საქმე №ას-501-2022 24 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.პ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.პ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 43 370 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე მ.პ–ი იცავდა მოპასუხე ლ.კ–ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით ლ.კ–ი ცნობილია უდანაშაულოდ და იმავე დღეს გათავისუფლდა პატიმრობიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განაჩენი; ლ.კ–მა უკანონო პატიმრობის გამო სარჩელით მიმართა სასამართლოს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; ამან განაპირობა მხარეებს შორის 2013 წლის 6 აგვისტოს ,,სამართლებრივი დახმარების შესახებ“ ხელშეკრულების და 2013 წლის 28 ოქტომბერს ამავე ხელშეკრულების დანართის გაფორმება, რომელსაც ორივე მხარემ ხელი მოაწერა.
აღნიშნული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ.პ–ი ლ.კ–ს გაუწევდა საადვოკატო მომსახურებას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ხოლო კლიენტი კისრულობდა ვალდებულებას, დავალების შესასრულებლად ადვოკატს გადაუხდიდა ჰონორარს 40 000 (ორმოცი ათას) ლარს, ხოლო საქმის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მიღებული თანხის 10%-ს. მოსარჩელის მითითებით, მან, როგორც ადვოკატმა, მოპასუხე კლიენტის დავალება შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, მოამზადა სარჩელი და ყველა ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა დავის განხილვაში. კლიენტს აუნაზღაურდა უკანონო პატიმრობით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი, თუმცა კლიენტი უარს აცხადებს შეთანხმებული გასამრჯელოს გადახდაზე, ამიტომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა სარჩელით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის - 40 000 ლარის და საქმის დადებითად გადაწყვეტის 10%-ის, სულ 43 370 ლარის ანაზღაურება მოითხოვა;
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე ლ.კ–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხემ მიუთითა, რომ სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულების 5.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადვოკატისთვის გადასახდელი გასამრჯელო უნდა დაანგარიშებულიყო სასამართლო დავის შედეგად მიღებული თანხის 10%-ით (საქმის დადებითად გადაწყვეტის 10%), ამიტომ ამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნას დაეთანხმა სრულად. რაც შეეხება ხელშეკრულების 3.1. პუნქტის საფუძველზე ჰონორარის - 40 000 ლარის მოთხოვნას, მოპასუხე ამ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მის მიერ ხელმოწერილ სამართლებრივი დახმარების შესახებ 2013 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებით არ შეთანხმებულან, რომ ადვოკატს გადაუხდიდა ჰონორარს - 40 000 ლარს, ხელშეკრულების 3.1. პუნქტში ,,ჰონორარის“ ოდენობის გრაფაში გასმულია ტირე, ხოლო თანხა - 40 000 ლარი მოსარჩელემ მოგვიანებით თვითნებურად მიაწერა, ამიტომ ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი გაყალბებულია მოსარჩელის მიერ, ისევე, როგორც - 2013 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული ე.წ. ,,ხელშეკრულების დანართი“, რომელიც მხარეებს შორის საერთოდ არ გაფორმებულა, ადვოკატმა მას ცარიელ ფურცლებზე მოაწერინა ხელი, რაც შემდეგ ,,ხელშეკრულების დანართის" შესადგენად გამოიყენა კლიენტისგან თანხის ამოღების მიზნით;
3.2. მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულების სადავო პუნქტისა და დანართის ნამდვილობის პირობებშიც კი ადვოკატისთვის ამ ოდენობით ჰონორარის გადახდის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ადვოკატს დავალება ჯეროვნად არ შეუსრულებია, მან სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა 5 228 300 ლარის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ 39 700 ლარის მოთხოვნა, რაც ადვოკატის მიერ მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში არასწორად წარდგენილი დოკუმენტებით იყო განპირობებული. ამასთან, მოპასუხის მითითებით, ადვოკატის მიერ ჰონორარის სახით უფრო მეტი ოდენობით თანხის მოთხოვნა, ვიდრე დაზარალებულს სახელმწიფომ აუნაზღაურა, უკანონო და ამორალურია, ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილებას დაეთანხმა მხოლოდ საქმის დადებითად გადაწყვეტის 10%-ს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 132-141).
4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა:
4.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ლ.კ–სა და მ.პ–ს შორის 2013 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება, კერძოდ, 3.1. პუნქტის მინაწერი ,,40 000 ლარი“ და 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების დანართი სრულად;
4.2. შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით ლ.კ–ი ცნობილია უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. სისხლის სამართლის საქმეში ლ.კ–ის უფლებებს იცავდა ადვოკატი მ.პ–ი. გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მან მოიპოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების უფლება. ამ მიზნით 2013 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება კლიენტს - ლ.კ–სა და ადვოკატ მ.პ–ს შორის. 2013 წლის 1 ნოემბერს ლ.კ–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 5 მილიონი ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 228 300 ლარის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლ.კ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა მორალური ზიანის - 6000 ლარის , ხოლო მატერიალური ზიანის - 33 700 ლარის ანაზღაურება.
4.3. ლ.კ–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ამასთან, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომ ადვოკატის მომსახურებისთვის თანხის გადახდის მატერიალური საშუალება არ გააჩნდა, რის გამოც მ.პ–ის წინადადებით, 2013 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულება გააფორმეს შემდეგი პირობებით: ადვოკატი მოამზადებდა სარჩელს, ყველა ინსტანციაში გაუწევდა მას იურიდიულ დახმარებას, ხოლო საქმეზე დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხდიდა მიღებული თანხის 10%-ს. შეგებებული მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ ხელშეკრულებაში, ,,ჰონორარის“ გრაფაში გასმულია ტირე, იმიტომ, რომ მხარეები საქმის დადებითი შედეგის 10%-ის გარდა, სხვა ჰონორარის გადახდაზე არ შეთანხმებულან. სადავო 3.1. პუნქტში თანხა 40 000 ლარი მ.პ–მა მოგვიანებით თვითნებურად მიაწერა. რაც შეეხება 2013 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებულ ე.წ. ,,ხელშეკრულების დანართს“, შეგებებული მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის ასეთი შინაარსის შეთანხმება საერთოდ არ გაფორმებულა. ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის მომზადების პერიოდში მ.პ–მა უთხრა, რომ სუფთა ფურცლებზე მოეწერა ხელი, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ხასიათის დოკუმენტების გამოსათხოვად ესაჭიროებოდა. ვინაიდან ენდობოდა ადვოკატს, მან ხელი ცარიელ ფურცლებზე მოაწერა, თუმცა შემდეგ ადვოკატმა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების დანართის შესადგენად გამოიყენა კლიენტისგან თანხის ამოღების მიზნით, რაც მისთვის 2017 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, როდესაც მ.პ–მა ჰონორარის მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს.
4.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების სადავო პუნქტისა და დანართის ნამდვილობის პირობებშიც კი მისთვის 40 000 ლარის ჰონორარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ადვოკატს დავალება ჯეროვნად არ შეუსრულებია. იგი ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში არ იღებდა მონაწილეობას 2016 წლის 21 სექტემბრისა და 12 ოქტომბრის სხდომებზე, ამიტომ ლ.კ–ს მარტო მოუხდა საკუთარი ინტერესების დაცვა. ამასთან, წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელით და სასამართლო განხილვების დროს მ.პ–ი საადვოკატო მომსახურების თანხის - 40 000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა არა მისგან (კლიენტისგან), არამედ სარჩელის პროცესუალური მოწინააღმდეგისგან, რითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები არ შეთანხმებულან კლიენტის მიერ ადვოკატისთვის ჰონორარის - 40 000 ლარის გადახდაზე (ტომი II, ს.ფ. 28 ).
5. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
5.1. მ.პ–მა წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მიუთითა, რომ ლ.კ–ი სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების ყველა პუნქტს, მათ შორის - იურიდიული მომსახურების გასამრჯელოს ოდენობის აღმნიშვნელ სადავო პუნქტსა და ხელშეკრულების დანართს იცნობდა, ეთანხმებოდა შინაარს და გაცნობიერებულად მოაწერა ხელი.
5.2. მოპასუხის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი გადასცა ლ.კ–ს, საიდანაც მან თვითონვე გადაიღო ასლი და დაურთო 2013 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ ადმინისტრაციულ სარჩელს და სასამართლო სხდომებზეც სარჩელის მოთხოვნას დაუჭირა მხარი. აღნიშნული სარჩელით კი მოსარჩელე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ადვოკატის გასამრჯელოს თანხის, მათ შორის - მ.პ–ის ჰონორარის - 40 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებასაც მოითხოვა, ამიტომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მტკიცება, რომ 2013 წლის 6 აგვისტოს სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების სადავო პუნქტსა და 2013 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებაზე მისთვის 2017 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. შეგებებული სარჩელის მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულების გაფორმების დროს 3.1. პუნქტში ჰონორარის ოდენობის გრაფაში ტირე გაუსვა და ჰონორარის თანხა გვერდით კალმით მიაწერა, იმის გამო, რომ 3.1. პუნქტის შინაარსი ითვალისწინებს კლიენტის ვალდებულებას, ჰონორარი გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. კლიენტს კი ხელშეკრულების გაფორმების დროს ჰონორარის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამიტომ, კლიენტთან შეთანხმებით, ჰონორარის ადგილზე გაუსვა ტირე და გადასახდელი ჰონორარის ოდენობა გვერდით კალმით მიაწერა, რითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლიენტი ჰონორარს გადაიხდიდა დავის დასრულების შემდეგ. რაც შეეხება ხელშეკრულების დანართს, შეგებებული სარჩელის მოპასუხის მითითებით, ვინაიდან ჰქონდა მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობა, რაც უფლებას აძლევდა მარწმუნებლის სახელით განეხორციელებინა ნებისმიერი ქმედება, მათ შორის - გამოეთხოვა ინფორმაცია, დაუსაბუთებელია მტკიცება, თითქოსდა მან გამოიყენა კლიენტის ხელმოწერილი ცარიელი ფურცელი და შექმნა ყალბი დანართი (ტ.III, ს.ფ. 7).
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით - მ.პ–ის სარჩელი ლ.კ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ლ.კ–ს მ.პ–ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრა 11 910 ლარის გადახდა. მ.პ–ს უარი ეთქვა ლ.კ–ისთვის 31 460 ლარის დაკისრებაზე. მ.პ–ის მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ლ.კ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით - მ.პ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ლ.კ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ.კ–ს მ.პ–ის მიმართ დაეკისრა 3 970 ლარის გადახდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება სრულად შემდეგი საფუძვლებით:
8.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ფაქტების დამახინჯებით განმარტების უსამართლო შედეგი. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების არასწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე.
8.2. კასატორის განმარტებით, ლ.კ–მა მიიღო პროკურატურისთვის დაკისრებული თანხა, თუმცა, თანხა არ გადაუხდია ადვოკატისთვის, ე.ი. როგორც კი ლ.კ–მა თანხის ნაწილი მიიღო და მის განკარგვას შეუდგა, ადვოკატის წინაშე არსებული ვალდებულება არ შეასრულა, ადვოკატმა აღძრა სარჩელი და მოითხოვა, როგორც მის მიერ გაწეული შრომის ჰონორარი 40 000 ლარი, ისე - მოგებული თანხის ნაწილი. ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოში იბრძოლა, სამივე ინსტანციაში გაამართლა კ–ი, რაშიც მას სათანადო ჰონორარი არ მიუღია, ამის შემდეგ სამი ინსტანციით იდავა ადმინისტრაციულ საქმეზე, მათ შორის იყო საქმის უზენაესი სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნების ეტაპიც, ადვოკატის ბრძოლა კ–თვის გაგრძელდა 5 წელი, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და დანართის არასწორი, ადვოკატის დამჩაგვრელი განმარტებაა. ხელშეკრულებაშიც და ხელშეკრულების დანართშიც გარკვევითაა მითითებული ხელმომწერ პირთა გამოხატული ნება, რომელიც მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
8.3. კასატორის შეფასებით, რეალობის საწინააღმდეგოდ აქვს სასამართლოს გაგებული ხელშეკრულების დანართი. იგი განიხილა, როგორც ხელშეკრულებისგან მოწყვეტილი, განყენებული დოკუმენტი, რომელმაც თითქოს ხელშეკრულების პირობა შეცვალა, არადა მასში არ არის ტექსტი, რომელიც ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება ან ცვლის მას. ხელშეკრულების 3.1 პუნქტში განსაზღვრულია კლიენტის ვალდებულება, გადაიხადოს 40 000 ლარი ჰონორარის სახით, ხოლო 5.1. პუნქტში დადგენილია დამატებით წარმატების ჰონორარი 10% დადებითი შედეგისას. ხელშეკრულების დანართშიც იმავე შინაარსის ტექსტია გამეორებული, კერძოდ, სახელმწიფოსგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, ადვოკატს ჰონორარის სახით გადაუხდის 40 000 ლარს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილებისას - დამატებით აუნაზღაურებს მიღებული თანხიდან 10%-ს. ტექსტებს შორის აცდენა ან შინაარსის შეცვლა არ ვლინდება. მ.პ–მაც განმარტა სასამართლოს შეკითხვაზე, რომ ლ.კ–ის ოჯახს იმ დროს თანხა არ ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით, სახელმწიფოს კ–თვის 1 ლარიც რომ აენაზღაურებინა, ეს ნიშნავდა მისთვის, როგორც ადვოკატისთვის, ჰონორარის გადახდას. ლ.კ–ს სახელმწიფომ ანაზღაურების მიზნით თანხა ჩაურიცხა, თუმცა, ამ უკანასკნელმა მ.პ–ს არაფერი გადაუხადა.
8.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ 10%-ც და 40 000 ლარიც წარმატებას უკავშირდებოდა. დანართის ტექსტში ზემოაღნიშნული გამიჯვნა 40 000 ლარსა და 10% -ს შორის იყო, ის რომ 40 000 ცალკე ასანაზღაურებელი თანხა იყო, ხოლო წარმატების ჰონორარი იყო იმ ეტაპისთვის განუჭვრეტელი თანხის 10%. მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფომ ზიანი აუნაზღაურა, რაც ნიშნავს, რომ 40 000 ლარის გადახდის ვალდებულება მას უკვე წარმოეშვა, რაც შეეხება 10%-ს, ეს თანხა გამოითვლებოდა მოგებული თანხიდან.
8.5. კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულება არავის გაუუქმებია და მასშიც 40 000 მომსახურების თანხად არის მითითებული და 10% წარმატების ჰონორარად. ხელშეკრულების დანართი კი უბრალოდ იმის მეტყველია, რომ ჰონორარის გადახდას ვერ ახერხებდა ლ. კ–ი და გადაიხდიდა ანაზღაურების შემდეგ. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ რადგან მოპასუხემ (ძირითადი სარჩელით) 40 000 ლარზე ნაკლები თანხა მიიღო სახელმწოფოსგან, უსამართლოა, ამაზე დიდი თანხა მიიღოს ადვოკატმა. ეს მიდგომა კი მცდარი და ადვოკატის სტატუსის დამაკნინებელია. ადვოკატი ჰონორარს იღებს საქმიანობისთვის და არა დაცვის ქვეშ მყოფის კმაყოფილების შესაბამისად ან მისი სარგებლის პროპორციულად. პრაქტიკულად, სააპელაციო პალატამ თქვა, რომ ლ. კ. სარჩელის დაუკმაყოფილებლობისას, მ. პ–ი ვერ მიიღებდა ვერც წარმატების ჰონორარს 10%-ის სახით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
კასატორის მითითებით, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ადვოკატის ჰონორარის სადავო თანხის ოდენობით გადახდის თაობაზე შეთანხმება. თანხის ოდენობის საკითხი შეიძლება გახდეს დავის საგანი, თუმცა, უკვე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ექცევა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, რაც სასყიდლიანია, შესაბამისად, წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ უნდა მოემსახუროს მარწმუნებელს, მცდარია. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დგინდება, რომ მ. პ–ი უსასყიდლოდ უნდა მომსახურებოდა ლ.კ–ს და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიეღო წარმატების ჰონორარი - 10%, თუკი დავა გამარჯვებით დასრულდებოდა.
8.6. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესმა სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაზე Nას-1283-2018 და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელითა და ადმინისტრაციული სასამართლო პროცესებით სწორედ ის არის დადასტურებული, რომ მხარეთა შორის 40 000 ლარი იყო მყარად შეთანხმებული საადვოკატო მომსახურების თანხა, რომელიც პროკურატურისთვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის არათუ სრულ დაკისრებაზე არ იყო დამოკიდებული, არამედ საერთოდ არ განაპირობებდა დაკისრებას, ვინაიდან სარჩელითაც და თავად ლ.კ– განმარტებითაც უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება, რომ ეს 40 000 იყო მყარად განსაზღვრული თანხა, რომელიც მ.პ–ისთვის კ–ს უნდა გადაეხადა უკვე გაწეული მომსახურებისთვის და მიმდინარე ადმინისტრაციული დავისთვის მყარად განსაზღვრული თანხის სახით და ამ თანხის გადახდა წარმატებაზე არ იყო დამოკიდებული.
სააპელაციო პალატა მხარის (ლ. კ.) პოზიციასაც კი ასცდა და განმარტა ის, რაც მხარის განმარტებას სცილდებოდა სრულად. კ–ი 40 000 ლარის გაბათილებას ცდილობდა დოკუმენტებზე ხელის მოწერის შემდეგ ხელშეკრულებაში ჩანაწერის შესრულებით, დანართზე კი აცხადებდა, ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი და შემდეგ ჩაწერეს ტექსტი. თავად კ–ს არ უთქვამს ის, რაც პალატამ თქვა, რომ 40 000 ლარის გადახდა დამოკიდებული იყო სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
კასატორის განმარტებით, მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი.
8.7. გარდა გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული უსწორობებისა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.11.2017 წლის განჩინებით, მოსარჩელე მ.პ–ს დაევალა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით 6 966,1 ლარის თანხის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე განთავსება. მ.პ–მა დავალება შეასრულა, თუმცა, არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა განჩინების გაუქმების თაობაზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
11.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრების არარსებობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ:
11.3. მოპასუხე ლ.კ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გამამართლებელი განაჩენით ცნობილია უდანაშაულოდ და პატიმრობიდან სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის განაჩენი;
11.4. 2013 წლის 6 აგვისტოს ლ.კ–სა (კლიენტს) და მ.პ–ს (ადვოკატს) შორის გაფორმდა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა უკანონოდ დაპატიმრების გამო მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სარჩელის მომზადება და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ადვოკატმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე კლიენტისათვის გაეწია სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო საქმეზე, ყველა ინსტანციის სასამართლოში. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, კლიენტმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ადვოკატისათვის გადაეხადა ჰონორარი - 40 000 ლარი. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, საქმეზე დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, კლიენტს ადვოკატისათვის უნდა გადაეხადა მოგებული თანხის 10%.
11.5. 2013 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით გაფორმებული განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ლ.კ–მა (მარწმუნებელმა) მ.პ–ს (რწმუნებულს) მიანიჭა არაერთი უფლება, მათ
შორის, - დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესი, როგორც ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე - ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
11.6. 2013 წლის 28 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულების დანართი, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ვინაიდან ლ.კ–ის ოჯახი იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, მას არ შეეძლო ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ამასთან, მას უფლება ჰქონდა, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მატერიალური და მორალური ზიანი. „ანაზღაურების შემთხვევაში“, იგი ადვოკატს გადაუხდიდა 40 000 ლარს, ხოლო საქმის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დამატებით აუნაზღაურებდა მიღებული თანხის 10%-ს.
11.7. 2013 წლის 1 ნოემბერს ლ.კ–მა (ადვოკატი - მ.პ–ი) ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ და უკანონოდ დაპატიმრების გამო მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, კერძოდ, სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 5 მილიონი ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 228 300 ლარის დაკისრება მოითხოვა.
11.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.კ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 6000 ლარის ანაზღაურება, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით - საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ლ.კ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კასატორ ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - ლ.კ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.კ–ის სარჩელი მთავარი პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 228 300 ლარის ანაზღაურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, კასატორის - საქართველოს მთავარ პროკურატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, ლ.კ–ის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 33 700 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
11.9. საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ ლ.კ–ის მიერ აღძრული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან მატერიალურ და მორალურ ზიანთან ერთად, ასევე, ითხოვდა „დამცველებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებას 60 000 (40 000+20 000) ლარის ოდენობით. ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ დაკმაყოფილდა, იმ არგუმენტაციით, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
11.10. დადგენილია, რომ დავალების შესაბამისად, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული სარჩელი შეადგინა და ყველა ინსტანციის სასამართლოში ლ.კ–ის ინტერესები დაიცვა ადვოკატმა
მ.პ–მა;
11.12. 2013 წლის ივნისში ლ.კ–მა მ.პ–ს გადაუხადა იურიდიული მომსახურების საფასური - 250 ლარი. სხვა ანაზღაურება ადვოკატს კლიენტისგან არ მიუღია.
12. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს (ძირითადი სარჩელით) მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დაკისრება.
13. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის თანხის დაკისრება გამომდინარეობს, როგორც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან, ასევე, დავალების ნორმებიდან (სსკ-ის 709-710-ე მუხლები).
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (იხ.დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, 427.) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის საქმე Nას-894-2021 განჩინება).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება (იხ. სუსგ Nას-29-2021, 28.05.2021 წ.).
სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომ, კანონით გადამწყვეტია “ნების გონივრული განსჯა”, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის №ას-27-2019 განჩინება).
16. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 11.3-11.12 ქვეპუნქტებში ასახულ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე დაყრდნობით არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, აღნიშნული უნდა დადგინდეს მხარეთა ნების გამოვლენის გონივრულობის გათვალისწინებით, რომ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოწესრიგებიდან გამომდინარე, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების /რომელიც სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს/ შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება (აპეკ - ის 8.6 მუხლის მიხედვით, „ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ“), რაც კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილე კონტაჰენტთა იმთავითვე პრეზუმირებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს (სსკ-ის მე-8.3 მუხლი). აპეკ-ის 8.8 მუხლის თანახმად, კი ჰონორარის ოდენობა და მისი გამოანგარიშების წესი წინასწარ ცნობილი და მისაღები უნდა იყოს კლიენტისათვის. საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf) (შეად.სუსგ-ებს: Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ; Nას-1117-2020, 25.03.2021წ.).
17. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა, რომ მხარეებმა ე.წ. ხელშეკრულების დანართით, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით ძირითადი ხელშეკრულების დაზუსტებას წარმოადგენს, არსებითად შეცვალეს ჰონორარის გადახდის წინაპირობები. კერძოდ, მათ სრულად გააქარწყლეს ჰონორარის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადახდის პირობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კლიენტი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამასთან, მხარეებმა აქვე ე.წ. წარმატების ჰონორარის – 40 000 ლარის გადახდის ვალდებულების შესრულება კონკრეტულ წინაპირობას - მოპასუხის მიერ სახელმწიფოს მიმართ წარდგენილი/წარსადგენი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ შედეგს დაუკავშირეს. პალატის მოსაზრებით, ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ხელშეკრულების დანართის პირველი აბზაცის ბოლო წინადადება - „ანაზღაურების შემთხვევაში... გადაუხდის 40 000 ლარს“, რომლის ლოგიკური და სიტყვასიტყვითი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხეს წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში (5 000 000 ლარი მორალური ზიანი და 228 300 ლარი მატერიალური ზიანი) დაკმაყოფილდებოდა. სხვა შემთხვევაში (დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში“), ლ.კ–ს, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართის თანახმად, უნდა გადაეხადა მოგებული თანხის 10%. ამასთან, საკასაციო პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკური ვალდებულება და დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა შესრულებულია, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ წარდგენილი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხე ლ.კ–ს ადვოკატისათვის „წარმატების ჰონორარის“ - 40 000 ლარის გადახდის ვალდებულებას ვერ წარმოუშობდა და უსაფუძვლოს ხდის კასატორის პრეტენზიას.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის საქმე №ას-383-2022 განჩინება).
19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.11.2017 წლის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, პალატის მითითებით, რაკი საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმე არსებითად არ განუხილავს, კასატორს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების თაობაზე, შეუძლია მიმართოს განჩინების გამომტან სასამართლოს.
20. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.პ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1970.03 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 27/05/2022წ), 70% – 1379.02 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი