Facebook Twitter

საქმე №ას-208-2023 31 მარტი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ "ჟ.რ.ც–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი – საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ა(ა)იპ "ჟ.რ.ც–ის" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მისი შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, აგრეთვე - გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

4. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - ნ.კ–ს 2022 წლის 9 დეკემბერს ჩაჰბარდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 26 დეკემბერს, საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ნ.კ–მა და განმარტა, რომ მან განჩინებით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები იყვნენ ავად და მითითებული მიზეზის გამო, იგი არ დადიოდა სამსახურში. იმის გამო, რომ ნ.კ–ის შვილებს ჰქონდათ ვირუსული ინფექცია, მას, როგორც პაციენტს, ექიმისთვის აღარ მიუმართავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა საპატიოდ იქნას მიჩნეული სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა და აპელანტს აღუდგეს განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა.

6. სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 28 დეკემბერს, განიხილა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, წარდგენილი განცხადება დადაასკვნა, რომ აპელანტს უარი უნდა ეთქვას საპროცესო ვადის აღდგენაზე და მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 373.1-ე, 374.2-ე, 59-ე, 63-ე, მე-60.2, 61.3-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, 2022 წლის 9 დეკემბერს, ჩაჰბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 10 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 16 დეკემბერს;

6.2. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება;

6.3. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. Nას-366-366-2018, 18.05.2018წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (სუსგ. Nას-1023-2019, 25.09.2019წ.). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, რა დროსაც მხარეს არ შესწევდა საპროცესო უფლება-მოვალეობების რეალიზების უნარი;

6.4. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარდგენილია სამედიცინო ბარათი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მ.ყ–ძე, რომელიც ასევე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით არის ნ.კ–ის შვილი, უჩიოდა საერთო სისუსტეს, ტემპერატურის მატებასა და ა.შ თუმცა აღნიშნული დოკუმენტის გაცემის თარიღი ბუნდოვანია. ასევე განმცხადებლის მიერ წარდგენილი დაბადების მოწმობით ირკვევა, რომ მ.ყ–ძე არის 18 წლის, სრულწლოვანი პირი;

6.5. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების, წარდგენილი მტკიცებულებების, განმცხადებლის ოჯახის წევრის (შვილის) ასაკის გათვალისწინებით, არ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის ავტორი ვერ შეძლებდა განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებას. სასამართლოს ამ მსჯელობას ამყარებს ისიც, რომ აპელანტს ხელმძღვანელის ნ.კ–ის გარდა, ჰყავს ასევე ადვოკატიც - ც.ჯ–ი, (აღნიშნულის თაობაზე თავად განმცხადებელი უთითებს წარდგენილ განცხადებაში) რის გამოც, მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით (სატელეფონო საუბრისა თუ ელ.ფოსტის მეშვეობით), შეეძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაციის გზით, უზრუნველეყოთ კანონით დადგენილ ვადაში, 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შევსება;

6.6. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლო საპატიოდ ვერ მიიჩნევდა განმცხადებლის მიერ მითითებულ მიზეზს, რის გამოც განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდა და აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის აღდგენაზე;

6.7. სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა;

6.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს უარი უთხრა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად;

6.9. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

7. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით.

7.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში არ ჩაჰბარებია, რის გამოც აპელანტი იძულებული იყო მხოლოდ ფორმალურად შევსებული სააპელაციო საჩივარი წარედგინა. ამის გამო მის სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად;

7.2. მოპასუხის დირექტორმაც და ადვოკატმაც მხოლოდ 2022 წლის 21 დეკემბერს გაიგეს, რომ სასამართლოდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს 2022 წლის 9 დეკემბერს ჩაჰბარდა. ამას აპელანტის წარმომადგენლის მიერ მოსამართლის თანაშემწესთან განხორციელებული სატელეფონო ზარიც ადასტურებს. აპელანტის ადვოკატი მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ როდის შეეძლო მას ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება. ყოველივე აღნიშნული კი იმას ადასტურებს, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი ჰქონდა და ხარვეზის გამოსწორება სურდა;

7.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდეგ ნ.კ–ი სამსახურში არ ყოფილა, რადგან ავადმყოფობდა. ეს პერიოდი სახლში მკურნალობდა. ამ პერიოდშივე სულ ცოტა ადრე მისი შვილები იყვნენ ავად. ნ.კ–ს სამი შვილი ჰყავს, მათ იმ დროისთვის ვირუსული ინფექცია ჰქონდათ დადგენილი და ნ–ს მზრუნველობას საჭიროებდნენ. სხვების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ნ. ხალხთან კონტაქტს ერიდებოდა. ვინაიდან ნს შვილებს ვირუსული ინფექცია ჰქონდათ, ნ–ს ცალკე კვლევა არ ჩაუტარებია, ისე მკურნალობდა თავის ავადმყოფობას;

7.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მისგან დამოუკიდებლად, საპატიო მიზეზით ვერ შეძლო სასამართლო განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრა;

7.5. კერძო საჩივარს დართული აქვს ნ.კ–ის შვილების ა. და ბა. ყ–ების დაბადების მოწმობების ასლები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მისი შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, აგრეთვე გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

13. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ნ.კ–ს 2022 წლის 9 დეკემბერს ჩაჰბარდა.

14. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 26 დეკემბერს, საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ნ.კ–მა და განმარტა, რომ მან განჩინებით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები იყვნენ ავად და მითითებული მიზეზის გამო, იგი არ დადიოდა სამსახურში. იმის გამო, რომ ნ.კ–ის შვილებს ჰქონდათ ვირუსული ინფექცია, მას, როგორც პაციენტს, ექიმისთვის აღარ მიუმართავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა საპატიოდ მიჩნეულიყო მის მიერ ხარვეზის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობა და აპელანტს აღდგენოდა განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა აპელანტმა საპატიო მიზეზით გაუშვა და მას ვადის გაშვება საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს.

17. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მხარის მიერ გაშვებული საპროცესო ვადის (სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა) აღდგენას, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე), სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი თავისი ან თავისი ოჯახის წევრების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა სააპელაციო სასამართლოსთვის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენას ან მის გაგზავნას ფოსტის (თუნდაც ელექტრონული ფოსტის) მეშვეობით.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების, საქმეზე წარმდგენილი მტკიცებულებების, განმცხადებლის ოჯახის წევრის (შვილის) ასაკის გათვალისწინებით, არ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის ავტორი ვერ შეძლებდა განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებას. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ისიც, რომ აპელანტს ორგანიზაციას უშუალო ხელმძღვანელის - ნ.კ–ის გარდა, ჰყავს ასევე ადვოკატიც - ც.ჯ–ი, (ამისთაობაზე თავად განმცხადებელი უთითებს წარდგენილ განცხადებაში), რის გამოც, მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით (სატელეფონო საუბრისა თუ ელ.ფოსტის მეშვეობით), შეეძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაციის გზით, უზრუნველეყოთ კანონით დადგენილ ვადაში, 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შევსება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ N ას-1397-2019, 21.11.19 წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). (სუსგ #ას-1218-2021, 17.11.21 წ.).

21. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სსსკ-ის 65-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. (იხ. სუსგ-ები: N ას-790-757-2016, N ას-221-208-2015: N ას-1685-2018; N ას-831-2022)“ . განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ მას საპატიო მიზეზის გარეშე არ შეეძლო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორება განჩინებითვე განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მისი განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების მხარის მიერ შეუსრულებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას ან/და საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული ასეთი მიზეზი საპატიოდ მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურად და არა სუბიექტური თვალსაწიერიდან გამომდინარე შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის თითოეული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას და ასეთი მოქმედების შესრულების შესახებ სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაშინ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა ადასტურებდეს, თუ რითაა ამგვარი უმოქმედობა გამართლებული. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება.

22. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია საპროცესო მოქმედების შესრულება, ასეთი მოქმედების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოსათვის ამ უკანასკნელისავე განჩინებით განსაზღვერულ ვადაში ინფორმაციის მიწოდება. ზოგადად სამედიცინო ცნობას, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებთან ერთად, თანაბარი მტკიცებულებითი ძალა გააჩნია და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა ან უპირატესობა არ აქვს, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (იხ. სუსგ-ები: №ას-955-917-2014, 24.07.2015 წ.; №ას-187-179-2016, 06.05.2016 წ.; №ას-516-516-2018, 13.07. 2018 წ.; №ას-1674-2019, 14.09.2020 წ.; N ას-№ას-1782-25.01.2022წ.; N ას-88-2023, 10.03.2023წ.).

23. კერძო საჩივრი პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით განიმარტოს კანონმდებლის დათქმა: „ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიოდ ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით....“ (ნორმის სრული დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში). აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის, მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას, ასევე-საკუთარ წარმომადგენელთან და სასამართლოსთან კომუნიკაციას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებები არ მიიღება, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ორგანიზაციის დირექტორს- ნ.კ–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ა.ყ–ძისა და ბ.ყ–ძის დაბადების მოწმობების ასლები. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი მიუთითებს მისი და მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობაზე, რაც, სსსკ-ის 215.3-ე მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად მიიჩნევა, თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ორგანიზაციის დირექტორის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას ან ასეთი მოქმედების შესრულების თაობაზე სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლებლობას სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ 2022 წლის 10 დეკემბრიდან (მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორს 09.12.2022წ. ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინება) წლიდან 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 337), გარდა იმისა, რომ არ ადასტურებს ზემოხსენებულ პერიოდში მოპასუხის სრულწლოვანი შვილის იმგვარად ავადმყოფობის ფაქტს (საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისთავად სრულწლოვანება არ გამორიცხავს ავადმყოფი პირის მზრუნველობისა და მოვლის საჭიროებას, თუმცა, ეს გარემოებები სწორედ პირის დიაგნოზისა და სამკურნალო რეკომენდაციების მიხედვით ფასდება თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა - იხ. 21-22 პუნქტები), ასევე ამ ცნობის გაცემის თარიღი ბუნდოვანია. კერძოდ, სამედიცინო ცნობაზე წელი საერთოდ არ არის მითითებული, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში კალმისტრით თარიღის გრაფაში წერია 12.11, რომელიც გაურკვეველია, 12 ნოემბერს ნიშნავს, თუ 11 დეკემბერს (იმ შემთხევაში, თუ ჯერ თვეა მითითებული და შემდეგ- კალენდარული დღე- იხ. ტ.2, ს.ფ.337). ამ ცნობის მიხედვით, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის შვილის სამედიცინო დიაგნოზია: უჩიოდა საერთო სისუსტეს, ტემპერატურის მატებასა და ა.შ რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, საქმეში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი (შეად. სუსგ-ებს: N ას-861-811-2015, 31.03.2016წ; N ას-267-255-2015. 23.04.2015წ.; N ას-1212-1154-2014, 20.01.2015წ.).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები). სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა (შეად, სუსგ-ებს: N ას-620-579-2017, 6.06.2017წ; N ას-500-468-2017, 30.06.2017წ; N ას-366-366-2018მ 18.05.2018წ; N ას-1812-2018, 27.02.2019წ; N ას-438-2019, 30.04.2018წ; N ას-637-2022, 30.09.2022წ.);

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი, მტკიცებულებები (ა.ყ–ძისა და ბ.ყ–ძის დაბადების მოწმობების ასლები) უნდა დაუბრუნდეს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ "ჟ.რ.ც–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. ა(ა)იპ "ჟ.რ.ც–ის" დირექტორს - ნ.კ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ა.ყ–ძისა და ბ.ყ–ძის დაბადების მოწმობების ასლები;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე