Facebook Twitter

საქმე № ას-445-2021 15 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.მ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ნ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.მ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება, რომლითაც ბ.ნ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაედო გარემოება, რომ ის არ წარმოადგენდა ბინის მესაკუთრეს, თუმცა, უძრავი ქონების მესაკუთრე, კასატორის განმარტებით მისი შვილია, რის გამოც თავად მართლზომიერი მფლობელია და როგორც მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, 2022 წლის 23 მარტის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. მოსარჩელის მფლობელობაშია მისი შვილის ა. მ–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ახალციხე, ………., სართული 3, ბინა 29. მოსარჩელე რეგისტრირებულია დასახელებულ მისამართზე და იხდის კომუნალურ გადასახადებს.

5.2. მოპასუხე საკუთრების უფლებით ფლობს ქ. ახალციხე, ………, სართული 4, ბინა 32-ში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომელიც მდებარეობს მ.მ–ვას სახლის ზედა სართულზე.

5.3. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის გიორგი მამასახლისის ჩვენების თანახმად, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში არსებული დაზიანებები გამოწვეულია, მის ზედა სართულზე მდებარე მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში არსებული გაუმართავი წყალგაყვანილობისგან და მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 3 762.33 ლარი. კერძოდ, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ახალციხეში, …….. (ს/კ …….) მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ბინაში ზედა სართულიდან წყლის ჩამოდინების შედეგად ოთახებში კედლებზე წარმოიშვა ბზარები, კედლების ნალესი გამოიბერა, აგრეთვე, ნალესი ჩამოყრილია საძინებელ ოთახში, შპალერი ოთახებში დალაქავებულია და აყრილია კედლებიდან. წყლის სისტემატური ჩამოდინების გამო დაზიანებულია აგრეთვე ოთახებში არსებული ხის იატაკი. მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ სახლში არსებული დაზიანებები გამოწვეულია ზედა სართულიდან წყლის სისტემატური ჩამოდინების შედეგად. მოსარჩელის ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ ბინაში შესასრულებელი სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3 762.33 ლარს დარიცხვების ჩათვლით. საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2019 წლის I კვარტლის სამშენებლო რესურსების ფასების დონეზე.

5.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, 2020 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტმა გაასხვისა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა მ.ფ–ძემ, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით უძრავი ქონების მყიდველი, საქმეში ჩაერთო მოპასუხის უფლებამონაცვლედ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

6. საკასაციო სასამართლო უპირველესად - სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე იყო არაუფლებამოსილი პირი და არასათანადო მოსარჩელე, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაბრუნებულიყო ქვემდგომ ინსტანციაში, ამასთან, აპელანტის უფლებამონაცვლედ ჩართულ პირს უნდა ჰქონოდა საშუალება სათანადოდ წარმოედგინა საკუთარი პოზიცია, განმარტავს - სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე შეიცვალა მოწინააღმდეგე მხარის ბინის მესაკუთრე და ნაცვლად მოპასუხისა საქმეში უფლებამონაცვლედ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ჩაერთო მ.ფ–ძე. ამდენად, დასახელებული ნორმიდან და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქმის უკან დაბრუნების მოტივი საქმეზე უფლებამონაცვლის ჩართვა ვერ გახდება, ვინაიდან, იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისთვის, რომელიც მან შეცვალა.

7. საკასაციო სასამართლო, კასატორის არასათანადო მოსარჩელეობაზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელე მისი შვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობს, იხდის სხვადასხვა გადასახდელებს, კომუნიკაციების მიწოდებასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია აბონენტად, ჩაწერილია მის მფლობელობაში არსებულ ბინაში, საქმეში არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით მის მუდმივ საცხოვრისს წარმოადგენს მისი შვილის საკუთრებაში არსებული ბინა, მისი შვილის ხელწერილის მიხედვით მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს ყველა საქმეზე, ამდენად, მოცემულ ნაწილში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის არასათანადოობაზე და განმარტავს, რომ სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით სწორედ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს, რომელიც, ამავე ნორმის მიხედვით უფლებამოსილია მესაკუთრის მსგავსად მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა, ამასთან, შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.

8. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის შესაბამისად განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სსკ-ის 408-ე, 409-ე, 412-ე, 992-ე, და მე-1000 მუხლები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საკითხს წარმოადგენს წარდგენილი მტკიცებულებების ზიანის ფაქტის დადგენა, ამ ფაქტის მართლწინააღმდეგობის შეფასება, და მიზეზობრივი კავშირის დადგენა ზიანის მიმყენებლის ბრალეულ და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

9. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს წინამდებარე განჩინებაში მითითებული მსჯელობების შესაბამისად.

10. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ (სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), რომ ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ვას საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე