ბს-1427-88-გ-04 27 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. გ-ისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრების განსჯადობაზე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო და სისხლის სამართლის სააპელაციო პალატებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მთაწმინდის რაიონის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვ. თ-ის, რაიონის პოლიციის განყოფილების მომკვლევის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის საფუძველზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელი. ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31000 ლარის გადახდა, საიდანაც მორალური ზიანი შეადგენდა 20000 ლარს, მატერიალური ზიანი _ 10000 ლარს, ხოლო გაწეული ხარჯი _ 1000 ლარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც ნ. გ-ემ, ისე ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის საოქმო განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას. სასამართლომ მიუთითა, რომ, რადგან ნ. გ-ის სარჩელი ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და საქმე განხილულ უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-229-ე მუხლების შესაბამისად, ამიტომ საქმე წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯად საქმეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა 2004წ. 29 სექტემბრის განჩინებით არ დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი დავის განსჯადობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქმე განსახილველად დაუბრუნა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ნოემბრის განჩინებით საქმე გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და განსახილველი საქმის განსჯადობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო და სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე, 227-ე და 228-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად განხილული უნდა იქნეს სისხლის სამართლის სამართალწარმოების წესით. მითითებული კატეგორიის საქმეთა განსჯადობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას 2003წ. 24 მარტს @¹3ბ-ად-329-კ-02 საქმეზე.
მაგრამ განსახილველი საქმის განსჯადობაზე დავის გადაწყვეტისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ ნ. გ-ის სარჩელი განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შესულ სააპელაციო საჩივარზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული აქვს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს მიერ განხილულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ამიტომ ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი უნდა განიხილოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ და თავისი გადაწყვეტილებით გააუქმოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული და საქმე განსჯადობის წესების დაცვით არსებითად განსახილველად დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.