Facebook Twitter

საქმე №ას-315-2023 31 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები – შპს „დ–ე“, შპს „ა–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.გ.მ.ი.ს.ფ.დ.თ–თი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება, ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „დ.გ.მ.ი.ს.ფ.დ.თ–თმა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ–ესა“ (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და შპს „ა–ას“ (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ 107 000 ლარის გადახდის, ასევე, მოსარჩელის კუთვნილი ინვენტარისა და მოწყობილობების გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, შპს დაარეგისტრირა თურქეთის ქალაქ რიზეში 2001 წელს ზ.ბ–სა და მისი ძმების მიერ. იგი ძირითადად აწარმოებდა საკონდიტრო ნაწარმსა და თურქულ ტკბილეულს ქარხნული წესით. ზ.ბ– 2014 წლიდან იცნობდა ი.ე.ბ–ას. 2015 წელს მათ მოილაპარაკეს, საქართველოში, კერძოდ ქ. ბათუმში დაეარსებინათ ერთობლივი საწარმო, ძირითადი ფირმის ფილიალი.

3. 2017 წლის თებერვალში ქ. ბათუმში დაარეგისტრირეს მეორე მოპასუხე, რომლის დირექტორმა - ი.ე.ბ–ამ სამეწარმეო საქმიანობისთვის იქირავა 300 კვ.მ, შენობის პირველ-მეორე სართულზე 3600 დოლარად. ფართის ქირას იხდიდა მეორე მოპასუხე. ნაქირავები ფართი იყო შავ კარკასი. ზ.ბ–მა და ი.ე.ბ–ამ დაიწყეს მისი რემონტი და კეთილმოწყობა. სიტყვიერი მოლაპარაკების თანახმად, მოსარჩელემ ამ პროექტში იკისრა პასუხისმგებლობა, რათა: 1) უზრუნველეყო რიზედან ქ. ბათუმში გასახსნელი ობიექტისათვის შიდა მოწყობილობის მომარაგება; 2) თურქეთიდან შემოეტანა კეთილმოწყობისა და რემონტისათვის საჭირო მასალა, ხოლო ზემოაღნიშნული თანხის გადახდა პერიოდულად უნდა უზრუნველეყო მეორე მოპასუხეს. მაღაზიის გახსნის შემდეგ ძირითადი ფირმა მოამარაგებდა საკონდიტრო ნაწარმით (ნახევარფაბრიკატებით) და მაღაზიისათვის საჭირო პროდუქტებით ქ. რიზედან, რისთვისაც მოსარჩელემ თურქეთიდან გამოაგზავნა საჭირო ავეჯი, ინვენტარ-მოწყობილობები და დანადგარები. გამოგზავნილი მასალები მიიღეს ს.კ–ძემ და ი.ე.ბ–ამ. ობიექტის დამთავრებისა და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის სამშენებლო და ამ საქმისათვის სხვა საჭირო მასალები (ცემენტი, ქვიშა, კაფელი, საღებავი და სხვა) შეიძინა ს.კ–ძემ ქ. ბათუმში, შენობაში ასევე შეყვანილ იქნა ინტერნეტის ხაზი. ამასთან, ს.კ–ძე მხარეებს შორის გამართული ზეპირი მოლაპარაკების თანახმად, ქ. ბათუმში მაღაზიის გახსნისა და ამოქმედების შემდეგ მეორე მოპასუხის კაპიტალში 25% წილის მფლობელი უნდა ყოფილიყო. ი.ე.ბ–ამ შესთავაზა ზ.ბ–ს, რომ ს.კ–ძეს მეორე მოპასუხე შპს-ს წილის მისაღებად უნდა გადაეხადა 100 000 ლარამდე. ზ.ბ– ამ წინადადებას დაეთანხმა და პირადი დანაზოგიდან გადაიხადა საჭირო თანხა ქ. ბათუმში ერთობლივი ობიექტის გაკეთების, ამოქმედებისა და მუშაობისათვის. ს.კ–ძეს გარკვეულ თანხას იღებდა მეორე მოპასუხის სხვა მეწილეებისგანაც და თავად ხარჯავდა.

4. ქ. რიზედან ქ. ბათუმში მაღაზიის გახსნისათვის საქონლის გამოგზავნა დაიწყო 2017 წლის აპრილიდან. 2018 წლის აპრილში გაიხსნა მაღაზია „დ–ჰი“, მაღაზიის გახსნის შემდეგ ი.ე.ბ–ამ დაიწყო თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ, იძულებით.

5. 2019 წლის 30 დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „გ.ბ–ი“. აღნიშნული ფირმა 2019 წლის 30 დეკემბრიდან აგრძელებდა არსებულ საკონდიტრო მაღაზიაში მუშაობას.

6. 2020 წლის მაისის ბოლო რიცხვებიდან საკონდიტრო მაღაზიაში მუშაობა დაიწყო პირველმა მოპასუხემ, რომელიც დღესაც აგრძელებს ვაჭრობას. ზემოაღნიშნული კომპანიები თავიანთ საქმიანობაში იყენებენ მაღაზიაში არსებულ ინვენტარ-მოწყობილობებსა და დანადგარებს, რომლებიც მოსარჩელემ შეიტანა და მათი ღირებულება მეორე მოპასუხეს მისათვის არ გადაუხდია.

7. მოსარჩელის მითითებით, ამჟამად სადავო მაღაზიაში საქმიანობს პირველი მოპასუხე, რომელიც იქ არსებული ინვენტარ-მოწყობილობებითა და დანადგარებით სარგებლობას აგრძელებს.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ნივთები შეიძინეს 2020 წლის 28 თებერვალს შპს „გ.ბ–ისგან“, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ქ.ბათუმში, ……., №1 კომერციულ ფართში მდებარე მაღაზია „დ–ში“ განთავსებულ 41 დასახელების ინვენტარ-მოწყობილობას, რაზეც პირველმა მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.

10. ამავე საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 107 000 ლარის გადახდა, ასევე სადავო ნივთები გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის განჩინება მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი განჩინება, მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის მფლობელობაში ქ.ბათუმში, …….., №1 კომერციულ ფართში მდებარე მაღაზია „დ–ში“ განთავსებული 41 დასახელების მოძრავი ნივთების გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. 2022 წლის 2 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით - ყადაღითა და ინვენტარის სარგებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის აკრძლავით შეცვლა მოითხოვა.

13. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არსებული განჩინება რეალურად ვერ უზრუნველყოფდა სასარჩელო მოთხოვნის დაცვას. მოპასუხე აგრძელებდა მოსარჩელის კუთვნილი, ძვირადღირებული მოძრავი ნივთების გამოყენებას და გასხვისებას, რაც დიდ ზიანს აყენებდა მოსარჩელეს, ვინაიდან ნივთები განიცდიდა ბუნებრივ ცვეთას. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა ზემდგომ ინსტანციებში დავა, შესაძლოა წლები გაგრძელებულიყო. ამასთან, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე არღვევდა ზემოხსენებული განჩინების პირობებს, კერძოდ, რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი გაყიდა, რაზეც მიმდინარეობდა გამოძიება. მხოლოდ მოძრავი ნივთების დაყადაღება უზრუნველყოფდა სასარჩელო მოთხოვნის დაცვას და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. შუამდგომლობას დაერთო ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს 14.10.2022 წლის ცნობა, რომლის თანახმად 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №171091121002 საქმეზე, დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების ფაქტზე, სსკ-ის 377.1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის მფლობელობაში არსებულ, ქ. ბათუმში, ....... მდებარე №1 კომერციულ ფართში არსებულ მაღაზია „დ–ში“ განთავსებულ სადავო მოძრავ ნივთებს.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. საჩივრის ავტორთა განმარტებით, პირველი მოპასუხე სარგებლობს სადავო მაღაზიაში მდებარე იმ დანადგარ-მოწყობილობებით, რომლებიც იქ თავის დროზე მეორე მოპასუხემ განათავსა. ყურადსაღებია, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს მოძრავი ნივთები, რაც დადასტურებულია შესაბამისი ხელშეკრულებით, ზედნადებით, საგადახდო დავალებით.

17. საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლო უნდა დარწმუნებულიყო საჩივარში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის ნამდვილობაში, რათა მტკიცებულებათა მეშვეობით დაედასტურებინა მისაღები განჩინების კანონიერება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სააპელაციო პალატამ განჩინება დააფუძნა 2022 წლის 10 ოქტომბერს გაცემულ ცნობას, რომლის თანახმადაც 9.11.2021 წელს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების ფაქტზე. ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თითქოს მოპასუხეები სადავო ნივთებს ასხვისებენ, რაც რეალობას არ შეესაბამება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გამოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მატერიალური სიკეთის, ამ შემთხვევაში, მოძრავი ნივთების შენარჩუნებაზეც, ვინაიდან, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

20. განსახილველ შემთხვევაში, გარემოება, რომელზეც შუამდგომლობის ავტორი ამყარებდა ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის თვალსაზრისით, მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების დაზიანების/განადგურების და განკარგვის საშიშროება იყო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობას ერთვოდა ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს 14.10.2022 წელს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად 9.11.2021 წელს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №171091121002 საქმეზე, დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 377.1 მუხლით.

21. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის მითითება, რომ ისეთ პირობებშიც, როდესაც 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით პირველ მოპასუხეს აეკრძალა სადავო მოძრავი ნივთების გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ დარჩება უცვლელად და შევა კანონიერ ძალაში, მოპასუხის მიერ ამ ნივთების გასხვისების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი აღსრულება გაძნელდეს ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს.

22. მოსარჩელის მიერ წარდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ ივარაუდა, რომ არსებობდა მაღალი რისკი, რომ მოპასუხე მხარეს, გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების მიზნით, განეხორციელებინა ისეთი ქმედებები (ექსპლუატაციის პერიოდში დაეზიანებინა ან/და გაესხვისებინა სადავო მოძრავი ნივთები), რაც გამოიწვევდა გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ან/და გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, წარდგენილი შუამდომლობისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენება გამართლებული იყო. საწინააღმდეგოდ საჩივრის ავტორმა სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მართალია, მიმართა განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს, თითქოს მათ მიერ ხდებოდა უზრუნველყოფის ქვეშ არსებული ნივთების გასხვისება, თუმცა, აქვე მიუთითა, რომ აღნიშნული რეალობას არ შეესაბამებოდა. სააპელაციო პალატამ საჩივრის ავტორის ეს შედავება არ გაიზიარა და მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცება და, შესაბამისად, საჩივრის ავტორის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობა, გამოძიების საბოლოდ დასრულებამდე შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული სადავო გარემოება ჯერ დადგენილი არ არის. ამდენად, მოცემულ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებია ცნობილი, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინებით მოძრავ ნივთებზე დადებული ყადაღის გაუქმების შესაძლებლობას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე არასწორია, რის გამოც მოპასუხეთა საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 1971 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

27. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

28. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

29. სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

32. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

34. სსსკ-ის 2-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

35. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისისგადაწყვეტილებასაქმეზე: №3/1/512.).

36. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ. Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).

37. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. (შდრ. სუსგ 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1135-1082-2013.) მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).

39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015.).

40. სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება.

41. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 107 000 ლარის გადახდა, ასევე, სადავო ნივთები გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს. ამჟამად აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.

42. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენება გამართლებული იყო. აღნიშნულ მსჯელობას ვერ გააქარწყლებს საჩივრის ავტორთა არგუმენტი, რომ მოსარჩელემ სადავო უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროება სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.

43. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს 14.10.2022 წლის ცნობაზე, რომლის თანახმად 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №171091121002 საქმეზე, დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების ფაქტზე, სსკ-ის 377.1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. აღნიშნული ცნობის შინაარსი ადასტურებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ სადავო ნივთების შესაძლო გასხვისების შემთხვევას.

44. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის არც იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული სადავო ნივთების მდგომარეობა სპეციალისტმა შეაფასა და დამაკმაყოფილებლად ცნო. შესაბამისად, სადავო გარემოებების დადასტურებაზე მითითებისას, ყოველი მხარე ვალდებულია, გაითვალისწინოს საკუთარი მტკიცების ტვირთი და ქმედითად უარყოს მოწინააღმდეგის არგუმენტები.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების წინაპირობები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ–სა“ და შპს „ა–ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრისა და 2023 წლის 17 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე