15 მარტი, 2023 წელი,
საქმე №ას-488 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ერთი წლით დადებულად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან ცენტრი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც გ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 1 აპრილის #1456 ბრძანება; მოპასუხეს 2020 წლის 1 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილი ვადის ამოწურვამდე - 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ყოველთვიურად - 2 000 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სამუშაოზე აღდგენისა და ხელშეკრულების ერთი წლით დადებულად აღიარება თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირობა არასწორად მიიჩნია შრომის კოდექსთან შეუსაბამოდ. შეთანხმების გაფორმებისას დასაქმებულს აცნობეს, სამუშაოს მოცულობის ზრდის გამო, შესყიდვების კონსულტანტის თანამდებობით გათვალისწინებული დამხმარე ფუნქცია-მოვალეობების შესრულების თაობაზე, რაც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძველია. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოსარჩელე ცენტრში შტატგარეშე თანამდებობას იკავებდა და ხელფასიც ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის #99 ბრძანების შესაბამისად უნაზღაურდებოდა. შტატგარეშე თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება ფორმდება საზოგადოების მიმდინარე საჭიროებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იქნა მხოლოდ სამუშაოს მოცულობის დროებითი ზრდის გამო და ეს გარემოება მოსარჩელესთან სავალდებულო სახით შრომითი ურთიერთობის ათ თვემდე ვადით გაგრძელებას არ მოიაზრებს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე 2020 წლის 1 მარტის №1591 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით, მოპასუხესთან ერთი თვის ვადით დასაქმდა (იხ. შეთანხმების 4.1. პუნქტი). მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 2500 (დასაბეგრი) ლარს შეადგენდა.
4.4. შეთანხმების 4.2 პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 4.1 პუნქტში მითითებული ვადის გასვლამდე, რომელიმე მხარე წინასწარ წერილობით არ შეატყობინებდა მეორე მხარეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ჩაითვლებოდა გაგრძელებულად ხელშეკრულების მოქმედების ყოველი თვის ვადის გასვლის მომენტიდან, მომდევნო ერთი თვით, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 31 დეკემბრისა. შეთანხმების მაქსიმალური ვადის დაწესების საფუძველი გახდა წინა წელს დამტკიცებული 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ამ წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავდა.
4.5. დასაქმებული ასრულებდა სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის კონსულტანტის თანამდებობით განსაზღვრულ მოვალეობებს, რომელიც მოიცავდა - სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან დაკავშირებით გარკვეული დამხმარე ფუნქციების (ამოცანების) შესასრულებელ ვალდებულებებს, რაც მოსარჩელის კონკრეტული ვადით დასაქმების საფუძველს წარმოადგენდა (იხ. 2.1. პუნქტი).
4.6. შეთანხმების 2.2 პუნქტით კი, დასაქმებული ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოებს იმ მოთხოვნების დაცვით, რომლებიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით, დამსაქმებლის დებულებით შინაგანაწესითა და მისი თანამდებობისათვის ან მოვალეობებისათვის დადგენილი სამუშაოს აღწერით (თანამდებობის სამუშაო აღწერის არსებობის შემთხვევაში).
4.7. თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე №1 დანართის შესაბამისად განისაზღვრა, რომლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის კონსულტანტის ფუნქციები და პასუხისმგებლობებია:
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო
შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
- კონკურსების, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვებისა და გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა, სატენდერო-საკონკურსო დოკუმენტაციის, სატენდერო-საკონკურსო განცხადების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
- სატენდერო საკონკურსო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
- ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ხელშეკრულებების, გამარტივებული შესყიდვების, ხელშეკრულებებისა და საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულების მეშვეობით, ხელშეკრულებასთან გათანაბრებული დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა/რეგისტრაცია;
- განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური წერილობითი ანგარიშის მომზადება;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
- შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების გამართვა;
- საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი;
- კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამის ანგარიშებში ასახვა;
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
4.7.1. კონკრეტულად, თუ რა მოცულობის სამუშაოს შესრულება დაევალა მოსარჩელეს, რამაც შრომითი ურთიერობის ერთი თვით განსაზღვრა განაპირობა, არ დადგენილა.
4.8. მოპასუხის 2020 წლის 31 მარტის №573 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ, ვინაიდან შესასრულებელი სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება ან მომდევნო შრომითი ხელშეკრულების დადების საჭიროება აღარ არსებობდა, დამსაქმებელი 2020 წლის 1 აპრილიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) თანახმად, წყვეტდა შრომით ურთიერთობას.
4.8.1. აღნიშნული წერილი 2020 წლის 1 აპრილს გაეგზავნა მოსარჩელეს, თუმცა მოუძიებლობის გამო ვერ ჩაჰბარდა.
4.9. დამსაქმებლის 2020 წლის 1 აპრილის #1456-კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №139 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ–ას” დებულების 4.4 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2020 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით;
4.10. კომპანიის წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები მოსარჩელის გათავისუფლების დროისთვის არ ამოწურულა, შესაბამისად, არც მისი სამუშაოს მოცულობა არ შემცირებულა.
5. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით: „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის 2.2 მუხლი), თუმცა შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (შდრ. სუსგ საქმე №ას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი).
ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა.
ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (შდრ. სუსგ საქმე №1291-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი).
7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის არსებობდა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ამიწურა, რამაც დასაქმებულების გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი შექმნა.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.
ამდენად, შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც უვადო, ისე - განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ორგანული კანონით ორი ტიპის ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაა განხილული: ა) ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტული კალენდარული ვადით; ბ) ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა უკავშირდება გარკვეულ მიზანს.
9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სადავო პერიოდში მოქმედ, სშკ-ის მე-6 მუხლის 12 პუნქტზე (ამჟამად მოქმედი 12.3 მუხლი) (,,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას“) და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, განაპირობებს ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს. კანონმდებლობით დადგენილი დასაქმებულთა უფლებების დაცვის აღნიშნული სტანდარტი სწორედ ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას უკავშირდება.
10. დამსაქმებელს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულთან მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმოს, როდესაც კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა და საფუძველი არ არსებობს. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი).
11. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ ვადის განსაზღვრით, მიზნის მითითების გარეშე, დაუშვებელია, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ კონკრეტული მიზნით განპირობებული ვადიანი ხელშეკრულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს ერთ წელს. შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, ამ შემთხვევაში, უკავშირდება კონკრეტულ მიზანს და არა - კალენდარულ ვადას (იხ. სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი).
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამსაქმებელმა მოსარჩლესთან ხელშეკრულება ერთი თვით, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით, ასევე შეწყვეტის შეტყობინების არარსებობისას ყოველ ჯერზე ერთთვიანი პერიოდით გაგრძელების პირობით გააფორმა. ასევე - დადგენილია, რომ კომპანიის წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის არ ამოწურულა, შესაბამისად, არც მისი სამუშაოს მოცულობა შემცირებულა და არც ის არ დადგენილა კონკრეტულად, თუ რა მოცულობის სამუშაოს შესრულება დაევალა მოსარჩელეს, რამაც შრომითი ურთიერობის ერთი თვით განსაზღვრა განაპირობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც ერთი თვის ვადით და კვლავ იმავე ვადით გაგრძელების პირობით შრომითი ხელშეკრულების დადებას დაასაბუთებდა.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უარყოფს დამსაქმებლის/კასატორის პრეტენზიას, რომ ხელშეკრულებების დადების მიზანი ობიექტური წინაპირობებიდან, კერძოდ, სამუშაოს მოცულობის მხოლოდ დროებით გაზრდასთან დაკავშირებით დამხმარე ფუნქციების (ამოცანების) შესასრულებლად განსახორციელებელი სამუშაოებიდან გამომდინარეობდა.
პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ დამსაქმებელს უნდა ემტკიცებინა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საჭიროება და დროებითი გაზრდილი სამუშაოს მოცულობა აღარ არსებობდა, რაც სშკ-ის მე-6 მუხლის 12 პუნქტით, დასაქმებულთან მოკლევადიანი (ერთი თვე) შრომითი ხელშეკრულების დადებას გაამართლებდა, თუმცა, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების პირობა კანონშეუსაბამო ვადის (ათთვიანი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში უფრო მცირე კერძოდ ერთთვიანი ვადების არსებობა) დაწესების თაობაზე ბათილია სსკ-ის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე, რაც დასაქმებულის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია. ამავე დასაბუთების მოშველიებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს იმ ნაწილშიც, რომ ერთთვიანი ვადის ამოწურვის მოტივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი სრულადაა გაქარწყლებული და მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივი კუთხით დასაბუთებულია.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 900 ლარის (საგადახდო დავალება #10169, მოთხოვნის დამატების/დამოწმების თარიღი 17.05.2022წ, მოთხოვნის მიღების/ბანკში გაგზავნის თარიღი 18.05.2022წ), 70% - 630 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 900 ლარის (საგადახდო დავალება #10169, მოთხოვნის დამატების/დამოწმების თარიღი 17.05.2022წ, მოთხოვნის მიღების/ბანკში გაგზავნის თარიღი 18.05.2022წ), 70% - 630 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე