საქმე № ას-1217-2021 24 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ტ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ს.ც–ი“, შპს „მ.ჯ. ე.კ–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, მასში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება, მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2011 წლის 15 დეკემბერს მ.ტ–იასა (შემდგომში „მოსარჩელე“, „მსესხებელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ი.ს.ც–ს“ (შემდგომში „პირველი მოპასუხე“, „გამყიდველი“ ან „გამსესხებელი“) შორის დაიდო და სანოტარო წესით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“ ან „სადავო ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, „გამსესხებელმა“ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 60 000 ლარი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე.
2. ხელშეკრულების მიხედვით, „მსესხებელმა“ იკისრა ვალდებულება სესხი დაებრუნებინა 2012 წლის 20 იანვრამდე. ამასთან, სესხს სარგებელი არ დაერიცხებოდა.
3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (86.27კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ......... (საკადასტრო კოდი ........).
4. 2015 წლის 20 იანვარს ცვლილება შევიდა 2011 წლის 15 დეკემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 1 მარტამდე, ხოლო საურავის ოდენობა, ნაცვლად 0.3%-ისა განისაზღვრა 0.025%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. შპს ,,მ.ჯ. ე.კ–იმ“ (შემდგომში „მეორე მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე კომპანია“ ან „მყიდველი“) პირველი მოპასუხისგან შეიძინა 44 595.96 ლარის ღირებულების სარემონტო მასალა.
6. 2015 წლის 21 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 60 000 ლარი, პირგასამტეხლო 0.025% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 3000 ლარი, ჯამში 63 000 ლარი; აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102.00 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
7. მეორე მოპასუხის (მოვალის) მიერ 2015 წლის 25 დეკემბრამდე ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების პირობით, მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღსრულებლის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილ იქნა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.
8. 2013 წლის 1 ივნისს პირველ მოპასუხესა და შპს „კ–ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრო და/ან სხვა სახის საქონლის რეალიზაციის შესახებ).
9. მოსარჩელის მოთხოვნა
9.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მასსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც სხვა გარიგების დაფარვის მიზნით დადებული გარიგების, ასევე აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებისა და ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, სადავო გარიგების, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებულად აღიარება და ამ გარიგების ფარგლებში მეორე მოპასუხისთვის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ ნასყიდობის თანხის, 44 595.96 ლარის, დაკისრება.
9.2. მოსარჩელის განცხადებით, იგი არის მეორე მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილის და. მეორე მოპასუხე აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს და პირველი მოპასუხისგან ყიდულობდა სამშენებლო მასალებს. 2011 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელეს დაუკავშირდა მისი ძმა და სთხოვა ნოტარიუსთან წაყოლა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მან განუმარტა, რომ მისი კომპანია მოაგვარებდა ყველა ფინანსურ საკითხს და ხელის მოწერა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მოსარჩელემ ისე მოაწერა ხელი ამ გარიგებას, რომ მის შინაარსს არ გაცნობია და არც ნოტარიუსს განუმარტავს მისთვის ხელის მოწერის შედეგები. თავად მოსარჩელეს არანაირი კავშირი არასდროს ჰქონია პირველ მოპასუხესთან და არც რაიმე სახის სესხი აუღია მისგან. ხელშეკრულებაში მითითებული თანხა არის სამშენებლო მასალების შესყიდვის საფასური, რომელიც პირველი მოპასუხისთვის უნდა გადაეხადა მეორე მოპასუხეს. ამდენად, სადავო ხელშეკრულება, ასევე, აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება, დადებულია სხვა გარიგების დაფარვის მიზნით და ისინი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ბათილად უნდა იქნას ცნობილი მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელიც. ამასთან, მოსარჩელის განცხადებით, მეორე მოპასუხეს არ დასჭირდა იმ ღირებულების სამშენებლო მასალები, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული, რეალურად მათ მიიღეს 44 595.96 ლარის მასალა. მიუხედავად ამისა, პირველი მოპასუხე სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელისგან არასწორად ითხოვს 60 000 ლარს და აღსრულების ხარჯს, ჯამში 63.102 ლარს.
10. მოპასუხეების პოზიცია
10.1. პირველი მოპასუხის პოზიცია
10.1.1. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ამასთან, განმარტა, რომ მართალია, მოსარჩელეს პირველი მოპასუხისგან თანხა პირადად არ აუღია, თუმცა თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა მოსარჩელის ძმამ, რომელიც საქონლის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებდა პირველ მოპასუხესთან და მანვე მიიყვანა მოსარჩელე კომპანიაში. ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელემ იცოდა, რა შედეგი მოყვებოდა საქონლის ღირებულების ვადაში გადაუხდელობას. მან სანოტარო ბიუროში მკაფიოდ გამოხატა ნება საკუთარი ქონებით ყოფილიყო პასუხისმგებელი პირველი მოპასუხის წინაშე. 2011 წლის 15 დეკემბერს გამოხატული ნება მან ასევე დაადასტურა 2015 წლის 20 იანვარს (ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შეთანხმების დადებისას), ასევე კერძო აღმასრულებელთან (როდესაც წერილობით მიმართა ფულადი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის მოთხოვნით). ამდენად, პირველი მოპასუხის მიზანი ნასყიდობის ხელშეკრულების გადაფარვა არ არის, ვინაიდან გადახდის განვადებით საქონლის რეალიზაცია საწარმოსთვის წარმოადგენს ჩვეულებრივ (ყოველდღიურ) საქმიანობას და, როგორც წესი, მყიდველებს გარანტორად უდგებიან მესამე პირები. ამასთან, ნოტარიულად გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები შინაარსობრივად ფაქტობრივად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების იდენტურია, რის გამოც პირველი მოპასუხე უპრობლემოდ დათანხმდა მოსარჩელისა და მისი ძმის წინადადებას გაეფორმებინათ ამ სახის გარიგება. ამდენად, სესხის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელის თხოვნით, ვინაიდან არსებითად არ იცვლებოდა გარიგების არსი.
10.2. მეორე მოპასუხის პოზიცია
10.2.1. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი სრულად ცნო.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2015 წლის 20 იანვრის შეთანხმება, ასევე 2015 წლის 21 სექტემბერს ნოტარიუს ქ.ჩ–ძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სესხის ხელშეკრულების ნაწილში; 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა პირველ და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებად შემდეგი პირობებით: გამყიდველი - პირველი მოპასუხე, მყიდველი - მეორე მოპასუხე; ნასყიდობის საგანი - 44595.96 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა; ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, რომლის საგანია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (86.27კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ........ (საკადასტრო კოდი ........)); სარჩელი პირველი მოპასუხის სასარგებლოდ 44 595.96 ლარის მეორე მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
12. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
12.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, დაადგინა, რომ 2011-2013 წლებში პირველი მოპასუხისაგან მეორე მოპასუხემ შეიძინა 44 595.96 ლარის ღირებულების საქონელი (სამშენებლო-სარემონტო მასალა), ხოლო შპს „კ–მა“, რომელსაც ასევე წარმოადგენდა მოსარჩელის ძმა, ზ.მ–ი - 14 997 ლარის სამშენებლო-სარემონტო მასალა, თუმცა ნასყიდობის საფასური არცერთ კომპანიას არ გადაუხდია.
13.3. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ პირველმა მოპასუხემ, რომელიც მოსარჩელესთან გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მოხსენებულია გამსესხებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლითა და მტკიცებულებებით თვითონვე გამორიცხა მხარეთა შორის სასესხოსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო გარიგებების გაფორმებისას მხარეთა ნამდვილ ნებას არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება.
13.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 424-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ყველაზე ახლოს დგას მოვალის გარანტიასთან (მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს).
13.5. ამავე დროს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ, 2015 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ, მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის ერთობლივ განცხადებაზე, რომლის საფუძველზეც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვალის გადაკისრება (მოვალის ცვლილება) მოთხოვნის მფლობელსა (პირველი მოპასუხე) და მესამე პირს (მოსარჩელე) შორის დადებული ხელშეკრულებით (სსკ 203-ე მუხლი), რომელიც არ საჭიროებდა თავდაპირველი მოვალის (მეორე მოპასუხის, ასევე შპს „კ–ის“) სპეციალურ თანხმობას. ამრიგად, 2015 წლის 5 ნოემბრის ერთობლივი განცხადება ქმნის სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის გადაკისრების შესახებ გარიგების ფაქტობრივ-სამართლებრივ შემადგენლობას, რომლითაც მოსარჩელეს პირველი მოპასუხის წინაშე 2011 წლის 15 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად წარმოეშვა ამ შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება.
13.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზეც და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის წარმატებულობას აბრკოლებს ასევე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ სადავო გარიგებებით შეთანხმებული თანხის გადახდის ვალდებულება 2015 წლის 5 ნოემბრის ერთობლივი განცხადების საფუძველზე იკისრა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმებას. შესაბამისად, სადავო გარიგებების სესხის ნაწილში ბათილად ცნობის შემთხვევაშიც მოსარჩელის მიზანი მიუღწეველი დარჩება - იგი ვერ გათავისუფლდება სადავო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
13.7. რაც შეეხება სადავო გარიგებების ბათილობას იპოთეკის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო მის მიერვე ხელმოწერილი ხელშეკრულების შინაარსი, წინააღმდეგობაშია როგორც სარჩელში, ასევე სასამართლო პროცესზე დაფიქსირებულ განმარტებასთან იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ქონება იპოთეკით დაიტვირთა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. ეს გარემოება კი, თავისთავად საფუძველს აცლის მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს, რომელიც საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იპოთეკისგან გათავისუფლებას გულისხმობდა.
13.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი (გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნათა უსაფუძვლობა) საფუძველს აცლის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილსაც, რომლითაც მოსარჩელე სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას მოითხოვს.
14. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა როგორც ფაქტები და მოვლენები, ასევე სამართლებრივი ნორმები. გაუგებარია, სააპელაციო პალატამ რატომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და უარყო მოსარჩელის მოთხოვნა მაშინ, როდესაც თვითონვე დაადგინა, რომ მხარეთა შორის სასესხოსამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა და პირველ მოპასუხეს მოსარჩელისთვის თანხა არ გადაუცია. რეალურად, ეს იყო მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და სწორედ ეს ხელშეკრულება დაიფარა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით. მასში მითითებული თანხა კი, მოპასუხეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ღირებულებაა (ნასყიდობის საფასური). ამასთან, მყიდველს გამყიდველისგან მიღებული აქვს არა 60 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა (როგორც ეს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელშია მითითებული), არამედ 44 595.96 ლარის ღირებულების, თუმცა მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს მაინც 60 000 ლარს და აღსრულების ხარჯებს, რაც მართებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ.
14.3. რაც შეეხება იპოთეკის გაუქმების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, კასატორის განცხადებით, მან იმიტომ არ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა სხვაგვარად (რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა) და დაწერა განსხვავებული გადაწყვეტილება.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი; საქმე №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38). კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
19. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე აღიარებდა სარჩელში მითითებულ გარემოებას - მხარეთა შორის სასესხოსამართლებრივი ურთიერთობის არარსებობას, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
20. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, უპირველესად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სახე უნდა განისაზღვროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
21.1. მოსარჩელე არის მეორე მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილის, ზ.მ–ის და;
21.2. მეორე მოპასუხე აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს და პირველი მოპასუხისგან ყიდულობდა სამშენებლო მასალებს;
21.3. 2011-2013 წლებში მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხისგან შეიძინა 44 595.96 ლარის, ხოლო შპს „კ–მა“, რომელსაც ურთიერთობებში ასევე წარმოადგენდა მოსარჩელის ძმა - 14 997 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მასალები. ნასყიდობის საფასური არცერთ კომპანიას არ გადაუხდია.
21.4. 2011 წლის დეკემბერში მოპასუხეები შეთანხმდნენ სამშენებლო-სარემონტო მასალების ნასყიდობის თაობაზე ნასყიდობის ფასის შემდგომში გადახდის პირობით, თუკი მყიდველი გამყიდველს წარუდგენდა შესაბამის გარანტიას;
21.5. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, პირველ მოპასუხესა და, მეორე მხრივ, მეორე მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილის დას - მოსარჩელეს, შორის.
21.6. 2011 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისთვის 60 000 ლარის გადაცემის ვალდებულება ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 20 იანვარი. ამასთან, ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (2015 წლის 20 იანვარს ცვლილება შევიდა 2011 წლის 15 დეკემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 1 მარტამდე, ხოლო საურავის ოდენობა, ნაცვლად 0.3%-ისა განისაზღვრა 0.025%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე).
21.7. 2015 წლის 21 სექტემბერს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 60 000 ლარი, პირგასამტეხლო 0.025% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 3000 ლარი, ჯამში 63 000 ლარი; აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102.00 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად).
21.8. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა (60 000 ლარი) მოსარჩელეს არ გადასცემია;
21.9. სადავო ხელშეკრულების მიზანს მოსარჩელისთვის სესხის თანხის გადაცემა არ წარმოადგენდა;
21.10. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ასევე აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და სადავო გარიგების, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებულად აღიარება და ამ გარიგების ფარგლებში მეორე მოპასუხისთვის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ ნასყიდობის თანხის, 44 595.96 ლარის, დაკისრება.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. დასახელებული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და საჯარო წესრიგს არ არღვევდეს. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის ზოგად დებულებებში განმტკიცებული ნორმების თანახმად (54-56-ე, 81-83-ე მუხლები), ნებისმიერი გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია.
23. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა, არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა 2015 წლის 17 ივნისის, საქმე Nას № 487-461-2015, 2016 წლის 06 ივნისი, საქმე Nას № 743-704-2015, 28.09.2015წ.; ას№ 1212-1138-2015).
25. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულება (და ამავე ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 2015 წლის 20 იანვრის შეთანხმება), მოსარჩელის მიერ შედავებულია, როგორც თვალთმაქცური გარიგება, რომლითაც, დაიფარა მოპასუხეთა შორის არსებული ნასყიდობისსამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, მოსარჩელე აცხადებს, რომ, მართალია, მასსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა მას არანაირი თანხა არ გადასცემია და, რეალურად, ეს გარიგება სხვა მიზანს ემსახურებოდა - იგი წარმოადგენდა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის სამშენებლო-სარემონტო მასალების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას. თავის მხრივ, მოპასუხეები ადასტურებენ მოსარჩელისთვის სესხის თანხის გადაუცემლობას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ვინაიდან მოსარჩელე, როგორც მოპასუხეთა შორის არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის გარანტი, თავდებად დაუდგა თავის ძმას (როგორც მყიდველი კომპანიის წარმომადგენელს) და ამ მიზნით მყიდველთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, გარანტორის, ანუ მოსარჩელის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების საფუძველს ქმნიდა (იხ. პირველი მოპასუხის შესაგებელი, ტ. 2. ს.ფ 41-56).
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამასთან, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-361-343-2015, 14.12. 2015). ამრიგად, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.
27. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელეს არ გადასცემია სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხა, რასაც არც მოპასუხეები უარყოფენ (პირიქით, ადასტურებენ მას), ამასთან, სადავო არ არის მოპასუხეთა შორის სამშენებლო-სარემონტო მასალების შესყიდვის მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის მონაწილე მხარეებს ერთმანეთთან არ აკავშირებდათ სასესხოსამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, იბადება კითხვა, თუ სადავო ხელშეკრულება დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა, მაშინ, რა მიზანს ემსახურებოდა იგი? რა მიზანი ამოძრავებდათ ხელშეკრულების მხარეებს?
28. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ კითხვებზე პასუხს, თავად მოპასუხეები იძლევიან თავიანთი განმარტებებით. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუბრუნდება სარჩელზე წარდგენილი შესაგებლების, საქალაქო სასამართლოს სხდომებზე მოპასუხეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების, ასევე, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის შინაარსს, სადაც მოპასუხეები ცალსახად ადასტურებენ ერთმანეთთან ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას და სადავო ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას მეორე მოპასუხის მიერ პირველი მოპასუხისგან შეძენილი საქონლის სყიდვის საფასურს უწოდებენ. კერძოდ, პირველი მოპასუხის განცხადებით, მეორე მოპასუხე მისგან ხშირად ყიდულობდა სამშენებლო-სარემონტო მასალებს. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვისას კი (2011 წლის დეკემბერში), როდესაც მყიდველს (მეორე მოპასუხეს) საქონლის შეძენის მომენტში არ ჰქონდა საჭირო თანხა, მათ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, გამყიდველს (პირველ მოპასუხეს) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაეფორმებინა მყიდველი კომპანიის წარმომადგენლის დასთან, მოსარჩელესთან იმ მიზნით, რომ თუ მყიდველი დათქმულ ვადაში არ დაფარავდა ნასყიდობის თანხას, მოსარჩელე, როგორც ამ ხელშეკრულების გარანტი, საკუთარი ქონებით აანაზღაურებდა ძმის (მყიდველი კომპანიის) ვალდებულებას გამყიდველის მიმართ. სწორედ ამ მიზნით დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელის უძრავი ქონება (იხ. პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი, სააპელაციო საჩივარი, ტ. 2, ს.ფ 41-55, 156-167).
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსსკ 102-ე მუხლი). ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
30. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც ბათილი (თვალთმაქცურად დადებული) გარიგების არსებობის მტკიცება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს მისი ნამდვილობის დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დაძლია - მან დაადასტურა, რომ სადავო გარიგებით დაიფარა მოპასუხეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხემ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულება თვალთმაქცურ ხასიათს არ ატარებდა და მისი დადება სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე იურიდიული შედეგის დადგომას ემსახურებოდა, ვერ დაადასტურა. პირიქით, სწორედ მოპასუხეთა ახსნა-განმარტებები ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ განსახილველი დავის საგანი სრულად შეესაბამება თვალთმაქცური გარიგებების მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რაც სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე და 56-ე მუხლების საფუძველზე, სადავო გარიგებების ბათილად ცნობისა და მოპასუხეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ წარდგენილი სარჩელი სესხის ხელშეკრულების დადების ნაწილში სადავო გარიგებისა და ამ გარიგებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს იმგვარად, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ცნობილ იქნეს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებულ ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებად შემდეგი პირობებით: გამყიდველი - პირველი მოპასუხე, მყიდველი - მეორე მოპასუხე, ნასყიდობის საგანი - 44 595.96 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა; ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, რომლის საგანია: მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 86.27კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ......... (უძრავი ქონების ს/კ .........).
32. საკასაციო სასამართლო ასევე შეაფასებს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონშესაბამისობას და მიუთითებს, რომ ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა სადავო გარიგების თვალთმაქცურობა, აღნიშნული უკვე ქმნის ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილობის წინაპირობას. შესაბამისად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ნაწილში ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2015 წლის 21 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელიც.
33. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ვალის გადაკისრების სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრება ვლინდება კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე კრედიტორის ნება. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, ანუ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, აუცილებელია, ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს (კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ქეთევან მესხიშვილი, გვ. 26).
34. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ვალის გადაკისრების მიზნებისთვის მტკიცებულებად მიიჩნევს კერძო აღმასრულებლის სახელზე 2015 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილ ერთობლივ განცხადებას და აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად წარმოეშვა ამ შეთახმებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება.
35. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებულ დასკვნას და ყურადღებას მიაქცევს განცხადების შინაარსს, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „კერძო აღმასრულებელ ნ.ნ–ის (ლიცენზია 71) წარმოებაშია საქმე A15081757, ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 29 სექტემბერს გაცემული #151039610 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, მ.ტ–იას (პ/ნ ......) შპს „ი.ს.ც–ის“ (ს/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისრა 63102 ლარის გადახდა. დღეის მდგომარეობით მოვალის მიერ დასაფარი თანხა კერძო აღმასრულებლის საფასურის გათვალისწინებით შეადგენს 67519.14 ლარს. აღნიშნულ საქმეზე მხარეები ვთანხმდებით, რომ თანხის დაფარვა განხორციელდეს 2015 წლის 25 დეკემბრამდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება შეთანხმებულ ვადაში დავალიანების გადახდა, აღმასრულებელი უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ საქმის წარმოების გაგრძელებას და სარეალიზაციოდ მომზადებას. გთხოვთ შეაჩეროთ საქმის წარმოება 2015 წლის 25 დეკემბრამდე“ (იხ. ტ. 1. ს.ფ 126).
36. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისთვის ცალსახად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს კრედიტორის ნება, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არ გაფორმებულა რაიმე სახის გარიგება, საიდანაც ცალსახად დადგინდებოდა მოსარჩელის (როგორც მესამე პირის) მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების შესახებ კრედიტორის ნება, მხოლოდ ზემოთ მითითებული განცხადების შინაარსზე დაყრდნობით მხარეთა შორის ურთიერთობის სსკ-ის 203-ე მუხლის შესაბამისად კვალიფიკაცია, მოკლებულია ყოველგვარ სამრთლებრივ დასაბუთებას და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ვალის გადაკისრების სამართლებრივი რეჟიმის ამ ურთიერთობაზე გავრცელებას.
37. რაც შეეხება იპოთეკის გაუქმების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და სადავო ხელშეკრულება და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ სესხის ხელშეკრულების ნაწილში, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, იპოთეკის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.ტ–იას საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ტ–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი მ.ტ–იასა და შპს „ი.ს.ც–ს“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N111372209, დამოწმებული ნოტარიუს ქ.ჩ–ძის მიერ სესხის ხელშეკრულების ნაწილში;
4. ბათილად იქნეს ცნობილი მ.ტ–იასა და შპს „ი.ს.ც–ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება რეგისტრაციის N150043979, დამოწმებული ნოტარიუს ქ.ჩ–ძის მიერ სესხის ხელშეკრულების ნაწილში;
5. შპს „ი.ს.ც–ს“ და შპს „მ.ჯ. ე.კ–ის“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ცნობილ იქნეს ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებად, შემდეგი პირობებით: გამყიდველი - შპს „ი.ს.ც–ი“, მყიდველი - შპს „მ.ჯ. ე.კ–ი“, ნასყიდობის საგანი - 44 595.96 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა; ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, რომლის საგანია: მ.ტ–იას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 86.27კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ.თბილისი, ......... (უძრავი ქონების ს/კ ...........).
6. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ქ.ჩ–ძის მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი რეგისტრაციის N151039610;
7. სასარჩელო მოთხოვნა 44 595.96 ლარის შპს „ი.ს.ც–ის“ სასარგებლოდ შპს „მ.ჯ. ე.კ–ისთვის“ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
8. შპს „ი.ს.ც–სა“ (.........) და შპს „მ.ჯ. ე.კ–იას“ (.......) მ.ტ–იას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის 462.12 ლარი და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 229 ლარი;
9. მ.ტ–იას (..........) დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადახდო დავალება #1, 2016 წლის 10 თებერვალი) 1337.88 ლარი;
10. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე