Facebook Twitter

საქმე №ას-553-2020 4 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები/მოწინააღმდეგე მხარე – რ.შ–ძე, მ.გ–ძე (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – ე.ა–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება/გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.ა–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და რ.შ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) 2017 წლის 10 იანვარს შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეყიდა მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა BMW 535I, სანომრე ნიშანი ..., ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - ......, 30 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანა იმ დროისათვის იყო დაგირავებული ლომბარდში 16 000 აშშ დოლარად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგნის საფასურს მოპასუხე გადაიხდიდა გადახდის განვადებით, რომლის თანახმად, მყიდველი თავდაპირველად გადაიხდიდა 16 000 აშშ დოლარს, რითაც დაიფარებოდა ლომბარდში არსებული დავალიანება, ხოლო დარჩენილ 14 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა 3-4 დღის განმავლობაში ავტომანქანის შემოწმების შემდეგ.

2. გამყიდველმა, 2017 წლის 13 იანვარს, მყიდველისგან მოითხოვა ნასყიდობის დარჩენილი საფასურის 14 000 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც მიიღო უარი. შეგებებული სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ 8 000 აშშ დოლარი მიიღო.

3. 2017 წლის 1 მაისით დათარიღებული ამონაწერით ინტერნეტ-ვებგვერდ CARFAX-იდან ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535I-ის ისტორიის შესახებ, დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535I-ი იყო წყლით დაზიანებული და იგი გაიყიდა დაზიანებული ავტოტრანსპორტის აუქციონზე, რის გამოც მწარმოებლის გარანტია გაუქმებულია. ამ ფაქტობრივი გარემობის გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხოლოდ განმარტა, რომ მისთვის სადავო ავტომობილის როგორც შეძენის, ასევე გაყიდვის დროს არ იყო ცნობილი ავტომანქანის წყლით დაზიანების შესახებ. სასამათლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი, როცა განმარტა, რომ მოსარჩელეებს ავტომაქანის წყლით დაზიანების სხვა მტკიცებულება არ ჰქონდათ წარდგენილი, რის გამოც ეს ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ არსწორად არ მიიჩნია დადგენილად.

4. სარჩელის მოთხოვნა

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ მისთვის 14 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

5. მოპასუხეების შესაგებელი

5.1. წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

6. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

6.1. მოპასუხეებმა, წარდგენილი შეგებებული სარჩელით მ.გ–ძესა და ე.ა–ს შორის დადებული სატრანსპორტო საშუალების BMW 535I, სანომრე ნიშანი ......, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - ....... განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვეს და ამავე ავტომობილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვეს.

7. შეგებებული სარჩელის შესაგებლის პოზიცია

7.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ.შ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 აშშ დოლარის დოლარის გადახდა. მოპასუხეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

9.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისთვის მოპასუხეთა სასარგებლოდ 24 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვეს.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოშლილად ჩაითვალა მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.

10.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაზიარებელი იყო, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოპასუხესთან 2017 წლის 13 იანვარს შეხვედრისას მისთვის 8 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, აღნიშნულის დამტკიცების ტვირთი კი სწორედ მოპასუხეზე იყო, რაც წარმატებით ვერ განახორციელა.

10.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სადავო ავტომობილი გაიყიდა დაზიანებული ავტოტრანსპორტის აუქციონზე, რის გამოც მწარმოებლის გარანტია გაუქმებული იყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსარჩელის განმარტებით მისთვის ცნობილი არ იყო, ასევე არ იყო ცნობილი ავტომობილის წყლით დაზიანების ფაქტი, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა მიუთითეს დასახელებულ ფაქტზე და დამადასტურებელი მტკიცებულებაც წარადგინეს, სწორედ შეგებებული სარჩელის მოპასუხის (მოსარჩელის) მხარეს გადავიდა მტკიცების ტვირთი, რომ გაექარწყლებინა ავტომობილის წყლით დაზიანების შესახებ მითითებული გარემოება და წარედგინა საპირისპირო და ვარგისი მტკიცებულება.

10.4. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 10 იანვარს მოსარჩელესა და რ.შ–ძეს შორის შეთნხმებით მყიდველის მიერ სრულად არის გამოხატული დაუზიანებელი ავტომანქანის შეძენის ნება, ამ შემთხვევაში არანაირად არ მოიაზრება წყალში ჩაძირული ავტომანქანის შეძენის ნება მითუმეტეს ხსენებულ ფასში.

10.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შეთანხმების დროს გამყიდველმა მყიდველს ნასყიდობის საგნის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს ნასყიდობის საგანი მას შეძენილი ჰქონდა ქარხნიდან. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ავტომანქანა შეძენილი ჰქონდა ფირმის მეშვეობით, რომ იგი ენდობოდა ავტომანქანის გამყიდველ ფირმას და სადავო ავტომანქანის შეძენის დროს მას არ შეუმოწმებია ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535I-ის შესახებ შესაბამის ვებგვერდებზე განთავსებული ისტორია. შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადაიხადა ავტომანქანის შესაძენად, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ გადახდილი ჰქონდა 30-35 ათასი აშშ დოლარი.

11. პირველი კასატორების საკასაციო მოთხოვნა

11.1. კასატორებმა (მოპასუხეებმა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ავტომობილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა და მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 8 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვეს.

12. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

12.1. მოსარჩელემ წარდგენილი საკასაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ.შ–ძისთვის 14 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულია წარმოებაში, ხოლო, 2020 წლის 20 აპრილის განჩინებით ორივე საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 477-ე „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე“, 505-ე „განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში“ მუხლებზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესა და რ.შ–ძეს შორის დაიდო ავტომობილის შესახებ ნასყიდობის გადახდის განვადებით ხელშეკრულება, გამყიდველი ვალდებული იყო ნასყიდობის საგანი - ავტომობილი გადაეცა მოპასუხისთვის, ხოლო, თავისმხრივ რ.შ–ძე ვალდებული იყო ნივთის შეთანხმებული საფასური გადაეხადა მოსარჩელისთვის, განსაზღვრულ ვადაში.

16. სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში, კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელე ვალდებული იყო მის საკურებაში არსებული ავტომობილი საკუთრებაში გადაეცა რ.შ–ძისთვის, რომელიც დაგირავებული იყო ლომბარდში 16 000 აშშ დოლარად, ხოლო, დამატებით 14 000 აშშ დოლარი (ჯამში 30 000 აშშ დოლარი) უნდა დაეფარა ავტომობილის შემოწმებიდან 3-4 დღეში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ავტომობილი გაფორმდა რ.შ–ძის მეუღლის მ.გ–ძის სახელზე, ამასთან 2017 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ მიიღო 16 000 აშშ დოლარი, თუმცა, დარჩენილი 14 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსარჩელისთვის არ დასტურდება. სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ავტომობილის საფასურის მთლიანად გადახდის ფაქტის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებით, რაც საქმის მასალების მიხედვით ვერ უზურნველყო.

17. საკასაციო სასამართლო შეგებებული სარჩელის ავტორების პრეტენზიის პასუხად სსკ-ის 81-ე „1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.“ 82-ე „მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას“ 487-ე „გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი“, 488.1-ე „ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის“ მუხლებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ კასატორების მითითება, რომ მოტყუებით დაიდო გარიგება, რის გამოც ბათილია და შესაბამისად მიღებული და შესრულება უნდა დაუბრუნდეთ მხარეებს, არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გარიგება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დაიდო. მხარის მიერ მითითებული გარემოებები და მოწმეთა თანდასწრებით მოსარჩელესთან საუბრისა და გარიგების მოტყუებით დადებაზე მითითება კი შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული, ამასთან დადგენილია, რომ პრეტენზია ავტომობილის ნივთობრივ ნაკლზე, რაც ყოველ სადავო შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, არ გამოუთქვამს მოპასუხეებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შეძენამდე ჰქონდათ ავტომობილის ისტორიის გადამოწმების საშუალება, ხოლო შეძენის მომენტშიც და შემდეგაც ავტომობილი ნორმალური სამეურნეო დანიშნულებისთვის ვარგისი იყო, ხოლო, სხვა არსებით პირობაზე მხარეები არ შეთანხმებულან. მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველის მიერ ავტომობილი კონკრეტულად რა გარემოებებში ან ვისგან იყო შეძენილი, მხარეთა არსებითი შეთანხმების პირობა არ ყოფილა, ამასთან, ამ საკითხზე ინფორმაციის მიწოდება, იმავე არგუმენტით, რომ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობასა და ისტორიასთან დაკავშირებით მყიდველს ყიდვამდე სრული ინფორმაციის გადამოწმების საშუალება აქვს შესაბამისი საშუალებით, არ შეიძლება გამყიდველის არაკეთილსინდისიერ დუმილად ჩაითვალოს მოცემულ შემთხვევაში და გარიგების ბათილობის საფუძვლად მივიჩნიოთ.

18. ამდენად, სსკ-ის 976-ე მუხლის გათვალისწინებით მოპასუხეებს არ შეუძლიათ გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან ხელშეკრულება ნამდვილია, ხოლო, მოტყუებით დადების შესახებ მხარეებს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

19. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის გამოკვეთილი უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე (ქონებრივი სიკეთის გადანაცვლება) და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015წ; №ას-225-215-2016, 25.05.2016წ; №ას-390-390-2018, 15.05.2018წ; №ას-822-822-2018, 13.05.2019წ; №ას-64-2019, 05.03.2021წ.).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, ხოლო, მოპასუხეების შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების შეცვლით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. რ.შ–ძისა და მ.გ–ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ე.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:

2.1. ე.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2.2. რ.შ–ძეს ე.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს 14 000 აშშ დოლარი;

2.3. რ.შ–ძისა და მ.გ–ძის შეგებებული სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

3. რ.შ–ძისა და მ.გ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;

4. რ.შ–ძეს ე.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველ და საკასაციო ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 183.06 ლარის გადახდა;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე