Facebook Twitter

საქმე №ას-39-2023 29 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ.ღ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ღ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის - 13 667.6 ლარის, პირგასამტეხლოს 13 056.5 ლარისა და 2500 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა პოზიცია და განმარტა, რომ სარჩელს ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ, საიჯარო ქირის დავალიანების 8 077.5 ლარის, ჯარიმის 1 500 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.001 %-ის დაკისრების ნაწილში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17 778.9 ლარის გადახდა, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანება 13 667. 6 ლარს, პირგასამტეხლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო 2 611.3 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო ინფორმაციის წარუდგენლობის გამო 1 500 ლარს შეადგენს.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, თუმცა აპელანტს სახელმწიფო ბაჟი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად აქვს გადახდილი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ორივე მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღენულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ჯ.ღ–ძეს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, ასევე, დაზუსტებული იქნება მოთხოვნა და დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

8. ზემოაღნიშნული განჩინებები კასატორის წარმომადგენელს თ.ი–ს (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 81-84) გაეგზავნა და 2023 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა მ.ე-ი–ს (დედას).

9. 2022 წლის 28 თებერვალს კასატორმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით წარმოადგინა მხოლოდ საკასაციო შესაგებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინება ხარვეზის დადაგენის შესახებ კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ კასატორის წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი გზავნილი 2023 წლის 22 თებერვალს ჩაიბარა თ.ი–ის დედამ - მ.ე ი–მა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 166). რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნევა უფლებამოსილი პირისათვის და შესაბამისად მხარისათვის ჩაბარებად.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში 2023 წლის 23 თებერვალს დაიწყო და ამავე წლის 6 მარტს ამოიწურა (რამდენადაც ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე/დასვენების დღეს).

18. ამ დროის განმავლობაში კასატორმა წარმოადგინა მხოლოდ საკასაციო შესაგებელი, თუმცა ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე