Facebook Twitter

საქმე №ას-160-2023 31 მარტი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.გ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.გ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან ბანკი) მიმართ შემდეგი მოთხოვნით: ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 8 აპრილს ბანკთან დადებული სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის N 13903706 ხელშეკრულება და 2017 წლის 14 ივნისის სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის N 14245699 ხელშეკრულება; დაუბრუნდეს მოსარჩელეს უკანონოდ დაკავებული თანხა 6 360 ლარი.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 8 აპრილს და 2017 წლის 14 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებები N 13903706 და N 1425699 არ დადებულა; ბანკს აპელანტის სასარგებლოდ 960 ლარის გადახდა დაეკისრა; ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა დაეკისრა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (სუსგ N ას- 1103-2020).

6. მოსარჩელემ 2021 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და, მის სასარგებლოდ, მოპასუხე ბანკისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელი.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება მხარეებს გადაეგზავნა, რის შემდეგაც სამოქალაქო საქმე N 2/ბ-590-21 პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა.

10. მოსარჩელემ 2022 წლის 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომელშიც მიუთითა, რომ 2021 წლის 29 ოქტომბერს განხილული საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში ვერ მოიძია.

11. 2022 წლის 15 ნოემბერს, განმცხადებელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წამყვანი სპეციალისტის მიერ წერილობით ეცნობა, რომ სამოქალაქო საქმე N 2/ბ-590-21 სააპელაციო განხილვის შემდგომ 2022 წლის 18 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა (იხ. ს.ფ.62).

12. მოსარჩელემ (კერძო საჩივრის ავტორმა) 2022 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მიუთითა, რომ უწყება საქმის განხილვის თაობაზე არ ჩაჰბარებია, მას საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება სურდა, ამასთან, მისთვის უცნობი იყო, თუ რა შედეგით დასრულდა კერძო საჩივართან დაკავშირებული საქმის განხილვა.

13. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე, ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს მოსამართლის თანაშემწემ განმცხადებელს წერილობით აცნობა, რომ სამოქალაქო საქმე N 2/ბ-590-21 2021 წლის 30 ივლისს განსახილველად დაეწერა მოსამართლე თამარ სვანიძეს, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული და განხილვა, 2021 წლის 29 ოქტომბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინების ასლი კი გაეგზავნათ მხარეებს. კერძო საჩივრის ავტორს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინების ასლი, 2022 წლის 22 დეკემბერს, პირადად ჩაჰბარდა. აღნიშნული დასტურდება გზავნილის ჩაბარების დასტურით. ამის შემდეგ საქმე (საქმეში არსებული ყველა მასალა) პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა. სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილ წერილს გზავნილის ჩაბარების დასტური დაერთო.

14. მოსარჩელემ 2022 წლის 13 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ უწყება საქმის განხილვის თაობაზე არ ჩაჰბარებია. სასამართლოსგან მიიღო მხოლოდ თითო-თითო წერილი. ამასთან, მისთვის უცნობია თუ რის საფუძველზე დაბრუნდა საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შევსების მიზნით განმცხადებელს დაევალა, რომ დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, მიეთითებინა წარმოდგენილი განცხადება, თავისი პროცესუალური ბუნებით, ხომ არ არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ან/და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება. განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღე განესაზღვრა. განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებდა, განცხადება განუხილველად დარჩებოდა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინების ასლი განმცხადებელს 2023 წლის 16 იანვარს ჩაჰბარდა.

17. განმცხადებელმა 2023 წლის 17 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განმარტა, რომ უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქმე მიმდინარეობს, საქმეზე 4 ტომი დოკუმენტები შეგროვდა, თუმცა თანხა, რომლის ანაზღაურებასაც იგი ითხოვს ჯერ კიდევ არ მიუღია.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

18.1. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-7.2, 373.1-ე, 374-ე, 70-78-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, რომ დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, მიეთითებინა წარდგენილი განცხადება თავისი პროცესუალური ბუნებით ხომ არ არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ან/და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება (იხ. მე-15 პუნქტი);

18.2. განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებდა, განცხადება განუხილველად დარჩებოდა;

18.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინების ასლი განმცხადებელს 2023 წლის 16 იანვარს ჩაჰბარდა;

18.4. მოსარჩელემ 2023 წლის 17 იანვარს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში დასახელებული გარემოებების საფუძველზე განცხადებით მიმართა;

18.5. სსსკ-ის 368.5-ე მუხლის თანახმად, თუ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება სააპელაციო საჩივარი (განცხადება კერძო საჩივარი/საჩივარი) აღარ მიიღება;

18.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული;

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

21. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მას სურს იმ თანხის დაბრუნება, რაც ბანკმა წაართვა. ამასთან დაკავშირებით 4 ტომი დოკუმენტები შეგროვდა და 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოპასუხე თანხას არ უხდის მოსარჩელეს.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

23. კერძო საჩივრის ავტორმა 2023 წლის 20 მარტ, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მისი მონაწილეობით კერძო საჩივრის ზეპირი განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით განცხადების განუხილველად დატოვების მართლზომიერება (იხ. წინამდებარე განჩინების 14-19 პუნქტები).

25. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

26. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი/განცხადება აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

27. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შევსების მიზნით განმცხადებელს დაევალა, რომ დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, მიეთითებინა წარმოდგენილი განცხადება თავისი პროცესუალური ბუნებით ხომ არ არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ან/და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება. განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღე განესაზღვრა. განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებდა, განცხადება განუხილველად დარჩებოდა.

28. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია, მან სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოპასუხისგან თანხის დაბრუნება მოითხოვა.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, მას არ დაუზუსტებია განცხადება სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში იმ თვალსაზრისით, რაც დავალებული ჰქონდა. შესაბამისად, დასაბუთებული და კანონიერია სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.19 წ.).

31. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს, მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი თანხის მიღებას ითხოვს, განუმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ბანკს აპელანტის სასარგებლოდ 960 ლარის გადახდა დაეკისრა, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნით გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რაც მოსარჩელეს 2021 წლის 19 თებერვალს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 67).

32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და არ აკმაყოფილებს, რადგან წარმოდგენილ კერძო საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად ზეპირი მოსმენის საჭიროება, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს (სსსკ-ის 408-ე მუხლი).

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.გ–ვას შუამდგომლობა, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. დ.გ–ვას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე