№ას-363-2023
05 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.ქ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების გადაცემა, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შ.ხ–ს საკუთრებაში გადაეცა შპს „ს.ქ–ის“ საკუთრებაში არსებული 288.20 კვ.მ. კომერციული ფართიდან 121 კვ.მ. ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს/კ .........., უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში; შპს ,,ს.ქ–ს“ შ.ხ–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს 4270.5 აშშ დოლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით: შპს „ს.ქ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს „ს.ქ–ს“ შ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 21 352.5 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2023 წლის 29 მარტს, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წამომადგენელმა (იხ. მინდობილობა: ტ.2, ს.ფ. 201) და აღნიშნა, რომ კასატორი უარს ამბობს მის საკასაციო საჩივარზე შ.ხ–ის მიმართ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საქმეზე მხარეებს შორის შედგა მორიგება და კასატორმა დაკარგა დავის გაგრძელების მიმართ ინტერესი, რის გამოც ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი – შპს „ს.ქ–ი“ უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს და უარი თქვას საკასაციო საჩივარზე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის – შპს „ს.ქ–ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ქ–ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „ს.ქ–ის“ საკასაციო საჩივარზე შ.ხ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია