საქმე№ა-1486-შ-37-2023 4 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის რესპუბლიკის, კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 09.06.2022 წლის გადაწყვეტილება N107/2022
განცხადების მოთხოვნა – შვილად აყვანა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საბერძნეთის რესპუბლიკის, კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 09.06.2022 წლის გადაწყვეტილებით N107/2022 (შემდეგში ტექსტში „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) ნ. ა. ძე ბ–სა ((შემდეგში ტექსტში „შუამდგომლობის ავტორი“) დედის სახელი: მ–ო, მცხოვრები ქ. თბილისში, საქართველოში, დაბადებული 14.12.1991 წელს) და პ. ბ–ას განცხადება დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის ავტორი გამოცხადდა პ. ბ–ას ნაშვილებ პირად.
2. შუამდგომლობის ავტორმა 23.03.2023 წელს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორი გამოცხადდა პ. ბ–ას ნაშვილებ პირად.
5. შუამდგომლობაზე დართული საბერძნეთის რესპუბლიკის, კოზანის პირველი ინსტანციის სასამართლოს მდივნის მოწმობით (მოწმობის ნომერი 833/2023) დგინდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად კანონიერ ძალაშია შესული. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ 10.05.1999 წლის შეთანხმებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 14.06.2000წ. დადგენილებით), საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა მიზნად ისახავენ რა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას და სურთ რა გააძლიერონ ურთიერთდახმარება სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში ეფექტური თანამშრომლობის საშუალებათა დანერგვის გზით, გადაწყვიტეს დადონ წინამდებარე შეთანხმება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ. შეთანხმების 21-ე მუხლით, თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ცნოს და აღასრულოს სამოქალაქო საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებანი, რომლებიც გამოცემულია მეორე მხარის ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას, ამ მხარის კანონმდებლობის საფუძველზე.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი ადგენს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა ცნობის წესს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და შუამდგომლობა აკმაყოფილებს სამართლებრივი დახმარების შესახებ 10.05.1999წ. შეთანხმების 22-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
10. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმების 21-ე მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის რესპუბლიკის, კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 09.06.2022 წლის გადაწყვეტილება N107/2022, რომლითაც ნ.ა. ძე ბ–ი (დედის სახელი: მ.; მცხოვრები ქ. თბილისში, საქართველოში, დაბადებული 14.12.1991 წელს) გამოცხადდა პ. ბ. ნაშვილებ პირად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია