Facebook Twitter

საქმე №ას-1358-2022 9 მარტი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ხ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022

წლის 18 აგვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ხარვეზი საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 322.31 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 3 070 ლარი, სარგებელი - 557.31 ლარი, პირგასამტეხლო - 699 ლარი) და 2015 წლის 17 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 045.48 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 620.09 ლარი, სარგებელი - 282.97 ლარი, პირგასამტეხლო - 142.42 ლარი) გადახდა.

4. მოპასუხის საჩივარი

4.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. საქალაქო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

7.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 6 დეკემბერს, სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, მოპასუხემ სასამართლოში ელექტრონული სახით გამოაგზავნა განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (სტკივა ყელი და აქვს მაღალი სიცხე) სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობისა და საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებლად რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია.

7.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 215-ე, 230-ე, 233-ე, 241-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული არ ყოფილა საპატიო მიზეზით, რაც მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ქმნიდა.

7.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, შესაბამისად, დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ.

7.5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ მოპასუხის შედავებაზე, იხელმძღვანელა 420-ე მუხლით და დაასკვნა, რომ ძირითადი ვალდებულების მოცულობისა და ვადაგადაცილებული დროის გათვლისწინებით, გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი იურიდიულად გამართლებულია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

8.მოპასუხის საკასაციო საჩივარი

8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

8.2. კასატორის მოსაზრებით, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ავადმყოფობით, რის შესახებაც მან აცნობა კიდეც სასამართლოს, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქვეყანაში იყო კორონავირუსის პანდემია, ჯანდაცვის სისტემა იყო პარალიზებული და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან მესამე-მეოთხე დღესაც კი ვერ ახერხებდა დანიშნულების ადგილზე მისვლას. ამასთან, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომების გადადება ხდებოდა მხოლოდ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზეც იმ მოტივით, რომ პროცესის მონაწილე მხარეს ჰქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან. ამდენად, ასეთ პირობებში, როდესაც მოპასუხე, რომელსაც სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე და სხდომის დღესაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, გარდა ამისა, რამდენიმე დღით ადრე მას კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, რის გამოც შესაძლოა, მოპასუხეც დაინფიცირებულიყო, მისი პროცესზე გამოცხადება საფრთხეს შეიცავდა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი თხოვნა და გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ.

9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, ისე სააპელაციო და სააკასაციო საჩივრები ემყარება იმას, რომ მოპასუხე საპატიო მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ გამოცხადდა 2021 წლის 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე. კერძოდ, მოპასუხე აცხადებს, რომ სხდომის დღეს მას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, სტკიოდა ყელი, რის შესახებაც აცნობა კიდეც სასამართლოს, ხოლო ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყანაში იყო კოვიდპანდემია, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის თხოვნა და მისი გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ.

15. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს, განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

18. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

19. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 6 დეკემბერს დანიშნული სხდომის შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

21. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

22. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“, გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა მხოლოდ განცხადება სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოუცხადებელობისა და საქმის განხილვის გადადების თაობაზე, თუმცა მას განცხადებაზე არ დაურთავს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. უფრო მეტიც, მოპასუხე მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში აცხადებს, რომ ჰქონდა კოვიდის ნიშნები - მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი, თუმცა მოგვიანებით კოვიდი არ დაუდასტურდა (იხ. ტ. 1. სფ 316).

25. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ფორმაჟორული მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომების გადადება ხდებოდა მხოლოდ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე იმ მოტივითაც, რომ პროცესის მონაწილეს კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. მითითებული პრეტენზია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხდომის გადადება პროცესის მონაწილე მხარის მხოლოდ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თუ იგი გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებით, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივ ნორმებს.

26. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საქმის განხილვის დღეს მისი ავადმყოფობის ფაქტს (რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა) ან/და პირდაპირი მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართებულად მიღების წინაპირობებს ქმნის.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

28. კასატორი ვერ უთითებს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.

30. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ავადმყოფობის გამო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთიუთებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ №ას-500-468-2017, 30 ივნისი, 2017 წელი; №ას-206-195-2017, 16 მაისი, 2017 წელი; №ას-668-639-2016, 13 მარტი, 2017 წელი; №ას-594-560-2012, 7 ივნისი, 2012 წელი; №ას-519-754-08, 16 ივლისი, 2008 წელი). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

31. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.ხ–ძეს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ა–ძის (........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 28.10.2022), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ვ. კაკაბაძე