საქმე №ა-6261-შ-152-2022 30 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.რ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, ი.რ–იას სასარჩელო მოთხოვნა გ.მ–ის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
ი.რ–იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და არ აღსრულებულა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, გ.მ–ის ამჟამინდელი მისამართია საქართველოს რესპუბლიკა, რუსთავი, .........
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი.რ–იას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე გ.მ–ს ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, თუმცა კორესპოდენციის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხერხდა. საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, მითიტებული მობილური ტელეფონი გამორთულია და მისამართზე არსებულ ბინაში კარს არავინ აღებს.
გ.მ–თვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობითაც. პოლიციის მომართვის თანახმად, ადრესატი არ იმყოფება საქართვლოში, 2022 წლის 15 იანვრიდან გასულია ყაზახეთის რესპუბლიკაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.რ–ია შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი.რ–იას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა, მასზე თანდართული მასალებისა და საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე გ.მ–ს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა კორესპოდენციის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხერხდა. გ.მ–ის მოძიება და მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობითაც. პოლიციის დეპარტამენტის მომართვის თანახმად, ადრესატი 2022 წლის 15 იანვრიდან გასულია ყაზახეთის რესპუბლიკაში.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო სასამართლო დავის მიმდინარეობის შესახებ და იღებდა მონაწილეობას კიდეც სასამართლო სხდომებაზე. ამდენად, როგორც საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე მოწინააღმდეგე მხარესთან გზავნილის ჩაბარება შეუძლებელია და მასთან დაკავშირება ტექნიკური საშუალებით (ტელეფონის ნომერეზე) ვერ ხერხდება. სასამართლოს მიერ გამოყენებულია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გზავნილის მხარისათვის გადასაცემად, თუმცა უშედეგოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა გ.მ–თვის შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება და ინფორმირება, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემული დროისათვის მითითებული მისამართი არასწორია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.რ–იას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად (იხ. სუსგ. №ა-1539-შ-47-2022, 17.01.2023წ.; №ა-5541-შ-159-2021, 11.03.2022წ.; №ა-3218-შ-74-2020, 28.01.21 წ.; №ა-767-შ-19-2018, 08.06.18 წ.; №ა-3186-შ-81-2017, 18.12.17 წ.).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.რ–იას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნურსულთანის, ალმატინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე