№ას-1576-2022
16 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ–ი’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, 50490 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელები: ტ.1, ს.ფ. 3-19; ტ.2, ს.ფ. 3-19).
1.1. მოპასუხე წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას 260 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ დანარჩენ ნაწილში პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც იგი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 04 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N69 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 260 ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ–ს“ შორის 2020 წლის 04 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია მის ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის პირობებით განსაზღვრული „TOYOTA-ს“ და „LEXUS-ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით.
5.2. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს. მის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N69 ხელშეკრულების მეოთხე მუხლის 4.3. პუნქტის შესაბამისად, საგარანტიო პერიოდში ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიიმწოდებელი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეეცვალა იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
5.3. იმავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისას მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
5.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2020 წლის 04 თებერვლის N69 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორო საშალება „TOYOTA HIACE“ სახელმწიფო ნომრით ......, 2020 წლის 08 აპრილს, შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს „მ–ის“ სერვისცენტრში, სადაც დადგინდა, რომ სამუხრუჭე ხუნდები შესაცვლელი იყო, რაზეც 2020 წლის 08 აპრილს დეფექტური აქტი შედგა.
5.5. იმავე ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას „TOYOTA LAND CRUISER PRADO“, სახელმწიფო ნომრით ....... (....), 2020 წლის 15 თებერვალს შეუკეთეს ავტომატურ გადაცემათა კოლოფი. ავტომობილს 2020 წლის 31 აგვისტოს კვლავ დაუფიქსირდა გადაცემათა კოლოფის გაუმართავი მუშაობა და შპს „მ–ის“ სერვისცენტრში დაბრუნდა შესაკეთებლად. დეფექტური აქტი შედგა 2020 წლის 31 აგვისტოს.
5.6. მოსარჩელემ 2020 წლის 05 აგვისტოს შპს „მ–ს“ წერილობით მიმართა და აცნობა, რომ ვინაიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით .....) ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 13 აპრილისა, გაწეულია 2020 წლის 15 აპრილს - 02 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 3060 ლარს.
5.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2020 წლის 13 ოქტომბრის წერილიდან ირკვევა, რომ მოასუხემ 2020 წლის 04 თებერვალს დადებული N69 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ (სახელმწიფო ნომრით ..... (.....) საგარანტიო ვალდბულებით 2020 წლის 06 ოქტომბერს შეაკეთა, რაზეც შესრულებული სამუშაოს აქტი შედგა. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდბულება შეასრულა ვადის გადაცილებით, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 31 დღე შეადგინა. მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო დაანგარიშდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 47 430 ლარი.
5.8. 2020 წლის 04 თებერვლის N69 სახელმწიფრო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ 2020 წლის 15 აპრილს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 120 ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის 06 ოქტომბერს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 4527.76 ლარს.
5.9. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო შპს „მ–ს“ არ აუნაზღაურებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხედველობაში უნდა მიეღო საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების გამო გართულებული ვითარება, რომელთა პირობებშიც უწევდა მოპასუხეს ვალდებულების შესრულება და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება პირგასამტეხლოს მინიმალურ ოდენობამდე შემცირებასთან დაკავშირებით მართლზომიერი იყო.
5.11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება უნდა მომხდარიყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათალისწინებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ვინაიდან, მოპასუხეს ვადაგადაცილება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო არსებული შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების გამო უფიქსირდებოდა. შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად სწორად მიიჩნია 260 ლარი, ვინაიდან, მოპასუხემ აღნიშნული ოდენობის ფარგლებში ცნო სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მართებულად შემცირდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს.
6.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.
6.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები. გადაწყვეტილებაში ნახსენები არ არის ასევე ხელშეკრულების საგნის მნიშვნელობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა იმდენად დაბალია, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზანს
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.9. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
14. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და იგი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით გადახდას, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, მართალია კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა. 17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება.
18. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
19. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ:
- მიმწოდებელმა ერთ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით ..........) ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 13 აპრილისა, განახორციელა 2020 წლის 15 აპრილს - 02 კალენდარული დღის დაგვიანებით და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 3060 ლარს.
- მეორე შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა ასევე შეასრულა ვადის გადაცილებით, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 31 დღე. მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო დაანგარიშდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 47 430 ლარი.
- 2020 წლის 04 თებერვლის N69 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ 2020 წლის 15 აპრილს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 120 ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის 06 ოქტომბერს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 4527.76 ლარს.
20. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა რეალურად შეადგენს 210.90 ლარს (0.36+210.54), რაც მოპასუხის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვის ოდენობაზეც კი, ნაკლებია. 21. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე - 210.90 ლარი იქნებოდა, რაც მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან შედარებით, დაახლოებით 240-ჯერ ნაკლებია, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. 22. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესთან მიმართებით მოპასუხემ შედავება განახორციელა და მიუთითა დადგენილ პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნა აღიარებული აქვს 260 ლარის ოდენობით და ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობაზე მას საპელაციო და საკასაციო პრეტენზიები არ განუცხადებია (260 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში), საკასაციო პალატა დაკისრებულ პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად ვერ შეამცირებს, ამავდროულად, ვერც მოსარჩელის უსაფუძვლო საკასაციო პრეტენზიას გაიზიარებს. 23. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით. 24. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 29. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
ლაშა ქოჩიაშვილი