საქმე №ას-105-2019 10 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ე.ქ.დ.“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – უცხოური საწარმოს ფილიალი „ა.ქ.ი.მ.ე.თ.თ.“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ.ე.ქ.დ–სა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „გამშენებელი“) და „ა.ქ.ი.მ.ე.თ.თ–ის“ წარმომადგენლობას საქართველოში (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, ან „გენმენარდე“) შორის 2011 წლის 20 იანვარს გაფორმდა №05/02 სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „გენმენარდემ“ იკისრა ვალდებულება, აეშენებინა და გამოეშვა სამუშაო დოკუმენტაცია ობიექტზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...... და ჩაებარებინა სამუშაოს შედეგი „გამშენებლისათვის“, ხოლო „გამშენებელმა“ იკისრა ვალდებულება, მიეღო და აენაზღაურებინა „გენმენარდისათვის“ მის მიერ შესრულებული სამუშაოები, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების 16.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „გამშენებელი“ წყვეტს ობიექტის მშენებლობის დაფინანსებას მის დასრულებამდე ან შესრულებული და „გამშენებლისათვის“ ჩაბარებული სამუშაოების საფასურის გადახდის დაყოვნება („გამშენებლის“ მხრიდან) აჭარბებს გონივრულ ვადებს, „გენმენარდე“ უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3. ხელშეკრულების 17.1 პუნქტის თანახმად, პირველ შესრულებას, რომელიც მოიცავს 01/02/11წ.-15/09/11წ. პერიოდს, „გენმენარდე“ წარუდგენს „გამშენებელს“ 16/09/11წ., ხოლო ყველა მომდევნო შესრულებას ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 5 რიცხვისა. „გამშენებელს“ წარედგინება შესრულებული სამუშაოების აქტები ფორმა №ფ-2-ის მიხედვით (დანართი №5) და შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და ფორმა №2 და ფორმა №3-ის მიხედვით გაწეული ხარჯების შესახებ ცნობები (დანართი N6). მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით შესრულებული სამუშაოები არ ექვემდებარება ანაზღაურებას და მიღებას დეფექტებისა და გადახრების სრულ აღმოფხვრამდე. დეფექტების აღმოფხვრის ვადის შეთანხმება ხდება მხარეთა მიერ გონივრულ ვადებში და არ ახდენს გავლენას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების ნებართვა.
4. ხელშეკრულების 17.2 პუნქტის მიხედვით, „გენმენარდის“ მიერ სრულად შესრულებული სამუშაოების ჩაბარება და „გამშენებლის“ მიერ მიღება ფორმდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტით. „გამშენებელი“ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე იმ რიცხვიდან, როცა „გენმენარდე“ შეატყობინებს შესაბამისი სამუშაოების მზადყოფნის შესახებ, ვალდებულია ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოები აქტზე ხელმოწერით, ან იმავე ვადებში გაუგზავნოს „გენმენარდეს“ მოტივირებული უარი აღმოჩენილი დეფექტებისა და ხარვეზების, ასევე, მათი გამოსწორების ვადის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ „გამშენებლის“ მიერ მითითებულ ვადაში (5 დღეში) არ მოხდა მოტივირებული უარის გაგზავნა „გენმენარდისთვის“, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მიღებულად ჩაითვლება. თუ „გენმენარდემ“ მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში არ გამოასწორა შესრულებულ სამუშაოებში არსებული დეფექტები და ხარვეზები, „გამშენებელს“ უფლება აქვს თავად ან სხვა (მესამე) პირების მეშვეობით გამოასწოროს დეფექტები, ხარვეზები და ყველა ფაქტობრივი დანახარჯი „გენმენარდის“ ანგარიშიდან გამოქვითოს.
5. ხელშეკრულების 17.6 პუნქტის თანახმად, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ნებართვით მხარეები ადასტურებენ „გენმენარდის“ მიერ სამუშაოების შესულების ფაქტს და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
6. ხელშეკრულების მე-18 პუნქტი განსაზღვრავს სამუშაოს ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების წესს. კერძოდ, 18.1 პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ყველა გადახდას „გამშენებელი“ ახორციელებს 10 სამუშაო დღის ვადაში სამუშაოს ჩაბარებიდან „გენმენარდის“ ანგარიშზე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა №2-ისა და ფორმა №3-ის მიხედვით (ერთად) საგარანტიო რეზერვის თანხის გამოკლებით, ხელშეკრულების 18.3 პუნქტის შესაბამისად, „გენმენარდის“ მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით; ხოლო, 18.3 პუნქტის შესაბამისად, „გამშენებელი“ სამუშაოების (სრულიად) დასრულებისას „გენმენარდესთან“ საბოლოო ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხიდან უკავებს საგარანტიო რეზერვის თანხას, რაც შეადგენს „გენმენარდის“ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%-ს. საგარანტიო თანხას „გენმენარდე“ მიიღებს ხელშეკრულების 19.2 პუნქტით დადგენილი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. საგარანტიო თანხა უბრუნდება „გენმენარდეს“ მთლიანად ან ნაწილობრივ იმ ოდენობით, რაც დარჩება „გენმენარდის“ მიერ დაშვებული დეფექტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ. „გამშენებელი“ უბრუნებს საგარანტიო თანხას „გენმენარდეს“ საგარანტიო ექსპლუატაციის ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღეში, მხარეთა მიერ შედგენილი პრეტენზიების არსებობის აქტის საფუძველზე.
7. ხელშეკრულების მე-19 პუნქტით განისაზღვრა სამშენებლო სამუშაოების ხარისხის გარანტია, კერძოდ: „19.1. ხარისხის გარანტია ვრცელდება „გენმენარდის“ მიერ ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე, სამშენებლო მასალებზე, მოწყობილობებზე, კონსტრუქციებზე, რომელიც გამოყენებულ იქნა ამ სამუშაოების შესრულებისას; 19.2. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადაა 24 თვე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ნებართვის შემდეგ; 19.3. თუ საგარანტიო ვადის მსვლელობისას აღმოჩენილ იქნა დეფექტები, რომლებიც ხელს უშლიან ობიექტის ნორმალურ ფუნქციონირებას, „გენმენარდე“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი „გამშენებლისგან“ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ამ შემთხვევაში მხარეები ადგენენ აქტს დეფექტების მიზეზისა და მათი აღმოფხვრის ვადის მითითებით. საგარანტიო ვადა გრძელდება მათი აღმოფხვრის ვადის დამატებით; 19.4. თუ „გენმენარდემ“ „გამშენებლისგან“ მიღებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარულ დღეში არ წარგზავნა თავისი რწმუნებული პირი ხარვეზის აღმოჩენის აქტის შესადგენად, „გამშენებელი“ ცალმხრივად ადგენს ამ აქტს. ამ შემთხვევაში შედგენილი აქტი დაზღვეული გზავნილით (ჩაბარების დადასტურებით) ეგზავნება „გენმენარდეს“. ამით ითვლება, რომ „გენმენარდე“ დაეთანხმა ხარვეზის არსებობის ფაქტს და ვალდებულია შეუდგეს მის აღმოფხვრას აქტში მითითებულ ვადაში; 19.5. იმ შემთხვევაში, თუ „გენმენარდე“ არ შეუდგება „გამშენებლის“ მიერ აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრას ხელშეკრულების წინამდებარე მუხლის შესაბამისად და ხარვეზი არ აღმოიფხვრება (მის მიერ) აქტში მითითებულ ვადაში, „გამშენებელი“ უფლებამოსილია თავად ან მოზიდული მესამე პირის მეშვეობით აღმოფხვრას არსებული ხარვეზი და მიმართოს საგარანტიო თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ საკუთარი ხარჯების დასაფარად, რაც გამოწვეული იყო „გენმენარდის“ მხრიდან საგარანტიო ვალდებულებების არშესრულებით; 19.6. სამუშაოების ხარისხში მხარეები გულისხმობენ ასევე სამუშაოების ან მათი ნაწილის შესრულებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები დამატებით დადებენ შეთანხმებას, რომელიც დაარეგულირებს ცალკეული სახის სამუშაოების შესრულებას, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წინამდებარე პუნქტის დებულება გავრცელდება ამ დამატებითი შეთანხმებით შესასრულებელ სამუშაოებზეც.
8. ხელშეკრულების 21.2 პუნქტის თანახმად, „გენმენარდის“ მხრიდან შესრულებული და „გამშენებლის“ მიერ მიღებული სამუშაოების არადროულად ანაზღაურების („გამშენებლის“ მხრიდან) შემთხვევაში, „გამშენებელი“ უხდის „გენმენარდეს“ საურავს გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს დროულად გადასახდელი თანხის 5%-სა.
9. ხელშეკრულების 25.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტისას (სამუშაოების) „გამშენებლის“ მიერ მიღებამდე (ჩაბარებამდე) „გენმენარდე“ გადასცემს „გამშენებელს“ დაუსრულებელი სამუშაოების შედეგს, ხოლო „გამშენებელი“ უნაზღაურებს „გენმენარდეს“ მანამდე გადაუხდელ დანახარჯებს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში.
10. ხელშეკრულების 26.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მხარეთა ყველა შეტყობინება ხორციელდება წერილობითი ფორმით, დაზღვეული წერილით გაგზავნის გზით ან მხარის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემით, რომელმაც მისი მიღება უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
11. საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა (ფორმა №2, №3) და საბანკო ამონაწერებით დგინდება „გენმენარდის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და მის საფუძველზე „გამშენებლის“ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
12. 2012 წლის 16 სექტემბრის №13 შემაჯამებელი აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სამშენებლო სამუშაოს დაწყებიდან, 01.02.2011 წლიდან საერთო ჯამში შეასრულა 6 199 210,24 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანც დღგ-ს თანხამ შეადგინა 945 642,24 აშშ დოლარი, ხოლო დაკავებულმა საგარანტიო თანხამ 309 960,51 აშშ დოლარი.
13. საბანკო ამონაწერების მიხედვით, მოპასუხემ 16.09.2011 წლიდან 11.12.2013 წლამდე მოსარჩელის ანგარიშზე განახორციელა 33 უნაღდო ტრანზაქცია, კერძოდ 01.10.2012 წლამდე მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა 5 356 576 აშშ დოლარი, ხოლო 05.10.2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად 312 910,24 აშშ დოლარი.
14. სადავო არაა, რომ 2011 წლის 20 იანვრის სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 05 ოქტომბერს.
15. ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურის 01.11.2013წ. №ბ-1211326095-16 ბრძანების შესაბამისად, ქ. თბილისში, ....... მდებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდა 01.11.2013 წელს.
16. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის (საგარანტიო თანხის ჩათვლით) - 529 723 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 26 486 აშშ დოლარის, ჯამში - 556 209 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
17. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მოხდა ხარვეზით და უხარისხოდ, რის გამოც მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ აღარ უნდა მომხდარიყო შესაბამისი თანხის გადახდა. მოპასუხემ ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
18. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსასწორებლად გაწეული ხარჯის - 313 074 ლარისა და პიგრგასამტეხლოს 681 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
19. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის (საგარანტიო თანხის ჩათვლით) - 529 723 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 26 486 აშშ დოლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
21. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
23. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
24. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 137-ე, 141-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელეს დარჩენილი დავალიანებიდან გადაუხადა შემდეგი თანხები: 19.12.2012 წელს - 24 145,84 აშშ დოლარი; 15.11.2013 წელს -175 000 აშშ დოლარი; 05.12.2013 წელს - 113 648,09 აშშ დოლარი და 11.12.2013 წელს - 116,31 აშშ დოლარი. აღნიშნული გადახდები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ვალის აღიარებას, რასაც შედეგად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა მოჰყვება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა, რომლის ათვლაც ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან (2012 წლის 05 ოქტომბრიდან) დაიწყო, მოპასუხის მიერ 2013 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული ბოლო გადახდით შეწყდა და მისი ათვლა თავიდან დაიწყო, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.
25. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მტკიცების ტვირთის არამართებულად განაწილების თაობაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან უტყუარად დგინდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ოთხ ტრანზაქციად ჯამში 312 910,24 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადარიცხვის ფაქტი. გადახდის დანიშნულებით ირკვევა, რომ ტრანზაქციები განხორციელებულია №05/02 ხელშეკრულების შესრულების მიზნით, რაც ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ აღნიშნული გადახდები ხელშეკრულების მხარის (მოპასუხის) მიერ არის განხორციელებული, ხოლო საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზეა. სასამართლოს მოსაზრებით, საპირისპიროს მტკიცების ფარგლებში, მოპასუხეს შეეძლო წარედგინა, ასევე, ამონაწერი საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მითითებულ თარიღებში მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნული თანხების გადინება არ მომხდარა და, შესაბამისად, ის არ წარმოადგენდა სადავო თანხების გადამხდელ პირს, თუმცა მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც სააპელაციო შედავების საფუძვლიანობას გამორიცხავდა.
26. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია საგარანტიო რეზერვის თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ხელშეკრულების 18.3 და 19.2 პუნქტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების თანახმად, საგარანტიო თანხის დაკავების მიზანს წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ დაშვებული დეფექტებისა და ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან, საგარანტიო თანხა შემსრულებელს დაუბრუნდებოდა საგარანტიო ექსპლუატაციის ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღეში, იმ თანხების გამოკლებით, რაც შემსრულებლის მიერ დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე დაიხარჯებოდა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა ასეთი დეფექტებისა თუ ხარვეზების არსებობა და მათზე რაიმე ხარჯების გაწევის ფაქტი (საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოპასუხე მიუთითებდა დეფექტურ აქტებზე, თუმცა იგი მოსარჩელის მიერ კვალიფიციური შედავებით გაქარწყლებულ იქნა. დეფექტურ აქტებთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნები სააპელაციო საჩივრით სადავოდ აღარ გამხდარა). ამდენად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება გააჩნია მთლიან საგარანტიო თანხაზე, მას აღნიშნული უფლება წარმოეშვა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, ანუ, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 24 თვის შემდეგ. ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2013 წლის 01 ნოემბერს. შესაბამისად, მოსარჩელეს საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის 01 ნოემბრიდან, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.
27. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა მოითხოვა.
28. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
28.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოები შესრულებულია სრული მოცულობით და აღნიშნული სამუშაოების შესაბამისი ფულადი მოთხოვნები სრულად არის აღიარებული მოპასუხის მიერ;
28.2. საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელისათვის თანხის გადახდით (კონკრეტულად 19.12.2012წ., 15.11.2013წ., 05.12.2013წ. და 11.12.2013წ. განხორციელებული გადახდები) აღიარებულ იქნა ვალდებულების არსებობა. აღნიშნული აღიარების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ ამონაწერი მისივე ანგარიშიდან, რომელიც კონკრეტული პირის მიერ მიმღებისათვის თანხის გადახდას ადასტურებს;
28.3. ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას - კონკრეტულად ვინ განახორციელა თანხის ჩარიცხვა მოსარჩელის ანგარიშზე. ვალდებულების გადახდით აღიარების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეულ უნდა იქნეს კონკრეტული საგადახდო დავალება, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნება არა მხოლოდ თანხის მიმღები (როგორც ეს ამონაწერის შემთხვევაში ხდება), არამედ თანხის კონკრეტული გადამხდელიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ეს მიდგომა არაკეთილისინდისიერად იქნას გამოყენებული;
28.4. სასამართლომ მოპასუხეს არ უნდა დააკისროს იმის მტკიცების ტვირთი - იყო თუ არა ზემოაღნიშნულ თარიღებში კონკრეტული თანხის გადამხდელი მოპასუხე. მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, უპირველეს ყოვლისა, მოსარჩელემ უნდა წარადგინოს;
28.5. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. თუნდაც დადგინდეს მოპასუხის მიერ კონკრეტული ტრანზაქციების შესრულება, ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი მხრიდან მთლიანი ვალდებულების აღიარებად, ვინაიდან სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნა, ხოლო ტრანზაქციებით არ არის დაკონკრეტებული და არ იკვეთება, რომ მოვალემ მთლიანი ვალი აღიარა;
28.6. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით არ არსებობს საგარანტიო რეზერვის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. თავად მოსარჩელეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2012 წლის 05 ოქტომბერს ხელშეკრულება მოპასუხესთან გაწყვიტა ისე, რომ კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოპასუხე იძულებული იყო მოეძიებინა შემსრულებელი ახალი კომპანია და ისე დაესრულებინა სამუშაოები, რაც შესაძლებელს გახდიდა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას. შესაბამისად, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება საბოლოოდ შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ახალი კომპანიის მიერ დასრულდა საჭირო სამუშაოები. მოსარჩელის მიერ საგარანტიო რეზერვის თანხის მიღება უკავშირდებოდა ობიექტის ესპლუატაციაში მიღებას, რაც ხელშეკრულების ლოგიკური განმარტების შედეგად, უნდა მომხდარიყო მის მიერ სამუშაოების სრულყოფილად შესრულების შედეგად და არა მესამე კომპანიის მეშვეობით;
28.7. გარდა ამისა, თუნდაც მოსარჩელე მიჩნეულ იქნეს საგარანტიო თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირად, მისი ეს მოთხოვნა ხანდაზმულია. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 25.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტისას „გამშენებელი„ აუნაზღაურებს „გენმენარდეს„ მანამდე გადაუხდელ დანახარჯებს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში. შესაბამისად, სახეზეა შემდეგი დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემდგომ იგი არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხესთან; 2. მხარეებმა მათი მოთხოვნის უფლებების წარმოშობა ლოგიკურად დაუკავშირეს ხელშეკრულების შეწყვეტას (თუკი ასეთს ადგილი ექნებოდა). შესაბამისად, გაწეული დანახარჯების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გაუჩნდა ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, ანუ 2012 წლის 05 ოქტომბერს; 3. ზემოაღნიშნული უფლება მოსარჩელემ განახორციელა დაგვიანებით, რის გამოც იგი ხანდაზმულია (ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის 05 ოქტომბერს, ხოლო სარჩელი აღძრა 2016 წლის 27 ოქტომბერს). სასამართლომ უგულებელყო ეს ფაქტობრივი გარემოებები.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
35. კასატორის ძირითადი პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ეყარება. მისი მტკიცებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადა. კერძოდ, იგი დავობს, რომ, ერთი მხრივ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულების მიზნით თანხის გადახდისა და აღნიშნულით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის არსებობის აღიარების ფაქტი; ხოლო, მეორე მხრივ, ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მთლიანი მოთხოვნის აღიარებად, ვინაიდან სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნა.
36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
37. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
39. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტებისა (შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარჯების შესახებ ცნობები, ფორმა №2 და №3) და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის (იხ. ტ. I, ს.ფ. 80-215), ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ (05.10.2012წ.) მოპასუხემ მოსარჩელეს ვალდებულების შესასრულებლად ჯამში 312 910,24 აშშ დოლარი გადაუხადა, კერძოდ, 19.12.2012 წელს - 24 145,84 აშშ დოლარი; 15.11.2013 წელს - 175 000 აშშ დოლარი; 05.12.2013 წელს - 113 648,09 აშშ დოლარი და 11.12.2013 წელს - 116,31 აშშ დოლარი. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულებები.
40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
41. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა მოვალის მხრიდან მოთხოვნის არსებობის აღიარების გზით. თავის მხრივ, ვალდებულების არსებობის აღიარებისთვის განსაზღვრულია კონკრეტული ფორმები, კერძოდ, ესენია: ავანსის, პროცენტის გადახდა და გარანტიის მიცემა, რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარებას, ეს საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ საქმე №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).
42. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მოთხოვნის არსებობის ამგვარი, ე.წ. დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
43. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა.
44. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ 2013 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული ბოლო გადახდით შეწყდა სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა და მისი ათვლა თავიდან დაიწყო. მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდის მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2016 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადენილ ხანდაზმულობის სამ წლიან ვადაში, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
45. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის ერთიანად გადახდის ვალდებულება. მხარეები მის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე არ შეთანხმებულან. ის გარემოება, რომ მოპასუხემ თანხა რამდენიმე ტრანშად გადაიხადა, თავად ვალდებულებას პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად ვერ გადააქცევს. შესაბამისად, სადავო ურთიერთობაზე ვრცელდება არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არამედ იმავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
46. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია საგარანტიო რეზერვის თანხის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხელშეკრულების 18.3 და 19.2 პუნქტების მიხედვით, მოსარჩელეს აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან - 01.11.2013 წლიდან 24 თვის გასვლის შემდგომ, აღნიშნული დროიდან სარჩელის აღძრამდე კი, არ არის გასული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
47. ასეც რომ არ იყოს, საგარანტიო რეზერვის თანხა წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილს, შესაბამისად, 2013 წლის 11 დეკემბერს მოპასუხის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარებით, ხანდაზმულობის ვადის დენა ასევე შეწყდა საგარანტიო რეზერვის თანხის მოთხოვნის მიმართაც და მისი დენა თავიდან დაიწყო.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
49. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
50. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
51. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ.ე.ქ.დ.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ჯ.ე.ქ.დ.“-ს (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე