საქმე №ას-980-2022 28 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - ჯ.ქ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.ნ–ლი“ (მოპასუხე)
II კასატორი - შპს „ბ.ნ–ლი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ჯ.ქ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.ნ–ლის“ (შემდგომ – მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო 2013 წლიდან მუქი ნავთობპროდუქტების საამქროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2018 წლის 29 იანვრის დისციპლინური კომისიის სხდომაზე, 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 26 იანვრამდე პერიოდში ნავთობპროდუქტების დანაკლისის გამოვლენასთან და გადახარისხებასთან დაკავშირებით არაგეგმური ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2018 წლის 9 თებერვლიდან მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის საფუძველზე.
3. მოსარჩელე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ იყო პასუხისმგებელი გამოვლენილ დარღვევებზე, მას ბრალი არ მიუძღვის ნავთობროდუქტების დანაკლისში. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა უკანონოდ.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულებები, რაც განსაზღვრული იყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით, საწარმოს შინაგანაწესითა და მუქი ნავთობპროდუქტების მიღებისა და გადატვირთვის საამქროს უფროსის მოადგილის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რის გამოც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 4 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის 2018 წლის 6 თებერვლის №16/კ ბრძანება. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მუქი ნავთობპროდუქტების მიღებისა და გადატვირთვის საამქროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. დაევალა მოპასუხეს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის - 2018 წლის 9 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 3300 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს უარი ეთქვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურებასა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
აპელანტის მოთხოვნა:
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილბის სარეზოლუციო ნაწილი:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან 2013 წლის 4 ნოემბრის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2018 წლის 6 თებერვლის №16/კ ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის - 50000 ლარის გადახდა მოსარჩელისა სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. სამსახურებრივი გამოძიების კომისიის სხდომის ოქმში რეკომენდაცია გაცემულია დასაქმებულის სშკ-ის 37.1.„ი“ მუხლით, ხოლო მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გაგზავნილი გასაჩივრებული ბრძანების დასაბუთების მიხედვით გათავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37.1.„ვ“ მუხლი. ამასთან, გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია 2018 წლის 29 იანვრის დისციპლინური კომისიის სხდომის ოქმი №01/2018. სხდომის ოქმიდან იკვეთება, რომ კომისიის განხილვის საგანია გენერალური დირექტორის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ გამართული ინვენტარიზაციისა და სამსახურებრივი გამოძიების შედეგები, რომელიც ეხება სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტების არევას და ნავთობპროდუქტების საამქროში მუქი ნავთობპროდუქტების მიღებისა და გადაზიდვისას დანაკლისს.
9. სამსახურებრივი გამოძიების შესახებ №01/2018 აქტში წარმოდგენილი ფაქტების დეტალური ანალიზის საფუძველზე პალატამ არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ კვლევის შედეგად დადგენილი გადაცდომების თავითან აცილება, მხოლოდ მოსარჩელის კომპეტენციაში შედიოდა და მხოლოდ მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი პირი ჩადენილი გადაცდომებისთვის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი, მოსარჩელისა და საამქროს უფროსის თანამდებობრივი ინსტუქციების ანალიზით ირკვეოდა, რომ უფროსისა და მოადგილის, ანუ თანამდებობის პირთა ფუნქციები ერთმანეთისაგან გამიჯნული არ ყოფილა და ისინი თითქმის იდენტური იყო. პალატამ დაასკვნა, რომ დარღვევები ნამდვილად ვლინდებოდა, თუმცა საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ამ დარღვევების ჩადენაში მოსარჩელის ბრალეულობის ის ხარისხი, რომლისთვისაც, საწარმოს მიერ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება (სამსახურიდან გათავისუფლება) პროპორციულად და სამართლიანად შეიძლებოდა მიჩნეულიყო. მით უფრო, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებლის უფლების გამოყენება, ვადაზე ადრე შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, დამოკიდებული იყო თანამშრომლის ბრალის დადასტურებაზე მისთვის დაკისრებული თანამდებობრივი მოვალეობების შეუსრულებლობასა და ზიანში.
10. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა შრომის შინაგანაწესის 16.1 პუნქტით, ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული დასაქმებულის მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება. საქმის მასალებით, უდავოდ არ იყო დადგენილი, რომ დასაქმებულის ბრალეული ქმედება გახდა მიზეზი დამსაქმებლისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებისა. მართალია, საწარმოში მართლაც აშკარა იყო გარკვეული ტიპის დარღვევები, რაზედაც ნაწილობრივ პასუხისმგებელი მოსარჩელე იყო, თუმცა, პალატის მოსაზრებით, სანქცია, რომელიც მოსარჩელის მიმართ იქნა გამოყენებული, სრულიად არასამართლიანი იყო.
11. აპელანტი მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონშესაბამისობის დადასტურებას ცდილობდა იმ გარემოებითაც, რომ გათავისუფლების ბრძანებას წინ უსწრებდა 2017 წლის 19 ივლისის დისციპლინური სახდელი, რომელიც მოსარჩელეს თავისი ვალდებულებებეის არაჯეროვანი შესრულების გამო დაეკისრა. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სრულიად დაუსაბუთებელი იყო, თუ რა შრომითი გადაცდომის გამო გამოეცხადა მოსარჩელეს საყვედური. ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოდგენილა საქმეში არსებობდა მხოლოდ „სამსახურებრივი მოხსენებითი ბარათი“ ისიც რუსულ ენაზე, რომელსაც სასამართლო ვერ შეაფასებდა, რამდენადაც სამართალწარმოების ენა საქართველოში არის ქართული და ყველა მტკიცებულება, ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ არსებობდა, ტოლფასი თანამდებობა არ იყო ვაკანტური, რის გამოც არ ვლინდებოდა დასაქმებულის პირვანდელ და/ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები. შესაბამისად, სამსახურში აღდგენის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატის მითითებით, რაკი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურში აღდგენის თანმდევი სამართლებრივი შედეგი იყო, ამ ნაწილშიც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი წანამძღვრები.
13. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელის დარღვეული უფლება დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით უნდა აღდგენილიყო. პალატამ გაითვალისწინა, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ და შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით; ამასთან, მოსარჩელე დასაქმებული იყო, გაითვალისწინა მოპასუხის ფინანსურ შესაძლებლობებიც და, რადგანაც შეუძლებელი იყო დასაქმებულის აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, კომპენსაციის გონივრულ ოდენობად 50 000 ლარი განისაზღვრა.
მეორე კასატორის მოთხოვნა:
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივრი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. არასწორია სასამართლოს დასკვნა, თითქოს, მოსარჩელე არ იყო პასუხისმგებელი გამოვლენილ დარღვევებზე მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ მოსარჩელეს გააცნეს დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანება და არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, არ გაუსაჩივრებია დამსაქმებლის 2017 წლის 19 ივლისის №75/კ საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, უდავოდ დგინდება მოსარჩელის მხრიდან მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი და ამის გამო დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოცხადება. სასამართლოს მიერ შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა კი იმით გამოიხატა, რომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მიუთითა, თითქოს, ვერ დგინდებოდა, რა გადაცდომის გამო დაეკისრა საყვედური მოსარჩელეს. 2017 წლის 19 ივლისის ბრძანება საქმეს მტკიცებულების სახით თან ერთვის, ასევე საქმეზე თანდართულია სხვა მტკიცებულებები, რომელიც მითითებული საყვედურის გაცემის წინაპირობებს უკავშირდება, ამასთან, საქმეში წარმოდგენილ არაერთ საპროცესო დოკუმენტში დაფიქსირებულია მოპასუხის ახსნა-განმარტება საყვედურის გამოცხადების მიზეზებთან დაკავშირებით.
16. ფაქტია, რომ მოსარჩელეს დაეკისრა საყვედური გადაცდომებისთვის, რამაც გამოიწვია პროდუქტების მნიშვნელოვანი დანაკლისი, სორტნაწუნები და ორგანიზაციისთვის ზიანი. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომების გამოყენების მიუხედავად, ტერმინალში სიტუაცია ფაქტობრივად არ გამოსწორებულა მომდევნო თვეებშიც.
17. მოსარჩელეს, სხვა ვალდებულებებთან ერთად, უშუალო პასუხიმგებლობა ეკისრებოდა ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისზე, საამქროს მატერიალური ფასეულობების ზედმეტ ხარჯვასა და დარღვევებზე, 2013 წლის 4 ნოემბერს შრომით ხელშეკრულებასთან ერთად მოსარჩელესთან დამატებით გაფორმდა მუქი ნავთობპროდუქტების სრული მატერიალური პასუხიმგებლობის შესახებ შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იყო საამქროში განთავსებული ფასეულობებზე მატერიალურად პასუხიმგებელი პირი. თუ აღმოჩნდებოდა, რომ არსებობდა დანაკლისი (მიღებულ და გაცემულ ნავთობს შორის სხვაობა), პასუხისმგებლობა ეკისრებოდა უშუალოდ მოსარჩელეს.
18. დამსაქმებელმა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას გაითვალისწინა დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის სიხშირე, სიმძიმე და შედეგობრივი კავშირი, რაც მნიშვნელოვანია დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ამდენად, მოსაჩელე სამსახურებრივად პასუხისმგებელი იყო ნავთობპროდუქტის შენახვა - გადატვირთვაზე, მის მიმართ ნავთობპროდუქტის დანაკლისისა და გაუვარგისების გამო ერთხელ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიება, რომლის შემდეგაც კიდევ განმეორდა დანაკლისისა და გაუვარგისების ფაქტი. ორივე შემთხვევამ უდავოდ ზიანი მიაყენა დამსაქმებელს. შესაბამისად, გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, დამსაქმებელს სხვა მოქმედების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა.
პირველი კასატორის მოთხოვნა:
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივრი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის დაკისრება და კომპენსაციის ოდენობად 100 000 ლარის განსაზღვრა მოითხოვა.
20. სააპელაციო სასამართლოში მოპასუხემ წარმოადგინა ფიქციური ცნობები, რომ, თითქოს, მოსარჩელის თანამდებობა დაკავებული იყო, ხოლო ალტერნატიული არ არსებობდა.
21. სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები, რომ თითქოს განაცდური აუცილებლად დაკავშირებულია დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენასათან. შრომის კოდექსის მითითებული დანაწესის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ ხერხდება იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენა, სასამართლო განსაზღვრავს კომპენსაციას, თუმცა აღნიშნული აბსოლუტურად არ გამორიცხავს განაცდურის დაკისრებას. განაცდური დაკავშირებულია არა აღდგენსათან, არამედ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან. წინამდებარე შემთხვევაში გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო, თუმცა არასწორად უთხრა უარი მოსარჩელეს განაცდურის დაკისრების ნაწილში.
22. საპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე ამჟამად დასაქმებულია. სააპელაციო ეტაპზე არც ყოფილა კვლევის საგანი მოსარჩელის დასაქმება, თუმცა მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ არის უმუშევარი 2018 წლიდან დღემდე. მოსარჩელეს გათავისუფლებიდან დღემდე არავითარი შემოსავალი არ მიუღია (იხ. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან).
23. სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა მოსარჩელის დაცვის ღირსი ინტერესი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში. მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა 4 წელი იხილებოდა, ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე იყო (არის) უმუშევარი, შეუსუსტდა ჯანმრთელობა, მიიღო ემოციური სტრესი. სასამართლომ კი, საერთოდ არ შეაფასა კუმულაციურად ყველა ის გარემოება, რაც არის განმსაზღვრელი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კომპენსაციის დაკისრებისას უნდა გათვალისწინდეს, რომ ის ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ გათავისუფლებული სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორთა არგუმენტების გაცნობის შემდეგ ასკვნის, რომ ამ კუთხით მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია, ხოლო მოსარჩელემ ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) - 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
27. მეორე კასატორი დასაქმებულის ძირითად დარღვევად მიუთითებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დანაკლისისა და სორტნაწუნის ფაქტის არსებობაზე.
28. პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით, სასამართლო აფასებს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტს, დარღვევის ხარისხს, დარღვევის სიხშირეს, დასაქმებულის ბრალეულობას, იმ სამართლებრივ შედეგს, რაც დარღვევას მოჰყვა. როდესაც სუბიექტს ბრალად ვალდებულების დარღვევა ერაცხება, აუცილებელია, დადგინდეს ვალდებულების დამრღვევი სუბიექტისათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება, ბრალად შეერაცხოს ვალდებულება, რომელიც მას არ წარმოშობია. მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმასაც, რადგან ხშირად სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს სამართლებრივ შედეგზე გავლენას.
29. პალატა მიიჩნევს, რომ, რაკი საამქროს უფროსის მოადგილესა (მოსარჩელე) და მის ზემდგომს - საამქროს უფროსს იდენტური მოვალეობები ეკისრებოდათ (თანამდებობრივი ინსტრუქციების თანახმად, როგორც საამქროს უფროსი, ისე მისი მოადგილე პასუხისმგებელი იყო შემდეგზე: შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მუშაკისათვის დაკისრებული ვალდებულებების დროული და ხარისხიანი შესრულება (პუნქტი 4.1), საამქროს საქმიანობის შედეგები და ეფექტურობა (პუნქტი 4.3), მუქ ნავთობპროდუქტების ატვირთვისა და შენახვის ოპერაციის შესრულებაზე დროული და ხარისხიანი შესრულება მათზე არსებულ დოკუმენტებზე მონაცემების შესაბამისობით (პუნქტი 4.5), საამქროს ჟურნალებში შეტანილი მონაცემების შესაბამისობა სისტემა „პელოგას“ ტერმინალის მონაცემებთან (პუნქტი 4.6), მუქი ნავთობპროდუქტების ოდენობა და ხარისხი (პუნქტი 4.7), საამქროს სამეურნეო საქმიანობის დადგენილი ანგარიშის შედგენა, წამომადგენლობა მის სისწორესა და დროულ წარდგენაზე (პუნქტი 4.11), ინვენტარიზაციის გამოვლენილ დანაკლისზე, საამქროს ფასეულობების ზედმეტ მატერიალურ ხარჯებზე და დარღვევებზე (პუნქტი 4.12), თავისი ფუნქციური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე (პუნქტი 4.14) - ტ. 2, ს.ფ. 40-41), დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების კვლევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა დარღვევებში/გადაცდომაში სწორედ მის ბრალეულობას აქვს.
30. დადგენილია, რომ 05.06.2017 წლისა და 01.07.2017 წლის ინვენტარიზაციის აქტების საფუძველზე, ტერმინალში გამოვლენილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დანაკლისისა და სორტნაწუნის ფაქტების გამო, ტერმინალის გენერალური დირექტორის 19.07.2017 წლის ბრძანებით, მოსარჩელეს გამოეცხადა „შენიშვნა“, ხოლო საამქროს უფროსს – „სასტიკი საყვედური“. შესაბამისად, საწარმოს ხელმძღვანელობამ ნავთობის, ნავთობპროდუქტების დანაკლისისა და სორტნაწუნის არსებობაზე ძირითად პასუხისმგებელ პირად საამქროს უფროსი მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ საამქროს უფროსისა და საამქროს უფროსის მოადგილის მოვალეობები არ შეცვლილა. შესაბამისად, გაუგებარია, შემდგომში რამ გამოიწვია დარღვევებზე ძირითად პასუხისმგებელ პირად მოსარჩელის მიჩნევა.
31. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების არაგეგმური ინვენტარიზაციის მიზნითა და ფაქტობრივი მდგომარეობის გამოსავლენად, შექმნილი სამსახურებრივი გამოძიების კომისიის აქტის შესწავლის საფუძველზე საკასაციო პალატას არ ექმნება გამოვლენილ დარღვევებში მოსარჩელის ბრალეულობის თაობაზე რწმენა. გამოკითხული თანამშრომლებიდან ყველა მათგანი მიუთითებს, რომ საამქროს უფროსი თავად ხელმძღვანელობდა ყველა ოპერაციას, დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტების აღწერისას მთავარ აქცენტი სწორედ საამქროს უფროსის ქმედებებზეა, არცერთი მათგანი არ ახსენებს მოსარჩელეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ანდა მაკონტროლებელ პირს. მათი განმარტებით, ყველა ნავთობის მიღებისა თუ გადასხმის სადავო ოპერაციას ხელმძღვანელობდა საამქროს უფროსი (მაგ. 02.06.2017 წლის ფაქტთან დაკავშირებით საამქროს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ მან მიმართა საამქროს უფროსს დარღვევის შესახებ (რეზერვუარში დიდი რაოდენობით წყლის აღმოჩენის შესახებ), რომელიც ამ საკითხით არ დაინტერესებულა, მაშინ, როდესაც ყველა ამ ოპერაციას მანამდე და შემდეგ ხელმძღვანელობდა საამქროს უფროსი. საამქროს უფროსი ოპერატორის განმარტებით, ამ დარღვევის თაობაზე მიმართა საამქროს უფროსის მოადგილეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩამოცილებულია სასაქონლო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებისაგან და გადაამისამართა საამქროს უფროსთან. ამ უკანასკნელმა მიღებული ინფორმაცია რეაგირების გარეშე დატოვა. უფროსი ოპერატორისვე განმარტებით, საამქროს უფროსი თავად ხელმძღვანელობდა ყველა სასაქონლო ოპერაციას. დასკვნის თანახმად, ამ ფაქტს ადასტურებს საამქროს სასაქონლო-სავაჭრო ოპერაციების სპეციალისტიც. ამ უკანასკნელის განმარტებითვე, საამქროს უფროსის უშუალო მითითებით ხდებოდა ნავთობის გადასხმა. იგი მიუთითებდა, რომ პროდუქტი ბუფერულ რეზერვუარებში ჩაესხათ, როდესაც ექსკლუზიურ რეზერვუარებში თავისუფალი ადგილი იყო. ოპერაციების სპეციალისტი იმასაც განმარტავს, რომ რეზერვუარში წყლის დიდი რაოდენობის შესახებ ინფორმირებული იყო საამქროს უფროსი, მაგრამ მას არავითარი ზომა არ მიუღია. საამქროს უფროსი ოპერატორის (ესტაკადა №5) გამოკითხვით გაირკვა, რომ ოპერაციები საამქროს უფროსის უშუალო განკარგულებით სრულდებდა, არასწორი ოპერაციების შესახებ მას ყველა ოპერატორი ატყობინებდა, თუმცა ოპერატორების აზრი საამქროს უფროსს არ აინტერესებდა. მთავარი ოპერატორიც განმარტავს ტუმბოებთან არსებული პრობლემების შესახებ ატყობინებდა საამქროს უფროსს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 26-48).
32. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის საგამოძიებო კომისიის დასკვნით დგინდება, რომ საამქროს უფროსის, საამქროს უფროსის მოადგილისა და სადგურის უფროსის მოვალეობები და პასუხისმგებლობის სფერო დოკუმეტურადაც კი არ იყო გამიჯნული, ხოლო თანამშრომელთა გამოკითხვითა და კომისიის გამოკვლევით დადგინდა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივადაც არ იყო პასუხისმგებელი დარღვევაზე, რადგან საამქროს უფროსი ზოგ შემთხვევაში თავად ხელმძღვანელობდა ოპერაციებს და უშუალო მითითებებს აძლევდა თანამშრომლებს, დანარჩენ შემთხვევაში კი, ეწოდებოდა პრობლემებისა თუ დარღვევების შესახებ ინფორმაცია.
33. რაც შეეხება თავად დისციპლინური კომისიის სხდომის ოქმს, ირკვევა, რომ კომისიამ თავისი გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ძირითადად საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და მისი წევრების დისციპლინური კომისიის სხდომაზე განმარტებებს დააფუძნა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე მთავარ პრობლემად გამოყო თანამებობრივი ვალდებულებების ზეპირად დაყოფის პრაქტიკა, სამეწარმეო მონაკვეთების (საამქროების, სადგურების) თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებს შორის, რაც, ბუნებრივია, მოსარჩელეს ვერ შეერაცხება ბრალად. იმ პირობებში კი, როდესაც თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, მათი პასუხისმგებლობის სფერო იდენტური იყო, ბუნებრივიცაა, რომ ვალდებულებები ფაქტობრივად ექნებოდათ გაყოფილი. საგამოძიებო კომისიის დასკვნით კი დადგინდა, რომ იმ ოპერაციებს, სადაც დარღვევები გამოვლინდა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა საამქროს უფროსი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით გამოვლენილ დარღვევებში მოსარჩელის ბრალეულობა არ დასტურდება. ნიშანდობლივია, რომ კომისიის წევრის მოხსენების მიხედვით, გამოაშკარავდა არაერთი მიზეზი, რამაც გამოიწვია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დანაკლისი, მათ შორის, ტვირთის მიღების აქტის არასრულყოფილი გაფორმება, აქტის ხელმოწერა პირის მიერ, რომელიც კომისიამ ვერ გამოავლინა.
34. ოქმში აღნიშნულია, რომ საამქროს უფროსს, მის მოადგილესა და სადგურის უფროსის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელი, თუმცა სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. პალატა კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ საამქროს უფროსს სასტიკი საყვედური, ხოლო საამქროს უფროსის მოადგილეს შენიშვნა გამოეცხადა. ამდენად, არც კომისიის ოქმიდან არ ირკვევა, რა გახდა დარღვევებზე პასუხისმგებელ პირად სწორედ მოსარჩელის მიჩნევის საფუძველი და რატომ გამოიყენა საწარმომ პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ მის მიმართ.
35. ამასთან, კასატორი ვერ ადასტურებს საამქროს უფროსთან ერთად მოსარჩელის თანაბრალეულობის იმ ხარისხს, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ მის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმის გამოყენება ადეკვატური და თანაზომიერი სახდელი იყო, მაშინ, როდესაც საამქროს უფროსს პასუხისმგებლობის ფორმად განესაზღვრა თანამდებობრივი დაქვეითება.
36. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია დასაქმებულის უფლების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება უპირატესია მის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მოიაზრებს იმას, რომ ყველაზე მძიმე სანქცია - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: დამსაქმებლის მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მისი ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (შდრ. სუსგ. №ას-318-2020, 30.06.2022წ.; №ას-559-559-2018, 2011.2020წ.; №ას-1276-1216-2014, 18.03. 2015წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.).
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების მტკიცება, შრომით დავებში არსებული სტანდარტით, ვერ უზრუნველყო. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. სუსგ №ას-517-2022, 13.10.2022წ.; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.; №ას-922-884-2014, 16 04.2015წ.).
38. პალატა მიიჩნევს, კასატორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მოსარჩელეა, არასაკმარისი მტკიცებულებაა დასაქმებული ბრალეულობის დადგენისათვის და ვერ აბათილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებს. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარკვეული დარღვევები მოსარჩელეს, შესაძლოა, ჰქონდა, რაც უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გაამართლებდა, თუმცა, რაკი დასაქმებულის მიერ მითითებული დარღვევები მოსარჩელეს ბრალად ვერ შეერაცხება, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებად ვერ მიიჩნევა.
39. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-1316-2022, 23.12.2022წ.; №ას-1135-2018 31.05.2019წ.; №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).
41. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას ახალი საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებს, ხოლო ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, სადავო საკითხის იმ დროისთვის არსებული მომწესრიგებელი ნორმის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (შდრ. სუსგ №ას-901-2022 31.10.2022წ.; №ას-1540-2019, 30.09.2020წ.).
42. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელის გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ ხანგრძლივ პერიოდს; დამსაქმებელი კომპანიის მდგომარეობას; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულთა აღდგენა, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა მოსარჩელის 70 000 ლარით უნდა განისაზღვროს. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის - 70 000 ლარის (დაბეგრილი) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (შდრ. სუსგ №ას-1339-1259-2017, 30.07.2018წ.; №ას-1540-2019, 30.09.2019წ.).
43. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი) მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 70 000 (დარიცხული) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
44. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ბ.ნ–ლის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ჯ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „ბ.ნ–ლს“ დაეკისროს 70 000 ლარის გადახდა ჯ.ქ–ძის სასარგებლოდ;
5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. შპს „ბ.ნ–ლს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2400 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე