Facebook Twitter

ას-1322-2021

07 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ბ–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ–ოს“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, 6207.62 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ. 3-18).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით კი მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით და ითხოვა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი შპს „ბ–ოს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 3103.81 ლარის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემდგომში -შემსყიდველი) და შპს „ბ–ოს“ (შემდგომში - მიმწოდებელი) შორის 2020 წლის 18 მაისს გაფორმდა (CON200000124) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N229 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 1088861.43 ლარის ღირებულების დაკონსერვებული ღორის ძეხვის შესყიდვა.

5.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელს საქონელი უნდა მიეწოდებინა ეტაპობრივად, მითითებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დანართი N-1 შესაბამისად, კერძოდ, თვეში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით. პირველი მოწოდება არა უადრეს მიმდინარე წლის 25 მაისისა. მოთხოვნის შესახებ მიმწოდებელს ეცნობებოდა მინიმუმ 10 კალენდარული დღით ადრე.

5.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომწოდებლისათვის პირველი მოთხოვნა გაგზავნილ იქნა 2020 წლის 19 მაისს, რომლითაც შპს „ბ–ოს“ უნდა მოეწოდებინა 5825 კგ დაკონსერვებული ღორის ძეხვი არაუგვიანეს 10 დღისა. მიმწოდებელმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N229 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, მოთხოვნილი 5825 კგ დაკონსერვებული ღორის ძეხვის მოწოდება განახორციელა 2 ეტაპად: 2020 წლის 09 ივნისს და 2020 წლის 15 ივნისს.

5.4. შემსყიდველის მიერ შემდგომი მოთხოვნა გაგზავნილ იქნა 2020 წლის 17 ივნისს, რომლითაც მიმწოდებელს უნდა მოეწოდებინა 8737.5 კგ დაკონსერვებული ღორის ძეხვი არაუგვიანეს 10 დღისა. მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N229 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება განახორციელა კვლავ ეტაპობრივად: 29 ივნისს, 3 ივლისსა და 6 ივლისს.

5.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილება ეხება საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდებას (მათ შორის ხარვეზის ან/და ნაკლის გამოსწორების ვადა) შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ თითოეული ლოკაციისთვის არანაკლებ დღეში 50 (ორმოცდაათი) ლარისა“. ამავე ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.2%-ის ოდენობით“. შპს „ბ–ომ“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის მოთხოვნა ორივე მიწოდებისას, რის გამოც ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობა), დაეკისრა პირგასამტეხლო პირველ შემთხვევაში 3460.01 ლარი - ვადაგადაცილებულ 17 დღეზე და მეორე შემთხვევაში 2747.61 ლარი - ვადაგადაცილებულ 9 დღეზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 19 ივნისის N1358285 წერილით შპს „ბ–ოს“ ეცნობა, რომ მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო 3460.01 ლარი, ხოლო 2020 წლის 09 ივლისის N1552267 წერილით ეცნობა 2747.61 ლარის დაკისრების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.

5.7. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, მიმწოდებელმა ვადის გადაცილების მიუხედავად მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერიალური სახით არ იყო დადგენილი, გონივრული იყო პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თითოეული ნაწილის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის და ამ ნაწილის ღირებულების 0.1%-ით განსაზღვრა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო (3103.81 ლარი) იყო გონივრული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო 0.1%-მდე, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს.

6.2. გადაწყვეტილების მიღება განხორციელდა საქმის გარემოებების დეტალური შესწავლისა და ანალიზის გარეშე, ვინაიდან, მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტირებული მოსაზრება, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული.

6.3. სასამართლომ დარღვევის ხასიათი შეაფასა იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ მოპასუხისთვის მომსახურების გასაწევად განსაზღვრული იყო დროის მცირე პერიოდი - 10 დღე. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების ობიექტი იყო საკვები პროდუქტი, რომელსაც გააჩნია ვარგისიანობის ვადა, ასევე მხარისთვის წინასწარ იყო ცნობილი თუ რა ვადაში მოუწევდა მას შემსიდველისთვის პროდუქციის მიწოდება. შესაბამისად, ხელშეკრულების მითითებული პირობის დარღვევის ობიექტურ გარემოებად მიჩნევა დაუსაბუთებელია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. მოსარჩელის მოთხოვნაა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულების საგანი), ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

12. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 18 მაისს დაიდო N229 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 1088861.43 ლარის ღირებულების დაკონსერვებული ღორის ძეხვის შესყიდვა. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2020 წლის 19 ივნისის N1358285 წერილითა 2020 წლის 09 ივლისის N1552267 წერილით მითითებული ვადადარღვეული დღეების რაოდენობა. სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

14. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

15. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

17. საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

18. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ძირითად აქცენტს აკეთებს ობიექტური გარემოებების გამო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, მხოლოდ ობიექტურ გარემოებებზე მიუთითებს, ხოლო კონკრეტული მიზეზები და ამ მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რამაც ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვია, მას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოპასუხე ასეთი შედავების პირობებში ვერ ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობას.

19. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

20. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

21. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2020 წლის 18 მაისის ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს საქონელი უნდა მიეწოდებინა ეტაპობრივად, მითითებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დანართი N-1 შესაბამისად, კერძოდ, თვეში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით. მოთხოვნის შესახებ მიმწოდებელს ეცნობებოდა მინიმუმ 10 კალენდარული დღით ადრე. შპს „ბ–ომ“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის მოთხოვნა ორივე მიწოდებისას, რის გამოც ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობა), დაეკისრა პირგასამტეხლო პირველ შემთხვევაში 3460.01 ლარი - ვადაგადაცილებულ 17 დღეზე და მეორე შემთხვევაში 2747.61 ლარი - ვადაგადაცილებულ 9 დღეზე. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია არა ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულების (1088861.43 ლარი), არამედ მხარის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016). ასევე გასათვალისწინებელია კრედიტორის მოლოდინი ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მიმართ, ვინაიდან, შემსყიდველი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საკვები პროდუქტის მიწოდება. შესაბამისად, მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. ამდენად მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რაც შექმნიდა დარიცხული პირგასამტეხლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შემცირების საფუძველს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არამართებულად შემცირდა, ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს მხარეთა მიერ 2020 წლის 18 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით, პირველი ვადაგადაცილებისათვის (17 დღე) ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3460.01 ლარს. მეორე ვადაგადაცილებისათვის (09 დღე) ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2747.61 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6207.62 ლარის გადახდა.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

25. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 744.9 (186.22+248.30+310.38) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ბ–ოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 6207.62 ლარის ოდენობით;

5. შპს „ბ–ოს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე