლება შეუძლებელია მათი იდენტიფიცირებისა და ღირებულების დადგენის შეუძლებლობის გამო. მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის განსაზღვრა აპელანტის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად უკან მისაღები ნივთები ინდივიდუალურად განსაზღვრული თუ გვაროვნული ნივთები იყო. პალატამ მიიჩნია, რომ შესრულების საგანი თავიდანვე ინდივიდუალიზებული იყო, ვინაიდან მისი დაბრუნების ვალდებულება ცვეთის გათვალისწინებით დადგინდა, ანუ მხარეების მიზანს თავიდანვე იმ ნივთების უკან დაბრუნება წარმოადგენდა, რომელიც მოპასუხეს თავდაპირველად გადაეცა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დადგინდა, რაც ინდივიდუალური ნივთებისთვისაა დამახასიათებელი. პალატის განმარტებით, გვარეობითი ნივთის დროს ის სხვა, მსგავსი მოძრავი ქონებით ჩანაცვლდება და ვალდებულების შესრულება ზიანის ანაზღაურებას არ უკავშირდება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის თხოვების ხელშეკრულება გაფორმდა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ დანაკლისი არსებობდა, ასევე არც იმას უარყოფდა, რომ დოკუმენტაციაში მითითებული მოძრავი ქონება მას გადაცემული ჰქონდა, თუმცა აცხადებდა, რომ ნივთები მის სარგებლობაში აღარ იყო მისთვის უცნობი გარემოების გამო. შესაბამისად, მზაობას გამოხატავდა მოსარჩელისთვის ზიანი - ნივთების ღირებულების განსაზღვრის გზით აენაზღაურებინა.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა, რაც გამოიხატებოდა მოთხოვნის იმ სახით აღუსრულებლობით, რა სახითაც ის იყო ჩამოყალიბებული, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილება არ გააუმჯობესებდა მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას. არცერთი მხარე არ უარყოფდა, რომ დანაკლისის სახით მითითებული ქონების არსებობისა და მდებარეობის თაობაზე ინფორმაცია არ არსებობდა. ამასთან, თავად აპელანტიც არ უარყოფდა, რომ ხელშეკრულებით გადაცემული ინდივიდუალური ნივთების ღირებულების დადგენა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩებოდა, ვინაიდან ვერც დასაბრუნებელი ნივთების იდენტიფიკაცია მოხდებოდა მათი არარსებობის გამო და ვერც შესაბამისი ღირებულება ვერ ანაზღაურდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხისათვის გადაცემული ნივთები ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული იყო. სადავო ნივთები გვარეობითი ნივთები იყო და მათი ჩანაცვლება შეიძლებოდა.

12. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 380-ე მუხლი, რომლის გამოყენების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ დასკვნას არ გამოიტანდა.

13. არასწორია დაცვის ღირსი ინტერესის არარებობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც. საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც ნათლად იკვეთება სამინისტროს მოთხოვნის საფუძვლიანობა - დანაკლისი ქონების არსებობა და დაზიანებული ქონების გადაცემის ფაქტი. ამასთან, წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს ჰქონდა დროებითი გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობისა და სამინისტროსათვის დაბრუნების ვალდებულება. ამ გარემოებებს არც მოპასუხე არ უარყოფს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. მოპასუხისათვის გადაცემული ნივთების დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლს (მონათხოვრე მოვალეა, თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს) ეფუძნება.

20. შესაგებლით მოპასუხე ვალდებულების შესრულების შეუძლობლობაზე მიუთითებს, კერძოდ, მისი მტკიცებით, ნივთების ნაწილი, რომელიც მას ხელშეკრულებით გადაეცა, აღარ არსებობს (სიძველის გამო გამოუსადეგარი გახდა, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, მათი იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება).

21. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის კლასიკური შემთხვევაა ფაქტობრივი (ბუნებრივი) შეუძლებლობა, რაც შესრულების შესაძლებლობას ობიექტურად გამორიცხავს. თუკი ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთი კრედიტორზე მის გადაცემამდე განადგურდა, მოვალე ვერ შეასრულებს ვალდებულებას, რადგან ის ვერ შექმნის ამ ნივთს თავიდან. ის რისი შესრულებაც ნებისმიერი ადამიანისათვის ან პირადად მოვალისათვის შეუძლებელია, არ შეიძლება ვალდებულებად დარჩეს (impossibilium nulla obligatio est). საპროცესო თვალსაზრისითაც, იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება და აღსასრულებლად მიქცევა, რომელიც ვერ აღსრულდება, აბსურდი იქნებოდა. შეუძლებლობის შემთხვევაში შესრულების ვალდებულება კანონის ძალით ქარწყლდება, რადგან სამართლებრივი ანომალია იქნებოდა, მხარეს დააკისრო ის, რის შესრულებაც შეუძლებელია. თუკი ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება შესრულების ნაცვლად (იხ. 401-ე მუხლის კომენტარი: სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვაშაკიძე, 2019).

22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დანაკლისის სახით მითითებული ქონების დაბრუნების შეუძლებლობა მხარეებს შორის სადავო არ იყო. გასაჩივრებული განჩინების მიმართ კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სადავო ნივთები გვაროვნული ნივთები იყო და მათი ჩანაცვლება შეიძლებოდა.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 382-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს. გვაროვნული ნივთი გვაროვნული ნიშნებით განსაზღვრული ნივთია, კერძოდ, რაოდენობით, წონით, ზომით და ა.შ. ინდივიდუალური ნივთები ინდივიდუალური ნიშნებით განსაზღვრული ნივთებია. ამ თვისებათა გამო გვაროვნული ნივთები შეცვლადი ნივთებია, ინდივიდუალური კი - არა. ამიტომაცაა, რომ, როცა შესრულების საგანი გვაროვნული ნივთია, შესრულების სივრცე (ფარგლები) მოიაზრება მოცემული გვარის ყველა ნივთით. მოვალეს შეუძლია, ნებისმიერი ნივთი შესთავაზოს კრედიტორს მოცემული გვარიდან. აქ არა გვაქვს კონკრეტული ნივთი, რომელსაც შემცვლელი არ მოეპოვება. გვაროვნული ვალდებულება მოვალეს შესრულების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ვიდრე მოცემული გვარის ნივთები სამოქალაქო ბრუნვაშია, მანამ არსებობს მისი შეძენის ობიექტური შესაძლებლობა. პირმა ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს (იხ. ბ.ზოიძე, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 327, 329).

23. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული საგნისაგან განსხვავებით, რა დროსაც ვალდებულება შემოიფარგლება ამ საგნით, მოვალე შესრულების ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება გვარეობითი ნივთის შემთხვევაში, როდესაც მას შეუძლია, მსგავსი ნივთი შეიძინოს და ვალდებულება ამდაგვარად შეასრულოს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ მიუთითებს იმ არგუმენტებზე, რატომ უნდა მიიჩნიოს სასამართლომ მოპასუხისათვის გადაცემული ნივთები გვაროვნულ ნივთებად. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების შინაარსის საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ნივთები ინდივიდუალური იყო, რადგან მხარეები ქონების გაფრთხილებისა და მომსახურების ვადის დასრულების შემდგომ შემსყიდველისათვის მისი გამართულად, ცვეთის გათვალისწინებით დაბრუნების შესახებ შეთანხმდნენ. ხელშეკრულებითვე გადაცემული ქონების დაზიანებისა ან/და განადგურებაზე სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მოპასუხეს დაეკისრა. მოპასუხემ ხელშეკრულებით დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების სწორი ექსპლუატაციის ვალდებულებაც იკისრა. შესაბამისად, მოპასუხეს სწორედ ის ნივთები უნდა დაებრუნებინა, რომელიც მოსარჩელემ გადასცა. ამ დადგენილი ფაქტის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლი). ამდენად, ხელშეკრულების შინაარსით დადგინდა, რომ მხარეებს შორის დაიდო თხოვების ხელშეკრულება, გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთების თხოვება კი დაუშვებელია (იხ. 615-ე მუხლის კომენტარი: ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, ზ. ჭეჭელაშვილი, ელვერსია https://gccc.tsu.ge).

24. ამასთან, სასამართლოს განათხოვრებული ნივთების ჩანაცვლება რომც დაეშვა (იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, სადავო ნივთები, სამზარეულოს ინვენტარი ჩანაცვლებაუნარიანი ნივთებია და კრედიტორიც თანახმა იყო აღნიშნულზე), საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, რაკი საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დასაბრუნებელი ნივთების მახასიათებლების შესახებ მტკიცებულება, მოპასუხისათვის „ფასგარეშე გადაცემული“ სასადილო-სამზარეულო ინვენტარის ფასის განსაზღვრა შეუძლებელია, რასაც ადასტურებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ნივთების ფასის დადგენის მიზნით ექსპერტიზის შესრულების შეუძლებლობაც, კერძოდ, ბიუროს 2016 წლის 28 სექტემბრის წერილის თანახმად, ნივთების ფასის განსაზღვრა შეუძლებელი იყო, რადგან დანაკლისის ჩამონათვალში მითითებული იყო მხოლოდ საქონლის დასახელება და არა მათი კონკრეტული მასახიათებლები (მწარმოებელი ქვეყანა, ფირმა (ბრენდი), მოდელი, გამოშვების თარითი და ა.შ). საკასაციო პალატა აღნიშნავს, სსსკ-ის 102–ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ნივთების იდენტიფიცირება და მახასიათებლების წარმოდგენა, რომლის ჩანაცვლებასაც იგი მოითხოვდა. ამ გარემოების დასამტკიცებლად მოსარჩელეს რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია (მაგ: ქონების შემფასებლის, სპეციალისტის ან ექსპერტიზის დასკვნა და სხვა), ხოლო ზოგადი მოთხოვნა, რომ მას ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთები უნდა გადასცემოდა, დაუსაბუთებელია.

25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიებს არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-409-2022, 8 ივნისი, 2022 წელი).

28. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

30. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე