საქმე №ა-1387-ა-5-2023 30 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – გ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2022 წლის 2 ნოემბერს გ.ბ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება საქმეზე N2ბ/5552-21.
2. 2022 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სამოქალაქო საქმე N2ბ/5552-2021.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2023 წლის 12 იანვარს მიღებული წერილით დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნული საქმე გ.ბ–ძის კერძო საჩივრების განხილვის მიზნით გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
4. 2023 წლის 30 იანვარს გ.ბ–ძის კერძო საჩივრის განხილვის მიზნით საქმე დროებით გამოთხოვილ იქნა მოსამართლე ა. წულაძისაგან, რომელიც გადაეცა მოსამართლე ნ. ბაქაქურს 2023 წლის 8 თებერვალს.
5. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადასტურდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საქმეზე N2ბ/5552-21 2022 წლის 20 ოქტომბერს განჩინება არ მიუღია. საქმეში განთავსებულია 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.
6. საქმეში ასევე განთავსებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
8. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკასაციო გასაჩივრების საგანი ვინაიდან მხარე მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, აღნიშნული თარიღით კი სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში ვერ შევა საკასაციო სასამართლო. შესაბამისად, აღნიშნული განჩინებაც არ იქნა მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, არც აღნიშნული განჩინებები იქნა მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად იქედან გამომდინარე, რომ ისინი მიღებული იყო მას შემდეგ, რაც გ.ბ–ძემ კერძო საჩივრი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
9. 2023 წლის 20 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
11. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
12. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობები. ამასთან, იმავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, თუმცა განმცხადებელს არ მიუთითებია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე საფუძველი.
14. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით განუხილველი დარჩა გ.ბ–ძის კერძო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობდა საკასაციო გასაჩივრების ობიექტი. საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივარზე არსებითად არ უმსჯელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური