30 იანვარი, 2023 წელი
საქმე №ას-1019-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოპასუხე) – ნ.ქ-ხ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.ლ–ძე
მოპასუხეები - ვ. ხ–ა, ნ. ხ–ა
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისში, ......... სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე №24 ბინა (შემდეგში - სადავო ბინა, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) ე.ლ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, კასატორი) საკუთრებაა. უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2012 წლის 10 დეკემბერს დამოწმებული №3192 და ქ.თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2013 წლის 27 ივნისს დამოწმებული №30 საკუთრების უფლების მოწმობები.
2. სადავო ბინის მფლობელები არიან: ნ.ქ-ხ–ა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან განმცხადებელი), ვ. ხ–ა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და ნ. ხ–ა (შემდეგში - მესამე მოპასუხე, ასევე, შემდეგში, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, მფლობელები).
3. მოპასუხეები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან, რომლებმაც დევნილობის გამო მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებამდე დაიკავეს უძრავი ქონება.
4. მფლობელები სახელმწიფოსგან რაიმე დახმარებას არ იღებენ.
5. უძრავი ქონება არ არის სახელმწიფოს მიერ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 17 სექტემბრის წერილში მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება დევნილთა გამოსახლება უძრავი ქონებიდან.... სამინისტრო ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეთა ინტერესებს, შესაბამისად, მათი შემდგომი ეტაპია იძულებით გადაადგილებული იმ ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც განსახლებული არიან კერძო მესაკუთრეთა საცხოვრებელ ბინებში.
7. ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უფროსის 2013 წლის 6 აგვისტოს წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განმეორებით ეცნობა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან იქ მცხოვრები პირების გამოსახლებას, როგორც ცნობილია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები - მოპასუხეები. წერილს ასევე დაერთო აღნიშნულ მისამართზე გადახდილი დენის და გაზის ქვითრების ქსეროასლები.
8. ქ.თბილისის მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შედგენილ 2004 წლის 27 თებერვლის წერილში აღნიშნულია, რომ სახლზე, რომელშიც მოსარჩელეს გამოყოფილი აქვს ბინა, მშენებლობა შეჩერებულია... როგორც კი მშენებლობა გაგრძელდება, მაშინვე დაისმება საკითხი სამართალდამცავი ორგანოების წინაშე თვითნებურად დაკავებული ბინების გამოთავისუფლების თაობაზე.
9. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტების მიხედვით, პირველი მოპასუხის და მეორე მოპასუხის რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია სადავო ბინის მისამართი, ხოლო მესამე მოპასუხის რეგისტრაციის ადგილად მითითებულია სხვა მისამართი, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც, ფაქტობრივი მისამართი სადავო ბინის მისამართია.
10. ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაგზავნილ წერილში მიუთითა, რომ 34-ე კორპუსი იყო მშენებარე, ექსპლოატაციაში მისაღები და მასში ბინები ფაქტობრივად დროებით დაიკავეს აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახებმა და თვითნებურად შეჭრილმა მოსახლეობამ, სადაც ფართების დიდი ნაწილი თვითნებურად გადააკეთეს, რაც პრობლემას ქმნიდა პრივატიზაციისათვის.
11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისათვის 2009 წლის 4 ნოემბერს მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ „ვარკეთილი ......, N33, 34; 35; 36; 37 მცხოვრებმა დევნილებმა წერილობით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს არსებული ფართის მათთვის დაკანონების თხოვნით.... საცხოვრებელი კორპუსები ნაწილობრივ აშენებულია.... 1995 წელს აფხაზეთიდან დევნილთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებსაც არ გააჩნდათ არანაირი საცხოვრებელი ფართი თავიანთი სახსრებით დაიწყეს კორპუსების გარემონტება, კომუნიკაციების მიყვანა და გადახურვა, რომლებსაც სრულყოფილი სახე მიეცათ 2002 წელს, ამავე პერიოდიდან ისინი დარეგისტრირდნენ აღნიშნულ მისამართზე, ისინი არ სარგებლობენ არანაირი შეღავათით და ჩვეულებისამებრ იხდიან დენის, წყლის და გაზის გადასახადს“.
12. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მფლობელების წინააღმდეგ და უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვა მოითხოვა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეს გადაეცა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15.2. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) მე-4 მუხლის „დ“ პუნქტსა (დევნილის რეგისტრაციის ადგილია – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა) და „ე“ პუნქტებზე (დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს), ამავე კანონის 13.2 მუხლზე და (იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე) და მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება იკისრა სახელმწიფომ.
15.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრების ობიექტში დევნილის განთავსებისას იგულისხმება, რომ იგი აღნიშნულ ობიექტში განთავსებულია მის პირვანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, თუ, რა თქმა უნდა, თვით სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის ალტერნატიული ფართების ან ფულადი კომპენსაციის შეთავაზებას. სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებაზე: მოპასუხეები სადავო ფართში დევნილად იმ პერიოდში დარეგისტრირდნენ, როდესაც აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და ვიდრე მოსარჩელე სადავო საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციას მოახდენდა.
15.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში მიღებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინაში იძულებით გადაადგილებული პირების ჩასახლება სახელმწიფოს ნებით მოხდა და მოპასუხეები ამ ბინას მართლზომიერად ფლობდნენ.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით:
17.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
17.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
17.3. სარჩელი დაკმაყოფილდა;
17.4. სადავო ბინა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გათავისუფლდა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეს გადაეცა.
18. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე ამავე წლის 8 ივნისს სააღსრულებო ფურცელი გამოიწერა.
19. მოგვიანებით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების 3 თვის ვადით გადადება ითხოვა.
19.1. განცხადების დასაბუთებიდან გამომდინარე, ნ.ქ-ხ–ას გააჩნია ჯანმრთელობის უმწვავესი მდგომარეობა. მძიმე ავადმყოფობის გათვალისწინებით განმცხადებლის გამოსახლება ამ ეტაპზე მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ამასთან მისი ოჯახი ეკონომიკურ სიდუხჭირეში იმყოფება, ხოლო სხვა საცხოვრებელი სადგომი არ აქვთ.
19.2. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ზემომითითებული გარემოებებიდან გამომდინარე 3 თვე სჭირდება, რის შემდეგაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნას ნებაყოფლობით შეასრულებს, ე.ი. სადავო ბინას გაათავისუფლებს და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეს გადასცემს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ განმცხადებლის შუამდგომლობის საფუძვლიანობა.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 263.1 მუხლი ადგენს შემდეგ ქცევის წესს:
სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
22. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საკითხზე საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული.
- სსსკ-ის 263.1 მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გააწილვადოს ან გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა, მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება და აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც არც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1174-1094-2017, 11.10.2017).
- მართალია, ზოგადად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობაზე, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესია. სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სწორედ კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მხარეთა ამგვარ მდგომარეობას ლეგიტიმურს ის გარემოება ხდის, რომ კრედიტორს, რომლის დარღვეული უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტით არის აღდგენილი, ჰქონდეს რეალური გარანტია, უფლების რეალიზაციისა. მიუხედავად ამგვარი ვითარებისა, კანონმდებლობა გარკვეულ ბალანსს ადგენს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის უპირატესი გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვას, რათა ხელისუფლების ორგანოს ქმედებით (სააღსრულებო ორგანოები) მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამგვარ საშუალებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ერთჯერადად გადადება, მისი განაწილვადება და სხვა, ამ თვალსაზრისით საინტერესოა, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი კრედიტორისა და მოვალის უფლებები, სადაც ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მხარეთა მორიგების შესაძლებლობა (იხ. სუსგ: Nას-24-35-2014, 19.02.2014).
23. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (2023 წლის 23 იანვრის ფორმა #100 #003747) წარმოქმნის ვითარებას, რომლის გათვალისწინებითაც გადაწყვეტილების აღსრულების 3 თვემდე ვადით გადადების შუამდგომლობა გასაზიარებელია. ამასთან, განცხადებას თანდართულია შუამდგომლობაში აღწერილი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი განმცხადებელს დაძლეული აქვს.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 263-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ-ხ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, საქმეზე №ას-1019-2019, გადაიდოს 3 (სამი) თვით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. კაკაბაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
მ. ერემაძე