საქმე №ას-879-2022 15 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ლ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ.ლ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ლ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა ლანჩხუთში, ......... მდებარე, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ: .........) (შემდგომში „სადავო ქონება“, „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ბინა“) თანამესაკუთრედ ცნობა.
2. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მისი ძმაა და იგი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს სადავო ბინაში, რომელიც მამის დანატოვარია. მამის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ქონება ძმებმა გაიყვეს და ერთ ჭერქვეშ დაიწყეს ცხოვრება, თუმცა მოსარჩელე მალე საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. მოპასუხემ ძმისგან ფარულად თავის სახელზე დაირეგისტრირა სადავო ბინა, რის შესახებაც შეიტყო მოსარჩელემ. ამჟამად, მოსარჩელე ბინაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და ეწევა სამეურნეო საქმიანობას, ხოლო ვინაიდან ქონება მამის დანატოვარია, იგი მოპასუხესთან ერთად ბინის 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ უნდა იქნას ცნობილი.
მოპასუხის შესაგებელი:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სადავო ბინაში 1970 წლიდან აღარ უცხოვრია. ის ცხოვრობს რუსეთში და რუსეთის ფედრაციის მოქალაქეა. ამასთან, მოსარჩელე არ ყოფილა კომლის წევრი და საარქივო ჩანაწერებშიც არ ფიქსირდება. 2019 წლის 12 აგვისტოს საარქივო ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე აღარ არის კომლის წევრი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.
მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1.მოსარჩელე და მოპასუხე არიან ძმები, 2009 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა.ლ–ძის შვილები;
7.2.2019 წლის 30 აპრილს სსიპ გურიის რეგიონული არქივის მიერ გაცემულ №AA2019007876-03 საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ 1967-1970 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ. ა. ი–ეს ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ა. ვ. ასული - ცოლი; ლ–ძე ზ. ა. ასული - შვილი (დოკუმენტში ასეა მითითებული); ლ–ძე ი. ა. ძე - შვილი;
1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ძის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა. ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ი. (დოკუმენტში ასეა) ა. ძე - შვილი; ლ–ვა შ.ვ. ასული - რძალი;
7.3.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გაცემულ №AA2019007876-03 საარქივო ცნობაში ნაცვლად „ლ–ძე ზ. ა.-ასულისა" მითითებული უნდა ყოფილიყო „დ. ა. ძე ლ–ძე“.
7.4.სსიპ გურიის რეგიონული არქივის მიერ 2019 წლის 12 აგვისტოს გაცემული №AA2019015566-03 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ 1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ძის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა.ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ი.(დოკუმენტში ასეა) ა. ძე - შვილი; ლ–ვა შ.ვ. ასული - რძალი;
7.5.2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ძის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა.ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ი. (დოკუმენტში ასეა) ა. ძე - შვილი;
7.6.2018 წლის 22 იანვარს სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სსიპ გურიის ეროვნული არქივის მიერ დამოწმებული საარქივო ცნობა N48/192393 (დამოწმების თარიღი 05.12.2017წ.).
7.7.სსიპ გურიის რეგიონული არქივის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწერილი №48/192393 წერილის თანახმად, გურიის რეგიონულ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ........ საკრებულოს 1993-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ძის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა.ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ი. ა. ძე - შვილი;
7.8.1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ძის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა.ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ი. ა. ძე - შვილი; ლ–ვა შ. ვ. ასული - რძალი;
7.9.2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ძის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა.ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ი. ა. ძე - შვილი;
7.10. სოფელ ......... საკრებულოს 1991-1992 და 2007 წლის საკომლო წიგნები, გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის დოკუმენტები და მიწის განაწილების სიები გურიის რეგიონულ არქივში არ ინახება;
7.11. 1991 წლის 25 აგვისტოდან 1994 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელე მუშაობდა ლანჩხუთის რაიონის სოფ. ......... 8 წლიან სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად.
7.12. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 8 აგვისტოს №6110119003846 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, სადავო ქონებაში მოსარჩელის რეგისტრაციის თარიღია 1997 წლის 29 ოქტომბერი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნისა - 2019 წლის 24 ივლისი.
8. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელძღვანელა საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებით, ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 104-ე მუხლებზე და დაასკვნა შემდეგი: საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით - სსიპ გურიის რეგიონული არქივის მიერ გაცემული 2019 წლის 30 აპრილის №AA2019007876-03 საარქივო ცნობითა და კანონიერ ძალაში შესული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ 1967-1970 წლებში მოპასუხე ნამდვილად იყო მამის, ა.ლ–ძის კომლის წევრი, ხოლო ის გარემოება, რომ 1970 წლიდან 1993 წლამდე იგი აღარ იყო კომლის წევრი, საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დგინდებოდა.
9. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მტიცებულებაზეც, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 1991 წლის 25 აგვისტოდან 1994 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელე მუშაობდა ლანჩხუთში, ......... 8-წლიან სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. ამასთან, სააპელაციო პალატამ მოწმეების, ნ. ლ–ძისა და ნ. ხ–ის ჩვენებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1995 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა სადავო ბინაში, ხოლო ის გარემოება, რომ იგი ამოწერილი იყო მამისეული კომლიდან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, როგორც კომლის წევრს, საკომლო ქონებიდან ეკუთვნოდა შესაბამისი წილი.
კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ 1993 წლამდე მოსარჩელე იყო კომლის წევრი. 1967-1970 წლების შემდეგ გაცემულ არცერთ საკომლო ჩანაწერებში მოსარჩელე კომლის წევრად არ ფიქსირდება.
12. სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად არასწორად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები, ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ 1991-1994 წლებში მოპასუხე მუშაობდა სოფ. ......... სკოლაში მასწავლებლად. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხე საქართველოში ცხოვრობდა არა 1995, არამედ 1990 წლამდე, ხოლო შრომის წიგნაკი, სადაც მითითებულია სოფელ ......... სკოლაში მოპასუხის დასაქმების შესახებ, ყალბია და მასზე დაყრდნობით სასამათლოს არ უნდა ემსჯელა.
13. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთისა და საზღვარგარეთ ცხოვრების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ სოფ. ...... ელექტროენერგიის გადამხდელად რეგისტრირებულია არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე.
14. სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში რეგისტრირებულია 1997 წელს, ხოლო წინა რეგისტრაციის თარიღი არ არის მითითებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა და 1994 წლამდე არ ცხოვრობდა საქართველოში.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე (საკომლო ქონება) მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლები, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი.
19. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
20. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს კომლის წევრობასა და კომლის საკუთრებაზე.
21. კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ (იხ. თამარ ჩიტოშვილი, კომლი ქართულ სამართალში, თბ., 2004, გვ. 11). კომლში შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის.
23. კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა-გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად ( გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ (იხ. თამარ ჩიტოშვილი, კომლი ქართულ სამართალში, თბ., 2004, გვ. 18).
24. მიწისა და საერთოდ სოფლის მეურნეობის სისტემაში რეფორმის განხორციელებამ, შესაბამისად ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება. ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას წარმოადგენდა, არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.
25. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ საქმე №ას-211-203-2013, 03 ივნისი, 2013 წ).
26. ამ მიმართებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას.
27. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ).
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც არასწორად დაასკვნა, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსარჩელე რეგისტრირებული იყო კომლის წევრად, რაც სადავო ქონებაზე მისი მართლზომიერი მფლობელობისა და შესაბამისად, ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობას ქმნიდა.
29. საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
31. სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები).
33. სასამართლომ კონკრეტულ საქმეზე მტკიცების საგნის განსაზღვრის დროს უნდა იხელმძღვანელოს მხარეთა მიერ სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მითითებული ფაქტებით, მაგრამ თუ ამ ფაქტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც კანონის თანახმად არ აქვს მნიშვნელობა ამ მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის სამართლებრივი დასაბუთებისათვის, ე.ი. თუ ეს ფაქტები იურიდიულად ვერ ამართლებენ ამ მოთხოვნას (შესაგებელს) – სასამართლომ არ უნდა შეიტანოს ეს ფაქტები მტკიცების საგანში და არ უნდა მიიღოს მტკიცებულებები მათ დასადასტურებლად.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
35. განსახილველ დავაში სასამართლომ მოსარჩელე კომლის ოჯახის წევრად და შესაბამისად, საკომლო ქონების თანამესაკუთრედ მიიჩნია საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით: სსიპ გურიის რეგიონული არქივის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გაცემული №AA2019007876-03 საარქივო ცნობით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და შრომის წიგნაკის ამონაწერით, ასევე მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად.
36. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული მტკიცებულებების შინაარსს და, შესაბამისად, შეაფასებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მათი რელევანტურობის შესახებ:
39.1. სსიპ გურიის რეგიონული არქივის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გაცემულ №AA2019007876-03 საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ 1967-1970 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ა.ი. ძე ლ–ძის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა.ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ა.ვ. ასული - ცოლი; ლ–ძე ზ. ა. ასული - შვილი; ლ–ძე ი. ა. ძე - შვილი; ამავე ცნობაში აღნიშნულია, რომ 1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ა. ი. ძე ლ–ძის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ლ–ძე ა.ი. ძე - კომლის უფროსი; ლ–ძე ი. ა. ძე - შვილი; ლ–ვა შ. ვ. ასული - რძალი (იხ. ტ. 1. ს.ფ 23);
39.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გაცემულ №AA2019007876-03 საარქივო ცნობაში ნაცვლად „ლ–ძე ზ. ა.-ასულისა" მითითებული უნდა ყოფილიყო „დ. ა. ძე ლ–ძე“ (იხ. ტ. 1. ს.ფ 31-32);
39.3. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილ შრომის წიგნაკში აღნიშნულია, რომ 1991 წლის 25 აგვისტოდან 1994 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელე მიღებული იქნა ლანჩხუთის რაიონის ......... 8-წლიან სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად (იხ. ტ. 1. ს.ფ 130-131);
39.4. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების, ნ. ხ–ისა და ნ. ლ–ძის განცხადებით, მოსარჩელე 90-იანი წლების შემდეგ წავიდა რუსეთში, მანამდე კი იგი ცხოვრობდა და მუშაობდა სოფ. ..... (იხ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის სხდომის ოქმი, ტ. 1. ს.ფ 103-112).
37. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ ირკვეოდა 1970 წლის შემდგომ მოსარჩელის კომლის ოჯახისთვის კუთვნილების ფაქტი, ეს გარემოება სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა დადასტურებულიყო შრომის წიგნაკის ჩანაწერით, რომელიც ამტკიცებდა 1991-1994 წლებში სოფ. ......... სკოლაში მოსარჩელის მუშაობის ფაქტს, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც, ადასტურებდნენ 1995 წლამდე მოსარჩელის ამავე სოფელში ცხოვრების ფაქტს.
38. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოთ მითითებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებებიდან.
39. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ამონაწერით საკომლო წიგნიდან დგინდება სადავო ქონების მოსარჩელის მიერ 1970 წლამდე ფლობის (სარგებლობის) ფაქტი, ხოლო საკომლო ჩანაწერებში, რომლებიც გაცემულია 1970 წლის შემდგომ, მოსარჩელე არსად ფიქსირდება.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომის წიგნაკის ჩანაწერი და მოწმეთა ჩვენებები, რაზეც აპელირებს სააპელაციო პალატა, არ ადასტურებს 1992-წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსარჩელის კომლის წევრობას. შრომის წიგნაკში მითითებულია, რომ 1991-1994 წლებში მოსარჩელე დასაქმებული იყო სოფ. ......... სკოლაში მასწავლებლად, ხოლო მოწმეები, ნ. ლ–ძე და ნ. ხ–ი, აცხადებენ, რომ 90-იანი წლების დასაწყისამდე მოსარჩელე ცხოვრობდა ამავე სოფელში, სადავო სახლში.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ სააპელაციო პალატამ წარდგენილი მტკიცებულებებისა და წინამდებარე საქმეზე გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების ფარგლებში, უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძლიანობაზე.
42. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
43. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება, და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე