Facebook Twitter

საქმე №ა-4218-შ-109-2022 24 მარტი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „I. G.O.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ B. B.G.“-ის საქართველოს ფილიალი „ბ.ბ.გ.ქ.წ–ბა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს „ B. B.G.“-ს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში არსებული ფილიალით, მოსარჩელე შპს „I.G“-ის სასარგებლოდ დაეკისრა საჩივრის შეტანის მდგომარეობით (22.05.2020) არსებული დავალიანების 103 255,54 ევროს ოდენობით გადახდა. ასევე, დაეკისრა განაცხადის შეტანის მომენტისათვის (22.05.2020) შეუსრულებელი პროცენტის, რომელიც შეადგენდა დამატებით თანხას 51 627,11 ევროს, მომსახურების საფასურის 789,11 ევროს, მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 207,59 ევროს, სახელშეკრულებო ჯარიმის 516,28 ევროსა და სასამართლომდე მიყენებული ზიანის 3 419,40 ევროს ოდენობით გადახდა. საპროცესო ხარჯების სახით მოპასუხე შპს „ B. B.G.“-ს, რომელსაც წარმოადგენს საქართველოში არსებული ფილიალი, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 1800 ევროს ოდენობით მოსარჩელე შპს „I.G “-ის სასარგებლოდ. შპს „I. G.O.“-ს წარმომადგენელმა დ.ტ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2022 წლის 2 ივლისს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს „I. G.O.“-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ესტონეთის რესპუბლიკის ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებული, გამართული ქართული თარგმანი; ბ) ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შესახებ; გ) აპოსტილით დამოწმებული ოფიციალური ცნობა იმის თაობაზე, რომ ესტონეთის რესპუბლიკის ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილება ესტონეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა; დ) ესტონეთის რესპუბლიკის ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილებაში აღნიშნული - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; შპს „I. G.O.“-ს ასევე დაევალა დაეკონკრეტებინა მოსარჩელისა და მოპასუხის ზუსტი სახელწოდება და სხვა რეკვიზიტები. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განჩინებით დადგენილი ხარვეზი შეავსო ნაწილობრივ. ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილების წარმოდგენილი ქართული თარგმანიდან დადგინდა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით შპს „I. G.O.“-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, რომელიც ზუსტ შესაბამისობაში იქნებოდა გადაწყვეტილების დედანთან; ბ) ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილებაში აღნიშნული - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი დედნის სახით; შპს „I. G.O.“-ს ასევე დაევალა დაეკონკრეტებინა მოპასუხის ზუსტი სახელწოდება და სხვა რეკვიზიტები. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო განჩინებით დადგენილი ხარვეზი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაგზავნა მოწინააღმდეგე მხარისათვის. მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „I. G.O.“-ს შუამდგომლობა ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, პროცესუალური საკითხების გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სსსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები). სსსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად,სარჩელში/განცხადებაში/შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამეთუ სწორედ ამ მისამართზე გზავნილის ადრესატისათვის გაგზავნა/ჩაბარებით ხდება მისი ინფორმირება კონკრეტული საპროცესო მოქმედებების, საქმის განხილვის თაობაზე. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება შუამდგომლობის განსახილველად მიღების თაობაზე, თავად შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ და საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...., თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინების ბარათებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართი არასრულია (იხ. ს.ფ. 215, 217-219). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში შპს „ B. B.G.“-ის საქართველოს ფილიალის „ბ.ბ.გ.ქ.წ–ბა“-სთვის (მისამართი: ქ. თბილისი, ......) ჩაებარებინა შპს „I. G.O.“-ს შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის განსახილველად მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინების ასლები. მასვე დაევალა, ეცნობებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დასახელებული კორესპონდენციების ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოდან მიღებული წერილით დგინდება, რომ სასამართლოს გზავნილი შპს „ B. B.G.“-ის საქართველოს ფილიალს „ბ.ბ.გ.ქ.წ–ბა“-ს ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული კომპანია მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „I. G.O.“-ს შუამდგომლობა ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს საოლქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის N2-20-7433 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი