Facebook Twitter

საქმე №ას-1547-2022

27 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ლ.მ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე თ.მ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.მ–ნის სარჩელი ლ.მ–ნის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.მ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

1. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოსაქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

2. თ.მ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა:

3. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 29 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლ.მ–ნმა 2017 წლის 29 სექტემბრის მინდობილობით, მოსარჩელის სახელით თავის თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ............;

4. მოსარჩელე თ.მ–ნი ცნობილ იქნა უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ........, (ს/კ: №......) - მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ.მ–ნმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ლ.მ–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.მ–ნს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 808,83 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; ლ.მ–ნს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 808,83 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის (უკვე გადახდილი 500 ლარის გათვალისწინებით) ქვითრის დედანი.

2023 წლის 16 თებერვალს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით) კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადანაწილება - ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.მ–ნის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ლ.მ–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.მ–ნს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 808,83 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; ლ.მ–ნს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 808,83 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის (უკვე გადახდილი 500 ლარის გათვალისწინებით) ქვითრის დედანი.

ზემოხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენელს, მ.თ–ს, გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად რწმუნებულს 2023 წლის 1 თებერვალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორისათის ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო ადვოკატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2023 წლის 2 თებერვლიდან და ამოიწურა 2023 წლის 15 თებერვალს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2023 წლის 15 თებერვლის 24 საათამდე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. კასატორის წარმომადგენელმა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადანაწილების თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2023 წლის 16 თებერვალს, ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ლ.მ–ნის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 284-ე, 285-ე, 399-ე, 396 მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ.მ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ლ.მ–ნს პ/ნ ....... დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) (საგადახდო დავალება 15255120146; გადახდის თარიღი 29.11.2022).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე