საქმე №ას-77-2020 3 ივლისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,P.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.მ–ი, რ.ს–ძე, მ.ი–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.მ–მა (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), რ.ს–ძემ (შემდგომ - მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდე მხარე) და მ.ი–მა (შემდგომ - მესამე მოსარჩელე, მესამე მოწინააღმდეგე მხარე, ყველა ერთად - მყიდველები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,P.-ს“ (შემდგომ – მოპასუხე, კომპანია, გამყიდველი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ....., შენობის მე-6 სართულზე მდებარე 300 კვ.მ საოფისე ფართის (ს/კ .........) მესაკუთრეებად და უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდეს თავიანთი საკუთრების უფლება შემდეგი პროპორციებით: პირველი მოსარჩელის სახელზე ნასყიდობის საგნის - 1/4 წილი, მეორე მოსარჩელის - 1/2 წილი და მესამე მოსარჩელის - 1/4 წილი. მოპასუხეს დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან (12.01.2018წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლის 23 თებერვლისა, ყოველთვიური საიჯარო თანხის - 5617.4 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეების განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მყიდველებისათვის გადაეცა 211.8 კვ.მ კომერციული ფართი, ქ. თბილისში, ....... მდებარე მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. ნასყიდობის საგანი მყიდველებს თანასაკუთრებაში გადაეცემოდათ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული პროპორციებით. ნასყიდობის საგანზე მოსარჩელეების წინასწარი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.3 მუხლის თანახმად, მყიდველებს საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე სრულად და შეუზღუდავად გადაეცემოდათ მხოლოდ შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 1. მოსარჩელეები იღებდნენ ვალდებულებას, შპს ,,ვ–ის“ 100 000 აშშ დოლარის ვალის დასაფარავად სს ,,ს.ბ–თვის“ საკუთრებაში გადაეცათ კუთვნილი უძრავი ნივთები, მაგრამ იმ პირობით, რომ საწარმოს მათი უკან გამოსყიდვის უფლება ექნებოდა; 2. მოპასუხე (გამყიდველი) იღებდა ვალდებულებას, თუ შპს ,,ვ–ი“ 2014 წლის 30 აპრილამდე უკან არ გამოისყიდდა კუთვნილ ქონებას, მაშინ თვითონ გამყიდველი ან მის მიერ დასახელებული მესამე პირი გამოისყიდდა და ისევ მყიდველებს (მოსარჩელეებს) გადასცემდა საკუთრებაში. იმავე ხელშეკრულებით, გამყიდველმა ვალდებულება აიღო, მყიდველებისათვის შეესრულებინა 300 კვ.მ ფართი ან დანაკლისი ფართის საბაზრო ღირებულება აენაზღაურებინა.
4. მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლითაც მან ივალდებულა, რომ 2014 წლის 30 აპრილამდე შპს ,,ვ–ის“ მიერ მყიდველების კუთვნილი უძრავი ქონებების გამოუსყიდვებლობის შემთხვევაში თავად შეესრულებინა ვალდებულება და გამოესყიდა მყიდველების უძრავი ქონებები ბანკისგან.
5. 2015 წლის 9 თებერვლის შეთანხმებით, ცვლილება შევიდა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში, კერძოდ, ნასყიდობის საგანი შეიცვალა და 211.80 კვ.მ საოფისე ფართის ნაცვლად, ნასყიდობის საგნად მიეთითა ქ. თბილისში, ........ შენობის მე-6 სართულზე მდებარე 300 კვ.მ საოფისე ფართი. ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 3.3 პუნქტშიც და ვალდებულების შესრულების ვადა, ნაცვლად, 2014 წლის 30 აპრილისა მიეთითა 2015 წლის 1 სექტემბერი, თუმცა მოპასუხის მიერ არც ამ ვადაში იქნა შესრულებული მოსარჩელეების მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეებად და მათზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება იმავე პუნქტში მითითებული წილობრივი მონაცემებით; მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეების უძრავი ქონების მესაკუთრეებად ცნობისა და მათზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების ნაწილში მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ახალი გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - სს ,,ს.ბ–გან“ გამოესყიდა და მყიდველებისათვის დაებრუნებინა უძრავი ნივთები არ შესრულებულა. ამდენად, თავად მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ამოქმედდა ხელშეკრულების პირობა, რომლითაც ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება უნდა გადაეცეთ მოსარჩელეებს შეთანხმებული პროპორციით.
11. აპელანტის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრებისა და არა ავტომატურად მოსარჩელეების უძრავ ნივთის მესაკუთრედ ცნობის საფუძველია.
12. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მოთხოვნა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობაა ე.ი მათ მიერ მიკუთვნებითი სარჩელია აღძრული, რაც დაკმაყოფილდა კიდეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 248-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა და მისგან წარმოშობილი უძრავი ქონების მოსარჩელეთათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ვალდებულება წარმოადგენს სწორედ მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ფაქტობრივ წინაპირობას და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარემ აღძრა მიკუთვნებითი და განხორციელებადი მოთხოვნა, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. კასატორის საკასაციო პრეტენზია შინაარსობრივად სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2013 წლის 10 დეკემბრის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (ასევე, 2015 წლის 9 თებერვლის შეთანხმება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლითაც, მხარეები სამომავლო პირობაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, თუ შპს ,,ვ–ი" ან/და მოპასუხე ან/და ამ უკანასკნელის მიერ დასახელებული მესამე პირი გამოისყიდდა მოსარჩელეების მიერ შპს ,,ვ–ის“ ვალის დასაფარავად სს ,,ს.ბ–თვის“ გადაცემულ უძრავ ქონებას და ისევ საკუთრებაში დაუბრუნდებოდა მოსარჩელეებს, მაშინ წინამდებარე ხელშეკრულება უქმდებოდა და მყიდველებს პრეტენზია აღარ ექნებოდათ ნასყიდობის საგანზე, ხოლო თუ მოსარჩელეებს არ დაუბრუნდებოდათ ვალის დასაფარავად ბანკისათვის გადაეცმული უძრავი ქონება, მაშინ ისინი აღირიცხებოდნენ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ნასყიდობის საგანზე სრულუფლებიან მესაკუთრეებად, ისე რომ ხელშეკრულებით გადაცემულ ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით არ ექნებოდათ შესასრულებელი რაიმე ვალდებულება მოპასუხის მიმართ.
22. საკასაციო პალატის მითითებით, უდავოა, რომ 2013 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - შპს ,,ვ–ის“ ვალის დასაფარავად სს ,,ს.ბ–თვის“ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გადაცემის თაობაზე მოსარჩელე მხარის მიერ სრულად შესრულდა, ხოლო მოპასუხე მხარის ვალდებულება ბანკისგან გამოესყიდა და მყიდველისათვის დაებრუნებინა უძრავი ქონებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება სრულად და შეუზღუდავად გადაეცა მყიდველისათვის არ შესრულებულა, რისი გათვალისწინებითაც სსკ-ის 361-ე მუხლის (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობა ამოქმედდა, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელეებისათვის ნასყიდობის საგანის სრულად და შეუზღუდავად გადაცემას ითვალისწინებს.
23. საკასაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებებით, შესაბამისი იურიდიული შედეგი განისაზღვრა, რაც მოპასუხის მიერ ძირითადი სახელშეკრულებო პირობის შეუსრულებლობის გათვალისწინებით, უძრავი ქონების მოსარჩელეებისათვის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს, აღნიშნული კი წარმოადგენს სწორედ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნის ფაქტობრივ წინაპირობას და მოსარჩელეთა მიკუთვნებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, კანონიერად დაკმაყოფილდა.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1484-1404-2017, 2019 წლის 1 მაისის განჩინება; №ას-164-164-2018, 2019 წლის 25 იანვარის განჩინება).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,P.-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს ,,P.-ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება №9062646214 / გადახდის თარიღი 13.02.2020), 70% - 5600 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე