საქმე №ა-6701-შ-163-2022 4 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.კ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ი–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 11.09.2019 წლის გადაწყვეტილება (საქმე # 2-8673/19)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 11.09.2019 წლის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") ლ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი“) სარჩელი ზ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოწინააღმდეგე მხარე“, "მოპასუხე") მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 000 რუბლის, პროცენტის - 1 704 760 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 54 224 რუბლის გადახდა.
2. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 15.10.2019 წელს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
7. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლების შესახებ მოპასუხის ინფორმირების მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ.
10. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილი: სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი/განცხადება/შუამდგომლობა განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ/განმცხადებელმა/შუამდგომლობის ავტორმა არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2023 წლის განჩინება შუამდგომლობის წარმოებაში მიღების თაობაზე, თავად შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინების ბარათებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად ერთ შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართი არასრულია, ხოლო მეორე შემთხვევაში - ადრესატი (მისი ოჯახით) ცხოვრობს საზღვარგარეთ. გზავნილის შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 06.03.2023 წლის განჩინებით დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, რაც ასევე ვერ განხორციელდა. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორმა ვერ შეძლო მოპასუხის სწორი მისამართის მითითება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად (იხ.: სუსგ საქმეზე №ა-5541-შ-159-2021, 11.03.2022წ.; №ა-3209-შ-72-2020, 10.02.2021წ.; №ა-3218-შ-74-2020, 28.01.2021წ.; №ა-3387-შ-92-2021, 17.01.2023წ.). აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სსსკ-ის 71-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 11.09.2019 წლის გადაწყვეტილების (საქმე #2-8673/19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია