Facebook Twitter

საქმე №ას-1595-2022 31 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.წ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.ა.მ.ე–ია (ს.ს–ო) (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება, გაჩუქებულ ნივთებზე საკუთრებისდაბრუნება და ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი.წ–იამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ს.ა.მ.ე–იის (ს.ს–ო) (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, 2014 წლის 15 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების, მარტვილის რაიონის სოფელ .......... (ს.კ. ...... და ......) მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის მითითებით, წლების განმავლობაში დაკავებული იყო სხვადასხვა კომერციული საქმიანობით, გააჩნდა შემოსავალი, რომელსაც უმეტესწილად საქველმოქმედო მიზნით ხარჯავდა. მოსარჩელე, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, განსაკუთრებულად მორწმუნე ადამიანი, ყოველმხრივ ცდილობდა დახმარებოდა დედა ეკლესიას, განსაკუთრებით თავის მშობლიურ კუთხეში - ჭ–ის ეპარქიაში. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად და ეხმარებოდათ სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაში. გარდა ფინანსურ-მატერიალური დახმარებისა, მან სხვადასხვა წლებში ეპარქიას (მართლმადიდებელ ეკლესიას) გადასცა არაერთი სოლიდური ღირებულების კომერციული და არაკომერციული უძრავ-მოძრავი ქონება საჩუქრად, კერძოდ, 2013 წლის 4 თებერვალს მიწის ნაკვეთი ს/კ ......., რომელიც მანამდე იყო ქვის სამტვრევი საამქრო (კარიერი), ხოლო 2014 წლის 15 იანვარს - მიწის ნაკვეთები: ს/კ ...... და ......., რაც 2011 წელს მოსარჩელემ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად შეიძინა და მასში უკვე განხორციელებული ჰქონდა 140 000 ლარზე მეტი ინვესტიცია (აღნიშნული დასტურდება აუდიტორის მიერ ჩატარებული შეფასებით). იმ მომენტისთვის, მოსარჩელისათვის აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა ეკლესიისთვის არ წარმოადგენდა ტრაგედიას, რადგანაც მას გააჩნდა წილები სხვადასხვა კომპანიებში, ჰქონდა კარგი შემოსავალი და უკეთესი მომავლის იმედი. აღნიშნულს ასევე ამყარებდა მისი რელიგიური რწმენაც, რომ გაკეთებული სიკეთე აუცილებლად დაუფასდებოდა. 2016 წლის შემდგომ, მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ და სხვადასხვა პრობლემებმა გავლენა იქონია მოსარჩელის ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობაზე, ამას დაემატა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. იგი არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი (შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი), დღემდე ესაჭიროება სერიოზული მკურნალობა, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, აქვს ბანკების და სხვადასხვა პირთა მიმართ სოლიდური დავალიანება (ვალდებულება), მას პრაქტიკულად არ გააჩნია სათანადო სახსრები, რათა სრულად მოახდინოს შერყეული ჯამრთელობის მკურნალობა. წარდგენილი დეკლარაციებითა და შემოსავლების სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელის შემოსავალი შეადგენდა: 2010 წელს - 12 572 ლარს, 2011 წელს - 13.327.2 ლარს, 2012 წელს - 14.848 ლარს, 2013 წელს - 38.487 ლარს, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ხელფასის სახით - 2081 ლარს. შემდგომ, მას შემოსავალი არ მიუღია.

3. მოსარჩელის მითითებით, ყველა ღონე იხმარა, რათა დაეღწია თავი ფინანსურ-ეკონომიკური კოლაფსისათვის, თუმცა მას სათანადო დამხმარე არ ჰყავს, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს შესაძლებლობას, ძველებურად სათანადოდ იშრომოს. სადავო ქონების დაბრუნებას მხარისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ხოლო ეკლესიას აღნიშნულით არ დააზარალებს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2006 წლიდან მოსარჩელე მოღვაწეობდა ს.ს–ოს ჭ–ის ეპარქიაში. იგი ჯერ იყო სამორჩილე, ხოლო მოგვიანებით, ჭ–ის ეპარქიის მმართველის კურთხევით, მოხდა მისი ბერად აღკვეცა. ბერად კურთხევის სახელია ს–ი. ის კურთხევის შემდგომ მსახურობდა ჭ–ის ეპარქიაში და არანაირი ბიზნეს-საქმიანობა არ ჰქონია, რადგან, სჯულის კანონის მიხედვით, როგორც ბერს ეკრძალებოდა მომგებიანი საქმიანობის განხორციელება. ბერი ს–ი იყო ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც ეკლესიის სახელით, ეკლესიის ფინანსური სახსრებით იძენდა უძრავი ქონებას და უსასყიდლოდ, შეწირულობის ფორმით გადასცემდა ეკლესიას. მოგვიანებით მძიმე ცოდვის გამო, ჭ–ის ეპარქიის მმართველის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე განმოსეს და ეპარქიიდან გააძევეს.

5. მოპასუხემ მიუთითა, რომ ნებისმიერი საბანკო გარანტიისა თუ დამატებითი ფინანსური სახსერების მოძიება ხორციელდებოდა ეკლესიის დახმარებით და არა მოსარჩელის, როგორც ბიზნესმენის, მეშვეობით. სახელმწიფოფოსაგან შეძენილი უძრავი ქონება ....., ასევე ..... და ......., იყო ვალდებულებებით დატვირთული და სწორედ ს.ს–ოს ჭ–ის ეპარქიამ განახორციელა 500000 ლარის ღირებულების ინვესტიცია და ვალდებულების შესრულება. მოსარჩელემ ჭ–ის ეპარქიიდან 2015 წელს წასვლის შემდეგ, დაიწყო საერო ცხოვრება და დაბრუნდა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის ეკლესიაში მოვიდა, შესაბამისად, ის ვერანაირ ქონებას ვერ წაიღებდა, რადგან უძრავი ქონება სწორედ რომ ეკლესიის თანხებით იყო შეძენილი. მოსარჩელეს არანირი დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია და შესაბამისად მასზე დარიცხული თანხები მისი არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს ჭ–ის ეპარქიის ფინანსური სახსრები. შესაბამისად, არ გაუარესებულა მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა და არ არსებობს 2014 წლის 15 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების საფუძველი (იხ. შესაგებელი, ტ.1.ს.ფ.83-88).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე (ბერობის სახელი - ს–ი) 2006 წლიდან მოღვაწეობდა ს.ს–ოს ჭ–ის ეპარქიაში თავდაპირველად სამორჩილის სტატუსით, ხოლო მოგვიანებით ჭ–ის ეპარქიის მმართველის მიერ განხორციელდა მისი ბერად კურთხევა. დაახლოებით 2015 წელს მოსარჩელე კვლავ დაუბრუნდა საერო ცხოვრებას.

9. 2005 წლის 15 მარტიდან მოსარჩელეს დაუდგინდა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ და დაენიშნა სახელმწიფო ფულადი გასაცემელი, თვეში - 70 ლარი.

10. 2020 წლის 7 იანვარს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ფორმა №100ა ცნობის თანახმად, მოსარჩელეს აღენიშნება ძილის აპნოე.

11. 2015 წლის 12 დეკემბრის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100ა-ს თანახმად, მოსარჩელის დედას აღენიშნება ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, სოპოროზული მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია.

12. 2011 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (გამყიდველი) და მოსარჩელეს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეს ერთ ლარად გადაეცა საკუთრებაში.

13. ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტით, მყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გაცემულ ქონებაზე 30-ადგილიანი სასტუმროს აშენება და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელშიც ასევე განთავსებული იქნება ღვინის სახლი.

14. ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით, მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიცია. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების 3.1.2. და 3.1.3 პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, გამყიდველს წარუდგინოს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული პირის მიერ მომზადებული დასკვნა.

15. ს/კ ..... უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.

16. 2014 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2011 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

17. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანხმად, ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შედეგი რედაქციით: „3.1.2. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულების 1-ლი მუხლით გადაცემულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 30-ადგილიანი სასტუმროს აშენება (რომელშიც ასევე განთავსებული იქნება ღვინის სახლი) და მისი ექსპლუატაციაში მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

18. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.3 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1.3 მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

19. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.4 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მყიდველი“ ვალდებულია „ხელშეკრულების“ 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, „გამყიდველს“ წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს „საწაროებისათვის აუდიტორული ფინანსური ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, მყიდველის მიერ აუდიტორული/საექსპორტო დასკვნის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს თითოეული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან 30 კალენდარულ დღეში.“

20. 2014 წლის პირველ ოქტომბერს ცვლილება შევიდა 2011 წლის 26 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოაწერა, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, ხოლო, მეორე მხრივ, ს.ს.ა.მ.ე–ის წარმომადგენელმა.

21. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანხმად, ცვლილება განხორციელდა 2011 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლის თანახმადაც ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტი ჩამოყალიბდა შედეგი რედაქციით: „3.1.2. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 1-ლი ნოემბრამდე ხელშეკრულების 1-ლი მუხლით გადაცემულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 30 ადგილიანი სასტუმროს აშენება (რომელშიც ასევე განთავსებული იქნება ღვინის სახლი) და მისი ექსპლუატაციაში მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

22. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.3 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1.3 მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

23. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.4 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1.4. „მყიდველი“ ვალდებულია „ხელშეკრულების“ 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, „გამყიდველს“ წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს „საწაროებისათვის აუდიტორული ფინანსური ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისიწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, მყიდველის მიერ აუდიტორული/საექსპორტო დასკვნის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს თითოეული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან 30 კალენდარულ დღეში.“

24. ს.ს–ოსა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა მარტვილის რაიონის სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების ს/კ ......, ს/კ ..... და ს/კ ...... ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ჩუქების საგანი საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე ს.ს–ოს საკუთრებად.

25. მეწარმეთა და არასამეწრმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე ფლობს შპს „წ–ს“ წილის 25%-ს, შპს „მ.წ–ის“ წილის 50%-ს და რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

26. მარტვილის რაიონის სოფელ .......... საკრებულოს 2000-2005 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიით, ი.წ–იას ერიცხება სამეურნეო მიწის ფართი 0,25ჰა.

27. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 დეკემბრის ცნობის შესაბამისად, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის, როგორც ინდივიდუალური მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს 2356,57 ლარს. 2014, 2015, 2016 და 2017 წლების დეკლარაციების მიხედვით, მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე, 2018 წლის საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

28. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის ცნობის თანახმად, მოსარჩელე არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძებნაში.

29. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამშეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

31. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

32. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ არ დასტურდება ს.ს.ა.მ.ე–ათვის (ს.ს–ოსთვის) უძრავი ქონების ჩუქების შემდეგ მოსარჩელის იმგვარ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა, რაც შეუძლებელს ხდის, როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენას.

33. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავოდა უდავო ფაქტობრივი გარემოებები და გაანაწილოს მხარეთა შორისმტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-812-2022, 5 ოქტომბერი, 2022 წელი).

34. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნები ემყარება სსკ-ის 530-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება, რომ ჩუქების ხელშეკრულების შემდგომ მნიშვნელოვნად შეიცვალა მჩუქებლის ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც იგი მძიმე მდგომაროებაში აღმოჩნდა და ვეღარ ახერხებს საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენას. აღსანიშნავია, რომ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობა უნდა წარმოიშვას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩუქების მომენტისთვის. პალატამ ასევე მიუთითა, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისას გამოკვლეულ უნდა იქნეს ასევე ამავე მუხლით დადგენილი დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობა, როგორიცაა ჩუქების ხელშეკრულების ობიექტის რეალურად არსებობა.

35. საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების მიზნით, სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებები მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულია 2014 წლის 15 იანვარს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 დეკემბრის ცნობის თანახმად, კი 2014 წლის პირველი იანვრიდან მოსარჩელეს დასაბეგრი შემოსავალი აღარ უფიქსირდებოდა. შესაბამისად, ის ფინანსური მდგომარეობა, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების დროისთვის უკვე არსებობდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნისას მოსარჩელეს მართებს მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების დადასტურების ვალდებულება, რაც წარმოიშვა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ დგინდება.

36. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის არგუმენტზე, რომ მას დიდი შემოსავალი ჰქონდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა 140 000 ლარის ინვესტიცია მისთვის გადაცემულ ქონებაზე. აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით, პალატამ მიუთითა 2013 წლის 26 სექტემბრის მოსარჩელის განცხადებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მისამართით, სადაც განმცხადებელი მოახსენებს ჩატარებული სამუშაოების მოცულობის თაობაზე და ითხოვს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას იმ მოტივით, რომ „... შემაფერხებელი გარემოება არის ზუსტად ის არაგონივრული ვადა, რაც ხელშეკრულებით იქნა თავიდანვე გათვალისწინებული. ვადის დადგენისას გათვალისწინებული არ იქნა ინვესტიციის ოდენობა და რეგიონის კლიმატური პირობები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო თანხა ძირითადად დამოკიდებულია ჭ–ის ეპარქიის შემოწირულობებზე“.

37. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ 2011 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულებებს ასრულებდა შემოწირული თანხებით და არა მისი პირადი სახსრებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, რაც დაადასტურებდა მის მიერ საკუთარი სახსრებით 140 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. პალატამ აქვე მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 3 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნა წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულების შეფასების დოკუმენტს და არათანხის მოსარჩელის მიერ გაღების დამადასტურებელ მტკიცებულებას. აღნიშნული შეფასებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერც ზემოხსენებული არგუმენტაციით შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების დროისთვის მისი ფინანსური მდგომარეობა შემდგომ წლებში არსებული მდგომარეობისაგან განსხვავდებოდა.

38. რაც შეეხება სარჩელის წარგდენის დროისთვის არსებულ მოსარჩელის ფინანსურ მდგომარეობას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე ფლობს: შპს „წ–ს“ წილის 25%-ს, შპს „მ.წ–ის“ წილის 50%, იგი ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ აღნიშნულ საწარმოებს შემოსავალი და ბრუნვა არ გააჩნიათ. წარმოდგენილია მხოლოდ შპს „მ.წ–ის“ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ვერ იქნება საკმარისი აღნიშნული საწარმოს გადახდისუუნაროდ ცნობისა და მისი წილების ქონებრივი ღირებულების არარსებობის დასადგენად. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე აღნიშნული საწარმოებიდან შემოსავალს არ იღებს, აპრიორი არ გულისხმობს, რომ მათ წილებს ფასი არ აქვს და საწარმოები უფუნქციოდ არსებობს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ცნობის თანახმად, მარტვილის რაიონის სოფელ .......... საკრებულოს 2000-2009 წლების საკომლო წიგნში კომლის ერთადერთ წევრად ფიქსირდება მოსარჩელე, რომელსაც უფიქსირდება 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, დგინდება მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტი.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ განახორციელა იმ ფაქტობრივი მოცემულობის დადასტურება, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ მისი ფინანასური მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და არ შეუძლია როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.

40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხის მიმართ ემყარება სსკ-ის 530-ე მუხლის პირველ ნაწილს. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომლის პირობებშიც არ შეუძლია, საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში (იხ. სუსგ საქმე №ას-582-202, 114 ივლისი, 2021 წელი) ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლომ.

41. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ მისი ფინანასური მდგომარეობის იმდენად შეცვლა, რომ იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და არ შეუძლია როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. შესაბამისად, დადგინდა, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნების დამფუძნებელი ნორმის დადგენილი იმ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ელემენტის დადასტურება, რაც მისი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

42. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

43. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა და არ გასცა პასუხი სააპელაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს, რომელიც შეეხებოდა საქალაქო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებას და ისეთ გარემოებებზე მსჯელობას, რომელიც დავის საგანს არ წამოადგენდა. გაუგებარია, რატომ დააკისრა სასამართლომ მტკიცების ტვირთის 100% მოსარჩელეს და გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებები იმ საკითხებზე (მაგ. საინვესტიციო თანხის წარმომავლობაზე), რომელიც დავის საგანს სცდებოდა (არცერთი შეთანხმება და ხელშეკრულება სადაოდ არასდროს არ გამხდარა) და თავად საპატრიარქოს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.

44. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელი და გაუგებარია. მოსარჩელემ უდავოდ დაამტკიცა, რომ მას: 1. პრაქტიკულად არანაირი შემოსავალი არ აქვს; 2. ყველა ღირებული ქონება გაასხვისა ვალდებულებების გამო (კომპანიის წილებსაც გაასხვისებდა, მათში რომ ვინმე რამეს იხდიდეს); 3. მძიმე ჯამრთელობის მდგომარეობა აქვს მას და მისი ოჯახის წევრებს და ესაჭიროებათ საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობა. აღნიშნული ყველა გარემოება სასამართლომ უდავოდ მიიჩნია. მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი საპირისპირო მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზე დაყრდნობით დაასკვნა სააპელაციო სასამართლომ, რომ არ დასტურდება მოპასუხისათვის უძრავი ქონების ჩუქების შემდეგ მოსარჩელის იმგვარ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა, რაც შეუძლებელს ხდის, როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენას.  

45. ის ფაქტები, რომ: კასატორს დღემდე საკმარისი შემოსავალი აქვს, რათა თავი ირჩინოს; 140 000 ინვესტიცია (რომელსაც დავისთვის არებითად მნიშნელობა არ აქვს, მოსარჩელემ როგორ განახორციელა) ეკლესიის თანხას წარმოადგენდა და არა მოსაჩელის მიერ მოძიებულს; კომპანიების წილების, რომლებსაც მოსარჩელე ფლობს რაიმე ღირებულება აქვს (აქტის წარმოადგენს და არა პასივს) და ა.შ. აღნიშნული ყველა გარემოება სწორედაც მოპასუხის სამტკიცებელი იყო, რა მიზნითაც მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მტკიცების ტვირთის მსგავსი გადანაწილებით ფიზიკურად შეუძლებელია, მოსარჩელემ სასამართლოში რაიმე დავა მოიგოს და სრულიად ილახება შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგანაც გამოდის, რომ მოსარჩელეც და მოპასუხეც ერთი და იგივე მხარეა.

46. კასატორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის მსგავსად, სააპელაციო სასამართლომაც არასწორად არ დაადგინა ის ფაქტი, რომ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. სააპელაციო სასამართლომაც არასწორად არ მიიჩნია დადგენილად და მოცემულ დავისთვის მნიშნელობის არ მქონედ ის გარემოება, რომ აპელანტის მიერ უძრავი ქონების (ერთ ლარად) შეძენის შემდგომ მის მიერ განხორციელედა 140 000 ლარის სამუშაოები. მოწინააღმდეგე მხარის მიერ არასდროს გამხდარა სადავოდ და არც ამ დავის ფარგლებში ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებდა აღნიშნული ინვესტიციის კასატორის მხრიდან განხორციელებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემულ დავაში სადავოდ იყო გამხდარი აპელანტის ფინანსურ/მატერიალური მდგომარეობის გაუარესების საკითხი და არა ინვესტიციათა განხორციელება/არ განხორციელება.

47. მოპასუხეს აღნიშნული საკითხი რომ სადაოდ გაეხადა, კასატორი (მოსარჩელე) წარადგენდა სათანადო მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 140 000 ლარის ინვესტიცია მის მიერ იქნა მოძიებული და განხორციელებული და მოპასუხეს ამ თანხის გადახდაში წვლილი არ მიუძღვის. მოცემულ დავასთან კავშირი არ გააჩნია იმას, მოსარჩელემ ინვესტიცია პირადად განახორციელა (საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხა), თუ თავისი კავშირებით მოიზიდა თანხა და დაბაანდა პროექტში. მოცემულ დავისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა 140 000-ლარიან ინვესტიციას და აღნიშნული ქონება მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა.

48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

49. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

51. მოსარჩელე (ბერობის სახელი - ს–ი) 2006 წლიდან მოღვაწეობდა ს.ს–ოს ჭ–ის ეპარქიაში თავდაპირველად სამორჩილის სტატუსით, ხოლო მოგვიანებით ჭ–ის ეპარქიის მმართველის მიერ განხორციელდა მისი ბერად კურთხევა. დაახლოებით 2015 წელს მოსარჩელე კვლავ დაუბრუნდა საერო ცხოვრებას.

52. 2005 წლის 15 მარტიდან მოსარჩელეს დაუდგინდა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ და დაენიშნა სახელმწიფო ფულადი გასაცემელი, თვეში - 70 ლარი.

53. 2020 წლის 7 იანვარს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ფორმა №100ა ცნობის თანახმად, მოსარჩელეს აღენიშნება ძილის აპნოე.

54. 2015 წლის 12 დეკემბრის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100ა-ს თანახმად, მოსარჩელის დედას აღენიშნება ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, სოპოროზული მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია.

55. 2011 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (გამყიდველი) და მოსარჩელეს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეს ერთ ლარად გადაეცა საკუთრებაში.

56. ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტით, მყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გაცემულ ქონებაზე 30-ადგილიანი სასტუმროს აშენება და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელშიც ასევე განთავსებული იქნება ღვინის სახლი.

57. ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით, მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიცია. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების 3.1.2. და 3.1.3 პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, გამყიდველს წარუდგინოს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული პირის მიერ მომზადებული დასკვნა.

58. ს/კ ...... უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.

59. 2014 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2011 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

60. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანხმად, ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შედეგი რედაქციით: „3.1.2. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულების 1-ლი მუხლით გადაცემულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 30-ადგილიანი სასტუმროს აშენება (რომელშიც ასევე განთავსებული იქნება ღვინის სახლი) და მისი ექსპლუატაციაში მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

61. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.3 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1.3 მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

62. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.4 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მყიდველი“ ვალდებულია „ხელშეკრულების“ 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, „გამყიდველს“ წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს „საწაროებისათვის აუდიტორული ფინანსური ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, მყიდველის მიერ აუდიტორული/საექსპორტო დასკვნის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს თითოეული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან 30 კალენდარულ დღეში.“

63. 2014 წლის პირველ ოქტომბერს ცვლილება შევიდა 2011 წლის 26 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოაწერა, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, ხოლო, მეორე მხრივ, ს.ს.ა.მ.ე–ს წარმომადგენელმა.

64. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანხმად, ცვლილება განხორციელდა 2011 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლის თანახმადაც ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტი ჩამოყალიბდა შედეგი რედაქციით: „3.1.2. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 1-ლი ნოემბრამდე ხელშეკრულების 1-ლი მუხლით გადაცემულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 30 ადგილიანი სასტუმროს აშენება (რომელშიც ასევე განთავსებული იქნება ღვინის სახლი) და მისი ექსპლუატაციაში მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

65. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.3 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1.3 მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

66. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.4 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1.4. „მყიდველი“ ვალდებულია „ხელშეკრულების“ 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, „გამყიდველს“ წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს „საწაროებისათვის აუდიტორული ფინანსური ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისიწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, მყიდველის მიერ აუდიტორული/საექსპორტო დასკვნის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს თითოეული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან 30 კალენდარულ დღეში.“

67. ს.ს–ოსა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა მარტვილის რაიონის სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების ს/კ ......., ს/კ ....... და ს/კ ...... ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ჩუქების საგანი საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე ს.ს–ოს საკუთრებად.

68. მეწარმეთა და არასამეწრმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე ფლობს შპს „წ–ს“ წილის 25%-ს, შპს „მ.წ–ის“ წილის 50%-ს და რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

69. მარტვილის რაიონის სოფელ .......... საკრებულოს 2000-2005 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიით, ი.წ–იას ერიცხება სამეურნეო მიწის ფართი 0,25ჰა.

70. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 დეკემბრის ცნობის შესაბამისად, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის, როგორც ინდივიდუალური მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს 2356,57 ლარს. 2014, 2015, 2016 და 2017 წლების დეკლარაციების მიხედვით, მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე, 2018 წლის საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის ცნობის თანახმად, მოსარჩელე არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძებნაში.

72. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი (მოსარჩელე) არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას და მიიჩნია, რომ სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უკანონოდ დაეკისრა, ამავდროულად, მოსარჩელემ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინა ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისათვის.

73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

75. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე RuizTorija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე SeryavinandOthers v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; VandeHurk v. theNetherlands, § 59; Perez v. France, § 80.).

77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

78. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 530-ე მუხლი (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და აღარ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი ამ მდგომარეობაში.).

79. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

80. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

81. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

82. კასატორი (მოსარჩელე) პრეტენზიას აცხადებს, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ არ არსებობს სსკ-ის 530-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების გაუქმების საფუძველი, ასევ არასწორად გაანაწილა მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი (იხ. საკასაციო საჩივარი).

83. განსახილველ საქმეში, რამდენადაც მხარეებს შორის სადავოა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების არსებობა, ამიტომაც საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შესაბამის საკანონმდებლო დანაწესებზე:

84. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას. იგი განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (შდრ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012).

85. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას. ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ გააჩნია. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება.

86. სსკ-ის 530-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში, თუმცა გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება მოსთხოვოს. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1067-1006-2015, 29 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).

87. გერმანული სამართლის მსგავსად, ქართულ სინამდვილეშიც გაჩუქებული ქონების დაბრუნება ხდება უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე. „ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ნივთის კვლავ მჩუქებლის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 530-ე, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს, ამასთან სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი შესრულებული იქნება ამ ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობები და დავაზე არ გამოიკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველი ან შემაფერხებელი გარემოებები“ (სუსგ №ას-572-572-2018, 28 თებერვალი, 2019, პ.7; იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ჩუქება და სამისდღეშიო რჩენა, თბილისი, 2018, გვერდი 512).

88. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

89. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

90. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი- ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

91. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

92. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

93. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი. ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.4-5).

94. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.

95. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

96. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცების წესის დარღვევა მხარეთათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

97. განსახილველ შემთხვევაში მჩუქებელმა უნდა დაადასტუროს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა ისეთ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, როდესაც არ შეუძლია თავის ან მის კმაყოფაზე არსებული პირების რჩენა და ასეთი მდგომარეობა მისი ბრალით არ არის გამოწვეული (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2022 30.09.2022 წელი).

98. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების მიზნით, სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებები მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულია 2014 წლის 15 იანვარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 დეკემბრის ცნობის თანახმად, კი 2014 წლის პირველი იანვრიდან მოსარჩელეს დასაბეგრი შემოსავალი აღარ უფიქსირდებოდა. შესაბამისად, ის ფინანსური მდგომარეობა, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების დროისთვის უკვე არსებობდა. სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნისას მოსარჩელეს მართებს მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების დადასტურების ვალდებულება, რაც წარმოიშვა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის არგუმენტზე, რომ მას დიდი შემოსავალი ჰქონდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა 140 000 ლარის ინვესტიცია მისთვის გადაცემულ ქონებაზე. აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით, პალატამ მიუთითა 2013 წლის 26 სექტემბრის მოსარჩელის განცხადებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მისამართით, სადაც განმცხადებელი მოახსენებს ჩატარებული სამუშაოების მოცულობის თაობაზე და ითხოვს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას იმ მოტივით, რომ „... შემაფერხებელი გარემოება არის ზუსტად ის არაგონივრული ვადა, რაც ხელშეკრულებით იქნა თავიდანვე გათვალისწინებული. ვადის დადგენისას გათვალისწინებული არ იქნა ინვესტიციის ოდენობა და რეგიონის კლიმატური პირობები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო თანხა ძირითადად დამოკიდებულია ჭ–ის ეპარქიის შემოწირულობებზე“. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ 2011 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულებებს ასრულებდა შემოწირული თანხებით და არა მისი პირადი სახსრებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, რაც დაადასტურებდა მის მიერ საკუთარი სახსრებით 140 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. პალატამ აქვე მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 3 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნა წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულების შეფასების დოკუმენტს და არათანხის მოსარჩელის მიერ გაღების დამადასტურებელ მტკიცებულებას. აღნიშნული შეფასებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერც ზემოხსენებული არგუმენტაციით შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების დროისთვის მისი ფინანსური მდგომარეობა შემდგომ წლებში არსებული მდგომარეობისაგან განსხვავდებოდა. რაც შეეხება სარჩელის წარგდენის დროისთვის არსებულ მოსარჩელის ფინანსურ მდგომარეობას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე ფლობს: შპს „წ–ს“ წილის 25%-ს, შპს „მ.წ–ის“ წილის 50%, იგი ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ აღნიშნულ საწარმოებს შემოსავალი და ბრუნვა არ გააჩნიათ. წარმოდგენილია მხოლოდ შპს „მ.წ–ის“ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ვერ იქნება საკმარისი აღნიშნული საწარმოს გადახდისუუნაროდ ცნობისა და მისი წილების ქონებრივი ღირებულების არარსებობის დასადგენად. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე აღნიშნული საწარმოებიდან შემოსავალს არ იღებს, აპრიორი არ გულისხმობს, რომ მათ წილებს ფასი არ აქვს და საწარმოები უფუნქციოდ არსებობს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ცნობის თანახმად, მარტვილის რაიონის სოფელ .......... საკრებულოს 2000-2009 წლების საკომლო წიგნში კომლის ერთადერთ წევრად ფიქსირდება მოსარჩელე, რომელსაც უფიქსირდება 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, დგინდება მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ განახორციელა იმ ფაქტობრივი მოცემულობის დადასტურება, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ მისი ფინანასური მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და არ შეუძლია როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.

99. საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ჩუქება კანონით ნებადართული ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, რომელიც მხარეთა ნების ავტონომიის პირობებში შეიძლება დაიდოს. მიუხედავად ჩუქების უსასყიდლო და უანგარო ხასიათისა, მჩუქებელმა უნდა გაითვალისწინოს მისი მხრიდან ნების გამოხატვის იურიდიული შედეგები და მხედველობაში მიიღოს, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნებას, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის გარეშე, ვერ შეძლებს. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მჩუქებლის ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ. მჩუქებლის ქონებრივი სირთულეები, რომელიც ჩუქების მომენტშიც არსებობდა, აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმებას ვერ გამოიწვევს. (შდრ:. საქმე №ას-582-2021 14.07.2021 წელი, პ.17, პ.52).

100. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ მისი ფინანასური მდგომარეობის იმდენად შეცვლა, რომ იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და არ შეუძლია როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. შესაბამისად, მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნების დამფუძნებელი ნორმის დადგენილი იმ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ელემენტის დადასტურება, რაც მისი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

101. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

102. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

103. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

104. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

105. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.წ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე