საქმე №ას-323-2023 30 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ.ფ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საურავის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (შემდგომ – მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ.ფ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საურავის - 1190 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2022 წლის 12 აპრილს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩა განუხილველად.
8. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებაა 1190.00 ლარი იყო და რაკი არ აღემატებოდა 2000 ლარს, პალატამ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
9. მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
10. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნას და თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად დაბრუნებას. სასამართლომ კი, ფაქტობრივად, დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა არსებითად განსახილველი მოთხოვნიდან გამომდინარე და არა - როგორც სააპელაციო საჩივარზე, რომელიც წარდგენილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით. ამდენად, სასამართლომ კანონის არასწორი განმარტების გზით მოსარჩელეს შეუზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთა ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი).
14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
15. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
16. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისათვის 1190 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება გაასაჩივრა.
16. კერძო საჩივრის ავტორი არ დავობს, რომ დავის საგნის ღირებულება, 1190 ლარია, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 365-ე მუხლი, რადგან მოსარჩელემ გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამასთან, არ მოუთხოვია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, არამედ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერებაზე უნდა ემსჯელა და დავის საგნის ფასისათვის მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭებინა.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 240.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ამდენად, ნორმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსხვავებულ წესს არ ადგენს, შესაბამისად, ნორმის ამდაგვარად ინტერპრეტაცია დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის 365-ე მუხლი (შდრ. სუსგ. №ას-1388-2020, 21 სექტემბერი, 2021 წელი; № ას-24-2023, 15 თებერვალი, 2023 წელი).
18. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის - 2.2. მუხლი).
19. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა. სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №1572-2019, 30.03.2020წ.).
20. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR. სუსგ №ას-692-646-2017, 14.07.2017წ.; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ).
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე