საქმე №ა-1105-შ-27-2023
13 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.კ–ვა
განხილვის საგანი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის N 003 F 79/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – მეურვედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის N 003 F 79/22 გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ა.ა–ის მეურვეებად დაინიშნენ სამეურვეო პირის ბებია - ა.კ–ვა და ბაბუა - ს.კ–ვი.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 3 აგვისტოს.
ა.კ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის N 003 F 79/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს, არსებობს თუ არა შუამდგომლობის (განცხადების) წარმოებაში მიღების წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხის სრულყოფილად დადგენა. საერთაშორისო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია შიდასახელმწიფოებრივი პროცესუალური ნორმების გაანალიზება ვინაიდან, კონკრეტული სახელმწიფოს სასამართლო სისტემა, მოქმედი საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, თავად განსაზღვრავს ეროვნული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის ფარგლებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხო ელემენტის შემცველ დავებთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოები საკუთარი კომპეტენციის დადგენისას ხელმძღვანელობენ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებებით (თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის საქართველო, სხვა რამეს არ ითვალისწინებს).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასამართლოები განიხილვენ სამოქალაქო საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები. ასეთ საქმეებთან მიმართებით საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნიათ მაშინ, თუ მოპასუხის რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია ასევე მაშინაც, თუ მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი მდებარეობს საქართველოში.
საქართველოს კანონში ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ'' სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს დათმობილი აქვს მთელი მე-2 თავი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე თვალნათელია, რომ საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხი საკანონმდებლო დანაწესით გათვალისწინებულ მკაცრ რეგულირებას ექვემდებარება და ამავე სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლების დარღვევით წარმოდგენილი შუამდგომლობის განსახილველად მიღება სცილდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით: გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება, თუ, ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ მეურვეს (მეურვეებს) ან პირს რომელსაც მეურვეობა ესაჭიროება საქართველოში გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი ან აქვთ ადგილსამყოფელი, არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს სახელმწიფოსთან აკავშირებთ სხვა ტიპის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის დადგენა და შუამდგომლობის განსახილველად მიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, ესა თუ ის წერილობითი მტკიცებულება სასამართლოს წარედგინება, როგორც წესი, დედნის სახით.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მარტოოდენ მხარის წერილობითი მითითება, სათანადო ხასიათის მტკიცებულებების გარეშე, მასზედ, რომ არასრულწლოვანი ა.ა–ი საქართველოშია დაბადებული და საქართველოს მოქალაქეა, შუამდგომლობის წარმოებაში მისაღებად და მის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ ა.კ–ვას შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ დგინდება საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია და შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, რის გამოც ა.კ–ვას უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ა.კ–ვას უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს ა.კ–ვას რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე