საქმე №ას-1510-2022 31 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ.ჯ–ია D. G–ia“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჩ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „დ.ჯ–ია D. G–ia“-მ (შემდგომში – „მოსარჩელე“, „კომპანია“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ჩ–ის (შემდგომში – „მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დაზუსტებული და დასაბუთებული საპელაციო საჩივრის წარდგენა.
6. აპელანტის წარმომადგენელმა 2020 წლის 14 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც სააპელაციო საჩივრის დაზუსტებაზე უარი განაცხადა. იმავე სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით წინამდებარე საქმეზე ზეპირი განხილვა დაინიშნა 2021 წლის 24 ნოემბერს 10:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
8. აპელანტი კომპანიის დირექტორმა - ა.ძ–მა (შემდგომში - „დირექტორი“) 2021 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და 2021 წლის 24 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, იგი ლატვიის მოქალაქე იყო, ცხოვრობდა ქალაქ რიგაში და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ ახერხებდა. სასამართლო სხდომაზე შეუძლებელი იყო მისი წარმომადგენლის გამოცხადებაც, რის გამოც, იგი სასამართლო სხდომის გადადებას უფრო ხელსაყრელი და თბილი პერიოდისთვის ითხოვდა (იხ. ტ. IV, ს.ფ. 342).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინებით სასამართლო სხდომა სხვა დროისთვის გადაიდო.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე ზეპირი განხილვა დაინიშნა 2022 წლის 05 ოქტომბერს 12:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
11. აპელანტი კომპანიის დირექტორმა 2022 წლის 30 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. ამასთან, განმარტა, რომ ადვოკატი მ.ბ–ი მის წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა, ვინაიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრს აღარ წარმოადგენდა, ხოლო ახალი წარმომადგენელი, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, მასალებს სრულად ვერ გაეცნო (იხ. ტ. I, ს.ფ. 358).
12. 2022 წლის 05 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა სხდომის გადადების თაობაზე განცხადებით სასამართლოს მიმართა 2022 წლის 30 სექტემბერს და განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც თავად და ვერც წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ მოახერხებდა. ამასთან, მან 2021 წლის 22 ნოემბრის განცხადებით 2021 წლის 24 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება იმავე მიზეზით მოითხოვა. აღნიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა, მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, მხარე კვლავ არ გამოცხადდა პროცესზე. აპელანტს არცერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება არ წარუდგენია, რის გამოც სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია მის მიერ განცხადებაში მითითებული არგუმენტაცია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ.
15. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ დირექტორს 2021 წლის 24 ნოემბრის სხდომის შემდგომ საქმეში მონაწილების მიღება ახალი წარმომადგენლის მეშვეობით არ განუხორციელებია, აღნიშნული კი აპელანტის შუამდგომლობას სასამართლო სხდომის გადადების შესახებ გამორიცხავდა, ვინაიდან მას ახალი წარმომადგენლის ასარჩევად სასამართლოს მხრიდან საკმარისი დრო ჰქონდა განსაზღვრული. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა 2022 წლის 30 სექტემბრის განცხადებაში მითითებული გარემოება - საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ახალი წარმომადგენლის მიერ საქმის მასალების გაცნობის შეუძლებლობის შესახებ, რადგან ახალი წარმომადგენლის შერჩევის შემთხვევაში, აპელანტს მტკიცებულების სახით, სულ მცირე, სათანადო ფორმით შედგენილი რწმუნებულება უნდა წარედგინა.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.1, 387.3, 229.1, 229.2, 275.1.გ, 71.1, 215.3 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანად, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ დარწმუნდა აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობაში, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მას სხდომისათვის მოსამზადებლად ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
18. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
18.1. სინამდვილეს არ შეესაბამება გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ აპელანტის მიზანს საქმის გაჭიანურება წრმოადგენდა, რითაც მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საქმეში არ არის წარდგენილი მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელეს სარჩელი არ დაუკმაყოფილდა, შესაბამისად, მას ვერ ექნებოდა საქმის გაჭიანურების სურვილი. აპელანტის მიერ სასამართლო სხდომამდე განხორციელებული ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ იგი დაინტერესებული იყო პროცესის ჩატარებით. შპს, რომლის ქონებაც დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, საქმის გაჭიანურებისთვის 4000 ლარს სახელმწიფო ბაჟის სახით არ გადაიხდიდა;
18.2. მოსარჩელეს ჰყავდა რამდენიმე მინდობილი პირი. მათ შორის: ა.ძ–ი არ არის იურისტი/არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ნ.ძ–ი არის კომპანიის დირექტორის მეუღლე და არც მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ხოლო, ადვოკატი მ.ბ–ი 2022 წლის 31 მარტის შემდგომ აღარ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. შესაბამისად, აღნიშნული პირებიდან ვერცერთი ვერ მიიღებდა მონაწილეობას სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 05 ოქტომბერს გამართულ პროცესში;
18.3. დირექტორს სურდა პირადად მიეღო სასამართლო პროცესში მონაწილეობა, რის გამოც სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა;
18.4. სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტს არცერთ შემთხვევაში არ წარუდგენია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. იგი არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის ლიკვიდაციის მონაწილე და აქვს ქრონიკული დაავადებები. ეს გარემოება სასამართლოსთვის ცნობილი იყო. დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები. საქმეშია 20.02.2019წ. საავადმყოფო ფურცელი, სადაც მითითებულია, რომ 20.02.2019 წლიდან 01.03.2019 წლამდე დირექტორს მკურნალობა უნდა გაევლო. ჩერნობილის კატასტროფით გამოწვეული დაავადებები არ არის ერთჯერადი და მას განგრძობადი ხასიათი აქვს, რაც რადიაციითაა გამოწვეული. შესაბამისად, არავითარ მოულოდნელობას არ წარმოადგენს ის, რომ პირი შეიძლება პროცესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე გახდეს ცუდად და ჩვეულ რეჟიმში მუშაობა ან/და საქმიანობა ვეღარ შეძლოს. სააპელაციო ეტაპზე ასევე წარდგენილია დირექტორის ინვალიდობის მოწმობა;
18.5. კომპანიის დირექტორის მდგომარეობა 2022 წლის 30 სექტემბრისთვის იყო მძიმე (პარასკევი დღე), რის გამოც მკურნალი ექიმის მიერ შეივსო სამედიცინო ბარათი, რომელშიც მიეთითა, რომ მას მკურნალობა უნდა გაევლო 01.10.2022წ.-დან 07.10.2022წ.-მდე;
18.6. აპელანტისთვის არ იყო ცნობილი, რომ მ.ბ–ი 2022 წლის მარტის თვიდან აღარ ირიცხებოდა ადვოკატთა სიაში. მან ამ გარემოების შესახებ შეიტყო 2022 წლის სექტემბერში. კერძოდ, 2022 წლის 26 სექტემბერს მ.ბ–მა კომპანიის დირექტორს აცნობა, რომ, ერთი მხრივ, მასსა და ც. მ–ძეს და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის შეწყდა დავალების ხელშეკრულება, რადგან მ.ბ–ი აღარ ირიცხებოდა ადვოკატთა ასოციაციაში 2022 წლის 31 მარტიდან, ხოლო ც. მ–ძეს აღარ სურდა პროცესში მონაწილეობის მიღება. აღნიშნულის თაობაზე აპელანტმა 2022 წლის 30 სექტემბერს აცნობა სასამართლოს და 2022 წლის 05 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. ამდენად, აპელანტს ობიექტური მიზეზით არ შეეძლო პროცესში მონაწილეობის მიღება;
18.7. რაც შეეხება ახალ ადვოკატზე მითითებას, მოსარჩელეს სხვა ადვოკატთან ზეპირსიტყვიერად ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა საბოლოოდ გ.კ–თან გააფორმა ხელშეკრულება, ხოლო სხვა ადვოკატმა საქმეში მონაწილეობაზე უარი განაცხადა;
18.8. 2022 წლის 05 ოქტომბრამდე სასამართლოს არ მიუღია განჩინება პროცესის გადადებაზე უარის თქმის თაობაზე და მოსარჩელისთვის არ უცნობებია, რომ პროცესი აუცილებლად ჩატარდებოდა.
19. კერძო საჩივრის ავტორმა 2023 წლის 26 იანვარს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით ასევე მოითხოვა 2019 წლის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა აღნიშნული საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა 2023 წლის 13 თებერვალს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
24. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან იგი ობიექტური მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ხოლო მისმა წარმომადგენლებმა შეწყვიტეს მის მიმართ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას.
28. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, სადავო არ არის, რომ აპელანტს 2022 წლის 05 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება 2022 წლის 09 აგვისტოს ჩაბარდა მის მინდობილ პირს - ა.ძ–ს (იხ. ტ. IV, ს.ფ. 354, 356), თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში, არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სახეზე იყო მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
32. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
33. საკასაციო სასამართლო აპელანტის მიერ 2022 წლის 30 სექტემბრის განცხადებაში, ასევე, კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებს ვერ მიიჩნევს სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი როგორც 2021 წლის 24 ნოემბერს, ისე 2022 წლის 05 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვდა მისი დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა მას არცერთ შემთხვევაში წარუდგენია დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი, რომლითაც მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა დადასტურდებოდა. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში არსებულ დოკუმენტებზე, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტებით არ დასტურდება კონკრეტულად 2021 წლის 24 ნოემბრისა და 2022 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დირექტორის გამოცხადების შეუძლებლობა. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ სამედიცინო ბარათს, იგი წარმოდგენილია ასლის სახით და ხელმოწერილია არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, არამედ მკურნალი პირის მიერ და მასში არ არის მითითებული კომპანიის დირექტორის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე (იხ. ტ. V, ს.ფ. 140-144).
34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან და მის შინაარსთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლითაც განმარტებულია, რომ გამონაკლის შემთხვევებში, როცა სამედიცინო ცნობაში პირდაპირ მითითებული არ არის სასამართლო სხდომაზე პირის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, მასში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციას. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; №ას-874-2019, 04 ივლისი, 2019 წელი).
35. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარზე დართულ სამედიცინო ბარათში მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ პაციენტი (კომპანიის დირექტორი) მკურნალობდა ამბულატორიულად 01.10.2022წ.-დან 07.10.2022წ.-მდე პერიოდში. მასში არ არის მითითებული პაციენტის ანამნეზისა და დიაგნოზის, ასევე, მისთვის დანიშნული მკურნალობის შესახებ, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ კომპანიის დირექტორს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო კონკრეტულად 2022 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
36. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი 2022 წლის 30 სექტემბრის განცხადებაში მხარის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზად ასევე იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მისი ადვოკატი მ.ბ–ი მის წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა, ხოლო ახალი წარმომადგენელი, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, მასალებს სრულად ვერ გაეცნო. კერძო საჩივარზე დართული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 04.11.2022წ. ცნობიდან ირკვევა, რომ მ.ბ–ს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შეუწყდა ასოციაციის წევრობა (იხ. ტ. V, ს.ფ. 123). კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მხოლოდ 2022 წლის 26 სექტემბერს შეიტყო, რომ მ.ბ–ი აღარ წარმოადგენდა ადვოკატთა ასოციაციის წევრს და მის წარმომადგენლობას ვეღარ განახორციელებდა, თუმცა მას ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია.
37. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს 2022 წლის 05 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა 2022 წლის 09 აგვისტოს. ამდენად, მას სასამართლო სხდომამდე საკმაო დრო ჰქონდა, რათა კომუნიკაცია მოეხდინა საკუთარ წარმომადგენელთან და მისი შეცვლის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, ახალი წარმომადგენელი აეყვანა. ამასთან, სწორედ მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით დროულად ჰქონოდა კომუნიკაცია წარმომადგენელთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო ახალი წარმომადგენლისათვის მინდობილობის გაფორმება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის ის არგუმენტი, რომ მან სხვა ადვოკატის აყვანის საჭიროების შესახებ გვიან შეიტყო და მის ასაყვანად მცირე დრო ჰქონდა.
38. საკასაციო სასამართლო ასევე სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს 2022 წლის 30 სექტემბრის განცხადებაში აპელანტის მიერ მითითებულ იმ არგუმენტს, რომ მისი ახალი წარმომადგენელი დროის სიმცირისა და საქმის მოცულობიდან გამომდინარე, საქმის მასალებს სრულად ვერ გაეცნო, ვინაიდან აღნიშნულ განცხადებას არ ერთვის მინდობილობა, რომელიც ახალი ადვოკატის სასამართლო სხდომამდე მოკლე ვადაში აყვანას დაადასტურებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი თავად განმარტავს, რომ მას სხვა ადვოკატთან მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა, ხოლო საბოლოოდ წარმომადგენლობა გ.კ–თან გაფორმდა. საქმეში არსებული მინდობილობის მიხედვით კი, გ.კ–ძის მიმართ მინდობილობა 2022 წლის 10 ოქტომბერს გაიცა (ტ. IV, ს.ფ 384).
39. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ შეექმნა იმის შინაგანი რწმენა, რომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. შესაბამისად, აპელანტს მართებულად ეთქვა უარი სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ხოლო, ვინაიდან სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ ის ასევე მართებულად დატოვა განუხილველად.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
41. კერძო საჩივრის ავტორი აგრეთვე ითხოვს სასამართლოს 2019 წლის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მტკიცებულებების გამოთხოვაზე და შუამდგომლობს მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდ იყო გამხდარი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, ხოლო დოკუმენტები, რომლის გამოთხოვაზეც მოსარჩელეს აღნიშნული საოქმო განჩინებით ეთქვა უარი და რომლის გამოთხოვასაც იგი საკასაციო სასამართლოს წინაშე შეუამდგომლობს, შესაძლოა რელევანტური იყოს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
44. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „დ.ჯ–ია D. G–ia“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი