საქმე №ა-374-გან-2-2023 3 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ზ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ც.დ–ი“ (მოპასუხის უფლებამონაცვლე)
მოთხოვნა - სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ზ.გ–ას განცხადება დაკმაყოფილდა და გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში 5400 ლარი ,,დარიცხულის“ ნაცვლად მიეთითა 5400 ლარი „ხელზე ასაღები“.
2. 2023 წლის 17 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ.გ–ამ და ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მითითებით, 2022 წლის 2 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელშიც მოითხოვა უსწორობის გასწორება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსწორობის გასწორების შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:
4. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული შეცდომები სააღსრულებო ფურცელშიც შეიძლება იქნეს დაშვებული (მაგალითად, შეცდომები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღში, კრედიტორის ან მოვალის მისამართში, მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებში, კრედიტორის ან მოვალის არასწორად მითითებაში ან საერთოდ მიუთითებლობაში და ა.შ.), ასეთ შემთხვევებში წარმოიშობა მისი გასწორების აუცილებლობა, რაც უნდა გასწორდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა (შემდგომ - სსსკ) 260-ე მუხლისა და ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (კანონის ანალოგია), (შდრ. საქმე №ას-603-562-2017, 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინება; საქმე №ას-923-873-2015, 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება).
5. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ზ.გ–ას განცხადება დაკმაყოფილდა და გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში 5400 ლარი „დარიცხულის“ ნაცვლად მიეთითა 5400 ლარი „ხელზე ასაღები“, რისი გათვალისწინებითაც, ვინაიდან, სააღსრულებო ფურცელში კვლავ მითითებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 5400 ლარის (დარიცხული) გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-901-2022) 2022 წლის 2 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა და სააღსრულებო ფურცელის მე-3 პუნქტში მითითებული 5400 ლარი „დარიცხულის“ ნაცვლად - მიეთითოს 5400 ლარი „ხელზე ასაღები“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.გ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2022 წლის 2 დეკემბერს გაცემულ (საქმე №ას-901-2022) სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და მის მე-3 პუნქტში 5400 ლარი „დარიცხულის“ ნაცვლად მიეთითოს 5400 ლარი „ხელზე ასაღები“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე