Facebook Twitter

22 სექტემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-595-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს ,,ქ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,მ–ი ?’’

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - აზომვითი ნახაზის მიხედვით მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს ,,მ–ი ?-მა’’ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, საწარმო) სასამართლოში სარჩელი შეიტანა გ.ხ–ის, ნ.ხ–ის, ნ.ჯ–ძის, ნ.ხ–ძის, ა.ი–ის, ი.ი–ის, გ.ც–ის, დ.გ–ძის, ლ.კ–ის, თ.ა–ის, გ.მ–ძის, თ.ო–ძის, შპს ,,ე–ის”, შპს ,,გ.ჰ–ის”, შპს ,,ე–ის”, შპს ,,ს–ის”, შპს ,,ა.კ–ის”, შპს ,,გ–ი ? გ-ის”, შპს ,,გ–ის”, შპს ,,მ.ე.ჯ–ას”, შპს ,,მ–ოს”, სს ,,ქ–ისა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კასატორი, სააქციო საზოგადოება) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა, სარჩელზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად იმის აღიარება, რომ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობს ქ.თბილისში, ....... გამზირის №16-ში არსებული შენობის (შემდეგში: უძრავი ქონება, შენობა) მე-2 სართულზე (შემდეგში - სადავო მისამართი).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად აღიარებულ იქნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სადავო მისამართზე მდებარეობს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

4.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1. სააქციო საზოგადოების 1996 წლის 2 დეკემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ქ.თბილისში, ........ გამზირის №16-ში მოსარჩელეს 1 086.6კვ.მ (მე-8 და მე-11 სართულებზე), ხოლო პირველ სართულზე - 70.6კვ.მ ფართი გადაეცა. ამავე ოქმის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დაკავებულ ფართს (II, III, IV, V, VI, VII სართულები) ან მის ნაწილს გაათავისუფლებდა, სააქციო საზოგადოება ვალდებულებას იღებდა, რომ განთავისუფლებული ფართის 15.223% მოსარჩელისთვის გადაეცა.

4.1.2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2005 წლის 4 მარტის სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელეს 508კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა.

4.1.3. 2007 წლის 15 თებერვალს, მოსარჩელესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (წარმომადგენელი ლ.დ–ი) შორის ქ.თბილისში, ....... გამზირის №16-ში მდებარე 508კვ.მ ფართზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულებას თან ერთვის და მისი განუყოფელი ნაწილია აზომვითი ნახაზი, სადაც ქონების გადამცემის მიერ გადასაცემი ქონების გეგმაა დაფიქსირებული და განთავსების ადგილად მე-7 სართულია მითითებული.

4.1.4. საწარმოს აქციონერებმა, ჯ.შ–ამ და გ.ა–მა სასამართლოს მიმართეს და 2007 წლის 15 თებერვალს მოსარჩელესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხსენებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში, .......... გამზირის №16-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარდგენილი სარეგისტრაციო მასალების შე–ამისად, ქ.თბილისში, ...... გამზირის №16-ში მდებარე უძრავი ქონების III-VII სართულები (საერთო ფართით 2 94.65კვ.მ) სახელმწიფოს საკუთრებადაა დარეგისტრირებული, რეგისტრაციის საფუძველს მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს 2007 წლის 14 თებერვლის კრების ოქმი და 2007 წლის 15 თებერვლის უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება არ წარმოადგენს. დასახელებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, რომელზე შეტანილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4.1.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ........ გამზირის №16 მისამართზე მდებარე შენობაში 508კვ.მ ფართი მოსარჩელის საკუთრებად სართულის მითითების გარეშე, 506კვ.მ ფართი მე-8 სართულზე, ხოლო 511კვ.მ ფართი მე-11 სართულზეა დარეგისტრირებული.

4.1.6. 2007 წლის 2 მაისს, სააქციო საზოგადოებამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მეორე მოპასუხის მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ გამოცემული 2007 წლის 2 აპრილის ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, რომლითაც ქ.თბილისში, ........ გამზირის №16-ში მდებარე შენობის მე-3-7 სართულებზე (საერთო ფართით 2 994.65კვ.მ) მისი საკუთრების უფლება აღდგებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემომითითებული გადაწყვეტილების თანახმად 1998 წლის 25 დეკემბერს სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ქ.თბილისში, ....... გამზირის №16-ში მდებარე 3 952კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე;

2007 წლის 23 მარტს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს; განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქ.თბილისში, ......... გამზირის №16-ში არსებული შენობა-ნაგებობის მე-3-7 სართულები პირველი მოპასუხის საკუთრებად უსაფუძვლოდ აღირიცხა, რადგან ხსენებული მე-3-7 სართულები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 25 აგვისტოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის კომიტეტს გამოეყო;

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2007 წლის 2 აპრილის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო რეგისტრატორის გადაწყვეტილება, ქ.თბილისში, ...... გამზირის №16-ში არსებული შენობა-ნაგებობის მე-3-7 სართულების პირველი მოპასუხის საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე და ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აღნიშნული ქონების სახელმწიფოს საკუთრების უფლებით დარეგისტრირება დაევალა;

2007 წლის 3 აპრილს სადავო ქონება სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა.

4.2. ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 508კვ.მ ფართი, რომელიც სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2005 წლის 4 მარტის სხდომის ოქმით მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა, ქ.თბილისში, ........ გამზირის №16-ის მე-7 სართულზე არ მდებარეობდა.

ამდენად, უსაფუძვლო იყო აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ 508კვ.მ ფართი პირველმა მოპასუხემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა მოსაჩელესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2007 წლის 15 თებერვალს დადებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სწორედ იმის გამო არ დარეგისტრირდა, რომ შენობის მე-7 სართულზე არსებული ფართი მისი საკუთრება არ იყო.

4.3. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ხ–ძემ, დ.გ–ძემ, გ.ხ–მა, გ.ხ–ის კანონიერმა წარმომადგენლებმა - ნ.ჯ–ძემ და გ.ხ–მა, სანოტარო ფორმით თანხმობა გასცეს, ქ.თბილისში, ........ გამზირის №16 მისამართზე მდებარე შენობაში მოსარჩელის ფართის მე-2 სართულზე დარეგისტრირების თაობაზე. საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციისათვის კი, აუცილებელია ყველა თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენა, რასაც პირველი მოპასუხე ეწინააღმდეგებოდა.

4.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) უფლების ბოროტად გამოყენებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა სსკ-ის 8.3 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე „სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას.“

ნაკლებად სავარაუდოა არსებობდეს შემთხვევა, როდესაც სახეზეა უფლების ბოროტად გამოყენება და ის იმავდროულად არ არის კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა, თუმცა უფლების ბოროტად გამოყენების შემადგენლობით დამატებითი წინაპირობებია დადგენილი, რომელიც მოწესრიგების სფეროს ავიწროვებს და მის ცალკე მოწესრიგებას ამართლებს.

4.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც ერთ მხარესაა მოპასუხის უფლება, არ მისცეს მესაკუთრეს თანხმობა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციისთვის თანასაკუთრებაში არსებულ ნივთზე, ხოლო მეორე მხარეს - მოსარჩელის ინტერესი, განეხორციელებინა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის აუცილებელი ცვლილებები.

იმისათვის რომ ადგილი ჰქონდეს საკუთრების ბოროტად გამოყენებას, უნდა გამოიკვეთოს შემდეგი პირობები: თანამესაკუთრე არ უნდა მიუთითებდეს თავისი უფლების გამოყენების შედეგზე და სრულიად უმოტივაციოდ უნდა ამბობდეს უარს მის გაცემაზე, ხოლო მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს თანამესაკუთრის ამ უფლების შეზღუდვის რაიმე კანონისმიერი საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, გამოიკვეთა ზემოთ დასახელებული ორივე პირობა, კერძოდ, მოსარჩელეს არ გააჩნდა თანამესაკუთრის თანხმობა, ხოლო თანამესაკუთრემ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ დაადასტურა თავისი ინტერესების უპირატესობა.

უფლების გამოყენების მართლზომიერების ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული უფლებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე დგინდება. მოწესრიგების თავისებურების გათვალისწინებით ამ ფარგლების წინასწარ განსაზღვრა და იმპერატიული ნორმებით შეზღუდვა შეუძლებელია.

ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მოქმედება მიზნად არ ისახავდა უფლების განხორციელებისთვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდებოდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

5.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ მოსარჩელე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულის მესაკუთრეა. შესაბამისად, სადავო შემთხვევა სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებში ვერ მოექცევა, კასატორის ქმედება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებით არაა ნაკარნახევი.

5.2. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აზომვითი ნახაზი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს. აზომვითი ნახაზი მხოლოდ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი დოკუმენტია. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამოა.

5.3. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო ფართი საჯარო რეესტრში თავის სახელზე ვერ დარეგისტრირდებოდა, ხსენებულ ფართს იგი ფაქტობრივად არ ფლობს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა მას არ წარმოუდგენია.

5.4. მოსარჩელე არაკეთილსინდისიერია, ის საჯარო რეესტრში არსებული არასრულყოფილი ჩანაწერით სარგებლობს და მასზე მითითებით მანიპულირება სურს - აზომვითი ნახაზის მიხედვით, სასამართლოს რეგისტრირებული ფართის ადგილმდებარეობის დადგენას სთხოვს, რაც შეუძლებელია.

5.5. მოწინააღმდეგე მხარეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რომელიც უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის 6 წლით განისაზღვრება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა .

10. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილია, სარჩელზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად იმის აღიარება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარეობს ქ.თბილისში, ........ გამზირის №16-ში არსებული შენობის მე-2 სართულზე.

განსახილველი სარჩელის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელემ, როგორც საჯარო რეესტრში ზემოხსენებული ნივთის მესაკუთრემ, ამავე ქონებაზე თავისი საკუთრების უფლება სარჩელში მის მიერ მითითებულ მისამართზე მდებარე კონკრეტულ და იდენტიფიცირებად ნივთზე დაირეგისტრიროს, რისთვისაც საჭიროა უძრავი ქონების ყველა თანამესაკუთრის თანხმობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის ქონების რეალური ადგილმდებარეობის განსაზღვრას და სათანადო სახით რეგისტრაციას კასატორი ეწინააღმდეგება.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია, კასატორის ქმედების (სადავო მისამართზე მოსარჩელის საკუთრებად კონკრეტული ნივთის რეგისტრაციაზე უარი) მართლზომიერების ხასითი.

11. საკასაციო პალატის შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სწორად შექმნა საქმეზე დადგენილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა, რომლებიც წინამდებარე განჩინების 4.1.1-4.1.6 პუნქტებშია აღწერილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად ცნობის პირობებში (რაც საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, გამომდინარე სსსკ-ის 407.2 მუხლიდან) სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ, 508კვ.მ ფართი, რომელიც სააქციო საზოგადოების (კასატორი) სამეთვალყურეო საბჭოს 2005 წლის 4 მარტის სხდომის ოქმით მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა, უძრავი ნივთის მე-7 სართულზე არ მდებარეობდა და შენობის მე-2 სართულზე იყო წარმოდგენილი.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ პირველმა მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც მოსარჩელისთვის თავისი საკუთრების იდენტიფიცირების და რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უარის კანონიერ საფუძველს შექმნიდა.

12. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა საკმარისად ასაბუთებს სსკ-ის 115-ე მუხლით (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) გათვალისწინებული საფუძვლით სარჩელის წარმატებულობას.

კანონის დასახელებული ნორმით კანონმდებელი განსაზღვრავს ზოგად აკრძალვას იმ ვითარებისთვის, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენების კანონკრეტული შემთხვევა კანონის სპეციალური იმპერატიული ნორმებით არ არის გათვალისწინებული.

ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში.

კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. ანალოგიური პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანომდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა ზემოაღნიშნული თვალსაზრისის ჭრილში შეფასდეს.

კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1338-1376-2014 , 29.06.2015).

უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს.

ამდენად, იმისათვის, რომ პირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი ჰქონდეს, უნდა იკვეთებოდეს ამ უკანასკნელის მიზანი - ზიანი მიაყენოს სხვა პირს. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა, სწორედ მესამე პირისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის დაშვებაა.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოკვეთილია ვითარება, როდესაც კასატორი (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრე), მიზანმიმართულად არ იყენებს თავის უფლებას, გასცეს მოსარჩელის საკუთრების სრულფასოვნად რეგისტრაციისთვის აუცილებელი თანხმობა.

ამასთან, კასატორის მოქმედება (უმოქმედობა), რომელიც სსკ-ის 115-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე გაუმართლებელი და დაუშვებელია, მოსარჩელის საკუთრების უფლების სრულფასოვანი განხორციელებისთვის დაბრკოლებად უნდა შეფასდეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს ვერ დაუდასტურა თავისი სამართლებრივი ინტერესების უპირატესობა; კერძოდ, კასატორი ვერ ადასტურებს, რომ მისი მოქმედება - დააბრკოლოს მოსარჩელის საკუთრების იდენტიფიცირება და რეგისტრაცია, საკუთარი უფლების განხორციელების და/ან დაცვის აუცილებლობითაა ნაკარნახევი.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ქ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,ქ–ს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება - № 1, გადახდის თარიღი - 14.05.2021) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გ.მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე